მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჩივის. სამოქალაქო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი სახელით ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” შეიტანა.
ორგანიზაცია მოითხოვს, კობახიძემ და ღარიბაშვილმა, გრიგორიადისზე საჯაროდ გაკეთებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებების გამო, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში და მათ დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, სიმბოლურად 15 ლარის ოდენობით.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ განცხადებების მიზანი საზოგადოებაში გრიგორიადისზე ნეგატიური განწყობის შექმნა იყო.
გრიგორიადისის დაკავების დღიდან ქართული ოცნება მის დისკრედიტაციას ეწევა. ერთ-ერთი პირველი კობახიძე იყო, რომელმაც მას “ორიენტაციაარეული” უწოდა.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, 31-ში კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მას პოლიციელების მიმართ ძალადობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანაზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.