საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2014-2022 წლებში საქართველოში 186 ქალი მოკლეს. უწყება ამბობს, რომ “ოჯახური ნიშნით” ჩადენილია 92 ქალის მკვლელობა, ხოლო “სხვა მოტივით” – 94 ქალის მკვლელობა.
უწყება ფემიციდის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით:
- 2014 წელს საქართველოში მოკლეს 33 ქალი
- 2015 წელს საქართველოში მოკლეს 17 ქალი
- 2016 წელს საქართველოში მოკლეს 28 ქალი
- 2017 წელს საქართველოში მოკლეს 22 ქალი
- 2018 წელს საქართველოში მოკლეს 18 ქალი
- 2019 წელს საქართველოში მოკლეს 15 ქალი
- 2020 წელს საქართველოში მოკლეს 22 ქალი
- 2021 წელს საქართველოში მოკლეს 18 ქალი
- 2022 (8 თვის მონაცემები) წელს საქართველოში მოკლეს 13 ქალი
პროკურატურის ინფორმაციით, ამ 8 წლის განმავლობაში იყო ქალის მკვლელობის 129 მცდელობა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებენ და ამას ადასტურებს 2014 წლიდან სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ყოველწლიური ზრდა. მათი ინფორმაციით, 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 550 პირის მიმართ დაიწყო, 2021 წელს — 5144 პირის მიმართ, ხოლო 2022 წლის 8 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 4591 პირის მიმართ.
პროკურატურის განცხადებითვე, მზარდია პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. მათი ინფორმაციით, 2022 წლის 8 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 88% შეადგინა
უწყების მტკიცებით, პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობების, მკვლელობების მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.
“2014 წლიდან, საქართველოს პროკურატურა აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სტატისტიკას და ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სისხლის სამართლის საქმეების ანალიზს. ფემიციდის მონიტორინგის ფარგლებში, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს პროკურატურა მუშაობს სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვაზე”, — აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, 2016-2022 წლებში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 1624 ბრალდებულის მიმართ. ხოლო ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი პირველად გამოიკვეთა 2018 წელს და დღემდე ქალთა მკვლელობის საქმეებში გენდერული დისკრიმინაცია იდენტიფიცირებულია 45 ბრალდებულის მიმართ.
“კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს პროკურატურამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. ცვლილების თანახმად, დაინერგება ელექტრონული ზედამხედველობა, რომლის ფარგლებშიც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების ქცევაზე 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. ელექტრონული სამაჯურების გამოყენება დაზარალებულთა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება ბრალდებულთა მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში. კერძოდ, ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვა შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის ეფექტიან მექანიზმს და ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს შეამცირებს”, — აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს “მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება”.
უწყება საუბრობს საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნავს, რომ ცნობიერების ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, 2022 წლის სექტემბერში, პროკურატურა იწყებს მასშტაბურ კამპანიას ფემიციდის წინააღმდეგ.
“აღნიშნულ პროცესში, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში”, — ამბობენ პროკურატურაში.
ფემიციდი არის ქალების და გოგოების მკვლელობა გენდერის ნიშნით. უფლებადამცველები უკვე წლებია ითხოვენ საქართველოს კანონმდებლობაში ფემიციდის დეფინიციის ჩაწერას.