შსს-ს ცნობით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სამინისტრო ამტკიცებს, რომ აქციაზე პროპოციული ძალა გამოიყენეს.
გარდა ამისა, შსს-ის განცხადებით, “აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით” დაიწყეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც “ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას”.
შსს ამტკიცებს, რომ “შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო”.
“პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს.
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა. პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები. მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.
აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა“, — წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება მოქალაქეებს, შსს აღნიშნავს, რომ “დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც”.
“სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს”, — აცხადებენ უწყებაში.
მოქალაქეები პარლამენტთან ქართული ოცნების დეპუტატების მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტების საბოლოოდ მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.
კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინაღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.