ადვოკატის ინფორმაციით, გირჩი — მეტი თავისუფლების წევრს, ნიკა მოსიაშვილს, რომელიც 7 მარტს აქციაზე დააკავეს, ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციითვე, მოსიაშვილი შაბათამდე ჰოსპიტალიზებული იქნება.
ნიკა მოსიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან. ადვოკატის ინფომაციით, მოსიაშვილს სცემეს და ურტყამდნენ თავში, რის გამოც ორიევ დაკავებულისთვის დაცვის მხარემ მოითხოვა სასწრაფო კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ არ ჩაუტარეს.
ნიკა მოსიაშვილმა დღეს სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ მედიას უთხრა, რომ მას და ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკურად სპეცრაზმელები გაუსწორდნენ.
“დაკავებამდე ვესაუბრებოდით სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს და ზოგადად, პოლიციელებს მთელი ამ ხნოის განმავლობაში. არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. ვიღაცები ემოციურად რომ ისვრიდნენ ბოთლებს და ყვიროდნენ, ჩვენ მოვუწოდებდით, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. რაღაც მომენტში მაგათი ხელმძღვანელი, გენერალი თუ არ ვიცი ვინ იყო, გამოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენ საუბრის უფლება არ გვქონდა და უნდა გავჩუმებულიყავით. მოხდა ესკალაცია, ჩემ წინ ვიღაცას დაარტყეს… ბევრი რაღაც არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ, დარტყმის მომენტში გონება დავკარგე. ის მახსოვს, რომ მის წინ გადავედი. მერე შეგვათრიეს, გვცემეს და ფეხზე რომ წამოვდექით, კიდევ რამდენჯერმე დაგვარტყეს. სპეცრაზმელები იყვნენ. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისგან მსგავსი რამ არ ყოფილა”, — თქვა მოსიაშვილმა.
პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.