საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც 7-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების მიმდინარეობა შეაფასა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ შსს-ის მხრიდან გამაფრთხილებელი განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და მისი შეწყვეტისა და ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
„სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-ის მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, — განაცხადა სახალხო დამცველმა 7 მარტს, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ დარბევის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ლევან იოსელიანმა 8 მარტს განხორციელებულ დარბევის ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული „ძალადობრივი მოქმედებები“ მთელი შეკრების ძალის გამოყენებით „გაუმართლებელი შეწყვეტის“ საფუძველი გახდა.
„მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირების განხორციელება, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ“, — აღნიშნა იოსელიანმა და თქვა ისიც, რომ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ადგილზე მოვალეობის შესრულების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ და გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას.
„სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას. შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა აქციის დღეებში დაკავებული 96 პირი მოინახულეს და დაკავებულთა ნაწილმა აპარატს მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მიზნით მიმართა.
„რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ის რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში“, — აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ლევან იოსელიანის თქმით, აპარატი განაგრძობს დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას და განახორციელებენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. საქართველოს სახალხო დამცველმა საგამოძიებო უწყებებს არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
7-9 მარტის მასობრივი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა რუსული კანონი შეიმუშავეს, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას გულისხმობდა, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის. პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით, 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიციირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.
მასობრივი აქციების შედეგად, მმართველ ძალას რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 133-ვე პირის გათავისუფლება მოუწია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირების მიერ გამოძიება არ შეწყვეტილა.