დღეს, 19 მაისს, 20:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნა რუსეთთან ფრენების აკრძალვა იქნება.
“ვიკრიბებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მიკროფონების, გამომსვლელების და აქციის ლიდერების გარეშე. ყველა ერთად, პარტიული, უპარტიო, შუაშისტი, ა. შ და ისევ ვერთიანდებით საქართველოს ევროკავშირის გზაზე შექმნილი შეფერხების აღმოსაფხვრელად.
მოვითხოვთ, სასწრაფოდ აიკრძალოს რეისები რუსეთიდან და რუსეთში. ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ.
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!
ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები – სასტვენები, დოლები, ა. შ. ხმაურით მოვთხოვოთ ხელისუფლებას, შეწყვიტონ ხელოვნური ბარიერების შექმნა და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაჯდა. აეროპორტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა.