Getty Images
/

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აეკრძალათ

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აეკრძალათ. უმაღლეს განათლებაზე წვდომის შეზღუდვაზე ინფორმაციას ავღანეთის უმაღლესი განათლების მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

ბრძანების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა, იკრძალება უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ქალი სტუდენტების მიღება მომდევნო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

აკრძალვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რამდენიმე ქალმა საპროტესტო აქცია მოაწყო.

“დღეს ქაბულის ქუჩებში გამოვედით, რათა ხმა ავიმაღლოთ უნივერსიტეტებში ქალების სწავლის აკრძალვის წინააღმდეგ!” –  განაცხადა ავღანელ ქალთა სოლიდარობის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

მცირერიცხოვანი დემონსტრაცია თალიბანმა მალევე დაშალა.

ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლის განუსაზღვრელი დროით აკრძალვის ბრძანებას საერთაშორისო პროტესტიც მოჰყვა.

“თალიბანმა პირობა კვლავ დაარღვია. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა. ეს მხოლოდ განათლებას არ ეხება. ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ ან იმუშაონ საჯარო ადგილებში. ქალები საჯარო დებატებშიც ვერ მონაწილეობენ”, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან
დუჟარიკმა.

ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, თალიბებმა ავღანელ ქალებს ბნელი მომავალი მიუსაჯეს.

“ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, როდესაც მისი მოსახლეობის ნახევარი დაკავებულია. განათლება არის საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლება და ის აუცილებელია ავღანეთის ეკონომიკური ზრდისთვის, მისი განვითარებისა და სტაბილურობისთვის”, – განაცხადა პრაისმა.

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ 2021 წელს ხელისუფლებაში თალიბანი დაბრუნდა, გოგოებს საშუალო სკოლებში სწავლაც აეკრძალათ. გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანაში ქალებისთვის ხელმისაწვდომ განათლების დონედ მხოლოდ დაწყებითი განათლება დარჩა. ავღანეთის განათლების სამინისტრომ პირობა დადო, რომ საშუალო სკოლები გოგოებისთვის “ისლამური კანონისა და ავღანური კულტურის” შესაბამისი გეგმის შემუშავების შემდეგ გაიხსნებოდა, თუმცა გეგმის შემუშავებასა და საშუალო სკოლების გახსნას გოგოები დღემდე ელოდებიან.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, ქვეყანაში თებერვლიდან ზოგიერთი უნივერსიტეტი გაიხსნა, თუმცა ქალი სტუდენტებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვებს შორისაა შესასწავლი საგნების ქალებისთვის წინასწარ განსაზღვრა და დაშვება, რადგან მათ საგნების სრულ ჩამონათვალზე, კაცებისგან განსხვავებით, წვდომა არ აქვთ. ასევე, გენდერული ნიშნით დაიყო როგორც აუდიტორიაში სტუდენტების განთავსება, ასევე, უნივერსიტეტების შესასვლელები.

გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, გასულ ნოემბრის თვეში ქალებს გართობის ადგილებში, პარკებში, სპორტულ დარბაზებსა და და საზოგადოებრივ აბანოებში სიარულიც აეკრძალათ. აკრძალვა უკავშირდება თალიბანის წევრებისა და ავღანელი სასულიერო პირებისთვის მიუღებელი ქცევას. მათი იდეოლოგიის თანახმად, ქალებისთვის მსგავს ადგილებში ყოფნა დაუშვებელია.

წინა

პოლიტიკური იდეოლოგიების ზოგადი მიმოხილვა

შემდეგი

ჩვენივე ამბის მოყოლა ყველას შეგვიძლია — მოლდოვის ქვიარ კინოფესტივალის შესახებ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,