ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აბორტის უფლების დაცვის შესახებ, მათ შორის, ქალთა უფლებადამცველთა, სერვისით მოსარგებლე მოქალაქეთა და ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების დასაცავად რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აბორტის უფლებით სარგებლობის შესახებ საუბრობენ ან იყენებენ და სხვა ადამიანებისთვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას ქმნიან, თავდასხმის სამიზნეები არიან. ამასთან, არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე ინდივიდები და ორგანიზაციები თავდამსხმელის როლში გვევლინებიან და საკუთარი საქმიანობის არჩევანის თავისუფლების მხარდამჭერ ქმედებად გასაღებას ცდილობენ.
რეზოლუციის თანახმად, „თავდასხმის ფორმები სტიგმატიზებას, მიკერძოებული, არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მანიპულაციას, სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნების გაღვივებას, მათ შორის, იმ კლინიკების მხრიდან ზეწოლას მოიცავს, რომლებსაც ქალები აბორტისთვის მიმართავენ. ეს ქმედებები არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე იმ ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ არის წახალისებული, რომლებიც თავს სახელმწიფო უწყების თუ თავისუფალი არჩევანის უფლების დამცველებად ასაღებენ. ამასთან, თავისუფალი არჩევანის მხარდამჭერი აქტივისტები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მუქარის, ონლაინ და რეალური შეურაცხყოფის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის სამიზნე არიან“.
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმ თავდასხმებისა და ძალადობის გამო, რომელიც აბორტის უფლებით მოსარგებლე ადამიანების, ჯანდაცვის პროფესიონალების, ასევე ქალთა უფლებადამცველებისკენ არის მიმართული და „კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა ადამიანთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს“.
ასამბლეა გმობს არჩევანის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების შელახვას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შელახვას და რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „შესაძლოა, ეს თავდასხმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული ზოგადი ზეწოლის ნაწილიც იყოს, რასთან გამკლავებაც გლობალურ ამოცანად უნდა იქცეს“.
საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კანონიერ აბორტზე ხელმისაწვდომობა და სწორი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ, ამ გარანტიის შესაქმნელად კი სისხლის სამართლის ან სხვა სახის სანქციები დააწესონ. ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია ონლაინ აქტივობები, არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე ჯგუფების მხრიდან არასწორი თვითრეპრეზენტაციის აღკვეთა, ჯანდაცვის დაწესებულებებში ბუფერული ზონების შექმნა, რომლებიც სანდო ინფორმაციის მიწოდებაზე აიღებენ პასუხისმგებლობას, რათა ჯანდაცვის სერვისების მხრიდან ზეწოლა გამოირიცხოს. გარდა ამისა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა რეპროდუქციულ უფლებებსა და სერვისებზე, მათ შორის, აბორტის უფლების შესახებ, სანდო ინფორმაციის გავრცელება უნდა უზრუნველყონ და მოქალაქეებს, მათ შორის, სქესობრივი განათლებით, ხელი შეუწყონ, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ასევე, ეფექტურად გამოიძიონ სიძულვილის ენის გამოყენებისა და მუქარის შემთხვევები, რომლებიც უფლებადამცველებს მიემართებათ, ასევე, კანონდამცველთათვის შესაბამისი ტრენინგები ჩაატარონ და სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.