//

ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, ხულოში სამშობიარო განყოფილება გახსნას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება.

მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. მათი განცხადებით, დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ყავს არცერთი გინეკოლოგი.

“ამის გამო ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის მათი და მათი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქვე, გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პრაქტიკა, რომელიც ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ზაფხულობით იალებზე ოჯახების ცხოვრების საჭიროებას და ტრადიციას უკავშირდება. ორსული ქალებისთვის მაღალმთიანი იალებიდან ჩამოსვლა კიდევ უფრო მეტად რთულდება და როცა მუნიციპალიტეტის ცენტრში ისინი სათანადო სერვისის მიღებას ართულებს, ეს ორმაგად ამძიმებს მათ ყოფას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 2023 წლის 17 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური პასუხის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას აწვდის სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა. სამშობიარო განყოფილების არ არსებობის მიზეზი კი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მშობიარობების რაოდენობის სიმცირეა (2022 წლის მონაცემების მიხედვით, სულ დარეგისტრირდა თვეში 2-3 მშობიარობა), რაც იწვევს კადრის დეკვალიფიკაციას და რისკს უქმნის ერთეული შემთხვევების მართვას.

“2023 წლის 1 ივნისიდან პირადი განცხადების საფუძველზე ექიმმა მეან-გინეკოლოგებმა შეწყვიტეს ხულოს კლინიკის სტაციონარში (სამშობიაროში) საქმიანობა. სამწუხაროდ, ეს მიდგომა ერთის მხრივ, არ ეფუძნება ამ მუნიციპალიტეტში შობადობის რეალურ სტატისტიკას, რომელიც მაღალია (მაგალითად 2015 წლიდან 2022 წლამდე ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა შესაბამისად, 446, 456, 470, 477, 429, 294, 322, 311, 285 ბავშვი) და უგულებელყოფს მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ მძიმე მდგომარეობას ქალების რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების შესახებ. ასვე აღსანიშნავია ისიც, რომ სამშობიარო განყოფილების გაუქმებამდე იქ მომუშავე პერსონალს, გინეკოლოგებს არ ჰქონდათ ღირსეული შრომითი პირობები. მათი მოთხოვნები ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით ევექსის კლინიკამ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად მათ მოუწიათ სამსახურის დატოვება”, – წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, წერილში ერთი მხრივ აღნიშნულია, რომ მაღალმთიან რეგიონში პერინატალური სერვისის არსებობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა ასევე საუბარია კომპანიასთან მიმდინარე შეთანხმების პროცესზე სერვისების განსაზღვრის თაობაზე, რაც გაურკვევლად/ბუნდოვნად ტოვებს იმას, თუ კონკრეტულად რა ვადებში გადაწყდება აღნიშნული საკითხი.

“ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჯანდაცვის სისტემის პრივატიზებისა და სუსტი რეგულირების მძიმე ადამიანურ და სოცილაურ შედეგებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების საბაზისო საჭიროებებს, ინტერესებსა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება.

ქალის რეპროდუქციული უფლებები დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებებით, რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. მათ შორის, ჯანმრთელობის უფლება აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (1946), ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (1948) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966). მოსაზრება, რომ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტის ხელმისაწვდომობის თანასწორი უფლება, ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომას და ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს მიმართ, რომ სისტემამ არ დაუშვას გენდერული დისკრიმინაცია ჯანდაცვის მომსახურების გაწევისას; მოხდეს სისტემის მკაცრი მონიტორინგი, რათა აღმოიფხვრას ახალი ჩაგვრის ფაქტები სერვისის მიწოდების მთელ ჯაჭვში; როგორც კერძო, ისე საჯარო ჯანდაცვის სერვის ცენტრებში სერვისის მიწოდება უნდა ექვემდებარებოდეს მონიტორინგს, რათა ქალებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორის პრაქტიკებზე დაფუძნებული ხარისხიანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება. . შესაბამისად, ქვეყანა ვალდებულია ყველა ქალისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ საჭირო სერვისზე ხელმისაწვდომობა, რომლებიც მათ ორსულობის, უსაფრთხო მშობიარობისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლაში დაეხმარება .

შექმნილი მძიმე ვითარება მიუთითებს არსებულ სისტემურ პრობლემაზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას, ვინაიდან საქმე ეხება ქალებისა და მუცლად მყოფი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ხულოს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალმთიანი რეგიონის სპეციალური საჭიროებები და აქ ჯანდაცვის სერვისების მიწოდება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი სახელმწიფოს მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს ხულოს მუნიციპალიტეტში სამშობიარო განყოფილების ამუშავება და ამისთვის საჭირო კვალიფიციური ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური და სამედიცინო საშუალებების მობილიზება და ამის შესახებ საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება.

წინა

გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო

შემდეგი

ადიქცია და იოგა

ბოლო სიახლეები

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43