//

ცხოველებზე ზრუნვის 22 წელი – მაია თაბაგარი საუბრობს გამოწვევებზე

ქვიარი იწყებს პუბლიკაციების ახალ სერიას, რომელიც ცხოველების დამცველების საქმიანობას ეძღვნება. საქართველოში მიუსაფარი ცხოველების უფლებების საკმაოდ მძიმე მდგომარეობის ფონზე, ვეცდებით გამოვკვეთოთ ძირითადი გამოწვევები, რათა მათი გადაჭრის შესაძლებელი გზებიც ერთად დავინახოთ.

„ძაღლი ცოცხალი არსებაა, რომელსაც შია, წყურია, მოფერება, სიყვარული უნდა. თუ ადამიანს არ აქვს ცხოველების მიმართ შინაგანი სიყვარული და გრძნობა, ვერასოდეს გააკეთებს ამ საქმეს. ხშირად ვისმენ ჩემი მისამართით: „ნეტა შეეშვებოდე ამ ძაღლებს.“ ბევრს არ ესმის თუ რაში მჭირდება ის რასაც ვაკეთებ. მე კი ვთვლი, რომ ყველა ადამიანი ღმერთის მიერ რაღაც საქმისთვის, მსახურებისთვისაა არჩეული. მე ამისთვის ამირჩია ღმერთმა.“ – „ქვიართან“ საუბარში ამბობს ცხოველების დამცველი აქტივისტი მაია თაბაგარი.

მაიას ცხოვრების ჩვეული მიმდინარეობა 22 წლის წინ შეიცვალა, როდესაც მის სახლში ცუგამ პირველად შედგა ფეხი. მაიკოს თქმით, „ოთხფეხა სიყვარულმა“ ისეთი სითბო და ერთგულება აგრძნობინა, რომ მას შემდეგ ყველა ძაღლის მიმართ და განსაკუთრებით კი მიუსაფარი ცუგების მიმართ სენსიტიური და მხარდამჭერი გახადა.

ამ წლების განმავლობაში, მან ათასზე მეტი ცუგა გადაარჩინა შიმშილს, დაძინებას, სიცივეს, დაავადებებისგან, ადამაინების მიერ და ავარიის შედეგად მიყენებული დაზიანებებითა და ჭრილობებით გამოწვეულ წამებასა და სიკვდილს. მაია ცხოველების უფლებების სხვა დამცველებთან ერთად სრულიად მოხალისეობრივად არის ჩართული ძაღლების და კატების სტერილიზაციის პროცესშიც.

ჩვენ ვკითხეთ მაიას თუ რა გამოწვევებს აწყდებიან ცხოველების დამცველები და რამდენად ეხმარება მათ სახელმწიფო ან საზოგადოება იმ საქმის კეთებაში, რომელზეც წესით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. პრობლემების სია საკმაოდ ვრცელია და მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება

მოსახლეობაში მიუსაფარი ცხოველების და მათზე მზრუნველი ადამიანების მიმართ ზიზღი, ბავშვობიდან ცხოველების მიმართ შიშის დასწავლა შემდგომში გამოიხატება ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში, ცხოველების დამცველების მიმართ აგრესიაში, მათ დაცინვაში, დამცირებასა და დაშინებაში.

ჩვენი საზოგადოება ზოგადად ძალიან სასტიკია და გულგრილი მიუსაფარი ცხოველებისადმი. პრობლემად აღიქმება ცხოველის არსებობა და არა მისი საჭიროებები. მონიტორინგის სამსახურისგან ხშირად ითხოვებ მიუსაფარი ცხოველის მოშორებას რომელიღაც კონკრეტული ტერიტორიიდან, სადაც ის უკვე მიჩვეულია და ცხოვრობს. მონიტორინგის სამსახურს გადაჰყავს ცხოველი სხვა ტერიტორიაზე, სადაც ის არ არის ადაპტირებული, კარგაცს კავშირს იმ ადამიანებთან, რომლებიც მას კვებავენ. ამასთან, ახალ ტერიტორიაზე ასეთ ძაღლებს ფიზიკურად თავს ესხმიან სხვა ძაღლები, რომლებიც იცავენ საკუთარ ტერიტორიას, რაც ხშირად ძალიან ცუდად მთავრდება „გადასმული“ ცხოველისთვის.

სახელმწიფოს მხრიდან კანონის არ აღსრულება

არ ხდება ძაღლების მეპატრონეების კონტროლი და მათ მიმართ კანონის აღსრულება, რომელიც ცხოველის დაჩიპვას ავალდებულებს. ცხოველების გარეთ გაგდების პრაქტიკა ძალიან ხშირია. ზოგჯერ ძაღლი მიჰყავთ „ბავშვისთვის სათამაშოდ“, ხოლო როცა ის იზრდება უშვებენ გარეთ. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოველის გამოკვებას ვერ ახერხებენ, ან უბრალოდ მობეზრდათ, ან დაბერდა და გასამრავლებლად აღარ ადგებათ და ა. შ.

 

კიდევ ერთი დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველებს ყრიან ტრასაზე, სრულიად დაუსახლებელ, ხანდახან მიუვალ ადგილებში, სადაც არაფერია – არც საკვები, არც წყალი. იქ ცხოველი ვერ გადარჩება, თუ მასზე არ იზრუნე.

ზოგიერთი პატრონი ეზოში აშენებულ ჯიხურში, სიცივეში და სისველეში ამყოფებს ძაღლს, მოკლე საბელზე, რაც წამების ტოლფასია. ასეთი მოპყრობისთვის პირველადი ჯარიმა სულ 8 ლარს შეადგენს, განმეორებითი კი 50 ლარს, რასაც ცხადია არანაირად არ გააჩნია შემაკავებელი ეფექტი.

თავშესაფრების პრობლემა

სახელმწიფო თავშესაფარი საჭიროა, თუმცა ის რაც უკვე არის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. „ეს ჩვეულებრივი სასაკლაოა“ – ამბობს მაია. კერძო თავშესაფრებში ადგილები და რესურსები საკმაოდ შეზღუდულია.

სტერილიზაციის პროცესის ხარვეზები

ძაღლების სტერილიზაციის პროცესში ხშირად მოხალისედ არიან ჩართულნი მოქალაქეები, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება მათი მხარდაჭერა სათანადოდ. მაგალითად მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ ხოლმე ცხოველების გადასაყვანი გალიები, ასევე ცხოველის დროებით მოსადუნებლად გამოსაყენებელი სპეციალური თოფი.

არასაკმარისი ზრუნვა დაავადებულ ცხოველებზე

კიდევ ერთი საჭიროებაა დემოდეკოზით დაავადებული ძაღლების სამკურნალო პრეპარატი, რომელიც საკმაოდ ძვირია და რომლის გარეშე ცხოველი ძლიერ ტკივილს განიცდის და მკურნალობის გარეშე იღუპება.

 

ზოგადად მკურნალობის სამედიცინო ხარჯი ძალიან ძვირია. ვეტერინარული კლინიკების უმეტესობა მიუსაფარ ცხოველების მკურნალობისთვის კომერციულ საფასურს ითხოვენ. ძალიან იშვიათია, როდესაც ექიმები და კლინიკები სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ და შეღავათიანი პირობებით ან სულაც მოხალისეობრივად მკურნალობენ ოთხფეხა პაციენტებს. სამედიცინო დახმარება ცხოველებს ხშირად მანქანით დაჯახების შედეგადაც ესაჭიროებათ.

ენტერიტი წარმოადგენს გამოწვევას, განსაკუთრებით თუ ცხოველები ერთ ტერიტორიაზე მრავლად არიან და ერთმანეთისგან გადაედებათ. მკურნალობაც რთულია და შედეგიც ხშირად ფატალურია.

ცხოველების დამცველების გადაწვა და დაქსაქსულობა

ცხოველების უფლებების დამცველები რთულ მდგომარეობაში არიან ვინაიდან მწირი რესურსებით უწევთ კომპლექსური, რთული პრობლემების გადაჭრა. ისინი ხშირად განიცდიან მწვავე სტრესს დასახიჩრებული, მძიმედ ავადმყოფი, მომაკვდავი ცხოველების მოვლის გამო. შედეგად ზიანდება მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობაც, ხოლო საზოგადოების მხრიდან აქაც არ აქვთ მხარდაჭერა – არც სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა. ფსიქოთერაპიაც კი ძალიან ძვირია. სამოქალაქო აქტივისტები კი, როგორც წესი საკუთარ გამომუშავებულ სახსრებსაც ახმარენ საერთო საქმეს.

მაიას აზრით, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ საჭიროა ცხოველთა მოყვარული თემის გაერთიანება და შეთანხმებულად მოქმედება. “მხოლოდ ჩვენი ერთიანობით არის შესაძლებელი ცვლილებების მიღწევა,” ამბობს ცხოველების უფლებების დამცველი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წინა

კატო მიქელაძის პრემიის 10 წლიანი ისტორია

შემდეგი

ბერლინში ნინო ხარატიშვილის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

ბოლო სიახლეები

ქვიარ ადამიანებისგან “მობეზრებული”კანადელი ულტრა-მემარჯვენე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად

FacebookTweetLinkedInEmail კანადელმა ულტრა-მემარჯვენემ არენდ ფინსტრამ გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეზრეს.

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

FacebookTweetLinkedInEmail რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დეკემბერში პაპმა

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ბოდიშს იხდის წარსულში ანტი-ლგბტქი პროპაგანდისთვის

FacebookTweetLinkedInEmail პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის,  TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც