“ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ” – ინტერვიუ გეშტალტთერაპევტთან ნესტან ზურაბიშვილთან

მოცემული ინტერვიუ პასუხობს კითხვებს: თუ რა მიდგომით მუშაობს გეშტალტთერაპია, როგორ შეიძლება ვლინდებოდეს ადამიანში ფსიქოლოგიური ტრავმა და რით შეიძლება დაეხმაროს მას გეშტალტთერაპევტი ამ ტრავმის მოსაშუშებლად, ასევე რა სპეციფიურ პრობლემებს განიცდიან ქალები ოჯახში ძალადობის შედეგად და რას ნიშნავს კოლექტიური ტრავმა.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სულ უფრო ხშირად გამოიყენება გეშტალტთერაპია. რას გვთავაზობს თერაპიის აღნიშნული მეთოდი? 

გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიული ერთ-ერთი მიმართულებაა, როგორც ფსიქოანალიზი, როგორც არტთერაპია, მიდგომაა – თერაპიული პროცესის მეთოდოლოგია. ფსიქოთერაპევტები ზოგადად ირჩევენ თუ რა მიდგომით იმუშავებენ კლიენტებთან, პაციენტებთან. გეშტალტთერაპიას აქვს საკუთარი მსოფლმხედველობა და აქცენტები,   ჰუმანისტურ ღირებულებებზეა დაფუძნებული, კლიენტზე, მის საჭიროებებზე ცენტრირებულია.

ეს მიდგომა აღიარებს რომ კლიენტი არის საკუთარი სიტუაციის ექსპერტი. უკვე აქედან გამომდინარეობს ურთიერთობის ფორმაც, რომლის მიხედვით კლიენტი და თერაპიევტი თანასწორ, თანამშრომლობით ურთიერთობაში არიან. ეს არის ორი ადამიანის შეხვედრა – თუ თერაპევტმა იცის როგორ დასვას კითხვა, როგორ წარმართოს პროცესი, სამაგიეროდ კლიენტმა იცის თავისი სიტუაცია და ის არის უნიკალური უნარების მქონე ადამიანი, რომელიც უმკლავდება იმ სირთულეებს რაშიც ცხოვრობს, ისე როგორც ახერხებს. ამის აღიარებაზე, მიმღებლობასა და პატივისცემაზე დგას თერაპევტის დამოკიდებულება. 

 

თერაპიული მიზნების დასახვა როგორ ხდება პრაქტიკაში? 

როდესაც ადამიანი ფსიქოთერაპიაზე მიდის ის რაღაცას უჩივის, რაღაცას ვერ ახერხებს ისე როგორც უნდა რომ ახერხებდეს. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მოდიან ადამიანები ფსიქოთერაპევტთან. ცხოვრების ხარისხში შეიძლება სხვადასხვა რამ ვიგულისხმოთ, მაგრამ ერთი არის ის რომ ადამიანმა უკეთ შეძლოს სიტუაციებთან გამკლავება და საკუთარ საჭიროებებზე მეტი ზრუნვით იცხოვროს. განზრახ არ ვამბობ რომ ბედნიერი იყოს ან წარმატებული იყოს, შეიძლება ადამიანი რაღაცით არ იყოს ბედნიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მისი სიცოცხლის ხარისხი დაბალია. რომ დავუბრუნდეთ კითხვას თერაპიის მიზნათან დაკავშირებით, როგორც წესი, ადამიანი თავად გეუბნება რისთვის მოვიდა. რამდენად ნათლად ხედავს საკუთარ მიმდინარე საჭიროებას და ახერხებს ჩამაყალიბოს ეს სხვა საკითხია და რა საჭიროებებს ხედავს თერაპევტი ეს კიდევ სხვა შეიძლება იყოს. მაგალითად მოდის პაციენტი და გეუბნება რომ თავის მეწყვილესთან სურს ურთიერთობების დალაგება, შენ კი ხედავ სხვა პროცესებს, რაც მიმდინარეობს პიროვნებაში, რის გამოც შეიძლება ზედაპირზე გამოიხატებოდეს პარტნიორთან პრობლემაში.  ნებისმიერ შემთხვევაში გეშტალტთერაპევტი იწყებს იმ მიზანზე მუშაობას, რასაც კლიენტი აჟღერებს, ელემენტარულია რადგან ეს მისი სურვილია. ამასთან გეშტალტთერაპიის მიდგომით ფსიქოთერაპევტის ნებისმიერი ჰოპითეზა კლიენტის საჭიროებებთან დაკავშირებით მაინც  მხოლოდ ჰიპოთეზაა. ის რა თქმა უნდა ღირებულია და ფსიქოთერაპევტი ვალდებულიცაა გააანალიზოს კლიენტის სიტუაიცია და დასკვნებიც გამოიტანოს, თუმცა ეს ყოველივე ფრთხილად უნდა გადამოწმდეს კლიენტთან, რამდენად ეს მისთვის ღირებულია, რამდენად შეესაბამება რეალობას. ამ გადამოწმებაში, დაშვებაში, რომ შენ შეიძლება ცდებოდე ისევ და ისევ ტივტივდება კლიენტის ექსპტერტობის საკითხი, რადგან მან უკეთ იცის. 

 

გეშტალტთერაპიის დროს რამდენად აუცილებელია ადამიანის ტრავმებზე მიდიოდეს მუშაობა? 

როგორც ანტუან დე სენტ ეგზუპერიმ თქვა – ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ის რაც ბავშვობაში დაირღვევა, დიდობაშიც გამოხმაურებას ჰპოვებს ხოლმე და როგორც არ უნდა ვიაროთ ყველა გზას ბავშვობამდე მივყავართ. თუმცა გეშტალტის სპეციფიკა ის არის რომ ცდილობს ყველაფერი აღიქვას მთლიანობაში. თერაპია შრეებს მიყვება ნელ-ნელა. შეუძლებელია ასე მარტივად დაასკვნა, რომ თუ ადამაინს აქვს რაიმე პრობლემა პარტნიორთან ეს ბავშვობაში მამასთან ურთიერთბების სირთულემ განაპირობა. გეშტალტთერაპევტი აკვირდება ყველა იმ საკითხს, რომელიც კლიენტისთვის აქტუალურია, არ ჩქარობს გააკეთოს დასკვნები. მოსმენილ იყო და გაგებულ იყო ეს ძალიან აკლია ყველა ადამიანს. კლიენტის მხრიდან ნდობა ეფუძნება მოსმენას და მიმღებლობას. მას შემდეგ რაც ადამიანი მოგენდობა, მას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი ჩაყვეს იმ სიღრმეებს, რომელიც მისთვის მტკივნეულია და ასე ადვილი გასაცნობიერებელი არ არის.  

 

თქვენი დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის რამდენად აქტუალურია ფსიქოლოგიურ ტრავმებზე მუშაობა? 

გეშტალტთერაპია აკვირდება იმას რაც შენ გაწუხებს, ეს შეიძლება იყოს გუშინდელ დღესთან ბმაში ან დღევანდელ დღესთან ბმაში. მაგრამ დღეს ადამიანს შეაწუხებს ყველა ჭრილობა, რომელიც არ არის მოშუშებული. შეიძლება ეს ჭრილობა შენ გუშინ მიიღე, ან გუშინწინ ან ათი წლის წინ, მაგრამ ის მტკივნეულია, რადგან არ შეხორცდა. კითხვას რომ დავუბრუნდე, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ტრამვირებულია. ამას არაერთი სპეციალისტი ადასტურებს და ჩემი გამოცდილებაც ამას ამბობს. ტრავმის გადამუშავებას პირველ რიგში მისი გაცნობიერება სჭირდება, შემდეგ რესურსები, რომ ის გადაამუშაო და შემდეგ, როგორც ჭრილობა, მოაშუშო და დატოვო ნაიარევად. აქ ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის სიტყვებს გავიმვიეორებ

ნუ გერიდებათ თქვენი ტრავმების, ეს მხოლოდ საამაყოა ვინაიდან ნებისმიერი მებრძოლი ადრე თავისი იარებით ამაყობდა. 

ჩვენ როგორც წესი ტრამვის განცდაში მარტონი ვართ. ამასთან, ბევრი სხვა ემოცია გვეფინება სირცხვილის, შიშის, მარტოობის, არასწორობის –  თითქოს ჩვენ რაღაცნაირად განვსხვავდებით, შეიძლება ვფიქრობდეთ რომ ის რაც შეგვემთხვა ჩვენი ბრალია. ანუ ტრამვის მატარებელი ადამიანი ძალიან ბევრი ემოციით არის დახუნძლული, ტრავმა მხოლოდ ტკივილი არ არის. ამ მეცნიერმა კი ერთი ფრაზით ტრავმის ლეგიტიმაცია მოახდინა, რომ კი შეიძლება მე ვიყო ტრამვირებული, მაგრამ შეიძლება ვიამაყო კიდევაც იმით რომ გადავრჩი. საკუთარი გამოცდილებით, მე ამას ასე ვხედავ, ვიდრე ჭრილობა გაქვს ვერ ამაყობ, რადგან ის გაწუხებს, აი როცა მოგიშუშდება და დაგრჩება ნაიარევი მაშინ შეგიძლია იამაყო, რადგან გაიარე გრძელი გზა გამთლიანებისკენ, ჭრილობის მოსაშუშებლად რესურსი გაიღე, თუნდაც ინტელექტუალური, ემოციური თუ სხვა. 

 

ტრავმას რაიმე დანიშნულება ხომ არ აქვს, მაგალითად ჩვენ შეგვახსენოს რაღაც მნიშვნელოვანი? 

კი, უდავოდ, უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს გამოცდილებაში გადავიტანეთ თუ კვლავ ემოციურად ცოცხალია. თუ ჩვენ ამ ფაქტის ასიმილაცია მოვახდინეთ, გავიაზრეთ და ჩვენი გამოცდილებაა უკვე, მაშინ მე ამით ვმდიდრდები და ვიზრდები. 

აქვე ვიტყვი რომ ტრამვმული გამოცდილების შედეგად ჩვენი ცნობიერება ადვილად ტრიგერდება და უნარი აქვს წაგვიღოს ისევ იმ ტრავმაში. ცნობიერება ხისტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერში შეიძლება დაინახოს მოუშუშებელი ტრამვის ტრიგერები. მაგალითად ვიღაცას ბევრჯერ მოუტყუებია ჩემთვის და შედეგად მე უკვე ძალიან ყურადღებით ვარ და სულ ვაკვირდები ხომ არ ცდილობს სხვა ადამიანი ჩემ მოტყუებას – აი ცოტა უზუსტობა მითხრა და გამიზნულად ხომ არ აკეთებს ამას, ხომ არ იტყუება და ა. შ.  

 

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ დაუმუშავებელი ტრავმები, რაზეც სამუშაო გვაქვს?

გეშტალტი ყველაფერს დღვანდელი გადმოსახედიდან უყურებს. შეიძლება წარსულში მე რაღაც შემემთხვა, მაგრამ მე თუ ის გადავხარშე, მოვინელე, ჩემმა რესურსმა ან გვერდით მყოფი ადამიანის რესურსმა ეს გადამატანინა და უკვე გამოცდილებაშია გადასული, მე ის არ მტკივა და იმის გამოკვლევა აღარ არის საჭირო.  თუ მატრავმირებელი სიტუაცია მე დღესაც მახსენდება ცოცხლად, მახსენებს თავს და იწვევს ჩემში ინტენსიურ ნეგატიურ ემოციებს, თუ ჩემი ფიქრები იმ მოვლენებთან ადვილად ბრუნდება – შესაძლოა სამუშაო მქონდეს. 

ჩემი პირადი დაკვირვებით, ძილის წინ ვართ ძალიან მოწყვლადი, როდესაც ვდუნდებით და მოშვებულია ის რაც დღის განმავლობაში ჩვენ ყოჩაღად ყოფნას, თავდაცვის უნარებს განაპირობებს. სხვათაშორის ცოტა შფოთვიან ადამიანებს ამიტომ უჭირთ ჩაძინება, რადგან ძილის წინ დამცავი მექანიზმები დუნდება, ამოდის აზრები, რომლებიც ფორიაქს და უსიამოვნო განცდას იწვევენ. შემდეგ უსიამოვნო განცდებს გავურბივართ ტელევიზორს ან სერიალს ვუყურებთ, ან ვსქროლავთ, ან გაგვახსენდება რომ მაცივარში რაღაც ტკბილი გვიდევს. თუ ჩვენი აზრები, ჩვენი ემოციები უბრუნდება იმ ამბებს, ბევრ რამეში ვხედავთ იმის გამოხმაურებას, გვესიზმრება. 

ჩვენი გონება არასოდეს ჩერდება, ღამე ის ამუშავებს ყველა ინფორმაციას რაც გაგვაჩნია და ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიზმარი არის ის ინფორმაცია, რომელიც არ არის ბოლომდე გადამუშავებული და ის გვამახსოვრდება. თუ ტვინმა ინფორმაცია გადაამუშავა, ასიმილაცია გაუკეთა, ასე ვთქვათ შეირგო, დაალაგა თარეობზე და კმაყოფილია, მაშინ ის სიზმარი დაგვავიწყდება. ეს არ არის აქსიომა, თუმცა ერთ-ერთი თეორია ამას ამტკიცებს – თუ სიზმარი გახსოვს, ესეეგი შენ ტვინს ბოლომდე მოგვარებული ეს რაღაცა არ აქვს. ძილში ჩვენი ტვინი თავისუფალია ყოველგვარი წესების გარეშე წარმოსახვის მეშვეობით დაამუშავოს ის რაც მას აწუხებს და რაც სჭირდება. 

 

ბოლო წლები მეტად აქტიურად ისმის კიდევ ერთი ტერმინი – კოლექტიური ტრავმა, რა მოვლენაა ეს და რაც მოიცავს?

მოდი სულ თავიდან განვმარტოთ თუ რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა. როგორც წესი ფსიქოლოგიური ტრავმა ასოცირდება ისეთ დრამატულ მოვლენებთან, როგორიცაა ომი, ახლობლის დაკარგვა, გარდაცვალება. სინამდვილეში, ტრავმა არის ყველაფერი ის რასაც ადამიანი ვერ გაუმკლავდება საკუთარი ძალებით თუ სხვისი დახმარებით.  დედაშვილურ ურთიერთობებში შეიძლება იყოს შვილისგან ასეთი რამ “გახსოვს შენ რომ დამიყვირე”, დედას შეიძლება არც ახსოვდეს ეს ინცინდენტი და შვილისთვის შეიძლება მატრავმირებელი იყოს თუნდაც ეს ერთი დაყვირება, თუნდაც ერთი მიუღებლობა. შეიძლება ნახატი დახატოს ბავშვმა და მშობელმა უთხრას რომ ახლა შენი დრო არ არის. ეს შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, შეიძლება ჩვენ დავინახოთ რომ ბავშვებს ძალიან ადვილად შეიძლება მივაყენოთ ტრავმა, თუმცა მეორე მხრივ, საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ამის მოშუშებაც. მთავარია ურთიერთობაში ვიყოთ ადამიანებთან, ამ შემთხვევაში ბავშვებთან და დავინახოთ მათი იმპულსები. თუ ჩვენ ამ მტკივნეულ მომენტებს შემდგომში ლეგიტიმურობას ვანიჭებთ,  ვთქვათ ბავშვმა იტირა, იჩხუბა, ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას ან სურვილს ამა თუ იმ ფორმით, ნუ ვეტყვით რომ “ნუ ტირი”, “არ არის ამაში არაფერი სატირალი”, “რა გაჩხუბებს, რა უმადური ხარ, მე ხომ იმდენს გიკეთებ”, “ნუ ბრაზობ” და ა. შ.  მივანიჭოთ ლეგიტიმაცია მათ უარყოფით ემოციებს, მოვუსმენთ. შეიძლება მე ასი კარგი რამ გავაკეთე, როგორც მშობელმა, მაგრამ ის ერთი ბავშვს თუ ეტიკნა და მე მხარს დავუჭერ ის უკვე ამას ადვილად გადაიტანს. 

 

ზოგ ოჯახში მიიჩნევა, რომ ბავშვისთვის სასარგებლოა ცოტა უხეში მოპყრობაც კი, რომელიც რთულ რეალობას აჩვევს. ყველას გვსმენია ქართული ანდაზა “შვილი მტრად გაზარდე მოყვარედ გამოგადგებაო”. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა?

უფრო მეტსაც ვიტყოდი, რომ არა თუ ზოგ ოჯახს, არამედ ზოგ თაობას ახასიათებს გარკვეული სიხისტე. ქართულ კულტურაშიც შენ უნდა გამოიწრთო, ბავშვობიდან გადალახო ყველანაირი სირთულე, ივარჯიშო სირთულეების გადალახვაში. წლების მანძილზე ბევრი დარჩა ასეთი მიდგომით ტრამვირებული, აღზრდის ეს მეთოდი არ გამოდგა მასიურად ბევრ შემთხვევაში. ბევრი ასეთი ადამიანი იწყებს თვითდახმარების, თვითრეაბილიტაციის გზების ძიებას. 

ტრავმა შეიძლება იყოს გამოწვეული ერთი დიდი მოვლენით ან განმეორებადი მრავალჯერადი მოვლენებით. ცალკე აღებული მოვლენა შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს, მაგრამ როდესაც ის ყოველდღიურად მეორდება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვეღარ მოერიოს. მაგალითად, როდესაც ადამიანის შესაძლებლობებში მუდმივად შეაქვთ ეჭვი ამით აზიანებენ მის თავდაჯერებულობას, თვითშეფასებას. ასეთი რამ ხდება ქალების მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან, ფსიქოლოგიური ძალადობის სახით. ქალს საკუთარ შესაძლებლობებში შეაქვს ეჭვი და მეტად ეყრდნობა მოძალადეს, რადგან მასთან ყოფნაში. მასზე დაყრდნობაში ხედავს გამოსავალს. როგორც წყლის ერთი წვეთი ვერაფერს უშვება ქვას, ხოლო თუ მუდმივათ წვეთავს ქვის გახვრეტაც შეუძლია, აქაც ასეა ერთჯერად მოვლენას რაც არ შეუძლია სამაგიეროდ მრავალჯერადად განმეორებად მოვლენას საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. მაგალითად ბავშვის მიმართ მუდმივად კრიტიკული გამონათქვამების გამოყენება მშობლების მხრიდან ან მასწავლებელი ერთ-ერთი მოსწავლის   იგნორირებას ახდენს მუდმივად. 

რაც შეეხება კოლექტიურ ტრავმას, ეს უკვე გლობალურ მასშტაბებს ეხება, რაც საზოგადოებისთვის საერთო მოვლენა იყო. მაგალითად საქართველოში სამოქალაქო ომი ან  90-იან წლებში საკვების დეფიციტი, უშუქობა, გაზის და გათბობის საშუალების არქონა და ა. შ.  ერთი მოვლენა, რომელიც ყველას შეეხო, მართალია ყველას ინდივიდუალურად, თუმცა მაინც საზოგადოების მასშტაბით იქონია გავლენა. მე მგონია, რომ გენეტიკური მეხსიერება აგროვებს რაღაც გამოცდილებებს, რაღაცა ტკივილებს და შემდეგ გინდა არ გინდა საზოგადოება იწყებს დაგროვებული პრობლემების მოგვარებას. ასეთმა ადამიანებმა მოგვიანებით ბევრ ჩემ კოლეგას მიმართეს დახმარებისთვის და მეც ბევრ ტრავმირებულ ადამიანთან მიმუშავია. სამწუხაროა ის რისი გადატანაც ამ ადამიანებს დასჭირდათ. 

 

როგორ ეხმარება გეშტალტთერაპია ადიქციის მქონე ადამიანებს? როგორ წარიმართება თერაპიული პროცესი? ამ პროცესში როგორ აღწევს ადიქციის მქონე ადამიანი წარმატებას? 

უნდა ვთქვა, რომ ძალიან ინდივიდუალურად. იმდენ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული რომ ძალიან რთულია რაიმე საერთო ორიენტირები გამოკვეთო. მნიშვნელობა აქვს იმას ადიქცია თუ რამდენად მძიმედ არის წარმოდგენილი, რამდენად მძიმე ტრავმებს აქვს ადგილი – ასე ვთქვათ რამდენად ძლიერია ის მოტივაცია რომ ადამაინი გაექცეს რეალობას ან რამდენად მოტივირებულია ახლა რომ სხვანაირად იცხოვროს, რამდენად მზად არის პრიორიტეტად აქციოს ადიქციის დაძლევა მიმდინარე მომენტში, ითანამშრომლოს – საკუთარი წვლილი შეიტანოს შედეგისთვის. ერთი რისი თქმაც შემიძლია რომ ეს გაკეთებადია. არ არის ადვილი პროცესი. ის არა მხოლოდ დროის არამედ ემოციურ რესურსსაც მოითხოვს. ტრავმა სადღაც ფონზე არსებობს, როგორც წესი მიყუჩებულია. ამის გადმოტანა, თვალის გასწორება გარკვეულ გაბედულებას, ძალისხმევას და სიყოჩაღეს მოითხოვს.  თუმცა ამ პროცესში მარტო არ ხარ, თერაპევტი დაგეხმარება, შეგაძლებინებს, შენ გვერდით იქნება. თავიდან თერაპია შეიძლება მტკივნეული პროცესიც იყოს, მაგრამ თუ ადამიანს ნამდვილად უნდა საკუთარი თავის ხელშეწყობა, შრომობს ამისთვის, ის მალევე ხედავს შედეგს. თერაპიას აქვს უნარი ჩაკეტილი წრე გაარღვიოს. ამ წრეში, მაგალითად, მოიხმარ ძლიერ ფსიქოაქტიურ საშუალებებს იმიტომ რომ ცუდად ხარ, ხოლო როცა მოიხმარ შემდეგ უკვე ამის გამო ხარ ცუდად. თერაპიის დაწყებისთანავე შეიძლება საბოლოო შედეგს ეგრევე ვერ მიაღწიო, მაგრამ მდგომარეობის შემსუბუქება და შვების შეგრძნება მალევე ხდება. 

ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებისგან თავშეკავების ერთი ეპიზოდიც კი ადამიანში პოზიტიურ ცვლილებას იწვევს, მის თავდაჯერებულობას ზრდის, საკუთარი ძალების იმედს უბრუნებს. შემდეგ რაც უფრო მეტია ასეთი შემთხვევა, მით უფრო სწრაფად მიდის თერაპული პროცესი და დგება დასახული მიზანი. შესაძლოა თერაპია დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ შენ უკვე დღეს და ხვალ გიჭირავს ხელშესახები შედეგი ხელში, თუნდაც სიფხილზლის ორი დღე, თუნდაც საკუთარი თავით კმაყოფილების ერთი აზრი. ეს უკვე პატარა საფეხურს გაძლევს, რომ შემდეგ საფეხურზე გადახვიდე. კიდე ერთი მეტაფორა მახსენდება ახლა თითქოს წვეთი ჩააგდო ცარიელ ჭიქაში ხომ ძალიან ცოტაა, თითქოს რამდენი წვეთი უნდა ჩააგდო ჭიქაში, რომ აავსო, მაგრამ თერაპია ასე არ მუშაობს. თვითოეული თერაპიული შეხვედრა აორმაგებს იმას რაც უკვე მიიღწა. თუ ერთ შეხვედრაზე ერთი წვეთი გაორმაგდება, რომელიღაც შეხვედრაზე ნახევარი ჭიქა უცებ აივსება.

წინა

გირჩის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა “გენდერის” ამოღებას ისახავს მიზნად

შემდეგი

Belgrade Pride-ის მოთხოვნები სერბეთის მთავრობის მიმართ უცვლელია

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,