Jane Barlow, PA

შოტლანდიაში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის ლეგალური შეცვლა მარტივდება

შოტლანდიის პარლამენტმა 22 დეკემბერს დაამტკიცა რეფორმა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს გენდერის ლეგალურად შეცვლას უადვილებს. რეფორმის მიხედვით, გენდერის შეცვლისთვის გენდერული დისფორიის სამედიცინო დიაგნოზის ქონის აუცილებლობა მოიხსნება, ხოლო მინიმალური ასაკი, როცა ტრანსგენდერი ადამიანები გენდერის შეცვლას შეძლებენ, 18-დან 16 წლამდე მცირდება.

გენდერული აღიარების რეფორმის კონტროვერსიულმა კანონპროექტმა 86 ხმა მიიღო 39-ის წინააღმდეგ. შედეგად, შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც გენდერის შეცვლისთვის თვითიდენტიფიკაციის პროცესი საკმარისი გახადა.

შედეგების გამოცხადებისას, საჯარო გალერეაში გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა რეპლიკები ისმოდა. “გრცხვენოდეთ”, — ყვიროდნენ შეკრებილი მომიტინგეები, თუმცა, შეძახილების საპირწონედ, რეფორმის მხარდამჭერთა ოვაცია და აღტაცეუბლი ხმაური ისმოდა.

თვითიდენტიფიკაციის სისტემა მათთვისაა, ვისაც გენდერის შეცვლა სამართლებრივად და ლეგალურად სურს. რეფორმის მიხედვით, ადამიანებს 16 წლიდან შეეძლებათ გენდერის აღიარების სერტიფიკატის გამოთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიაში ადამიანებს 2005 წლიდან შეუძლიათ გენდერის კანონიერი ცვლილება, აღნიშნული ქმედება ამ დრომდე თვითიდენტიფიკაციის პროცესს არ ეფუძნებოდა. რეფორმის თანახმად, რომლებიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, გენდერის აღიარების სერტიფიკატის აპლიკანტებს პროცესის ბოლომდე მიყვანისთვის არა ორი წელი, არამედ 3-დან 6-თვემდე დასჭირდებათ, თავიანთი ასაკის შესაბამისად.

რეფორმა ითვალისწინებს “რეფლექსიის პერიოდსაც” ტრანზიციის პროცესში მყოფი ადამიანებისთვის. აღნიშნულ პერიოდს 3 თვე ეთმობა და ამ დროს ადამიანებს აზრის შეცვლის საშუალება მიეცემათ. გენდერის შეცვლის სერტიფიკატისთვის ნებისმიერი ცრუ აპლიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რეფორმის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება დეტრანზიციაც, გენდერის შეცვლის სერტიფიკატის სააპლიკაციო პროცესების თავიდან გავლის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის შოტლანდია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციის პროცესს უმარტივებს, ვესტმინისტერის მთავრობის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული რეფორმის კანონად გადაქცევას, მისი საკამათო ბუნების გამო, ხელი შეეშალოს სამეფო უარით. აღნიშნული პროცესი დიდწილად ფორმალურია და შოტლანდიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაერთიანებული სამეფოს მმართველის თანხმობას ითვალისწინებს.

“დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ მცდელობას, შეარყიოს შოტლანდიის პარლამენტის დემოკრატიული ნება, მტკიცედ გავასაჩივრებთ!” განაცხადა შოტლანდიის მთავრობის სპიკერმა, გამოხატული შეშფოთებების საპირწონედ.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შოტლანდიის მმართველმა და სხვა პარტიებმა, ხოლო მასთან დაპირისპირებული კონსერვატიული და ქალთა უფლებების დამცველი ზოგიერთი პარტია აღმოჩნდა. მოწინააღმდეგეთა განცხადებით, ცვლილებები პოტენციურად საფრთხისშემცველია ქალებისა და გოგოებისათვის, მაგალითად, ისეთ სივრცეებში, როგორიც ერთი გენდერისთვის განკუთვნილი საჯარო ტუალეტებია.

შოტლანდიის იუსტიციის მინისტრმა, შონდა რობინსონმა, განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსმა ცვლილებამ ტრანსგენდერ ადამიანებს მხოლოდ სიკეთე მოუტანა და მათ მიმართ ძალადობა შეამცირა.

“ვფიქრობ, ჩვენ ყველას შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ ტრანსგენდერი ადამიანები შოტლანდიაშიც შეძლებენ ისარგებლონ რეფორმის პოზიტიური შედეგებით, რადგან კანონი მათ აცილებს ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლით იმაში, რომ თავიანთი უფლებებით ისიამოვნონ”, — განუცხადა პარლამენტს რობინსონმა.

წყაროები:
BBC, Reuters.

წინა

პარლამენტმა სახალხო დამცველობის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

შემდეგი

ტესტი — გამოიცანი ლგბტქი დროშები

ბოლო სიახლეები

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

FacebookTweetLinkedInEmail ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

FacebookTweetLinkedInEmail „პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების