/

ყველამ თავად უნდა ვიპოვოთ თუ სად არის ჩვენი ბედნიერება – ინტერვიუ დაჩი შოშიტაშვილთან

დავიბადე თბილისში. პროფესიით ვარ ეკოლოგი, ჩემი ვიწრო მიმართულებით ორნითოლოგი. გარკვეული პერიოდი მივყვებოდი ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებსა და დოგმებს, რომ სკოლის შემდეგ უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში, შემდეგ მნიშვნელოვანია აიწყო კარიერა, რაც მუდმივ მუშაობასთან არის დაკავშირებული. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ოფისში სრული დატვირთვით მუშაობა ჩემთვის წარმატებას არ ნიშნავდა და არ ვიყავი ამით ბედნიერი, რომ ეს არ იყო ის ცხოვრება, რომელიც მინდოდა რომ მქონოდა. ამის შემდეგ გადავედი მუშაობის ისეთ სტილზე, როდესაც ვარ ფრილანსერი, აღარასდროს ვმუშაობ სრულ განაკვეთზე, უკვე 4-5 წელია. ჩემი საქმეა ველზე მუშაობა, ეს მაბედნიერებს და მიყვარს ყველაზე ძალაინ. ამავდროულად, მაქვს შესაძლებლობა, რომ გამოთავისუფლებული დრო გავატარო საკუთარ თავთან ჰარმონიაში, ვაკეთო ის რაც მომწონს.

ასეთი საქმიანობა აღმოვაჩინე აქ თეთრიწყაროში, სადაც ბავშვობიდან დავდიოდი არდადეგებზე და სადაც პანდემიის პერიოდში ოჯახთან ერთად ჩამოვედი ცოტა უფრო გრძელვადიანი პერიოდით. ამ დროს ჩემ ცხოვრებაში მოხდა გარდამტეხი ცვლილება. მთელი ოჯახი წავედით სოფელში, რაღაცა ხომ უნდა მეკეთებინა ეს პერიოდი, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ სოფელში გვაქვს, იყო  მოუვლელი, გამინდვრებული. დავიწყე იმით, რომ ნაკვეთი შემოვღობე, მერე დავამუშავე, მერე რაღაცა დავთესე. შედეგი მომეწონა, მეორედ ვცადე და უკეთ გამომივიდა. გამოცდილება დიდად არ მქონდა, რაც არ ვიცოდი იმაზე ვკითხულობდი. ინტერნეტში ყველანაირი რესურსი ხელმისაწვდომია ამ კუთხით. ინტერნეტით იღებ საბაზისო რჩევებს, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება ძალიან ინდივიდუალურია – ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუ რა ადგილას ცხოვრობ, როგორი კლიმატია, რა პროდუქტი მოგყავს და ა. შ. მაგალითად, რომელი მცენარე როდის უნდა დათესო, ამას უფრო შენი პრაქტიკით იგებ, ვიდრე წაკითხულით.

თავიდან, როგორც არის მიღებული, მავნებლებთან საბრძოლველად მეც ვიყენებდი ქიმიკატებს. შემდეგ ნელ-ნელა მივედი იმისა გააზრებამდე, რომ ეს არც ისე სასარგებლოა და წელს პირველი წელია, როდესაც არანაირი წამალი არ გამოვიყენე. კი, ამის გამო დანაკარგიც მქონდა, ბევრი რაღაცა შემიჭამეს მწერებმა, მაგრამ ის რაც გადარჩა არის სუფთა ბიოპროდუქტი, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით არის მოყვანილი.  მაგალითისთვის რომ ავიღოთ – კარტოფილს უჩნდება ისეთი მწერი, როგორიც არის კოლორადოს ხოჭო, რომლის მოშორება საკმაოდ რთულია და მას შეუძლია პრაქტიკულად გაანადგუროს მცენარე. თუმცა საწამლავი, რომელსაც ამ მწერის წინააღმდეგ იყენებენ არის ძალიან ტოქსიკური, მოწამლული ხოჭო შეიძლება მიირთვას შემდეგ მფრინველმა, ის ასევე ვრცელდება ირგვლივ ნიადაგში და კლავს ყველაფერს ცოცხალს. ასე რომ წელს მომიწია კოლორადოს ხოჭოს ხელით მოგროვება და ისე მოშორება. თუმცა ეს ამად ღირდა და არც დანაკარგი იყო იმდენად დიდი.  წელს მოვიყვანე: რამდენიმენაირი ჯიშის ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ბროკოლი, ჩვეულებრივი წიწაკა, ბულგარული წიწაკა, ათი სხვადასხვა ჯიშის პომიდორი, კიტრი, გოგრა ყაბაყი, მუხუდო, ბარდა, პრაქტიკულად ყველანაირი ბოსტნეული. ბადრიჯანი ვერ მოვიყვანე ერთადერთი.

რაც ბოსტნეულის მოყვანა დავიწყე, მას შემდეგ გავიგე თუ რა გემო უნდა ჰქონდეს ბოსტნეულს რეალურად, თუნდაც ჩვეულებრივ სტაფილოს. მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელი არ ვარ, მაინც ძირითადად ბოსტნეულით ვიკვებები. მიყვარს ბოსტნეულისგან კერძების მომზადება. ძალიან კარგი ემოციაა, როდესაც შედიხარ ბოსტანში და იქ გხვდება შენი მოყვანილი პროდუქტი, ის რაც იქნება შენი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც. ძალიან კარგია ეს მომენტი, ამავდროულად მიწასთან მუშაობა დიდ შრომასაც მოითხოვს. ამის კეთება უნდა გიყვარდეს, სხვა შემთხვევაში გაგიჭირდება. როდესაც გიყვარს, მაშინ დაღლა მეორეხარისხოვანი ხდება, იმდენად დიდ სიამოვნებას იღებ პროცესიდან, დაწყებული დათესვით, შემდეგ მცენარის ზრდის ყველა ეტაპზე დაკვირვებით და ხელშესახები შედეგით დამთვრებული, მოსავლის მიღების სახით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ძალაინ მიყვარს მფრინველები, მათ შორის ქათმებიც. მიყვარს მრავალფეროვნება. ჩემი ყველა ქათამი ერთმანეთისგან განსხვავდება ფერებით – ორ ერთნაირს ვერ ნახავთ. დილაობით პირველ რიგში მათ ვუყრი საჭმელს და შემდეგ ცოტა ხანი ვზივარ და ვუყურებ, ვტკბები. ნათელი ფერების მიმართ ჩემი სიყვარული ასევე აისახება თუნდაც იმაში, რომ 10 ჯიშის პომიდორი დავთესე წელს. დიდ ენერგიას ვიღებ ამ მრავალფეროვნების ყურებით. სამყაროც ხომ ძალიან მრავალფეროვანია.

რაც შეეხება ბოსტნეულის მოყვანის პროცესს, ადრე ჩემს ბავშვობაში პაპა ბარავდა ხოლმე მიწას. ეს არის ძალიან მძიმე სამუშაო, რომელსაც ახლა ტრაქტორი აკეთებს. პატარა ადგილების დაბარვა მიყვარს, მაგრამ დიდ მონაკვეთს ფიზიკურად ვერ დაამუშავებ. მთელ ნაკვეთს ვხნავ ხოლმე შემოდგომაზე. ამის შემდეგ დამუშავებულ მიწას ყინული რომ მოარტყამს და მოყინავს, მიწა ძალიან ფხვიერი ხდება. გაზაფხულზე უკვე გაქვს ფქვილივით ნიადაგი, რომლის დამუშავებაც ადვილია. შემდეგ იწყებ დაგეგმვას, წელს როგორ უნდა გქონდეს გადანაწილებული შენი ნაკვეთი, მოსაყვანი კულტურების მიხედვით. მე ასე მაქვს – ერთ ადგილას ონკანთან ახლოს ვთესავ ისეთ მცენარეებს, რომლებსაც წყალი უყვარს. ესენია მაგალითად მწვანილი, ყაბაყი, კომბოსტო, წიწაკა, კიტრი, პომიდორი და ყველა სხვა შედარებით ფაქიზი მცენარე. შესაბამისად, გვალვაამტან მცენარეებს წყლისგან ცოტა მოშორებით ვთესავ.  თავიდან თეთრიწყაროში უკვირდათ, რომ თბილისიდან ჩამოსულ ადამიანს შეეძლო ასე მიწასთან მუშაობა. თავიდან სკეპტიკურადაც კი მიყურებდნენ. ბევრ აქაურ მაცხოვრებელს არ მოჰყავს თავისთვის ბოსტნეული და ყიდულობს. შემდეგ შეეჩვივნენ.

მიწასთან სამუშაოდ და ისედაც საკმაოდ ადრე ვიღვიძებ ხოლმე, ასე მირჩევნია დილით ადრე თუ ვიღვიძებ, შემდეგ ღამეც ადვილად მეძინება და კარგად მძინავს. დილის 7-8 საათიდან ვიწყებ მუშაობას და სადღაც 11-12 საათამდე ვმუშაობ, ვიდრე ძალიან დაცხება. გაზაფხულზე ძირითადად თესვით ხარ დაკავებული, გამარგვლა სულ გჭირდება -სარეველა ბალახების მოცილება. ამ სარეველა ბალახებსაც კი იყენებ შემდგომ, ერთია ამ ბალახებს ჭამენ ჩემი მფრინველები და კიდევ მულჩად ვაფენ მიწას. როდესაც მიწას მზის პირდაპირი სხივები ხვდება ნიადაგი ძალიან ადვილად შრება და ბევრი წყალი სჭირდება, ასე კი წყლის ეკონომიაც გამოდის და ქარიც სასარგებლო ნივთიერებებისგან ვერ ფიტავს მიწას. შუადღისით შეიძლება დაისვენო, ხოლო საღამოც ისეთი პერიოდია, რომელიც აქტიურად უნდა გამოიყენო. როცა განსაკუთრებით ბევრია სამუშაო ჩემი სამეგობროც ჩამომყავს ხოლმე თბილისიდან და ოჯახის წევრების მეხმარებიან.

ხანდახან მეკითხებიან, ხომ არ ვიწყენ სოფელში. ვპასუხობ, რომ არასდროს. ჩემი სოფელი ჩემთვის ის ადგილია, რომელზეც ძილის წინ ფიქრობ, როგორც სანატრელ ადგილზე, სადაც გინდა რომ აღმოჩნდე. ბავშვობიდან ასეთი იყო ჩემთვის თეთრიწყარო. წარმოიდგინეთ რომ შეიძლება თბილისიდან რაღაც ერთი საათის სავალზე ისეთ ადგილას აღმოჩნდე, სადაც არანაირი ხმა არ გესმის. ზიხარ და უბრალოდ სრული სიჩუმეა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ადამიანი ვარ, მეც ხანდახან მიჩნდება სურვილი განვმარტოვდე და უბრალოდ ვუსმინო სიჩუმის ხმას, უბრალოდ ვიყო ჩემთვის და არაფერზე ვიფიქრო. თბილისში სადაც არ უნდა იყო გამუდმებით გესმის ზუზუნი, რაც შეუმჩნეველია, მაგრამ საკმაოდ სტრესული.

ერთადერთი პერიოდი, როდესაც მიჭირს ყურადღება მივაქციო ჩემ მეურნეობას ესაა მაისის თვე, როდესაც ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე გასვლითი ტურები მაქვს და შეიძლება ერთი თვის განმავლობაში არ ვიყო სახლში. ასეთ დროს ჩემი ოჯახი, ყველაზე მეტად მამიდა მეხმარება და კიდევ ერთი მეზობელი, ხანშიშესული ქალი. ამ პერიოდში ვმუშაობ, ვარ მფრინველებზე დამკვირვებლების გიდი საქართველოში და სომხეთში. მფრინველებზე დამკვირვებლები საქართველოში ძირითადად დასავლეთი ევროპიდან ჩამოდიან. ჩვენ ვთავაზობთ თუ რა მფრინველების ჩვენება შეგვიძლია კავკასიის რეგიონში.

კავკასიის რეგიონი მდიდარია ბიომრავალფეროვნების მხრივ, მათ შორის მფრინველების მხრივაც. ამ სფეროში ინტერესი საქართველოს მიმართ და ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ტურისტები ჩამოდიან ძირითადად დასავლეთი ევრპიდან, ხანდახან ამერიკიდან და ავსტრალიიდანაც. გვაქვს შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სეზონური მარშრუტები. გაზაფხულის სეზონის მარშუტია ყაზბეგი, ვაშლოვანი, ჭაჭუნა, კუმისი, ჯანდარის ტბა, დავით გარეჯი და პრაქტიკულად მთელი სომხეთი.

შემოდგომაზე ბათუმი ხდება აქტუალური. ზოგადად ბათუმი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გადამფრენი, მტაცებელი მფრინველების რაოდენობით. 35  სახეობის მილიონნახევარზე მეტი მტაცებელი გადაუფრებს სახალვაშოს. ამ ადგილს კიდევ უწოდებენ „ბოთლის ყელს“. ჩრდილოეთიდან წამოსულ, მტაცებელ მფრინველებს აქ ხვდებათ კავკასიონის მთები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლიან, რადგან ერთი მხრიდან შავი ზღვაა, მეორე მხრიდან კასპიის ზღვა. კავკასიონში შემოფრინდებიან, ცოტა დაბლა რომ წამოვლენ სამხრეთისკენ, ერთ მხარეს ისევ შავი ზღვაა, მეორე მხარეს მცირე კავკასიონის მთები,  უკვე დაღლილები არიან მთებზე ფრენით და ისევ მთებზე არ გადადიან, ზღვაზეც არ გადადიან, ცდილობენ ზღვის თავზე არ იფრინონ და ასე ვიწრო დერეფნის საშუალებით ყველა გადაუფრენს ბათუმს.

დაკვირვება ხდება მთის სოფლებიდან – სახალვაშოდან და შუა მთიდან. მთის წვერებზე გაკეთებულია სადამკვირვებლო პოსტები. სახალვაშოში ინფრასტრუქტურაც უკვე საკმაოდ განვითარებულია ამ მხრივ. სეზონზე რომ ჩახვიდე ძალიან ბევრ ტურისტს დაინახავ. ადგილობრივებიც ყველანი დაკავებულები არიან, საოჯახო ტიპის სასტუმროებს ამუშავებენ.

სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცი არ აქვს. ადამიანი, რომელიც ერთხელ ჩაიხედება ტელესკოპში, დაინახავს საოცარ სილამაზეს, მრავალფეროვნებას,  ბუნებით აღტაცებას, აღფრთოვანებას განიცდის, გამორიცხულია მას ხელახლა არ გაუჩნდეს ამის გამეორების სურვილი. შორიდან მფრინველებზე დაკვირვებას აზრი არ აქვს, მოშორებით შავი წერტილების სახით რაღაც რომ მოჩანს, ბუნებრივია ის ინტერესსაც არ იწვევს. სულ სხვაა, როდესაც ტელესკოპში ჩაიხედები. მფრინველების მიმართ ინტერესი  ბავშვობიდან  უნდა გაღვივდეს.

ფოტო/batumibirdfest.com

ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობ – „ბუნების კონსერვაცია საქართველოში“ მუშაობს სკოლებშიც. ბავშვები ძირითადად კუმისის ტბასთან მიგვყავს, რადგან თბილისთან ახლოსაა, იქ სხვადასხვა სახეობის იხვებია. ჩემი აზრით, იგივენაირად ბავშვობიდან შეიძლება დააინტერესო ადამიანი მიწასთან მუშაობით. ბავშვს უნდა დავანახოთ რომ ამ საქმიანობას, ბევრნაირ ჭრილში, პოზიტიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაზე და ყოფაზე.

ქვიარის მკითხველს ვეტყოდი, რომ არ მიჰყვეს იმ ხისტ წესებს, რასაც საზოგადოება თავს ახვევს, იმისთვის რომ იყოს ბედნიერი და წარმატებული. ჩვენ ყველამ თავად უნდა ვიპოვოთ თუ სად არის ჩვენი ბედნიერება.

 

 

 

 

წინა

ნატალია ვაწაძე: „მოძრაობა“ არის ყველას მოძრაობა ვინც თანასწორობის, სამართლიანობის და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს იზიარებს

შემდეგი

ILGA Europe-ის ყოველწლიური კონფერენცია წელს სლოვენიაში ტარდება

ბოლო სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი