ფსიქოლოგი ნინო ბექაია სტრესის დაძლევის ტრენინგის შესახებ

ფსიქოლოგი ნინო ბექაია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია აქტივიზმში და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ონლაინ გამოცემა „ქვიარისთვისაც“ ხშირად წერს, სტრესის დაძლევისა და მართვის პროგრამის შესახებ გვიყვება, რომელიც 1-4 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდება.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა, რომელიც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს. თეორიული ნაწილი არის ფსიქოგანათლება, რაც გულისხმობს: განსხვავებული სტრესის ამოცნობას, მათ განმარტებებს, რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს და როგორ აისახება ის ადამიანზე ფიზიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად. მათ შორის, ადიქციებსაც შევეხებით, რადგან ის პირდაპირ კავშირშია სტრესთან. ადიქციას ადამიანები ხშირ შემთხვევაში „გამკლავების მექანიზმად“ იყენებენ, თუმცა ის პირიქით, ხელს უწყობს სტრესის გაღრმავებას და დიდწილად, სწორედ ის იწვევს მას. ალკოჰოლი, სიგარეტი, სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლებსაც სტრესის წინააღმდეგ იყენებენ, სინამდვილეში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს“, – ამბობს ნინო ბექაია.

ტრენინგზე აქცენტი სტრესის მართვასა და შემცირებაზე იქნება დასმული. თეორიული ფსიქოგანათლების გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს, რომელზეც ნინოს კოლეგა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა იმუშავებს. მონაწილეებს წინ ერთი მხრივ ძალიან საინტერესო, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან საჭირო და სასარგებლო აქტივობები ელოდებათ.

როგორც ნინომ აღნიშნა, ტრენინგში მონაწილეობას აქტივისტები, უფლებადამცველები, ქვიარ ქალები იღებენ, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან სტრესს.

„სიტუაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაურესდა – გამოვიარეთ პანდემია, ამას დაემატა ომი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა და გართულდა აქტივისტების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა“.

ნინო ბექაიას თქმით, როდესაც სხვას ეხმარები, უფრო მარტივია პროფესიული გადაწვა დაგემართოს, გამოიფიტო და ვეღარ მოახერხო ძალების აღდგენა. როგორც წესი, საკუთარი თავის დახმარება და შველა ასეთ მომენტებში რთულდება, ამიტომ სტრესთან დაკავშირებულმა თემებმა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, წინ წამოიწია.

„მსგავსი პროექტები საქართველოში კიდევ ხორციელდება და ასეთი ჰოლისტური მიდგომა მისასალმებელია. დიდი ხანი ვფიქრობდით ამ ტრენინგის ჩატარებაზე და როდესაც შანსი მოგვეცა, ის ხელიდან არ გავუშვით“.

როგორც ნინო ამბობს, პროექტის ფარგლებში აქცენტი არა თბილისზე, არამედ ზოგადად, საქართველოს რეგიონებზე, ამ რეგიონებში მცხოვრებ აქტივისტ ქალებზე გააკეთეს.

„ჩვენი სურვილი აჭარაში მყოფ ქვიარ აქტივისტებთან შეხვედრა და სხვადასხვა რეგიონიდან ქალების ჩართულობა იყო, რაც ხელს შეუწყობდა ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებას. ამას გარდა, ზაფხული, ზღვა და მზე დადებითად აისახება ადამიანზე. ჩვენს აპლიკანტებს ტრენინგში მონაწილეობის გარდა, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაც ექნებათ“.

ტრენინგის მიმართ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა ინტერესი. მომართვიანობა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ტრენინგი იძლეოდა საშუალებას.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა პროექტს მიღმა. ასეთი დაინტერესება ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო წლების განმავლობაში ადამიანებს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწიათ – პანდემია, ომი და ამას დამატებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“.

როგორც ნინო ამბობს, საქართველოს  მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი ტიპის ტრენინგების საჭიროება დგას. ბოლო პერიოდში, ამ კუთხით გარკვეული ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც მსგავს ტრენინგებს ატარებენ. მისი თქმით, ასეთი ტრენინგი ქვიარ ადამიანებისთვისაც ჩატარდა.

„ასეთი ტიპის აქტივობები არასდროს არის ბევრი და საკმარისი, რადგან ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომელთან დაკავშირებითაც ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, გავავრცელოთ ინფორმაცია. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომის საშუალება, იქნება ეს ფსიქოგანათლება თუ პრაქტიკული ნაწილი, რომ შემდეგ ადამიანმა მარტივად შეძლოს თვითდახმარება ან პროფესიონალთან დაკავშირება“.

ნინო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობები, მაგალითად, ქრონიკული სტრესი, რომელიც ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საშიშია. ეს განსაკუთრებით ხშირია ისეთ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სოციალურ მუშაკებად, ადვოკატებად.

„ზოგადად, პროფესიული გადაწვა შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ მეტი შანსია ქვიარ ადამიანებთან მომუშავე ადამიანებში, ან თავად ქვიარ აქტივისტებში გამოვლინდეს“.

პროგრამა იმგვარადაა შედგენილი, რომ ტრენერებმა მაქსიმალურად მიიღონ ის ეფექტი, რომელიც მიზნად დაისახეს. მათი ძირითადი მიზანი ქვიარ ქალებისა და აქტივისტების ერთმანეთთან დაახლოება, ასევე, მონაწილეებისთვის ფსიქიკურ, მენტალურ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების გამომუშავებაში ხელშეწყობაა. ამას გარდა, ტრენინგზე შეეხებიან ფიზიკური უსაფრთხოების საკითხსაც.

„გვაქვს ქვეამოცანა, რომ ჰოლისტური მიდგომა და მისი კონცეფცია მაქსიმალურად გასაგები აღმოჩნდეს ჩვენი მონაწილეებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ, ოჯახის წევრების, თანამოაზრეებისა და თანამშრომლების ფიზიკურ თუ სხვა ტიპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სამუშაო სივრცის ორგანიზება. იყონ მეტად დაცულები, საჯარო შეკრების, თუნდაც სამოქალაქო აქციების დროს. ისინი მიიღებენ ისეთ ცოდნას, როგორიცაა ნერვული სისტემის მუშაობა, როგორ აირიდონ სტრეს-ფაქტორები და დაზიანება, ისწავლიან პროფესიული გადაწვის სიმპტომების იდენტიფიცირებას, მის მართვას და ასევე, თავიდან არიდებას, ადიქციური ქცევების დაძლევის ეფექტურ სტრატეგიებსა და ტექნიკებს. ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ქცევების დანერგვას, გაუზაირებენ ერთმანეთს გამოცდილებას, გამოწვევებსა და შთაბეჭდილებებს. ამ 4 დღის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან ყველაფერს, რაც მიზნად გვაქვს დასახული“.

ნინო ბექაია იმ ადამიანებსაც აძლევს რჩევებს, რომლებიც ტრენინგში მონაწილოებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იღებენ და აღნიშნავს, რომ სტრესის დროს თვითდახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ადამიანებს მაინც უჭირთ სტრესის იდენტიფიცირება.

„სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ დონეზე, მაგალითად: თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, სუნთქვის გაძნელება, უსიამოვნო შეგრძნება ყელის არეში, ასევე ემოციურადაც, მაგალითად: მოიწყინოთ, დაგეუფლოთ უიმედობის განცდა და აპათია, შეგექმნათ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. სტრესის დროს რამდენიმე სიმპტომი ერთად იყრის თავს. თუ ეს ყველაფერი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდება, აუცილებელია ყურადღების მიქცევა. არის მომენტები, როდესაც თვითდახმარებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სიმპტომებს, მაგრამ ხანდახან თვითდახმარება აღარ არის საკმარისი და ამ დროს სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგალითად მაშინ, როდესაც ყოველდღიური ფუნქციონირება რთულდება, ან გერევათ დღის რეჟიმი“.

ხშირად სტრესის დახმარებაში ფიზიკური აქტივობებიც გვეხმარება – 20 წუთი მუსიკის თანხლებით ფეხით გასეირნება, ტრენაჟორებით დატვირთვა, იოგა, ვარჯიში, ცეკვა. მთავარია, ხანდახან საკუთარ თავს გარკვეულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა დავაძალოთ. ეს ეხმარება ჰორმონალური ბალანსის აღდგენას.

„სტრესის დროს ადრენალინი და კორტიზოლი გამოიყოფა, რომელსაც საერთოდ სხვა რეჟიმში გადავყავართ, ამიტომ ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. როდესაც ძალიან დასტრესილები ვართ, მოქმედება გვიჭირს, თუმცა მოქმედების დასაწყებად საკუთარ თავს ძალა უნდა დავატანოთ, რადგან მოქმედებამდე მისვლა აუცილებელია. ხანდახან გვგონია, რომ არაფერი დაგვეხმარება, მაგრამ პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი მიგვიყვანს იმ მიზნისკენ, რაც არის კომფორტი, შინაგანი სიმშვიდე და სისავსე. მოქმედებად შეიძლება ჩავთვალოთ დახმარების თხოვნაც – მეგობართან დალაპარაკება, არასახარბიელო მდგომარეობის გაზიარება, შესაძლოა, ხანდახან ერთი ჩახუტებაც საკმარისი აღმოჩნდეს. მოქმედება, ინფორმაციის მიღება, სიმპტომებზე დაკვირვება, საკუთარი სხეულისა და ემოციების მოსმენა – აი, რაშია გამოსავალი“.

სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგის გარდა, ნინო ბექაიამ სტრესთან დაკავშირებული კიდევ ერთი გეგმა გაგვაცნო. მისი თქმით, იგეგმება ბროშურის გამოცემა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიზუალური მასალით კარგად გამოიკვეთოს სტრეს-ფაქტორები, სიმპტომები და ადამიანისთვის, რომელიც მას გადაშლის, ბევრ საინტერესო კითხვას გაეცეს პასუხი, დაეხმაროს მას თვითგამორკვევაში.

„ბროშურა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქვიარ ადამიანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები ჩართულები იქნებიან თუ არა აქტივიზმში. მისი მოცულობა დაახლოებით 30 გვერდს შეადგენს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე დაბეჭდილი სახით თბილისსა და რეგიონებში. ეს არის უახლოესი გეგმა, რომლის განხორციელებასაც „ქვიართან“ ერთად შემოდგომაზე ვაპირებთ“.

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი „თანასწორობა 17“-ის ორგანიზებითა და „ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„თუ მსგავსი ტრენინგები კიდევ დაიგეგმება, სხვა დროსაც დიდი სიამოვნებით გავაზიარებდი ჩემს ცოდნას, გამოცდილებასა და რესურსს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს მართლა სჭირდებათ“, — ამბობს ნინო ბექაია.

წინა

ვიეტნამმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის

შემდეგი

მსახიობი ჯენა მელოუნი პანსექსუალად დაქამინგაუთდა

ბოლო სიახლეები

სათემო ორგანიზაციები: გენდერის სამართლებრივად არ აღიარების გამო ტრანს ქალები ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციით ვერ ისარგებლებენ

FacebookTweetLinkedInEmail ლგბტქი სათემო ორგანიზაციების საქართველოს მთავრობის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის

დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

FacebookTweetLinkedInEmail ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „ცხელ კვალზე

საქართველოს სტატისტიკა: ფემიციდი, ძალადობა, გაუპატიურება, შემაკავებელი ორდერები

FacebookTweetLinkedInEmail 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

5 ქვიარ წიგნი ქართულ ენაზე

FacebookTweetLinkedInEmail უძველესი ანტიკური ტრაგედია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დიდი ბრიტანეთი, შორეული ინდოეთი და  გასული საუკუნის 70-იანი