ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: ელენე ხოშტარია
/

სპეცრაზმი გვცემდა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, ეს არ იყო დაკავება, ეს იყო გატაცება — ჯაფარიძე

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას და ნიკა მოსიაშვილს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სცემდნენ ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. მისი თქმით, ეს იყო არა დაკავება, არამედ გატაცება. მას დაზიანებები ვიზუალურადაც ეტყობა. ჯაფარიძემ ცემის შესახებ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ ისაუბრა, რომელიც დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

“სინამდვილეში, ეს არ არის ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე, ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც, კადრებშიც ჩანს, რომ მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ამ ბავშვებს ჩამოვეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან, თან მიმათრევდნენ და მირტყამდა 5-6 ადამიანი. მას შემდეგ, რაც შემათრიეს იმ ჭიშკრის შიგნით, 9 აპრილის ქუჩაზე, საიდანაც გამოდიან ხოლმე, შიგნით გააგრძელეს ჩვენი ცემა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის, თავზე ეს ნაჭდევები რაც მაქვს, ხელკეტებისგან მაქვს. ამის შემდეგ მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რაღაცებს ველაპარაკებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. ამის შემდეგ გასაგებად გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს არ დავამთავრებდი, ამას გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც მე საუბარი შევწყვიტე. ეს იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ყველას ეკეთა ნიღბები, სახე არ ვიცი არავისი, თვალები მახსოვს.

ამის შემდეგ დაახლოებით საათი ალბათ დავყავით იმ ეზოში. უბრალოდ ჩუმად ვიდექით, რადგან ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით, როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. დაახლოებით საათის შემდეგ მოვიდნენ კრიმპოლის თანამშრომლები, რომლებიც ამ დაკავებასთან არაფერ შუაში არ არიან, იქცეოდნენ უაღრესად წესიერად, პროფესიონალურად, გადაგვიყვანეს ე.წ. სამმართველოში, სადაც შეავსეს ოქმი, გააფორმეს დაკავება. ამის შემდეგ ვიყავით წინასწარი დაკავების იზოლატორში ორ ღამე და მერე მოგვიყვანეს აქ [სასამართლოში]. ის, რომ ბოლოში ეს ყველაფერი დასრულდა ოქმის გაფორმებით, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვაკავეს — ჩვენ გაგვიტაცეს და გვცემეს, მერე აქეთ დაგვაბრალეს კანონდარღვევა. მოსამართლე არის აშკარად ანგაჟირებული, არ უნდოდა პროცესის გადადება. მათ შორის სასამართლოს ექიმმა დაადასტურა, რომ მოსიაშვილს ჰქონდა ძალიან მაღალი წნევა და აწუხებდა ძალიან ძლიერი თავის ტკივილი. მიუხედავად ამისა, დაალევინა წამლები და დაელოდა. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ წნევა არ დაუწია და ამის შემდეგ მაინც გააგრძელა პროცესი. საჭირო გახდა სასწრაფოს მოსვლა და სასწრაფოს ექიმებისგან დადასტურება, რომ ამ ადამიანს სჭირდება გადაყვანა გამოკვლევებზე”, — თქვა ჯაფარიძემ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

აქციაზე დაკავებულ ნიკა მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა — ადვოკატი

შემდეგი

ხვალ პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება

ბოლო სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი