სექსუალური შევიწროება
timesofindia.com

სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე

წინა სტატიაში უკვე განვმარტეთ, რა არის სექსუალური შევიწროება და განვიხილეთ ისიც, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა სივრცეში. ამჯერად სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებას მიმოვიხილავთ.

გაეროს  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ  1992 წლის #19 რეკომენდაცია კი გენდერული ნიშნით ძალადობას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს და განმარტავს, რომ “სამუშაო ადგილას თანასწორობა შესაძლოა სერიოზულად დაირღვეს, როდესაც ქალი ექვემდებარება გენდერული ნიშნით ძალადობას, როგორიც არის სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე”.

სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა (CEDAW, Recommendation #19):

  • ნებისმიერი შეურაცხყოფა, გამონათქვამები, ხუმრობები, ინსინუაციები ან კომენტარები ადამიანის ჩაცმულობასთან, გარეგნობასთან, ასაკთან, ოჯახურ მდგომარეობასთან და ა.შ. დაკავშირებით;
  • ქედმაღლური ან დამამცირებელი დამოკიდებულება, რომელსაც აქვს სექსუალური სახის შინაარსი და შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას;
  • არასასურველი შეთავაზებები ან მოთხოვნები, რომელსაც თან ახლავს პირდაპირი ან ირიბი მუქარა;
  • ვნების გამომხატველი მზერა და ჟესტები, რომელიც სექსუალობასთან ასოცირდება;
  • ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა, მაგალითად, შეხება, მოფერება, ჩქმეტა ან ძალადობა.

2019 წელს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) მიიღო #190  კონვენცია, რომელმაც პირველად შექმნა საერთაშორისო სტანდარტი სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (Violence and Harassment Convention, 2019 No. 190).  კონვენციის მიზანი სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაა.

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს სექსუალურ შევიწროებას და მას აღიარებს დისკრიმინაციის ფორმად. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-32 პუნქტის თანახმად, სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლი, რომელიც სექსუალურ შევიწროებას განმარტავს, როგორც პირის მიმართ არასასურველ სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს  ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას  და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. საქართველოს შრომის კოდექსის მიზნებისთვის, სექსუალური შევიწროების გამოხატულებად მიიჩნევა  სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა (საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლი).

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განავითარა სექსუალური შევიწროების სამართლებრივი ტესტი და მიიჩნია, რომ ადამიანის მიმართ არასასურველი ქცევა სახეზეა, თუ იგი მის რომელიმე ნიშან-თვისებას მიემართება; ქცევის მიზანია ან იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას; ქმნის დამაშინებელ, მტრულ, შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება No 2/1609-18, გვ. 4).

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსხვერპლი არ აფიქსირებს, რომ მისთვის ქცევა არასასურველია, ეს არ გამორიცხავს შემავიწროებელი პირის პასუხისმგებლობას, ვინაიდან, გონივრულობის ფარგლებში, შემავიწროებელს უნდა სცოდნოდა (ought to have known), რომ კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქცევა მიუღებელი იქნებოდა მსხვერპლისათვის (სახალხო დამცველის რეკომენდაცია).

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ორ კატეგორიად იყოფა:

  • Quid pro quo (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ);
  • მტრული სამუშაო გარემოს შექმნა.

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Meritor Savings Bank FSB v Vinson სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ორი ფორმა განავითარა. Quid pro quo-ის შემთხვევაში, იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანი დაქვემდებარებული პირისგან მოითხოვს სექსუალურ ქმედებას, იმისთვის, რომ დაქვემდებარებულმა პირმა მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სამსახურებრივი სარგებელი. მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფორმა გულისხმობს არასასურველ ქცევას ან სხვა სექსუალური ხასიათის სიტყვიერ ან ფიზიკურ ქმედებას, რომლის მიზანი ან ეფექტი არის ზიანის მიყენება ინდივიდის სამუშაოზე ან ქმნის მტრულ, დამაშინებელ, შეურაცხმყოფელ სამუშაო გარემოს (Women, Gender and Work what is equality and how we get there ? Edited my Martha Fetherolf Loutfi, international labor organization 2001, international labor office Geneva page 513).

Quid Pro Quo (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ)

მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ ძალაუფლების დისბალანსით განპირობებული ქცევაა, როდესაც ერთ ადამიანს სამუშაო გარემოში მეორე ადამიანისთვის რაიმეს შეთავაზების შესაძლებლობა აქვს (ILO, Fact Sheet on Sexual Harassment at Work). სექსუალური შევიწროების Quid pro quo კატეგორია ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში (ILO, Fact Sheet on Sexual Harassment at Work, p. 1). პირი მეორე ადამიანს სექსუალური ქცევის სანაცვლოდ დასაქმებასთან/შრომითი ურთიერთობის პირობებთან დაკავშირებული სარგებლის მიღებას სთავაზობს. ეს ასევე გულისხმობს დასაქმებასთან დაკავშირებული რაიმე უარყოფითი შედეგის თავიდან აცილებას სექსუალური სარგებლის სანაცვლოდ (ILO, Fact Sheet on Sexual Harassment at Work).

მტრული სამუშაო გარემო

მტრული სამუშაო გარემოს პირობებში, ერთი ან მეტი დასაქმებული სამუშაო ადგილზე განიცდის შევიწროებას ან შეურაცხყოფას, შეურაცხმყოფელი სიტყვების ან ქმედებების გამო. მტრული გარემოს შესაქმნელად არ არის საჭირო, რომ ქმედებები/სიტყვები ძალაუფლების მქონე პირისგან მომდინარეობდეს (Women, Gender and Work what is equality and how we get there ? Edited my Martha Fetherolf Loutfi, international labor organization 2001, international labor office Geneva page 513).

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Meritor Savings Bank FSB v Vinson განმარტა, რომ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქცევა არის მწვავე და შეურაცხმყოფელი, სექსუალური ქცევის ან გამონათქვამის ერთი შემთხვევა არ ქმნის მტრული გარემოს შემადგენლობას. ამისთვის საჭიროა სისტემატური შეურაცხმყოფელი ქცევა. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მითითებულ საქმეში განმარტა, რომ მტრული გარემოსგან განსხვავებით, quid pro quo-ს შემთხვევაში, სექსუალური ჟესტის ერთი შემთხვევაც კი შესაძლოა სექსუალური შევიწროების შემადგენლობას ქმნიდეს.

სექსუალური შევიწროების ინტერსექციური ხასიათი

ქვიარ ადამიანები  მეტად ხშირად ექვემდებარებიან სექსუალურ შევიწროებას და ჩაგვრას (“Policy on preventing sexual and gender-based harassment”, Ontario Human Rights Commission, 2011). მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში დამსაქმებელი მიიჩნევდა, რომ ჯგუფური სექსუალური კავშირი მისაღები იქნებოდა მისი დასაქმებულისთვის, ვინაიდან ის ლესბოსელი იყო და მას სექსუალური კავშირის სანაცვლოდ, საზღვარგარეთ ნუდისტურ სანაპიროზე დასვენებას სთავაზობდა (სახალხო დამცველის პრაქტიკული სახელმძღვანელო, 35).  ერთ-ერთ საქმეში, როდესაც შემავიწროებელმა შეიტყო, რომ ქალი ლესბოსელი იყო, მეტად აგრესიული მეთოდებით ცდილობდა ის ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაზე დაეყოლიებინა (“Policy on preventing sexual and gender-based harassment”, Ontario Human Rights Commission, 2011).

სექსუალური შევიწროების საქმეები

ფრესკოს საქმე

2017 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. 2017 წლის 11 აპრილს, ცნობილი გახდა ფრესკოს ქალებისათვის განკუთვნილ გასახდელებში ფარული ვიდეო კამერების არსებობის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

სუპერმარკეტების ქსელის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობდა ვიდეო მონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა კი შეუძლიათ კაცებსა და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეო ჩანაწერებზე; ამასთან, ხელმძღვანელი პირები, სამსახურში არყოფნის დროს, საცხოვრებელი ადგილიდანაც ახორციელებდნენ მონიტორინგს. ფრესკოს განმარტებით, ვიდეო კამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გაუმართლებლად მოხდა დასაქმებულ ქალთა პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევა. ომბუდსმენის აზრით, კომპანიის მიერ დასახელებული  მიზანი ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად, ვინაიდან, არსებული პრაქტიკა დასაქმებულ ქალებს უქმნიდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოსგაუმართლებლად ახდენდა მათი პირადი სივრცის კონტროლს და უხეშად ერეოდა ინტიმურ სფეროში.

სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერული ჯგუფის, ემ გრუპის საქმე

2022 წლის 29 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება დაადგინა. კომპანიის მენეჯერი სექსუალური შინაარსის ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავის ახლად დასაქმებულ თანამშრომელს, რაც განმცხადებლისთვის არასასურველი და მტრული გარემოს შემქმნელი იყო. გარკვეული პერიოდის შემდგომ, მოპასუხემ შეწყვიტა შეტყობინებების გაგზავნა და თავისი ქცევა ხუმრობად წარმოაჩინა. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ კომპანიის მენეჯერის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას. სახალხო დამცველმა მოპასუხეს განუმარტა, რომ სექსუალური ხასიათის ქცევის შეწყვეტა არ წარმოადგენს სექსუალური შევიწროების გამომრიცხავ გარემოებას, ამასთან, ხუმრობაც, თუკი იგი სექსუალური შინაარსის შემცველი და ადრესატისთვის მიუღებელია, სექსუალურ შევიწროების გამოხატულებას წარმოადგენს.

წყაროები:

ავტორი: თამარ ავალიანი

წინა

დორა რიხტერი — ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც გენდერის დადასტურების ოპერაცია გაიკეთა

შემდეგი

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ