Tbilisi Pride

საქართველოში ლგბტქი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ განწყობები პოზიტიურად იცვლება — WISG

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) ახალი, მასშტაბური კვლევა  — წინარწმენიდან თანასწორობამდე გამოაქვეყნა, რომელიც ლგბტქი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების შესახებ 2016 წლის კვლევის ანალოგიურია და საზოგადოებრივი განწყობების ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გამოკითხვას ემყარება, საზოგადოებრივი განწყობები პოზიტიურად იცვლება.

25%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა აეკრძალოთ და 53%-ს შეადგენს, ხოლო მსგავს შეზღუდვას მიუღებლად 27,1% თვლის. ამასთან, 20,6%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ლგბტქი თანასწორობის საკითხებზე საუბარი პროპაგანდად მიაჩნიათ.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 38,6% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით (სოგი) დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებს, 30,7%-ის აზრით, სახელმწიფოს რეაგირება სათანადოა. ისევ მკვეთრად ნეგატიურია საზოგადოების განწყობა აქტივისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა გაუმჯობესება ამ მიმართულებითაც აშკარაა და ნეგატიური განწყობა 20%-ით 56,8%-მდეა შემცირებული. ამასთან, 25,4%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ თუ საზოგადოება ხმამაღლა არ დააფიქსირებს, რომ ჰეტეროსექსუალობა ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა, ჰომოსექსუალთა რიცხვი მოიმატებს.

გენდერის მკვლევარმა, ეკატერინე აღდგომელაშვილმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ კვლევა მოიცავდა კითხვებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში ყველაზე ფესვგადგმულია, მათ შორის, შვილად აყვანისა და ქორწინების შესახებ. მისი თქმით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ რიგ საკითხებზე პასუხის გაცემა უჭირთ ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხის გაცემაზე, რისი მიზეზიც, შესაძლოა, „ჰომოფობიური განწყობების ღიად დაფიქსირების შესახებ განწყობის ცვლილება იყოს“.

გამოკითხულთა 28% ჰომოსექსუალობას დაავადებად არ მიიჩნევს, 23,2% მიიჩნევს, ხოლო 33,8%-ს უჭირს პასუხის გაცემა ან თავს არიდებს. ასევე, 17,6%-ით შემცირდა და 60,8% შეადგინა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ჰომოსექსუალების მიმართ ყველგან და ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება იყო და არსებობს“.

გეი/ლესბოსელი წყვილების მიერ შვილად აყვანისა და ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ოჯახაში აღზრდის შესახებ მოსაზრებები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 36,6% არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ჰომოსექსუალების ოჯახში გაზრდილი ბავშვი აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება, 15,2%-ს ნეიტრალური პოზიცია აქვს, 31,2% კი დებულებას ეთანხმება; გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის შვილად აყვანის მოწინააღმდეგეთა რიცხვი 14%-ით შემცირდა, მომხრეთა რაოდენობა კი 15%ით გაიზარდა; 

გეი-ქორწინების მოწინააღმდეგეთა პროცენტული წილი 15,4%-ით 74,6%-მდე შემცირდა, მომხრეთა წილი კი 5,6%-ით გაიზარდა.

ქორწინებასთან დაკავშირებულ კითხვები მოიცავდა საზოგადოებაში გავრცელებულ ნარატივს იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გეი-ქორწინების დაკანონებას გულისხმობს. გამოკითხულთა 73,5%-ს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად გეი-ქორწინების დაკანონება არ მიაჩნია, რაც 2016 წლის შედეგს 7,3%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის მსურველთა რიცხვი 8%-ით არის გაზრდილი და 53%-ს შეადგენს. ამასთან, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ან იგივენაირი ურთიერთობა გამოკითხულთა 77,7%-ს სურს, რაც 2016 წლის შედეგს 21%-ით აღემატება. აშშ-სთან უფრო მჭიდრო (49,9%) ან იგივენაირი (26,4%) ურთიერთობა გამოკითხულთა 76,3%-ს სურს, რაც 2016 წლის შედეგს 25,9%-ით აღემატება.

თითქმის უცვლელია რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებული განწყობა, თუმცა უფრო მჭიდრო ურთიერთობის მსურველთა რიცხვი 11%-ით არის შემცირებული და 27,1%-ს შეადგენს.

2016 წლის კვლევის მიხედვით, ლგბტქი ადამიანების მიმართ განწყობასა და საგარეო კურსს შორის ცხადი კავშირი არ არსებობდა, 2021 წლის მონაცემების მიხედვით კი, ეს ტენდენციაც შეცვლილია.

კვლევა მომზადდა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებენ.

წინა

მადონა ახალ ალბომს, Finally Enough Love-ს აანონსებს

შემდეგი

რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული უკრაინელი ქვიარები და თემის ერთობა საზღვრებს მიღმა — ინტერვიუ ლენი ემსონთან

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ