როგორ ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამერიკაში — ისტორია

დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკელმა ლგბტქი აქტივისტებმა მიაღწიეს იმას, რასაც იმდროინდელი “ყველაზე დიდი გეი გამარჯვება” ეწოდა — მათ შეძლეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ეიძულებინათ, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალური კლასიფიკაციიდან და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოეღოთ.

ჰომოსექსუალობის, როგორც ფსიქიკური დაავადების მოხსენიებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია და მისი წევრები ლგბტქი ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენდნენ და ჩრდილს აყენებდნენ მათ სექსუალობასა და გენდერულ გამოხატვას. დეკლასიფიკაციამ, რომელსაც მრავალწლიანი ძალისხმევა დასჭირდა, კულმინაციას 1973 წლის მაისში მიაღწია, როდესაც ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე ლგბტქი აქტივისტებმა ხმა აიმაღლეს.

მოგვიანებით, ასოციაციის სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა ჰომოსექსუალობის ფსიქიკურ აშლილობათა სიიდან ამოღებას. ამ ცვლილებამ ყველას მიანიშნა, რომ ფსიქიკურ დაავადებასა და ჰომოსექსუალობას შორის თანდაყოლილი კავშირი არ არსებობდა.

მოვლენები, რომელიც ჰომოსექსუალობის დაავადებათა სიიდან ამოღებას უძღოდა წინ

ბევრისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, რამდენად დიდი პროგრესია მიღწეული ლგბტქი ადამიანების სოციოკულტურული მიმღებლობის მიმართულებით — ამერიკულ სამართლებრივ სისტემაში ჰომოსექსუალური ქცევა კრიმინალიზებული იყო; ფედერალურ და შტატის მთავრობებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შემუშავებული და მოწესრიგებული კანონმდებლობა იმ ლგბტქი ადამიანებისთვის, რომლებიც სამუშაოსა და საცხოვრებელს ეძებდნენ; ჰეტერონორმატიულობაზე დაჟინებით აკეთებდნენ აქცენტს და ამის გამო ყველას სტიგმატიზაცია ხდებოდა, ვინც ამ ჩარჩოში არ ექცეოდა.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დაარსება

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია 1844 წელს, აშშ-ის დაწესებულებების 13 ზედამხედველის მიერ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის დაარსდა. ორგანიზაციამ წევრების მიღება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, სავარაუდოდ, იმ კანონპროექტის გამო, რომელიც ათასობით ახალგაზრდა კაცს (ძირითადად თეთრკანიანებს) კოლეჯში სწავლის საშუალებას აძლევდა. დეკლასიფიკაციის მცდელობის პერიოდში ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ძირითადად კაცების მიერ დომინირებულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რადგან მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე აშშ-ის უნივერსიტეტების უმეტესობა ქალებს თავიანთ რიგებში არ იღებდა.

ფსიქიკური აშლილობების პირველი დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო

ფსიქიკური აშლილობების პირველი დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო 1952 წელს შეიქმნა. გზამკვლევმა სექსუალური “გადახრების” იერარქია ჩამოაყალიბა, რითაც ჰეტეროსექსუალობა და ჰეტეროსექსუალური ქცევა ამერიკულ კულტურაში იდეალიზებულ ადგილას დააყენა. ჰეტეროსექსუალობის “ნორმად” მიღებისას, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა აქცია მიუღებლად, “სხვად”. ასოციაციის ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვდნენ “ბუნებრივი” ან “ჯანსაღი” ქცევის კოდიფიკაციას და მის დიფერენცირებას “არაბუნებრივისგან”, რაც “არაჯანსაღ” ქცევასთან იყო ასოცირებული. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ არაპროკრეაციული სექსი არაბუნებრივი იყო, რადგან არ შეიძლებოდა დასრულებულიყო ბავშვის გაჩენით.

მრავალწლიანი დაპირისპირება ლგბტქი აქტივისტებსა და ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციას შორის

ჰომოსექსუალობის, როგორც დიაგნოზის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოღების კამპანიას 1960-იან წლებში სერიოზული სახე მიეცა, რომელსაც მხარს უჭერდნენ სამოქალაქო, ქალთა და ლგბტქი უფლებადამცველი მოძრაობები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“ჰომოფილურ” მოძრაობად წოდებულმა გეებისა და ლესბოსელების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო და ფილადელფია, არჩეულ ოფიციალურ პირებთან დაპირისპირება და ლგბტქი ხილვადობისა და უფლებებისათვის საჯარო კამპანიების გამართვა დაიწყეს. გეი უფლებებისთვის ბრძოლა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარეობდა და ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დეკლასიფიკაციის მცდელობა თანასწორობისა და მიმღებლობის გასაზრდელად ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

მრავალწლიანი პროტესტის შემდეგ, აქტივისტებმა ძალისხმევის გააძლიერეს. მათ გადაწყვიტეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კონფერენციებზე ევლოთ, რომელშიც პრაქტიკოსები ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის პანელებსა და დისკუსიებს ესწრებოდნენ. ისინი მსგავს შეხვედრებზე შეძლებდნენ ჰომოსექსუალობის დეკლასიფიცირების მოთხოვნას.

ლესბოსელი აქტივისტი, კარლა ჯეი მონაწილეობას იღებდა პანელურ დისკუსიაში “სექსის პრობლემებზე”, რომელიც ჰომოსექსუალობის “განკურნების” მიზნით შოკურ მკურნალობას უჭერდა მხარს. კარლას თქმით, აქტივისტებმა ასოციაციის წევრებს ყვირილი დაუწყეს, რათა დაეტოვებინათ საკუთარი სკამები და ქუჩაში გამოსულიყვნენ.

ლესბოსელი აქტივისტი კარლა ჯეი

მიუხედავად შეუჩერებელი წინააღმდეგობისა, აქტივისტებს მრავალი დაბრკოლების წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა. იყო იმის საშიშროებაც, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციას იარლიყი “ფსიქიკურად დაავადებული” ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ გამოეყენებინა, რათა მათთვის საკუთარ გამოცდილებებზე ხელისუფლებასთან საუბარი არალეგიტიმური გაეხადათ. მათი მოწოდებები არანაირ ეთიკურ ჩარჩოში არ ჯდებოდა.

“სან-ფრანცისკოში ჩატარებული კონფერენციის წევრებმა აქციის მონაწილეები მანიაკებად და შიზოფრენიით დაავადებულებად შერაცხეს”, — წერს მეცნიერი აბრაამ ჯ. ლუისი ჟურნალში სექსუალობის ისტორიის შესახებ.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციაზე გამარჯვებისთვის, აქტივისტებს ორგანიზაციის წევრების სენსიტიურობა უნდა გამოეყენებინათ. მათი მიზანი ასოციაციის წევრების დამოკიდებულების შეცვლა იყო. 1972 წელს, დალასში ჩატარებულ პირველ კონფერენციაზე, რომელზეც ჰომოსექსუალობის შესახებ დისკუსია გაიმართა და რომელსაც ასოციაციაში მყოფი ლგბტქი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, გეი პრაქტიკოსმა, ჯონ ფრაიერმა დეკლასიფიკაციის კამპანიის სახელით განცხადება გააკეთა. გეი ფსიქიატრად იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ფრაიერმა თავი წარმოადგინა, როგორც “ექიმი ჰენრი ანონიმი”, საკუთარი ვინაობა კი ნიღბითა და ხმის შემცვლელი მიკროფონის საშუალებით დამალა.

გეი აქტივისტები ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის 1972 წლის კონფერენციაზე

“გამოაჩინეთ გამბედაობა და აღმოაჩინეთ გზები, რომლითაც თქვენ, ჰომოსექსუალ ფსიქიატრებს შეგიძლიათ მოძრაობებში ჩართვა, რომლებიც ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულის შეცვლას ცდილობენ. ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც დასაკარგი”, — განაცხადა კონფერენციაზე ფრაიერმა.

მისი ჩვენება ასოციაციის წევრებისათვის დამარწმუნებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ კლასიფიკაცია იმ წელს არ შეუცვლიათ. ამის მიუხედავად, ამ ინციდენტმა მნიშვნელოვან ცვლილებას ჩაუყარა საძირკველი.

ლგბტქი აქტივისტების საბოლოო პროტესტი, რომელმაც შედეგი გამოიღო

1973 წელს ლგბტქი აქტივისტებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს. წინა წლების მსგავსად, მათ ჩაშალეს დაგეგმილი კონფერენციები და სიტყვით გამოვიდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა 1973 წლის მაისის კონფერენციაზე, ჰონოლულუში შედგა. გეი აქტივისტი, რონალდ გოლდი სიტყვით გამოვიდა და ასოციაციის წევრებს მიმართა:

„შეწყვიტეთ, თქვენ მაავადებთ!“

ეს სიტყვები ორაზროვანი იყო: ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ამტკიცებდნენ, რომ გოლდი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო ავად იყო, რაც გულისხმობდა, რომ “მედიცინის პროფესიონალები” თავად ქმნიდნენ ავადმყოფობას, რომელიც არ არსებობდა, ასევე, სტიგმატიზაციით ასოციაცია ხელს უწყობდა იმ მძიმე სოციალური პირობების გაღრმავებას, რომელიც გოლდის მსგავს ადამიანებს აზიანებდა.

გარდა იმისა, რომ აქტივისტებმა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის არგუმენტებში არსებული ხარვეზების ჩვენება შეძლეს, ასევე დაამტკიცეს, რომ საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ. მათი აზრით, იმის დემონსტრირებით, რომ ხელსაყრელი სამსახურის პოვნა, ურთიერთობების შენარჩუნება და ჰეტერონორმატიულ კულტურაში ასიმილირება შეეძლოთ, დაამტკიცებდნენ ჰომოსექსუალობის ბუნებრიობას — იმას, რომ მასში დამამცირებელი და არანორმალური არაფერია.

ლგბტქი აქტივისტთა ბანერები კონფერენციაზე

1973 წლის დეკლარაციის კენჭისყრიდან რამდენიმე დღეში, The New York Times-თან ინტერვიუში, ნომენკლატურის კომიტეტის წევრმა, რობერტ ლ. სპიცერმა თქვა, რომ ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ის, რაც იწვევს დისტრესს ან არღვევს სოციალურ ფუნქციონირებას, როგორც სამსახურის ან ურთიერთობის დაწყება და შენარჩუნება.

“ცხადია, რომ ჰომოსექსუალობა ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ბევრი ჰომოსექსუალი არ ავლენს განზოგადებულ დაქვეითებას და კმაყოფილია საკუთარი სექსუალური ორიენტაციით”, — განაცხადა სპიცერმა.

მოგვიანებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში სპიცერის სიტყვებიც გამოჩნდა:

“ჰომოსექსუალობა არ გულისხმობს განსჯის, სტაბილურობის, სანდოობისა ან ზოგადად, სოციალური ან პროფესიული შესაძლებლობების დარღვევას”.

დეკლასიფიკაციის კამპანიის შედეგები

იმ დროს ბევრი ლგბტქი ადამიანისთვის ფსიქიკური კლასიფიკაციის შეცვლა ძალიან გვიანი აღმოჩნდა. ჰომოსექსუალობა აღარ ითვლებოდა ავადმყოფობად, მაგრამ სტიგმა კვლავ რჩებოდა. თუმცა, დაავადებათა სიიდან ამოღება მეცნიერებისთვის ამ თემის შესწავლის სტიმული გახდა.

“თუ ჰომოსექსუალობა არ აკმაყოფილებს ფსიქიკური აშლილობის კრიტერიუმებს, მაშინ რა არის ის?” — კითხულობდა სპიცერი.

მისი აზრით, აღწერილობით ის შეიძლებოდა სექსუალური ქცევის ერთ-ერთ ფორმად ჩაგვეთვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობას ფსიქიკურ აშლილობად აღარ განიხილავდნენ, სპიცერს არ შეეძლო იმის თქმა, რომ ეს “ნორმალური”, ან ისეთივე ღირებული იყო, როგორც ჰეტეროსექსუალობა.

ლგბტქი აქტივისტების კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მას გაუთვალისწინებელი შედეგებიც მოჰყვა. საკუთარი მიზნის მიღწევის დროს, აქტივისტები დისტანცირდებოდნენ იმ პირებისგან, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებები ჰქონდათ, რაც აძლიერებდა სტიგმას არანეიროტიპული ქცევისა და მახასიათებლების შესახებ. უფრო მეტიც — ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ, ფსიქიკური დაავადების განსაზღვრის მიზნით, ზეწოლას უფრო მეტი პოტენციური დიაგნოზის შექმნით უპასუხა. საბოლოოდ, დეკლასიფიკაციის კამპანიამ ხელი შეუწყო იმ ავტორიტეტების ძალაუფლების გაძლიერებას, რომლებსაც თავდაპირველად გეი აქტივისტები აკრიტიკებდნენ.


მოგვიანებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის შემდეგ, 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც (WHO) ამოიღო საერთაშორისო დაავადებათა კლასიფიკაციიდან. ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2004 წლიდან ყოველ 17 მაისს სწორედ ამიტომ აღინიშნება.

წინა

არაბულმა ქვეყნებმა ნეტფლიქსისგან ლგბტქი კონტენტის წაშლა მოითხოვეს

შემდეგი

2023 წლის ტურიზმის დედაქალაქი LGBTQI ადამიანებისთვის საშიშ ყაზახეთში იქნება

ბოლო სიახლეები

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

Facebook27Tweet0Shares27 ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

Facebook9Tweet0Shares9 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება. “ვიკრიბებით ირანის საელჩოს

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

Facebook19Tweet0Shares19 წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

Facebook18Tweet0Shares18 პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და