ხალხის ძალა
/

რა წერია ანტიდასავლური მოძრაობის რუსულ კანონში “უცხოეთის აგენტების” შესახებ

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების ანტიდასავლურმა ჯგუფმა, რომელმაც „ხალხის ძალა“ დაირქვა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა. სავარაუდოდ, ეს არის ის პროექტი, რომლის შექმნაც მათ გასულ კვირას იმ მოტივით დააანონსეს, რომ მათ წინა პროექტს კრიტიკა მოჰყვა და ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ რუსული კანონი უწოდა. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ვერსიას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა მათი მხარდაჭერა აქვს პირვანდელ ვერსიას.


ახალი კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური ძალის აგენტი” განსაზღვრულია, როგორც:

უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით:

  • “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში;
  • “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
  • “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას;
  • წარმოადგენს “უცხოური ძალის” ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს;
  • “უცხოური ძალის აგენტად” ასევე ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც ჩამოთვლილ ქმედებებს ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, ასევე, ნებისმიერი პირი, ვინც თავს “უცხოური ძალის აგენტად” წარმოაჩენს;
  • “უცხოური ძალის აგენტად” არ ითვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალება, თუ ის შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ქონების არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა და ის არ იმართება, არ ფინანსდება ან არ კონტროლდება უცხოური ძალის მიერ.

კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკურად ითვლება ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, აგრეთვე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა. [აღნიშნული დათქმა რუსული კანონის ანალოგიურია. პოლიტიკური აქტივობის ფართო გაგება ყველა კრიტიკულ აქტორს მიემართება, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მუშაობს, ცდილობს, საზოგადოების ჩართულობა გაზარდოს ან / და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიოს, რათა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს].

აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, ვალდებულებები არ ვრცელდება:

  • დიპლომატებსა და კონსულებზე, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე;
  • უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებზე;
  • პირებზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან;
  • პირებზე, რომლებიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევიან; [აღნიშნული გამონაკლისი რუსული ვერსიის ანალოგიურია და კონტროლის შესაძლებლობას ქმნის. სავარაუდოდ, კეთილსინდისიერების შეფასება პროკურატურის პრეროგატივა იქნება].
  • “უცხოური ძალის” ადვოკატზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში;
  • აგენტზე, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეწევა და ამ სუბიექტების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია როგორც ლობისტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანონპროექტით „უცხოური ძალა“ განმარტებულია როგორც:

  • უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია;
  • საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირია და ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი არ არის ფიზიკური პირი, შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს;
  • იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს;

[აღნიშნული გაგება რუსულ კანონთან არის შესაბამისობაში და როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისგან მიღებულ სარგებელს ითვალისწინებს].

პროექტის მიხედვით, პირი, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტის“ საქმიანობას ეწევა, ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ 10 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს და წარადგინოს შემდეგი მონაცემები:

  • განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ;
  • იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების სახელწოდება, თითოეული დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია;
  • განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების წესდება;
  • იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა;
  • ყველა იმ “უცხოური ძალის” ვინაობა / დასახელება და მისამართი, რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს;
  • “უცხოური ძალის” სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს აღწერილობა;
  • ინფორმაცია “უცხოური ძალისგან” მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე, “უცხოური ძალის” მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ;
  • ინფორმაცია “უცხოურ ძალასთან” გაფორმებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ;
  • განცხადებასთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ხელშეკრულებების ასლები;
  • დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა “უცხოური ძალისგან “მიიღო;
  • განცხადებასთან ერთად წარსადგენი სხვა დოკუმენტების ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება. [აღნიშნული დათქმა რუსული კანონის მსგავსია და გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ორგანიზაციისთვის დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრება და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა შეუძლია].

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის აგენტი“ ვალდებულია, საქართველოს გენერალურ პროკურორს ინფორმაციის უკანასკნელად წარდგენიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, 1 თვის ვადაში წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია. ამასთან, გენერალური პროკურორი უფლებამოსილი იქნება, „უცხოური ძალის აგენტს“ ინფორმაციის წარდგენა უფრო მცირე დროის ინტერვალებით მოსთხოვოს. ყველა წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტი საჯარო იქნება. [აღნიშნული უფლებამოსილება რუსულ კანონშიც განსაზღვრულია და სახელმწიფოს საშუალებას აძლევს წელიწადში მრავალჯერ მოითხოვოს ინფორმაციის წარდგენა]. 

კანონპროექტში აღნიშნულია ისიც, რომ “უცხოური ძალის” ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ფოსტით ან სხვა საშუალებით გამოყენებით გაგზავნისას „უცხოური ძალის აგენტი“ ვალდებულია, რომ იგივე ინფორმაცია არაუგვიანეს 48 საათისა გენერალურ პროკურორსაც წარუდგინოს. ამასთან, ნათქვამია, რომ „დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ“.

ასევე, „საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უცხოურ ძალასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტების მიცემამდე, უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს უახლესი ინფორმაცია მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ“.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი:

 „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე“.

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების მიერ შექმნილი ანტიდასავლური დაჯგუფების კანონპროექტს მრავალი საერთო აქვს რუსულ „უცხოეთის აგენტების“ კანონთან და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

ნახეთ სრულად: რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

ასევე წაიკითხეთ: რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი — 286 მედიისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

წინა

რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

შემდეგი

მედიაორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას

ბოლო სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი