Chloe Cushman / The Globe and Mail

პუტინის მიმქრალი დიდება და საბჭოთა ოცნება, რომელიც მარტივად შესასრულებელი არ აღმოჩნდა

სიახლე არავისთვის არის, რომ პუტინის 22-წლიანი მმართველობა საბჭოთა სენტიმენტებით არის ნასაზრდოები. ქვეყნის მართვის სადავეების ერთპიროვნული ფლობა და საკუთარი თავისგან მითის შექმნის ვნება, ამ სენტიმენტის დადასტურებაა, რასაც პუტინის საბჭოთა ლიდერებით შეპყრობა ემატება. 

ჯერ კიდევ 2005 წელს, პუტინმა აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. რუსი ხალხისთვის კი – ნამდვილი ტრაგედია. ათეულობით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთის საზღვრების მიღმა აღმოჩნდა.’’

Russia passes bill that could keep Putin in power until 2036
Alexei Nikolsky / AP

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მართლაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა იყო, რომელმაც ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ სახელმწიფოებს თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს შენებისთვის ეფექტური გზების ძიებისკენ უბიძგა, პუტინის გულისწყვეტა „ისტორიული რუსეთის“ დაშლას უკავშირდება. 

„ეს საბჭოთა კავშირად წოდებული ისტორიული რუსეთისთვის საყრდენის გამოცლა იყო. სრულიად სხვა სახელმწიფოდ ვიქეცით და ათასწლეულის განმავლობაში ნაშენები რეალობა დაიკარგა.“ – აღნიშნა პუტინმა გასულ წელს და ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის საბჭოთა კავშირი რუსეთის იმპერიის განვითარების ზენიტი იყო, სწორედ ამიტომ თვლის უკრაინას, საქართველოსა და ერთ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სხვა სახელმწიფოებს „რუსეთის განუყოფელ ნაწილად“. როცა საუბარი გვაქვს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, რომლებმაც საკუთარი ორიენტირი დასავლეთისკენ მიმართეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან ნატოსა თუ ევროკავშირის წევრები, პუტინის გულისტკივილი კიდევ უფრო ძლიერია. საბჭოთა ტრადიციების გამგრძელებელი ლიდერი ხედავს, რომ ნელ-ნელა ხელიდან ეცლება „ისტორიული რუსეთი“ და ის სულ უფრო მარტო რჩება. 

აღნიშნული სენტიმენტები საუკეთესოდ ხსნის რუსეთის ამჯერად უკრაინისკენ მიმართულ აგრესიას, რომელიც, შესაძლოა, პუტინის განწირულ მცდელობას მივაწეროთ, რაც გეოპოლიტიკური მდგომარეობის ათწლეულების წინანდელ რეალობაში დაბრუნებას უკავშირდება, მაგრამ ეს ბრძოლა მაინც დამანგრეველია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს საზღვრები უფრო და უფრო გაფართოვდა, დაფარა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის ტერიტორია და რუსეთის საზღვრებამდე მიაღწია. უკრაინისთვის და საქართველოსთვის ნატოს ღია კარი რუსეთის საზღვართან სამხედრო ალიანსის კიდევ უფრო ვრცელ ტერიტორიაზე განფენის შესაძლებლობას ქმნის, რაც რუსეთს, პირველ რიგში კი პუტინის მიერ მორგებულ „დიდებული პოლიტიკური ლიდერის“ როლს, საფრთხეს უქმნის.

გავლენების გადანაწილება, გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვლილება ეკონომიკური ურთიერთობების გაანალიზების გარეშე, შეუძლებელია.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, 2019-2021 წლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, 24 თებერვალს ტვიტერზე დაწერა: „განრისხებული ვარ ჩვენი ისტორიული კრახით. საქართველოს, ყირიმისა და დონბასის შემდეგაც კი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, რათა პუტინი დამფრთხალიყო… მოლაპარაკება უმთავრესია, თუმცა ამას სამხედრო მზაობა უნდა უმაგრებდეს ზურგს, რომელიც მოლაპარაკებებზე უარის თქმის შანსს მოსპობს.’’

კრამპ-კარენბაუერის ტვიტში სამხედრო მზაობაზეა საუბარი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ის მტკიცე ეკონომიკური ურთიერთობებია, რომელიც დასავლეთს რუსეთთან აქვს. ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური მდგომარეობა ხისტი ნაბიჯების გადადგმას ართულებს, რაც ბევრად ზრდის ადამიანურ დანაკარგს, ეკონომიკური ზიანის მოცულობას და მსოფლიოში მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

დიდი ხანია, დასავლეთი ხვდება, რომ რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტს საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად იყენებს და მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთზე მიბმული ენერგოუზრუნველყოფა აქამდე უცვლელია. ევროკავშირის ნავთობის იმპორტის 25% და გაზმომარაგების 40% რუსეთზე მოდის, მეტიც, აწ უკვე შეჩერებული Nord Stream 2-ის გაზსადენ მილს, რომელსაც რუსეთი და გერმანია უნდა დაეკავშირებინა, ამ ქვეყნის გაზმომარაგება უნდა გაეორმაგებინა.

გაზმომარაგების სტრატეგიის გადახედვა ხანგრძლივი, რთული, დიდი ფინანსურ რესურსთან დაკავშირებული პროცესია, რომელიც ერთ დღეში ვერ მოგვარდება, თუმცა რუსეთთან ახალი კავშირების გაბმა და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, სამომავლოდ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ხმის ამაღლების რეალურ შესაძლებლობებს მოსპობს.

ამასთან, უკრაინა 44-მილიონიანი ქვეყანაა, რომელიც მარცვლეულის ექსპორტით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, ჯამურად, რუსეთისა და უკრაინის ხორბალზე საერთაშორისო ექსპორტის მეოთხედი მოდის. ასევე, უკრაინა რკინისა და ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია.  ქვეყნის ეკონომიკური მნიშვნელობა საქართველოზე ბევრად დიდია, შესაბამისად, უკრაინაზე გავლენის მოპოვებისთვის, გნებავთ, მისი ოკუპაციისთვის მიმდინარე პროცესზე სათანადო რეაგირების არქონა, დასავლეთს ბევრად ძვირად დაუჯდება.

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა მკაცრი სანქციების დაწესება გადაწყვიტა, სწორედ უკრაინის პოტენციალია. რუსეთის უკრაინისკენ მიმართული სამხედრო აგრესიისას, პუტინის მოლოდინი იყო, რომ რუსეთის ეკონომიკური გავლენა დასავლეთს ხელ-ფეხს შეუკრავდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვერ გათვალა, რომ უკრაინა იმაზე დიდი ლუკმაა, ვიდრე რუსეთს შეუძლია გადაყლაპოს.

Financial Times

უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, ამიტომ კონფლიქტში ალიანსის პირდაპირი მონაწილეობა შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ფართოდ გავრცელებული ნარატივი, რომ დასავლეთი არაფერს აკეთებს და მხოლოდ „შეშფოთებას“ გამოხატავს, არასწორია. რა თქმა უნდა, შეიძლება მსჯელობა იმაზე, არის თუ არა გატარებული სანქციები და აღმოჩენილი დახმარება საკმარისი ან, დასავლეთი ზედმეტად გვიან ხომ არ გამოფხიზლდა, თუმცა ფაქტია – რუსეთის დიდი ხნის წინ დაწყებული მზადება თავდასხმისთვის, საბოლოოდ მაინც შოკურ მოქმედებებამდე მივიდა, რომელსაც უკრაინა სწრაფად უნდა გაეტეხა. ეს ასე არ მოხდა, რუსულ ჯარს კი ნელ-ნელა ელევა ძალა და ვეღარ მიიწევს წინ ისე სწრაფად, როგორც საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში.

რუსულ ჯარს მხნეობისთვის არ აქვს ყველაზე მთავარი – ისინი საკუთარ სამშობლოს არ იცავენ, სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობა სურთ, მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს და უკრაინელი ხალხის მორალურად გატეხას ცდილობენ. რუსების მიერ მიღწეულ „პროგრესზე“ დაკვირვებაც ამის მაჩვენებელია, გავრცელებული კადრები, რომლებზეც უკრაინელი ქალები მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ, ტანკის წინ გადამდგარი მოქალაქეების ვიდეო, კუნძულზე ალყაში მოქცეული უკრაინელების რუსებთან საუბრის ჩანაწერი თუ მრავალი სხვა სულისკვეთების მაგალითი კი უკრაინელების რუსეთზე გამარჯვებაა. 

უკრაინელი ხალხი რუსული გავლენისგან სრულად თავისუფალია, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რუსეთმა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი რამ დაკარგა. უკრაინელთა 70%-ს უკრაინის გამარჯვების სჯერა, 91% კი ზელენსკის მოქმედებებს მხარს უჭერს. 300 ათასზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა, თუმცა 2 დღეში 100 ათასი უკრაინის მოქალაქე არმიაში გაწევრიანდა, სხვა ქვეყნებში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი კი ქვეყანაში ბრუნდება. 

უკრაინა რუსეთთან მებრძოლი გმირების სამშობლოდ იქცა, რომელიც საკუთარ ისტორიას რუსეთისგან თავისუფალი წერს, ყოველი ახალი სამოქალაქო თავადების შემთხვევა, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს, უკრაინის გათავისუფლების მანიშნებელია.

უკრაინა მთელი მსოფლიოს სასაუბრო თემად იქცა, რუსული სახელისუფლებო გამოცემები კი – კიბერთავდასხმების სამიზნედ. პუტინის მკაცრმა ცენზურამაც აზრი დაკარგა. შესაძლოა, საბჭოთა დიდებით დაბრმავებულ პუტინს არ გაახსენდა, რომ ახლა უმთავრესი იარაღი ინფორმაციაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს და ნელ-ნელა ხელიდან ეცლება ყველა საიმედო საყრდენი. სხვა რა მიზეზით უნდა აიხსნას დეზინფორმაციაზე დამყარებული რუსული აგრესია, რომლისაც აღარავის სჯერა. პუტინმა უკრაინაზე თავდასხმას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა, თუმცა ამ მიზანს არც მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილი იერიში ემსახურება, არც უკრაინის დიდ ქალაქებზე მიტანილი დარტყმა და, რა თქმა უნდა, არც ბირთვული მზაობა, რომელიც, შესაძლოა, პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერებისთვისაც კი კითხვის ნიშნებს აჩენს.

კომუნისტური ფრაქციის წევრმა, დუმის დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა ტვიტერზე დაწერა: „ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობისთვის ხმის მიცემით მშვიდობას დავუჭირე მხარი და არა – ომს. რუსეთის დამცველ ფარად ქცევას და არა დონბასისა და კიევის დაბომბვას.“

იქამდე კომუნისტური პარტიის კიდევ ერთმა წევრმა უკრაინის ოკუპაციის განზრახვის შესრულება არარეალურად მიიჩნია.

ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ელექტრონიკის მაღაზიათა ქსელმა, DNS-მა კი გასულ კვირაში პროდუქციის ნაწილის ფასების 30%-მდე ზრდა დააანონსა. კომპანიის მთავარმა დირექტორმა, დიმიტრი ალექსეევმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: „არ მესმის, რუსეთი ომში რატომ არის ჩაბმული, შეიარაღებული რატომ არის?“

Evgenia Novozhenina / Reuters

პუტინის რუსეთის ხანგრძლივმა მეგობარმა ჩინეთმა კი, რომელიც რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, როგორც ექსპორტით, ასევე იმპორტით, რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციებისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად არაფერი გააკეთა.

ცოტა ხნის წინ, პუტინმა ბირთვული შემაკავებელ ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა, რომლის დაქვემდებარებაში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებიცაა.

შეიძლება ეს პუტინის კიდევ ერთი თითის დაქნევაა დასავლეთისთვის, მაგრამ ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ჰერი ეჭვს გამოთქვამს, „პუტინი ისევ რაციონალური მოთამაშეა“ თუ – არა.

Reuters

პუტინის ყოველი ახალი გადაწყვეტილება: დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა თუ ბირთვული მზაობა, რუსეთის მეგობარ სახელმწიფოებს მხარდაჭერის გამოცხადებისგან თავის შეკავებას უადვილებს. სულ უფრო მცირდება იმ არგუმენტების რიცხვი, სამხედრო მოქმედებებში ჩართვას რომ ახსნიდა, ამიტომ, თუნდაც ჩინეთისთვის, ბევრად მნიშვნელოვან ამოცანად საკუთარი საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნება იქცა, ეკონომიკურ გიგანტს შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. ამავდროულად, ბევრად მარტივია უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, რადგან რუსეთის აგრესია ყველასთვის ცხადი გახდა, ალბათ, ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა ისტორიაში პირველად ქვეყანას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, ყოველდღიურად იზრდება ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ოდენობა. 

რუსული ტყუილებისგან იწმინდება დასავლეთი და პრორუსულ სახელისუფლებო მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობები რჩებათ, აუდიტორიის დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიღების წყაროდ რუსული ნარატივისგან თავისუფალი მედია იქცა, რაც გავლენას კიდევ უფრო ამცირებს.

„ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანას ევროკავშირის მასშტაბით. სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ Russia Today-ს და Sputnik-ს, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტოებს, ისინი ვეღარ შეძლებენ ტყუილების გავრცელებას, რათა პუტინის ომი გაამართლონ.“ – დაწერა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.

რუსეთში გამართულ აქციებზე მოქალაქეებს აპატიმრებენ, ფასები მაღლა იწევს, რუსული რუბლი გაუფასურდა. თითქოს, პუტინს უკან დასახევი გზა აღარ აქვს და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მითი, რომლის შექმნაც პუტინს საკუთარი თავისგან უნდოდა, შეიძლება ითქვას, არ შედგა, ამიტომ ძნელია თქმა, რას მოიმოქმედებს კუთხეში მიმწყვდეული მხეცი.

ვახო ქარელი

ქართველი ხალხის მხარდაჭერამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხალხს შეუძლია, ქვეყნის სახედ იქცეს და ხელისუფლების დუმილი გადაფაროს, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმაც აღნიშნა:

„შესანიშნავი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელიც თბილისში და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ შეიკრიბა. ზოგჯერ მოქალაქეები არ არიან ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლებაზე უკეთესები არიან.“

იქნებ უწყვეტმა აქციებმა და უკრაინის დასახმარებლად წამოწყებულმა სამოქალაქო ინიციატივებმა კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაანახოს, რომ მხსნელის ძებნა ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო და შეგვიძლია, ჩვენ ვიქცეთ ცვლილებების საწყისად.

თბილისში მიმდინარე აქციებზე განსაკუთრებით ერთი ბანერი მენიშნა, რომელიც მოზარდებს ეჭირათ ხელში: „ჩვენს თაობას ემახსოვრება“.

სოციალური ქსელებით, უსაზღვრო ინფორმაციით აღჭურვილმა ახალმა თაობამ ზუსტად იცის, ვინ არის მტერი, ვინ ცდილობს, მშვიდობა ომით ჩაანაცვლოს და ტყუილისა და სიმართლის გარჩევაც ბევრად უკეთ შეუძლიათ, რაც რუსეთზე გამარჯვების მანიშნებელია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა და საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ ღიაა, ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ ხელისუფლებას მეტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა: ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დასახმარებლად ერთი მილიონი ლარი გამოყო და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, მოქალაქებიისა და სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივით, უკრაინაში გასაგზავნად პირველადი დახმარების ნივთები გროვდება, საქართველოს წითელი ჯვარი კი შემოწირულობებს აგროვებს.

რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ, რომლის სადავეები, როგორც ჩანს, უკრაინამ აიღო ხელში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრისას არსებითი შედეგის მიღწევის არ სჯერა, მაგრამ „დაე, სცადონ და უკრაინის თითოეულ მოქალაქეს გაუფანტონ ეჭვი“, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ომის შეჩერება არ სცადა.

ყოველი ახალი ღამე, როცა მთელი მსოფლიო უკრაინის დიდ ქალაქებზე რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას ელის და ყოველი ახალი დღე, როცა უკრაინა საკუთარ პოზიციებს არ თმობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დამანგრეველი შედეგების გამო და იმ მიზეზით, რომ რუსული მხარე ერთსულოვანი არ არის, სულ უფრო აცლის ძალას რუსულ ჯარს, რომლის გეგმებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას უკრაინა დღემდე ახერხებს.

ახლა ერთი მთავარი კითხვა რჩება – რა შეიძლება მოიმოქმედოს პუტინმა, რომლისთვისაც უკან დახევა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს, აგრესიის გაძლიერება კი მხარდამჭერებს კიდევ უფრო სკეპტიკურად განაწყობს, რადგან რუსეთისთვის მძიმე ტვირთად იქცევა. ეს ის ჩიხია, რომლიდანაც პუტინი მსხვერპლის გარეშე ვერ გამოვა, რა თქმა უნდა, თუ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა როგორღაც გამოძებნა. 

წინა

ქართველმა ჰაკერებმა Alt-info-ს საიტი და სხვა პრორუსული ვებგვერდები გათიშეს

შემდეგი

ISFED: ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა

ბოლო სიახლეები

ოლიმპიური ჩემპიონი ელია გრინი ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდა

Facebook0Tweet0Shares0 ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და

მთავარის ჟურნალისტი გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Facebook0Tweet0Shares0 მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს

უკრაინელი გეი ჯარისკაცი ომის დღეებში ნაპოვნი სიყვარულისა და სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ჰყვება

Facebook0Tweet0Shares0 უკრაინელმა გეი ჯარისკაცმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთთან ომის დღეებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, შიშებზე დაწერა და ხალხს

EuroPride 2022 სერბეთში ჩატარდება — გადაწყვეტილებას ანტი-LGBTQI აქცია მოჰყვა

Facebook4Tweet0Shares4 12-დან 18 სექტემბრამდე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი EuroPride-ს, ყოველწლიურ მარშს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება.