Tbilisi Pride

პრაიდ კვირეული 2022 — ერთმანეთზე ზრუნვის, სოლიდარობისა და იარების მოშუშების წელი

ამ ზაფხულს, 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისი პრაიდის კვირეული კიდევ ერთხელ ბრუნდება და ლგბტქი თემის წევრებს, თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანასწორობის სწამს, კიდევ ერთხელ გააერთიანებს. ეს წელი იქნება „იარების მოშუშების, ძალის მოკრების, სოლიდარობის, გაერთიანების, ერთმანეთზე ზრუნვის, მიღწეული შედეგების დაფასების, სტრატეგიების გამრავალფეროვნებისა და გაფართოების წელი. ამავდროულად, კვირეული იქნება ხმამაღალი, პოლიტიკური, ემოციური, მრავალფეროვანი და თავს მოუყრის ყველას, ვისაც თანასწორობის სწამს“.

წლევანდელი კვირეული 3 ღონისძიებას აერთიანებს, რომლებიც ლგბტქი თემს საგანმანათლებლო, გამოცდილების გაზიარების, გართობის უსაფრთხო სივრცეებს შესთავაზებს. 

„2021 წლის 5 ივლისის უმძიმესმა გამოცდილებამ სრულად გააშიშვლა უმოქმედო, მოძალადე, თანაგრძნობისგან დაცლილი სისტემა, რომელიც უარს ამბობს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და საჯარო სივრციდან რიყავს ლგბტქ ადამიანებს. Სწორედ ჰომოფობიის საფუძველზე ჟურნალისტებზე უპრეცედენტო თავდასხმას შეეწირა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. ჩვენ კვლავ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ახალისებს ქუჩებში მოთარეშე ძალადობრივ ჯგუფებს, არ სჯის ძალადობის მთავარ შემოქმედებს და არ აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას.

წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არ აღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. თუმცა გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით“,  — აღნიშნულია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, ანა სუბელიანის თქმით, წელს სტრატეგიების გადახედვა, გაფართოება და განსხვავებული ფორმატით ღონისძიების ჩატარება უსაფრთხოების მიზნების გამო გადაწყვიტეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენივე სტრატეგიების გადახედვა, გადაფასება და არსებული მოცემულობისა და კონტექსტის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღება შევძლოთ. უცვლელი პოლიტიკური ვითარება და, მათ შორის ის, რომ წინა წლის 5 ივლისის ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზატორები არ დასჯილან, გვაფიქრებინებს, რომ საჯაროდ შეკრებისთვის სივრცე ნაკლებადაა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც საჯაროდ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ ეძლევა. ამის გამო, არ ვაპირებთ, რომ ხილვადობის პოლიტიკიდან გადავუხვიოთ, ნაკლებად ხმამაღალი ვიყოთ ან იმ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გადავუხვიოთ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლგბტქი უფლებების განმტკიცებისთვის, წელს, უბრალოდ, განსხვავებულ სტრატეგიას ვირჩევთ, ვიტყოდი, რომ ვაფართოებთ სტრატეგიებს“, — ამბობს ანა სუბელიანი.

ანა სუბელიანის თქმით, „რეგიონული კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ და მეზობელი რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს მსგავსი გეოპოლიტიკური გამოწვევები, რაც რუსული პოლიტიკის, ომის, ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგია და განსაკუთრებით ლგბტქი თემს აზიანებს“.

წელს ისევ ბრუნდება მუსიკალური პრაიდ ფესტივალი, რომელიც წინა წელსაც გაიმართა და თანამოაზრეები კარგი მუსიკის ფონზე თანასწორ, მშვიდ და ამაღელვებელ გარემოში შეკრიბა. ანა სუბელიანის თქმით, წლევანდელი ფესტივალი უფრო მასშტაბური იქნება და 2022 წელს მიზანი პატარა გამარჯვებების გადაფასება და ერთმანეთზე ზრუნვაა.

„ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, რათა ქვიარ ადამიანების და თანასწორობის მხარდამჭერების ერთ სივრცეში გაერთიანება, გაძლიერება შევძლოთ. ფესტივალი იმ შეგრძნებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მარტო არ ვართ, იმ პოზიტიური ცვლილებებისა და გამოცდილებების გადაფასებისთვის, რაც გვაქვს და ამ სასიკეთო ცვლილებებს ბოლოდროინდელი კვლევებიც ადასტურებს. წელს, პატარა გამარჯვებების გადაფასება გვჭირდება, რათა უფრო მომზადებულები შევხვდეთ ახალ გამოწვევებს. 2022 ერთმანეთზე ზრუნვის, გაძლიერების, სოლიდარობის, თანასწორობის განმტკიცების, მრავალფეროვანი სტრატეგიების შემუშავების წელი იქნება“,  — ამბობს ანა სუბელიანი.

ფესტივალი კვირეულის მთავარი ღონისძიება იქნება და გარდა გემოვნებიანი მუსიკისა, გააერთიანებს ინფორმაციულ, საგანმანათლებლო ნაწილს თუ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც წარსული გამოცდილების გადაფასებასა და სამომავლო გეგმების დასახვას შეუწყობს ხელს.

„ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი მუსიკა იქნება, რაც არტისტებს, განსაკუთრებით ქვიარ არტისტებს, მისცემს შესაძლებლობას, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ. ასევე იქნება გამოფენები, სადაც ვიზუალური ნამუშევრების დათვალიერებას შევძლებთ, ამ მიმართულებითაც ვცდილობთ, განსაკუთრებით ქვიარ არტისტებს მივცეთ პლატფორმა. გარდა ამისა, იქნება ვორქშოპები, საგანმანათლებლო აქტივობები, სიღრმისეული დისკუსიები, მათ შორის, 5 ივლისთან და 15 მაისებთან დაკავშირებული ტრავმული გამოცდილებების შესახებ, ასევე 16-წლიანი აქტივიზმის ისტორიის გადაფასება და იმ მიღწევების გაანალიზება, რომლებიც გასულმა წლებმა მოიტანა. მაგალითად, მოეწყობა კუთხე, რომელში ქართული ქვიარ ისტორიის მნიშვნელოვანი ადამიანების ხილვის თუ საერთაშორისო მოძრაობების მნიშვნელოვანი ფიგურების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას შექმნის. ფესტივალის უმთავრესი მიზანი ემოციების გაზიარება, პოზიტიური გამოცდილების შექმნა, იმ საზოგადოების მოდელის დანახვა იქნება, რომლის შენებასაც ვცდილობთ“, — აღნიშნავს ანა პრაიდ ფესტივალზე საუბრისას.

2021 წლის 5 ივლისი მძიმე გამოცდილება იყო როგორც თემის წევრების, ისე მხარდამჭერებისთვის, თუმცა წინა წლის კვირეულის ტრაგიკულ მოვლენებამდე კინოჩვენება და პრაიდ ფესტივალი უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. ანა ამბობს, რომ ხელისუფლებასთან წელსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, რათა დახურულ სივრცეებში ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის გარანტიები შექმნან.

„ნებისმიერი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რაც ვფიქრობ, არ არსებობს, თუმცა ხელისუფლებას დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს. წინა წელს ხელისუფლებამ უკეთ დაიცვა დახურული ღონისძიებები და წელსაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ და ვხედავთ, რომ უსაფრთხოების დაცვისთვის მზაობაც აქვთ. გავაგრძელებთ მუდმივ ჩართულობას, რათა დაცვის გარანტიები შევქმნათ“, — ამბობს ანა სუბელიანი.

ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში არაფერი უნდა დაგეგმოთ და პრაიდის კვირეულს შეუერთდეთ, თუ თვლით, რომ „თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სიყვარულისთვის, ხილვადობისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, წართმეული ხმის დასაბრუნებლად“ ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. თუ მიაგჩნიათ, რომ „სიძულვილთან, რუსულ პროპაგანდასთან, ძალაუფლების უთანასწორო ღერძებთან, ჩაგვრასთან, დისკრიმინაციასა და გარიყვასთან“ ბრძოლა ყველა სოციალური ჯგუფისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია და ეს საერთო გამარჯვებისთვის აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პრაიდ კვირეულის ღონისძიებებზე დასწრება უფასოა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დასწრებას Tbilisi Pride-ის საიტზე წინასწარი რეგისტრაციით შეძლებთ, ამიტომ Tbilisi Pride-ის ფეისბუკ გვერდს თვალი უნდა ადევნოთ.

წინა

ჯოდი ფოსტერს „ნამდვილი დეტექტივის“ მეოთხე სეზონში ვიხილავთ

შემდეგი

სტივენ ფრაი მეორე მსოფლიო ომის ქვიარ გმირებზე დოკუმენტურ ფილმს აანონსებს

ბოლო სიახლეები

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

FacebookTweetLinkedInEmail რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დეკემბერში პაპმა

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ბოდიშს იხდის წარსულში ანტი-ლგბტქი პროპაგანდისთვის

FacebookTweetLinkedInEmail პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის,  TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც

საბერძნეთში გეი ქორწინება ლეგალური გახდა

FacebookTweetLinkedInEmail 15 თებერვალს საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ქვიარ ადამიანების ქორწინება. 300-წევრიან პარლამენტში კანონის