თანამდებობის პირების განცხადებებმა 5 ივლისის ძალადობა წააქეზა — ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 5 ივლისს ხელისუფლებამ არამხოლოდ ვერ აღკვეთა ძალადობა, არამედ, მაღალი თანამდებობის პირების წინმსწრებმა განცხადებებმა ეს ძალადობა წააქეზა. მან თქვა, ეს დღე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამწუხარო დღე იყო. ომბუდსმენმა ამის შესახებ პარლამენტში, სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

5 ივლისს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების, ლგბტ+ თემის, მათი მხარდამჭერი აქტივისტების და ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, არამედ მეტიც, მაღალი თანამდებობების პირთა წინმსწრებმა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა, — განაცხადა მან.

ომბუდსმენმა გამოსვლაში 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების საჯარო განცხადებები წაიკითხა. მისი თქმით, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ტელეეთერის მეშვეობით აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ უნდა ყოფილიყვნენ მზად ციხეში წასასვლელად, რადგან აპირებდნენ ძალადობას: “ძალადობას არათუ ვემიჯნები, ვემხრობი და თქვენც მოგიწოდებთ, გავიდეთ და ვიძალადოთ. ძალადობას ვინც ემიჯნება, ის არის არაადამიანი. ვინც გამიჯვნას აპირებს, ეს ხალხი ჩვენთან არ არის. 2013 კი არა, ამათ უნდა მოვუწყოთ 2013 კვადრატში”.

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ისინი მიანიშნებდნენ ჟურნალისტებზე ძალადობაზეც და ამბობდნენ: “ხომ არ არის დასაშვები ასეთი ჟურნალისტების წიხლქვეშ გაგდება? ხომ არ არის ამათი სახით ასფალტზე თრევა სწორი?”.

ომბუდსმენის განცხადებით, საჯაროდაა ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერები, სადაც ეს ადამიანები მითითებებს აძლევდნენ შეკრებილებს, ასევე, ამბობდნენ, რომ “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აქციაზე მყოფ არც ამ განცხადების ავტორს აქვს ბრალი წარდგენილი ძალადობის წახალისებისთვის. ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ჰკითხა, არის თუ არა სახეზე სულ მცირე ბრალის წარდგენის, ანუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ამ პირების მიმართ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისთვის და ასეთი წინასწარგანზრახული საჯარო და არაერთგზის მუქარის შემდეგ, რატომ არ იყვნენ ტერიტორიაზე სათანადო რაოდენობის სამართალდამცველები და რატომ არ აღკვეთეს ძალადობა.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მართალია, რამდენიმე პირის პასუხისმგებლობა დადგა, მაგრამ მონაწილეობისთვის და არა ორგანიზებისთვის.

მისი თქმით, 5 ივლისს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდნენ.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ღიად და დეკლარირებულად ატარებენ რუსეთის ძალადობრივ და ადამიანის უფლებების უგულებელმყოფელ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ეს ლომჯარიას, როგორც ომბუდსმენის მეხუთე, ბოლო გამოსვლა იყო.

მისი თქმით, პარლამენტი მხოლოდ ახლა განიხილავს 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანგარიშს, რაც სამწუხაროა.

იმ საკითხების სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაზეც ამ ანგარიშშია საუბარი, სასურველი იქნებოდა, რომ ანგარიში გაცილებით ადრე განხილულიყო”, — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მას ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს, 6 წლის ვადით. უკვე ცნობილია ომბუდსმენობის მსურველთა ვინაობა. კანდიდატებიდან სამი: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად წარადგინეს.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონის თანახმად, ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში. ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პატივისცემას; გარდა ამისა, სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას; ომბუდსმენი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, ასევე, ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.

საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.

წინა

Scooby-Doo-ს პერსონაჟი ველმა ლესბოსელია

შემდეგი

იკერ კასილასმა Twitter-ზე დაწერა, რომ გეია

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ