Parliament
/

ვის ეხება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებმაც პარტია “საზოგადოებისთვის მეტის თქმის” საბაბით დატოვეს და ხალხის ძალა დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ქვირმა მოიპოვა, “უცხოური გავლენის აგენტი” არის:

  • ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის სპორტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
  • ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
  • ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მისი საბაზრო ფასით გამოითვლება. დოკუმენტში წერია, რომ თუ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე, ჩაითვლება, რომ მან მიიღო შემოსავალი.

რაც შეეხება უცხოურ ძალას, ის განიმარტება ასე:

  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:

  • სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
  • სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
  • აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის“ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში“ დარეგისტრირება და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის შევსება მოუწევთ. დოკუმენტში წერია ისიც, რომ “უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში” შეტანილი ინფორმაცია, მათ შორის, დეკლარაცია საჯარო იქნება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

გარდა ამისა, “უცხოური გავლენის აგენტის” გამოსავლენად ან ამ კანონპროექტის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა — მონიტორინგი. ამ მონიტორინგის დაწყების საფუძველი კი შეიძლება გახდეს:

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.

მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვები იქნება 6 თვეში მხოლოდ ერთხელ. ხოლო თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს “უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მაგრამ მან რეგისტრაციას თავი აარიდა, საჯარო რეესტრის სააგენტო იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს “უცხოური გავლენის აგენტად”, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ის ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს შესაბამისი განაცხადი.

კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა 25 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ხოლო იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაცხადის არ შევსების ან/და დოკუმენტში ხარვეზების დროულად არ გამოსწორების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარია. სამართალდარღვევის ერთი თვის ვადაში ხელახალი ჩადენა კი 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე ჯერ არ გასულა. სწორედ ბიუროს შემდეგ იქნება ცნობილი პარლამენტში განხილვის სავარაუდო პერიოდი.

წინა

12 ქვიარ ფილმი, რომელიც ვალენტინობის დღეს სასიამოვნოდ გაგატარებინებს

შემდეგი

ინტიმური ლუბრიკანტი — რა უნდა ვიცოდეთ?

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი