MIGUEL SOTOMAYOR

ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი და კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს. ტრანსგენდერი კაცები გენდერის სამართლებრივ აღიარებას – მათ საიდენტიფიკაციო  დოკუმენტებში სქესის გრაფაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გენდერული იდენტობის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

“სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა”, — აცხადებენ საია-ში.

ნიკოლო ღვინიაშვილმა, რომელიც 3 ტრანსგენდერი კაციდან ერთ-ერთია, ევროსასამართლოს 2019 წელს მიმართა, ხოლო კაცებიდან ორმა – 2017 წელს. ნიკოლო ღვინიაშვილის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, EHRAC-თან თანამშრომლობით იცავს, ხოლო ა. დ-სა და ა.კ-ს  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

საია-ს განმარტებით, სასამართლოს დეტალურად არ განუმარტავს როგორი უნდა იყოს სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა, თუმცა ამის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით WISG-ის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტშია განმარტებული, რომლის მიხედვით:

“სწრაფი მექანიზმი გულისხმობს პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილია რაც შეიძლება მოკლე ინტერვალი განაცხადის შეტანიდან, ჩანაწერის ცვლილებამდე. მექანიზმი გამჭვირვალედ იქნება მიჩნეული თუ კანონით მკაფიოდ არის რეგულირებული სახელისა და სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების პროცედურა, მათ შორის ის, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით. პროცედურის ხელმისაწვდომობა უფრო პრაქტიკულ ასპექტზე კონცენტრირდება და გულისხმობს ბარიერების აღმოფხვრას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პირის ჯანმრთელობას, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობას. ხელმისაწვდომობის საკითხი ეხება ასევე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რაც არ შეიძლება იქცეს ბარიერად ტრანს ადამიანისთვის”.

საია-ს განმარტებით, ევროსასამართლო ამბობს, “წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის.

ორგანიზაციაში ამბობენ იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არ იყო ცალსახა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო “ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით”, იმის ფონზე, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ტერმინების გამოყენება დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ “მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა უტოვებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რაც თვითნებური გადაწყვეტილებების საფრთხეს ქმნის გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადებების განხილვას”.

ამასთან, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში აპლიკანტებს კომპენსაციის სახით გადაუხადოს შემდეგი ოდენობები: 2 000 ევრო სამივე აპლიკანტს და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის თვალსაზრისით, ასევე, 9 812 ევრო ბრიტანულ ორგანიზაციად ადვოკატის ხარჯების ასანაზღაურებლად.

საქართველოდან გაგზავნილი სარჩელის მიხედვით, მიუხედავად შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობისა, სახელმწიფო ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევს. გარდა ამისა, მსგავსი მოპყრობა ტრანსგენდერ ადამიანებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება კიდევ ერთ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც სტადიონზე ლგბტქი სიმბოლიკის შეტანაში ხელშეშლას ეხებოდა, ევროპული სასამართლოს თქმით, პროკურატურის ორგანოების გადაწყვეტილებას, არ დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, მომჩივნებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ მათ უნდა მიემართათ სამოქალაქო სამართლის ორგანოსთვის, რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა მათი სარჩელის განსახილველად და დასაკმაყოფილებლად.

წინა

სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ — სახელმძღვანელო

შემდეგი

10 ფაქტი და მითი აივ/შიდსის შესახებ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი