ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროპულმა სასამართლომ 17 მაისის საქმეზე საქართველოს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს პასუხისმგებლობა დააკისრა. სარჩელში 2 LGBT ორგანიზაცია და 35 კერძო პირი მონაწილეობდა. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ევროპული კონვენციის მე-3, მე-11 და

ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი და კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს. ტრანსგენდერი კაცები გენდერის სამართლებრივ აღიარებას –

საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვისთვის დაკავების საქმეზე ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვის გამო ძალის გამოყენებით დაკავებული ქვიარ აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული

გენდერის სამართლებრივად აღიარების და LGBT სიმბოლიკის საქმეები — ევროსასამართლო ხვალ ორ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

ხვალ, პირველ დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გურამ კაშიას მხარდასაჭერად სტადიონზე მისული ლგბტქი აქტივისტების მიერ ქვიარ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის საჩივარზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. გარდა ამისა,

საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვისთვის დაკავების საქმეზე ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 17 მაისს, საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვის გამო ძალის გამოყენებით დაკავებული ქვიარ აქტივისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო მე-13 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს.

ამასთან, ევროსასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტებს კომპენსაციის სახით გადაუხადოს შემდეგი ოდენობა: 2 000 ევრო თითოეულ აპლიკანტს და, ამასთანავე, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის თვალსაზრისით, კონვერტირებული გადახდის თარიღისას მოქმედ სახელმწიფო ვალუტაში.

Netgazeti-ის ინფორმაციით, ქვიარ აქტივისტები 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, დილის 5 საათზე ორ სხვადასხვა ადგილას, საპატრიარქოსთან და რუსთაველის გამზირზე, დააკავეს.

საპატრიარქოსთან დააკავეს 7 პირი, ხოლო რუსთაველის გამზირზე — 3. აქტივისტებმა ასფალტსა და საპატრიარქოს ღობეზე სტენსილით დახატეს ცისარტყელას დროშა და დაწერეს Fuck Homophobia and Transphobia, რა დროსაც ისინი დააკავეს.

აპლიკანტი ქვიარ აქტივისტებიდან ერთ-ერთის, გვანცა ძერყორაშვილის თქმით, აღნიშნული საქმე უპრეცედენტოა იმით, რომ საქმეში პირველად ფიგურირებს საქართველოს საპატრიარქო, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვიარ თემის რესპრესირებაში. გვანცა აღნიშნავს, რომ ქვიარ საქმეების დოკუმენტირება და საერთაშორისო მასშტაბით გატანა ქვიარ ბრძოლის ნაწილია.

“მე-5 მუხლის პირველი პუნქტი დაკმაყოფილდა ევროსასამართლოს მიერ, რომელიც შეეხება უსამართლოდ და უკანონოდ დაკავების საკითხს. ამ ნაწილში ევროსასამართლოს საკმაოდ ძლიერი არგუმენტები აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია. სასამართლოს მსჯელობაში საკმაოდ კარგად ჩანს სახელმწიფოს თავგასულობა, თვითნებურობა და ჰომოფობიური სიძულვილი ქვიარ თემის მიმართ. ეს საქმე უპრეცედენტო იმითაცაა, რომ მაგალითად, 2012 და 2013 წლის საქმეებში, ჩვენ მხოლოდ სახელმწიფოს ვადანაშაულებდით ძალადობაში. ამ საქმეში კი, პირველად ფიგურირებს საქართველოს საპატრიარქო, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვიარ თემის ჩაგვრასა და მრევლში ქვიარ თემის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში. საპატრიარქოს დაწესებულია ოჯახის სიწმინდის დღე, რომელსაც 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს სრულიად საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, სადაც 2012-2013 წლებში ათასობით მოწინააღმდეგე საპატრიარქოს კურთხევით ქვიარების დასახოცად გამოვიდა. 2016 წლის 17 მაისს, წარწერა “Fuck homophobia and transphobia” სწორედ საპატრიარქოს კედელზე გავაკეთეთ, რასაც ჩვენი უკანონოდ დაპატიმრება მოჰყვა და რაც ევროსასამართლომ დარღვევად და უკანონოდ ცნო. არავის აქვს ილუზია, რომ ამ საქმის შემდეგ ჰომოფობიური სიძულვილი ქვეყანაში აღმოიფხვრება ან და სისტემა უფრო ინკლუზიური გახდება, მაგრამ მსგავსი საქმეების დოკუმენტირება და საერთაშორისო მასშტაბით გატანა ქვიარ ბრძოლის ნაწილია და ეს ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ”, — აცხადებს გვანცა ძერყორაშვილი.

ევროპულ სასამართლოში, საქმეზე ძერყორაშვილი და სხვები სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქვიარ აქტივისტების სახელით განცხადება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (იმ დროინდელი EMC – ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი) წარადგინა. საქმეს EMC პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს.

საქართველოდან გაგზავნილი სარჩელის მიხედვით, EMC დავობდა სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (აიდაჰო) აღნიშვნის მიზნით ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი) შეზღუდვასა და 17 მაისს ალტერნატიული პროტესტის ფორმების გამოყენების დროს, პოლიციის მიერ ლგბტ აქტივისტების გაუმართლებელი და უკანონო დაკავების დროსა და მას შემდეგ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლებისა და მათთან კავშირში მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე.

EMC-ის განმარტებით, კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევის კონტექსტში, განმცხადებლები ამტკიცებენ სახელმწიფოს მიერ ლგბტ პირთა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც, მათ შორის, გამოიხატა სახელმწიფოს მიერ ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის აქციის ჩატარებისთვის არაადეკვატური ალტერნატიული სივრცეების შეთავაზებაში, აქტივისტებთან შეკრების სივრცის შერჩევასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებასა და უსაფრთხოების საკმარისი გარანტიების თაობაზე დაპირების არ მიცემაში.

ამასთან, ევროპული კონვენციის სხვა მუხლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, განმცხადებლები 2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების დახატვის გამო 6 ლგბტ აქტივისტის დაკავებისა და დაკავების შემდგომ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე დავობდნენ. კერძოდ, განმცხადებლები უთითებენ, რომ ისინი მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების გამო დააკავეს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე), რაც მხოლოდ 50 ლარის ჯარიმის სახით სანქციას ითვალისწინებს, მათი 12-საათიანი დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება კი არ არსებობდა და მათი არაფორმალური დასჯის ფორმას წარმოადგენდა. აქტივისტები სამოქალაქო ტანსაცმლიანმა პირებმა კანონის მოთხოვნების დარღვევით და აგრესიული ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს.

ორგანიზაციის განმარტებით, EMC განაცხადში მიმოიხილავდა ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორებისა (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის, ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, ამნესტი ინტერნეიშენალის,ჰიუმან რაითს ვოთჩის) დასაქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებებს.

აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, EMC ევროპულ სასამართლოს საქმის ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვდა და იმედს გამოთქვამდა, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს საქართველოს მთავრობის მიერ ლგბტ თემის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვის პროცესში.

ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი და კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლის განხილვის საჭიროება არ არსებობს. ტრანსგენდერი კაცები გენდერის სამართლებრივ აღიარებას – მათ საიდენტიფიკაციო  დოკუმენტებში სქესის გრაფაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გენდერული იდენტობის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

“სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა”, — აცხადებენ საია-ში.

ნიკოლო ღვინიაშვილმა, რომელიც 3 ტრანსგენდერი კაციდან ერთ-ერთია, ევროსასამართლოს 2019 წელს მიმართა, ხოლო კაცებიდან ორმა – 2017 წელს. ნიკოლო ღვინიაშვილის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, EHRAC-თან თანამშრომლობით იცავს, ხოლო ა. დ-სა და ა.კ-ს  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

საია-ს განმარტებით, სასამართლოს დეტალურად არ განუმარტავს როგორი უნდა იყოს სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა, თუმცა ამის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით WISG-ის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტშია განმარტებული, რომლის მიხედვით:

“სწრაფი მექანიზმი გულისხმობს პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილია რაც შეიძლება მოკლე ინტერვალი განაცხადის შეტანიდან, ჩანაწერის ცვლილებამდე. მექანიზმი გამჭვირვალედ იქნება მიჩნეული თუ კანონით მკაფიოდ არის რეგულირებული სახელისა და სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების პროცედურა, მათ შორის ის, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით. პროცედურის ხელმისაწვდომობა უფრო პრაქტიკულ ასპექტზე კონცენტრირდება და გულისხმობს ბარიერების აღმოფხვრას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პირის ჯანმრთელობას, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობას. ხელმისაწვდომობის საკითხი ეხება ასევე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რაც არ შეიძლება იქცეს ბარიერად ტრანს ადამიანისთვის”.

საია-ს განმარტებით, ევროსასამართლო ამბობს, “წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის.

ორგანიზაციაში ამბობენ იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არ იყო ცალსახა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო “ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით”, იმის ფონზე, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ტერმინების გამოყენება დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ “მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა უტოვებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რაც თვითნებური გადაწყვეტილებების საფრთხეს ქმნის გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადებების განხილვას”.

ამასთან, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში აპლიკანტებს კომპენსაციის სახით გადაუხადოს შემდეგი ოდენობები: 2 000 ევრო სამივე აპლიკანტს და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის თვალსაზრისით, ასევე, 9 812 ევრო ბრიტანულ ორგანიზაციად ადვოკატის ხარჯების ასანაზღაურებლად.

საქართველოდან გაგზავნილი სარჩელის მიხედვით, მიუხედავად შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობისა, სახელმწიფო ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევს. გარდა ამისა, მსგავსი მოპყრობა ტრანსგენდერ ადამიანებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება კიდევ ერთ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც სტადიონზე ლგბტქი სიმბოლიკის შეტანაში ხელშეშლას ეხებოდა, ევროპული სასამართლოს თქმით, პროკურატურის ორგანოების გადაწყვეტილებას, არ დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, მომჩივნებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ მათ უნდა მიემართათ სამოქალაქო სამართლის ორგანოსთვის, რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა მათი სარჩელის განსახილველად და დასაკმაყოფილებლად.

გენდერის სამართლებრივად აღიარების და LGBT სიმბოლიკის საქმეები — ევროსასამართლო ხვალ ორ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

ხვალ, პირველ დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გურამ კაშიას მხარდასაჭერად სტადიონზე მისული ლგბტქი აქტივისტების მიერ ქვიარ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის საჩივარზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

გარდა ამისა, ხვალვე გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის სარჩელთან დაკავშირებით, რომლებიც გენდერის სამართლებრივ აღიარებას ითხოვენ.

ლგბტქი სიმბოლიკის საქმე ეხება ევროსასამართლოში თანასწორობის მოძრაობის მიერ 2019 წლის 9 მარტს გაგზავნილ სარჩელს, რომლითაც სასამართლოს 9 ლგბტ აქტივისტმა მიმართა. სარჩელის თანახმად, 2018 წლის 9 სექტემბერს, თბილისში, დინამოს სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე შსს-ს წარმომადგენლებმა ლგბტ აქტივისტებს ქვიარ სიმბოლიკის შეტანა აუკრძალეს. ლგბტ აქტივისტები მატჩზე დასასწრებად ქვიარ სიმბოლიკით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიასთვის მადლიერებისა და მხარდაჭერის გამოსახატად მივიდნენ. აქტივისტების განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბეს.

აქტივისტების უფლებებს ევროსასამართლოში თანასწორობის მოძრაობა იცავს. მომჩივნების განცხადებით, პოლიციამ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. შესაბამისად, ლგტბ აქტივისტები შსს-ს წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მიმართ მე-14 მუხლის დარღვევას ედავებიან. მე-11 მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მე-14 მუხლით — დისკრიმინაციისგან თავისუფლება.

მოედანზე მისული ლგბტ აქტივისტების მიერ ქვიარ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის საჩივარზე სარჩელის გარდა, ევროსასამრთლო ტრანსგენდერი კაცების მიერ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნიკოლო ღვინიაშვილია, გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეს, მომჩივანთა ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ქალთან ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) იცავს.  საიას განცხადებით, ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელით ისინი დავობენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს, რაც მომჩივნისთვის, როგორც ტრანსგენდერი ადამიანისთვის, სასურველი გენდერის პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სათანადო ასახვას უზრუნველყოფს. ამასთან, საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოები და ეროვნული სასამართლოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მსგავსი სახის ოპერაცია ძვირადღირებულ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პროცედურად არის მიჩნეული.

საჩივრის მიხედვით, სახელმწიფო მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევს. გარდა ამისა, მსგავსი მოპყრობა მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებთ სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

ევროპულმა სასამართლომ 17 მაისის საქმეზე საქართველოს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს პასუხისმგებლობა დააკისრა. სარჩელში 2 LGBT ორგანიზაცია და 35 კერძო პირი მონაწილეობდა. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ევროპული კონვენციის მე-3, მე-11 და მე-14 მუხლები დაირღვა, რაც დისკრიმინაციის აღმოფხვრას გულისხმობს. გამამტყუნებელი განაჩენი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის, ეფექტური საგამოძიებო პროცესის წარმართვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის ნაწილთან დაკავშირებით გამოიტანეს.

სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პრევენციული ზომების მიღება, არ შეუსრულებია პოზიტიური თუ ნეგატიური ვალდებულებები, რასაც შედეგად არაადამიანური მოპყრობა, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა, ამასთან, ინციდენტებთან დაკავშირებით ეფექტური საგამოძიებო პროცესის წარმოება არ შემდგარა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 ინდივიდის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ისინი სიძულვილის ენისა და აგრესიული ქმედებების სამიზნედ იქცნენ, რაც სახელმწიფომ ვერ აღკვეთა. ოფიციალურმა უწყებებმა მოქალაქეთა მხრიდან გამოვლენილი აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის ეფექტურად წარმართვა ვერ შეძლეს, რაც, შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან ნების არარსებობას მიეწერებოდეს. სასამართლოს მსჯელობის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დღეს აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების მოულოდნელად დიდი ტალღა შეიკრიბა, სახელმწიფოს შეეძლო, წინასწარი ღონისძიებების შედეგად ეფექტურად ემოქმედა, რაც არ მოხდა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, რომელსაც ადამიანთა ღირსების შემლახავი ქმედებები მოჰყვა, ხელისუფლებას სხვადასხვა აპლიკანტისთვის ჯამურად 201 500 ევროს გადახდა დაეკისრა.