ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Exavir Thepeutics-მა, რომელიც აივ და სხვა ვირუსული ინფექციების აღმოფხვრაზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს, სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინოვაციური და იმედისმომცემი პრეკლინიკური კვლევის შედეგები, რომელიც აივ ინფექციისგან განკურნების ახალ გზას გვთავაზობს.
კვლევის თანახმად, აივისგან განკურნების ერთ-ერთი გზა შესაძლოა ინფიცირებული ადამიანის დნმ-დან ვირუსის მთლიანად ამოჭრა იყოს. ეს “ამოჭრა” ლიპიდური ნანონაწილაკებით მიწოდებული CRISPR-Cas9-ის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. CRiSPR-Cas9 ტექნოლოგია არის ეფექტური ბიოლოგიური “მანქანა”, რომლის საშუალებითაც დნმ-ის კონკრეტული მონაკვეთების მოჭრა და მოცილება შესაძლებელი.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, CRISPR-Cas9 არის ერთგვარი მაკრატელი, მიუხედავად იმისა, რომ მაკრატელი შეიძლება ძალიან მჭრელი იყოს, მას მაინც სჭირდება ხელი, რომელიც მაკრატელს აჩვენებს, რა უნდა მოჭრას. ამ შემთხვევაში, რნმ არის ხელი, რომელიც აჩვენებს CRISPR-Cas9 მაკრატელს, სად წავიდეს და რა მოჭრას. ორივე მათგანი განთავსებულია ლიპიდურ ნანონაწილაკებში, ერთგვარ ცხიმის ბურთულაში, რომელიც აგებულია მაკრატლისა და მათი ინსტრუქციების შესანახად. ის ასევე საშუალებას აძლევს CRISPR-Cas9, შევიდეს დნმ-ში, აიღოს კონტროლი, აღმოაჩინოს ვირუსი და ამოჭრას ის.
მას შემდეგ, რაც CRISPR-Cas9 დაასრულებს თავის ამოცანას, მკვლევარები დააკვირდებიან დნმ-ს და დაიწყებენ შესწავლას, რა რაოდენობით დარჩა მასში აივ ინფექცია. კვლევების მიმდინარე შედეგები ძალიან იმედისმომცემია. “ჩვენი სისტემა აჩვენებს, რომ აივის თითქმის მთლიანად გაქრობა შესაძლებელია”, – ამბობს ჰოვარდ გენდელმანი, Exavir Therapeutics-ის თანადამფუძნებელი და ნებრასკას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. ეს ნიშნავს, რომ მრავალეტაპიანი კვლევების და ტესტების შედეგად, ვირუსი საიმედოდ და ეფექტურად იქნა ამოღებული დნმ-დან, CRISPR-Cas9-ის ტექნოლოგიამ და რნმ-მა ერთობლივად შეძლეს ვირუსის ზუსტად აღმოჩენა და ამოჭრა.
Exavir-ის თანახმად, ახალმა ტექნოლოგიამ გამოიწვია “ვირუსის 100 პროცენტამდე დათრგუნვა” და დასძინა, რომ მკურნალობის ამ მეთოდს სამომავლოდ აქვს აივ-ის სრულად აღმოფხვრის პოტენციალი.
ახალი ტექნოლოგია შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს შიდსთან და აივთან ბრძოლაში. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვამდე კიდევ ბევრი წელი გვაშორებს, რადგან წინ დიდი ეტაპებია გასავლელი, სანამ ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია საბოლოო დასტურს მისცემს მას.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არის რნმ-ზე დაფუძნებული ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას, რომელსაც შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ.
აივი რეგისტრირებულია მსოფლიოს 5 კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, დღეს მსოფლიოში აივ ვირუსით გარდაცვლილია 30 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის).
წყარო: Exavir Therapeutics