//

ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიულ დოკუმენტებში ლგბტქი თემი გათვალისწინებული არ არის

2023 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის.

2023 წლის 31 ოქტომბრისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაასრულა მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ გეგმაზეც.

აღნიშნული სამართლებრივი აქტები, ფორმალურად, შემდეგ მიზნებს ემსახურება:

  • სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების სათანადო აღიარებას;
  • ადამიანის უფლებების დაცვას პრიორიტეტულ საკითხად ქცევას;
  • ქვეყანაში ადამიანის უფლებების მუდმივ განვითარებას, გაუმჯობესებას;
  • თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების დღის წესრიგთან მიერთებას;
  • საქართველოს კონსტიტუციით განსაზრული ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფას ყველა მოქალაქისთვის;
  • კანონის უზენაესობის დაცვას;
  • სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას;
  • გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და
  • უმცირესობების უფლებების დაცვას.

დოკუმენტები მოიცავენ სხვადასხვა უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გარანტიებს და ამისთვის განსახორციელებელ კონკრეტულ და დეტალურ ქმედებებს.

მითითებული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულია შემდეგი უმცირესობები და ჯგუფები:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა;
  • საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა;
  • ბრალდებული და მსჯავრდებული პირები;
  • ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები;
  • პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები;
  • რელიგიური უმცირესობები;
  • დედები და მცირეწლოვანი ბავშვები;
  • ტუბეკულიოზისა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახები;
  • სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები;
  • ქუჩაში მცხოვრები ბავშვები;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრუწლოვნები;
  • ეთნიკური უმცირესობები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ქალები და გოგონები;
  • საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები, მიგრანტები, ეკომიგრანტები.

მიუხედავად სამოქალაქო ორგანიზაციების ძალისხმევისა, საქართველოს მთვრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის არც სტრატეგიაში და არც სამოქმედო გეგმაში საჭიროდ არ მიიჩნია ლგბტქი თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის გარანტიების გათვალისწინება. უფრო მეტიც წინა წლების იგივე დოკუმენტებში ლგბტქი თემის საკითხები არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად ასაული იყო. ახლა კი ისინი უბრალოდ ამოშალეს. 

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში მიმოიხილავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების  დაცვის სტანდარტებს ისეთი სფეროების ჭრილში, როგორიცაა:

  • სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა;
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • განათლების უფლების უზრუნველყოფა;
  • დასაქმების უფლება;
  • ჯანმრთელობის უფლება
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა;

სწორედ ამ სფეროებში ქვიარ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები, რომელთა გადაჭრა მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა ესაჭიროებათ იმისთვის, რომ მათი ყველაზე ფუნდამენტური უფლებები – სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, ღირსების, დასაქმების უფლებები დაცული იყოს სხვებთან თანასწორად.

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის კიდევ ერთი ანგარიში ეხება საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივ მდგომარეობას, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით:

  • ლგბტ+ ადამიანთა მიმართ კვლავ არსებობს ნეგატიური წინასწარგანწყობები, რაც ხშირად გამოიხატება დისკრიმინაციასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში, რომელიც ლგბტ+ ადამიანებს მუდმივი საფრთხის წინაშე ამყოფებს და შედეგობრივად, მათ სოციალურ და ეკონომიკურ გარიყულობასაც განაპირობებს.

 

  • 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან, ათიდან შვიდი რესპონდენტი ერთხელ მაინც გამხდარა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ბოლო 2 წლის განმავლობაში (N=155, 73.5%). მათ შორის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლი გამხდარა ყოველი მესამე (N=147, 30.3%), 68.7% (N=145) კი – ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი .(აღდგომელაშვილი და სხვები)

 

  • ტრანსგენდერ ადამიანთა გენდერის აღიარების პროცედურების არარსებობა მათ დისკრიმინაციის მუდმივ მსხვერპლებად აქცევს ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, დასაქმებაში, საბინაო პოლიტიკასა და სოციალურ დაცვაში, რაც ასევე იწვევს მათ სოციალურ ექსკლუზიასა და ძალადობას, და ასევე ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასაც.

 

  • ოჯახში ძალადობის კუთხით, ლგბტ+ თემი საქართველოში ერთ-ერთი რისკ ჯგუფია. როგორც კვლევები აჩვენებს, „ლგბტ თემის წევრების მიმართ არსებული ინსტიტუციური ჰეტეროსექსიზმი, ჰომოფობიის მაღალი ხარისხი და სოციალური გარიყულობა, რომელსაც ისინი ოჯახს გარეთ განიცდიან, მათ მეტად მოწყვლადს ხდის ოჯახში ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და ძალადობის განგრძობით ციკლში ამყოფებს. (ჯალაღანია და ჩუთლაშვილი)

 

  • სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის საფუძველზე ბულინგისა და პედაგოგთა მხრიდან მოსწავლეთა მიმართ დისკრიმინაციული ქცევის წახალისების პრაქტიკის შესახებ სიღრმისეული კვლევები საქართველოში არ არის ჩატარებული, თუმცა სხვადასხვა დროს გაკეთებული მცირე მოკვლევები, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში, აჩვენებს, რომ ამგვარი პრაქტიკისგან საქართველოს საჯარო სკოლები თავისუფალი არ არის, მეტიც, ხშირად, სტერეოტიპების გაძლიერებისა და დისკრიმინაციული ქცევის წახალისება სწორედ პედაგოგთა მხრიდან შეიმჩნევა. (თანასწორობის მოძრაობა, ქვიარ ბულინგი)

 

  • საუნივერსიტეტო სივრცეები ასევე არ არის თავისუფალი სტერეოტიპული და დისკრიმინაციული პრაქტიკისგან, სტუდენტების ნამუშევრების შეფასებისას, ასევე ლექციების და სასწავლო მასალის შინაარსიდან გამომდინარე.

 

  • 2018 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა 28,2% მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული გამოხატვის გამო დაექვემდებარა დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე. (აღდგომელაშვილი)

 

  • კვლევის მონაწილე ლგბტქი ადამიანების შემოსავლის მედიანა 450 ლარს შეადგენს. (აღდგომელაშვილი და სხვები)

 

  • 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 4%-მა (N=46) აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სერვისის მიღებისას გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლები, თუმცა დისკრიმინაციული ფაქტის შესატყობინებლად, რესპონდენტთა 78.3%-ს არავისთვის მიუმართავს. (ჯალაღანია)

დასკვნა

ცხადია, ლგბტქი თემის წინაშე არსებული გამოწვევების ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია ვიდრე მოცემული პუბლიკაციით არის აღწერილი. მაგალითად, აქ არ არის ნახსენები ქვიარებისთვის წართმეული საჯაროდ შეკრების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული დარღვევები, რაც საჯაროდ ცნობილია. სტატიის მთავარი ფოკუსია საქართველოს მთავრობის მხრიდან ლგბტქი თემის წევრების დარღვეული უფლებების სრული იგნორირება, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არსებულ, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სამართლებრივ აქტებში.

ამ ვითარების სისასტიკე იმაშიც გამოიხატება რომ სახელმწიფო არა თუ არ აპირებს ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ იმაში რომ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს სხვა ჯგუფებისგან განცალკევებით, კანონის დაცვის მიღმა ტოვებს. ამით ის პრაქტიკულად თავად ახდენს ლგბტქი თემის სტიგმატიზებას და ხელს უწყობს ამ თემის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას.

 

 

 

 

 

წინა

ფეხბურთის ქვიარ გულშემატკივრები იმედგაცრუებული არიან 2034 წლის ჩემპიონატის გამო

შემდეგი

მარტის აქციებზე დაზარალებული პოლიციელები მიმართავენ პრეზიდენტს, არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი

ბოლო სიახლეები

ახალი კვლევის მიხედვით ტრანსგენდერი კაცების მესამედს აქვს ოვულაცია მიუხედავად ჰორმონალური თერაპიისა

FacebookTweetLinkedInEmail ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი კაცების მესამედს, რომლებიც ტრანზიციის პერიდში ჰორმონალურ თერაპიას

ქვიარ ადამიანებისგან “მობეზრებული”კანადელი ულტრა-მემარჯვენე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად

FacebookTweetLinkedInEmail კანადელმა ულტრა-მემარჯვენემ არენდ ფინსტრამ გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეზრეს.

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

FacebookTweetLinkedInEmail რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დეკემბერში პაპმა

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო