ნორვეგიის ხელისუფლებამ გეი მოქალაქეებს ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის 50 წლისთავზე ბოდიში მოუხადა.
„მინდა, ნორვეგიის ხელისუფლების სახელით ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ გეი ადამიანებს ისე ვეპყრობოდით და ვასამართლებდით, როგორც დამნაშავეებს“, — აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ჰონას გარ სთორმა უფლებადამცველი ჯგუფების მიერ გამართულ ღონისძიებაზე.
სახელმწიფო მონაცემების თანახმად, 1902-დან 1950 წლამდე, ნორვეგიაში 119 კაცი გაასამართლეს სხვა კაცებთან სქესობრივი ურთიერთობის ბრალდებით. გეი სექსის კრიმინალიზების კანონი 1972 წელს გაუქმდა.
გეი სექსი პატიმრობით ისჯებოდა, გარდა ამისა, აღნიშნულმა მიდგომამ საზოგადოებაში სტიგმის გამყარებას შეუწყო ხელი.
„კანონმდებლობას უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რამაც ქვიარ ადამიანების დაგმობას, დისკრიმინაციას, დამცირებასა და შანტაჟს ხელი შეუწყო. ადამიანების პირადი ცხოვრების გამო დამნაშავეებად გამოცხადება და დასჯა, ჯანმრთელი ადამიანების სამედიცინო მკურნალობაში ჩართვა, კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობის წართმევა ჩვენი ღირებულებების უხეში დარღვევაა“, — ნათქვამია ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აქტივისტებმა ოფიციალური მობოდიშება მოიწონეს და უფლებადაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მიანიშნეს, როგორიც „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვა, მესამე გენდერის სამართლებრივი აღიარება და ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვისა და ზრუნვის სერვისებზე მეტი ხელმისაწვდომობაა.
„მრავალი ჩვენგანისთვის ეს დაგვიანებულია. ვიცით, რომ მრავალი ადამიანი ცხოვრობდა და კვლავ ცხოვრობს სტიგმით დაღდასმული“, — აღნიშნა ინგე ალექსანდერ გიესტვანგმა, გეი უფლებადაცვითი ორგანიზაციის — FRI-ს ლიდერმა TV2-თან საუბრისას.
ILGA-ს 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჰომოსექსუალობა 69 ქვეყანაში იყო დასჯადი, მათ შორის 11-ში კი ქვიარ ადამიანებს სიკვდილით სჯიან.
წყარო: The Local