ნობელის პრემია 1985 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინრისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძით დაარსდა და 1901 წლიდან გაიცემა ქიმიაში, ფიზიკაში, მედიცინაში, ლიტერატურაში, მშვიდობისა და ეკონომიკის დარგში.
2017 წლის მონაცემებით, ნობელის პრემიის 116-წლიან ისტორიაში, ნობელის პრემია გადაეცა 923 ადამიანს და ორგანიზაციას. მათ შორის, 844 მამაკაცს, 48 ქალს და 24 ორგანიზაციას.
გაგაცნობთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ქალ ავტორებს, რომელთა შემოქმედებამაც ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მსოფლიო ლიტერატურაზე და მრავალ სასიკეთო პროცესს დაუდო სათავე:
სელმა ლაგერლოფი
1909 – შვედეთი
„მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“
სელმა ლაგერლოფი პირველი ნობელიანტი ქალი ავტორია, რომლის შემოქმედებაც მითებსა და ლეგენდებს ეფუძნება. მწერალი მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა, აქტიურად იყო ჩართული სუფრაჟისტულ მოძრაობაში და ცდილობდა, შვედ ქალებს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ნილსისა და გარეული ბატების მოგზაურობა“, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწერა, წიგნი ერთგვარი გეოგრაფიის სახელმძღვანელოა და გვიამბობს დაპატარავებული ნილსის ამბავს, რომელიც ბატებთან ერთად შვედეთის ცაზე მოგზაურობს.
გრაცია დელედა
1926 – იტალია
„მისი დიდი იდეალიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომელიც თვალსაჩინოდ აღწერს მის მამაშვილურ წარსულს და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება“
გრაცია დელედა კუნძულ სარდინიაზე დაიბადა და დიდ ოჯახში იზრდებოდა. მწერალმა მხოლოდ ოთხწლიანი სასკოლო განათლება მიიღო, თუმცა მის განათლებაზე კერძო მასწავლებელიც ზრუნავდა, რომელმაც გოგონას 13 წლის ასაკში უბიძგა გამოექვეყნებინა თავისი მოთხრობა ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში.
მწერლის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონიეს ოჯახის მეგობრებმა, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ გრაცია დელედას სამზარეულოში და ჰყვებოდნენ ამბებს. გრაცია დელედა თავის ნაწარმოებებში ხშირად უტრიალებს სარდინიელი ხალხის ცხოვრებას, მათ ჩუმ ტანჯვას, ტრადიციებსა და წარმოდგენებს, თითქოს ბედისწერა განაგებს ჩვენს ცხოვრებას.
სიგრიდ უნსეტი 1928
ნორვეგია/დანია
„უწინარეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ჩრდილოელთა (სკანდინავიელთა) ცხოვრების ცოცხლად და რეალურად აღწერისათვის“
სიგრიდ უნსეტი დანიაში დაიბადა და მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია მამამ, რომელიც არქეოლოგიურ მუზეუმში მრავალი წელი მუშაობდა. მწერალს ყოველთვის სურდა, თავისი ცხოვრება ლიტერატურისთვის და ხელოვნებისთვის მიეძღვნა, თუმცა ეს იმ დროისთვის არც ისე მარტივი იყო, სწორედ ამიტომ კლერკად დაიწყო მუშაობა, რაც ავტორისთვის გაუსაძლისი იყო.
კლერკის მძიმე სამუშაოსგან გასაქცევად, მწერალი ლექსებს წერდა. მის ადრეულ შემოქმედებაში ქალთა ემანსიპაციის თემებს შევხვდებით. მწერლის ყველაზე ცნობილი რომანია „ქრისტინი, ლავრანსის ქალიშვილი“, რომელიც მკითხველს მეთხუთმეტე საუკუნის ნორვეგიაში ამოგზაურებს და იმდროინდელი ადამიანების მძიმე ყოფისა და მორალურ დილემების შესახებ გვიამბობს.
პერლ ბაკი
1938 – ამერიკა
„მისი ბიოგრაფიული შედევრებისთვის და მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისთვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს”
პერლ ბაკი პირველი ამერიკელი ნობელიანტი ავტორია, რომელიც მისიონერების ოჯახში დაიბადა. მწერალი დაბადებიდან ძალიან მალე ოჯახთან ერთად ჩინეთში გადავიდა საცხოვრებლად, რამაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. გარდა ნობელის პრემიისა, ავტორს 300-ზე მეტი ჰუმანიტარული ჯილდო აქვს მიღებული, იგი აქტიურად იბრძოდა რასიზმისა და სექსიზმის წინააღმდეგ, ცდილობდა, შეეცვალა უმცირესობების ბედი და დახმარებოდა ობოლ ბავშვებს.
პერლ ბაკის შემოქმედება ძალიან მდიდარია და მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ამერიკელების ცნობიერებაში ჩინელების დემითოლოგიზირებაში. მწერალი განსაკუთრებით ცნობილი თავისი ბიოგრაფიული რომანებითაა, სადაც იგი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს აღწერს. მათ შორის, თავის ამაღელვებელ ურთიერთობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილთან.
გაბრიელა მისტრალი
1945 – ჩილე
„ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკისათვის, რომელმაც პოეტის სახელი მთელ ლათინორამერიკულ სამყაროში იდეალური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“
გაბრიელა მისტრალი (ნამდვილი სახელი: ლუისა გოდოი ალკაიაგა ) პირველი ლათინოამერიკელი ნობელიანტი ქალია, რომელიც გარდა მწერლობისა, დიპლომატიური საქმიანობითაც იყო დაკავებული. მწერალი ლესბოსელი იყო და მისი პირველი პოეტური კრებული, „სიკვდილის სონეტები“, თავისი შეყვარებულის, რომელიო ურეტას გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
ჩილელი მწერალი თავის შემოქმედებაში ხშირად უტრიალებდა მორალის, რელიგიის, ბავშვების სიყვარულის, ბუნების, სიცოცხლისა და სიკვდილის თემებს. გარდა იმისა რომ გაბრიელა მისტრალი ცნობილი იყო თავისი შემოქმედებით, სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ პაბლო ნერუდას აღმოჩენას, რომელიც იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც ნობელიანტი ქალი ასწავლიდა.
ნელი ზაქსი
1966 – გერმანია/შვედეთი
„მისი გამორჩეული ლირიკული და დრამატული ნაწარმოებებისათვის, რომელშიც ისრაელის სული ენამახვილური მკაფიოობით არის აღწერილი“
ნელი ზაქსი კიდევ ერთი ნობელიანტი ავტორია, რომელიც გერმანიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წარუშლელი კვალი დატოვა ნაციზმის აღზევებამ. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ნაცისტური გერმანიისგან საფრთხე ემუქრებოდა, სელმა ლაგერლოფის დახმარებით, შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად.
მწერლის შემოქმედება განსაკუთრებული ემოციითა და სიფაქიზით გვიამბობს იმ განცდებზე, რაც ებრაელ ადამიანებს გააჩნდათ. მისი შემოქმედება გაჯერებულია მუდმივი საფრთხისა და შიშის განცდით. თავის ლექსებში ავტორი ხშირად უტრიალებდა ქრისტიანობის, იუდაიზმის და ადრეული გერმანული რომანტიზმის თემებს.
ნადინ გორდიმერი
1991 – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
„მისი ეპიკური პოეზიისათვის, რომელმაც კაცობრიობას უდიდესი სარგებელი მოუტანა და ღრმა შორსმჭვრეტელობით აღწერა ისტორიული მოვლენები“
ნადირ გორდიმერი სამხრეთ აფრიკელი ავტორია, რომელიც თეთრკანიანთა ოჯახში დაიბადა და სეკულარულ გარემოში გაიზარდა. მწერალი რომანისა და მოთხრობების ჟანრში წერდა, გარდა ამისა, აქტიურად ეწეოდა აქტივისტურ საქმიანობას და ჩართული იყო აივ/შიდსით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერ უამრავ კამპანიაში.
მისი შემოქმედება, ძირითადად, სამხრეთ აფრიკულ სოციალურ სისტემას ეხება, აპართეიდს, რომელიც რასობრივ დანაწევრებას ითვალისწინებდა და შავკანიან მოსახლეობას ხმის მიცემის უფლებას ართმევდა. მწერალი განსაკუთრებული შეუვალობით, სენტიმენტების გარეშე აღწერდა რასობრივი სეგრეგაციის მანკიერ და გამანადგურებელ მხარეებს და მსოფლიოს ჯერ კიდევ მაშინ უგზავნიდა გაფრთხილებას, როცა რასობრივ პრობლემებზე მასობრივად არავინ საუბრობდა.
ტონი მორისონი
1993 – ამერიკა
„ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე მისი ლიტერატურული წარმოდგენებისათვის, რომელიც გამოირჩევა საოცნებო ძალითა და პოეტური ლაკონურობით“
ტონი მორისონი პირველი აფროამერიკელი ნობელიანტი ქალი ავტორია, რომელიც 1931 წელს დაიბადა. მისი ოჯახი ამერიკის სამხრეთიდან ოჰაიოში გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა სამხრეთელებისგან დამამცირებელ მოპყრობასა და რასიზმს გაქცეოდა. მორისონის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ოჯახმა, რომელიც ხშირად უზიარებდა მცირეწლოვან ავტორს ამბება და ლეგენდებს ოჯახური თუ აფროამერიკული კულტურიდან.
მწერლის პირველი წიგნია „ყველაზე ლურჯი თვალები“, წიგნი გვიამბობს შავკანიან გოგონაზე, რომელიც ოცნებობს, რომ ჰქონდეს ლურჯი თვალები. მის მაგნუმ ოპუსად კი, შეგვიძლია, „საყვარელი“ მივიჩნიოთ, რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება და გვიამბობს შავკანიანი ქალის, ცინცინატში მცხოვრები სეთის ისტორიას, რომელიც გადაწყვეტს, მოკლას თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, რათა იგი მონობისგან იხსნას.
ვისლავა შიმბორსკა
1996 – პოლონეთი
„მისი ნაწარმოებისათვის, რომელიც ირონიულად და ზუსტად წარმოაჩენს ადამიანური სინამდვილის ფრაგმენტებში ისტორიულ და ბიოლოგიურ დამოკიდებულებას“
ვისლავა შიმბორსკა პოლონელი პოეტია, რომელიც ქალაქ ბნინში (ახლანდელი კურნიკი) დაიბადა. პოეტის მამა პოლონელი ქველმოქმედის ვლადისლავ ზამოისკის სტიუარდი იყო. მწერალმა პირველი ლექსი – „ვეძებ სიტყვას“, 1948 წელს გამოაქვეყნა.
შიმბორსკა შემოქმედების ადრეულ ეტაპზე მხარს უჭერდა სოციალისტურ რეჟიმს და პოლონეთის ერთიანი მშრომელთა პარტიის წევრი იყო, თუმცა 60-იან წლებში მან მისი ადრეული კომუნისტური შემოქმედება უარყო და კომუნისტური პარტია დატოვა. მწერლის შემოქმედებაში დიდი როლი შეასრულა ჩესლავ მილოშმა. მისი შემოქმედება 350-მდე ლექსს მოიცავს.
ელფრიდე იელინეკი
2004 – ავსტრია
„ხმათა მუსიკალური მდინარისათვის რომანებსა და პიესებში, რითაც უნიკალური ენობრივი გატაცებით აღწერს სოციალური სტერეოტიპების აბსურდულობასა და მათ ძლიერ ზეგავლენას საზოგადოებაზე“
ელფრიდე იელინეკი ავსტრიელი ფემინისტი მწერალია, რომელიც ჩეხი-ებრაელი მამისა და მდიდარი ვენელი დედის ოჯახში დაიბადა. მწერლის დედას სურდა, რომ ელფრიდე მუსიკოსი გამოსულიყო, რამაც მათი ურთიერთობა დაძაბა და მწერალი საბოლოოდ შფოთვით აშლილობადმე მიიყვანა. მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება მწერალმა თვითიზოლაციითა და წერის დაწყებით სცადა.
ელფრიდე იელინეკის წიგნები მწვავედ აკრიტიკებს კონსუმერულ და მიზოგენურ საზოგადოებას, ის განსაკუთრებული სისასტიკით აღწერს ქალის როლს თანამედროვე სამყაროში, რის გამოც, ხშირად, მკითხველები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „პიანისტი ქალი“, სადაც დედისა და ქალიშვილის წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობაა აღწერილი.
დორის ლესინგი
2007 – ინგლისი
„ქალური გამოცდილების მქონე ეპიკოსი, რომელმაც სკეპტიციზმით, გატაცებითა და წარმოსახვითი სიძლიერით გამოსაცდელად მოამზადა დანაკუწებული ცივილიზაცია“
დორის ლესინგი კიდევ ერთი ნობელიანტი ავტორია, რომელიც ირანში დაიბადა და მალევე ზიმბაბვეში გადასახლდა. 15 წლის ასაკში მწერალმა მიატოვა ოჯახი და ექიმად დაიწყო მუშაობა. მწერალს ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია, რამაც უბიძგა იმისკენ, რომ წერა დაეწყო. მისი პირველი რომანის „ბალახი მღერის“ გამოცემის შემდეგ, მწერალი სამხრეთ აფრიკაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
დორის ლესინგის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი „ოქროს რვეულებია“, რომელიც 60-იან წლებში გამოიცა და ეპოქალური რომანი უწოდეს. წიგნში ავტორი დაუფარავად საუბრობს სექსზე, ჰომოსექსუალიზმზე, ქალებზე, რომლებიც არ უშინდებიან კაცების სამყაროს, პოლიტიკაზე, აფრიკელების ცხოვრებასა და სოციალიზმზე.
ჰერტა მიულერი
2009 – გერმანია
„რომელიც პოეზიის გაძლიერებითა და პროზის ობიექტურობით გვიხატავს უსამშობლოობის სურათებს“
ჰერტა მიულერი 1953 წელს დაიბადა რუმინეთის გერმანულენოვან რეგიონში. მწერლის დედა გერმანელობის გამო დეპორტირებული იყო საბჭოთა კავშირის იძულებით ბანაკში. მწერალი რუმინეთის უნივერსიტეტში სწავლობდა და გაერთიანებული იყო პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ტოტალიტარული რუმინეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი პირველი მოთხრობების კრებული რუმინეთის მთავრობამ ცენზურას დაუქვემდებარა.
მწერლის შემოქმედება აქტიურად უპირისპირდება ჩაუშესკუს კომუნისტურ მმართველობას. მის პროზაში წამყვანი როლი მწერლის ადრეული ბავშვობის განცდებს, რუმინული სოფლების სიდუხჭირესა და ტოტალიტარული რეჟიმის დამანგრეველ შედეგებს უჭირავს.
ელის მანრო
2013 – კანადა
„თანამედროვე მოთხრობის დიდოსტატი“
ელის მანრო პირველი კანადელი ავტორია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. მწერალი მოთხრობების ჟანრში წერს და მას ხშირად ადარებენ თანამედროვე დროის ანტონ ჩეხოვს. მწერალმა მოთხრობების პირველი კრებული 1968 წელს გამოსცა და მას შემდეგ არაერთი კრებული შესთავაზა მკითხველს.
ელის მანროს მოთხრობებში იშვიათად ხდება რამე მნიშვნელოვანი, მის ტექსტებში სიუჟეტი მეორეხარისხოვანია, წინა პლანზე კი პერსონაჟების განცდები და ემოციებია. იგი აღწერს უბრალო ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ძირითად შემთხვევაში მის მშობლიურ მხარეში, ონტარიოში ცხოვრობენ. კანადელი მოთხობების დიდოსტატის გმირები ხშირად უპირისპირდებიან დროს და გვაჩვენებენ, რომ მის წინაშე ყველანი უძლურები ვართ.
სვეტლანა ალექსიევიჩი
2015 – ბელარუსი
„მისი პოლიფონიური ნაწერებისთვის. ჩვენი დროის ტკივილისა და გამბედაობის მონუმენტი“
სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსი ნობელიანტი მწერალია, რომელმაც კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო. ავტორი საბჭოთა კავშირში დაიბადა და იგი მრავალი წელი იკვლევდა და აგროვებდა საბჭოთა ადამიანების რეალურ ისტორიებს. მას აინტერესებდა, როგორი იყო საბჭოთა ადამიანების ცხოვრება გვიანდელ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეალობაში.
მწერალს არაერთი წიგნი ეკუთვნის, მათ შორის გამორჩეულია „ჩერნობილის ლოცვა“, სადაც ავტორი ზეპირი ისტორიების დახმარებით, აცოცხლებს უკრაინის ქალაქ პრიპიატში მომხდარ ტრაგედიას. მწერალს ასევე ეკუთვნის წიგნები ავღანეთის ომის თემატიკაზე, პოსტსაბჭოთა რეალობასა და მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქალების ისტორიებზე.
ოლგა ტოკარჩუკი
2018 – პოლონეთი
„მხატვრული წარმოსახვისთვის, რომელიც ენციკლოპედიური ვნებით აღწერს საზღვრების კვეთას, როგორც სიცოცხლის ფორმას“
ოლგა ტოკარჩუკი მემარცხენე ფემინისტი ავტორია, რომელიც პოლონეთში, ინტელექტუალთა ოჯახში დაიბადა. მწერალი თავდაპირველად ფსიქოლოგიას სწავლობდა, დაინტერესებული იყო კარლ იუნგის შემოქმედებით და მუშაობდა კლინიკურ ფსიქოლოგად, თუმცა თავდაპირველ პროფესიაზე მალევე თქვა უარი და ლექსების კრებული გამოაქვეყნა.
მისი რომანებისთვის დამახასიათებელია რთული სიუჟეტური ქარგა, ავტორს აინტერესებს და იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიას, ისტორიასა და ლეგენდებს. ავტორს 9 რომანი და არაერთი მოთხრობების კრებული, პოეტური კრებული და დოკუმენტური წიგნი აქვს დაწერილი. გარდა ლიტერატურისა, მწერალი ბოლო წლებში აქტიურად აკრიტიკებს პოლონეთის მთავრობის ქმედებებს და ცდილობს, მხარდაჭერა გამოუცხადოს LGBT და ქალთა ჯგუფებს.
ლუის გლიუკი
2020 – ამერიკა
,,მისი შეუცდომელი პოეტური ენისთვის, რომელიც უნივერსალურს ხდის ინდივიდუალურ ეგზისტენციას”
ლუის გლიკი ამერიკელი პოეტია, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა და ლონგ აილენდზე გაიზარდა. მწერლის მამა უნგრელი-ებრაელია, რომელიც გასულ საუკუნეში გადავიდა ამერიკაში. მწერალი ავტობიოგრაფიულ ჟანრში წერს და მისი ლექსები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მიუხედავად მრავალი ბარიერისა და განსხვავებისა, მაინც რამდენი საერთო აქვთ ადამიანებს ერთმანეთთან.
კრიტიკოსების შეფასებით, ლუის გლიკის ლექსები ლაკონურია, ენობრივად მდიდარია და მის ტონში იგრძნობა სიბნელე, რომელიც ხშირად შემზარავია. პოეტი არ ცნობს ლექსის წყობის ტრადიციულ მეთოდებს, მეტიც, იგი სრულიად უარყოფს ყველანაირ წესებსა და ნორმებს, რის გამოც მისი ხმა უფრო შთამბეჭდავია. ამერიკელ პოეტს 13 პოეტური კრებული ეკუთვნის.
ავტორი – ზურა აბაშიძე