ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება ონლაინ ჩატარდება.
ფესტივალის დღეებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ და მონაწილეობა მიიღონ ლგბტ+ თემში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საკითხის განხილვაში, მასტერკლასებსა და ვებინარებში, ჩაერთონ დისკუსიაში მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებთან. დაინტერესებული პირები შეძლებენ ლგბტქ+ შვილების მშობლების მხარდამჭერი ჯგუფის წევრებთან დისკუსიას.
ფესტივალის დასკვნითი, გასართობი საღამო დაეთმობა სექსუალურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო სექსზე ინფორმაციის მიწოდებას და ჩატარდება სოლიდარობის მარში – ”მე ყველაფერი კარგად მაქვს”. მართალია, მარშზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, თუმცა მხოლოდ ონლაინ – გრაფიკული ვიდეო ფორმატით.
მოლდოვის რესპუბლიკა მცირე ზომის სახელმწიფოა, რომელიც რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3 500 000 ადამიანია. საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1991 წელს), შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ქვეყანას გამოეყო თვითგამოცხადებული ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა, რომლის კონტროლის ქვეშაა მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპირო.
დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მცხოვრები მოქალაქეები მეტად ემხრობიან ქვეყნის განვითარების დასავლურ კურსს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაცხოვრებლებისთვის კი მეტად მისაღები და სასურველი რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობაა. იქ ისევ აქტუალურია საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა, რომელიც შენარჩუნებულია მოედნებზე ლენინის ძეგლებისა და სხვა ატრიბუტიკის სახით.
კიშინიოვში მომუშავე ქვიარ ორგანიზაცია Genderdoc-M-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა მოლდოვაში საკმაოდ მძიმეა – თემის წევრების მიმართ სიძულვილით მოტივირებული ინცინდენტები და დანაშაულებრივი ქმედებები ხშირია, საგამოძიებო ორგანოებისადმი მიმართვიანობა – დაბალი, პოლიციის მხრიდან დამოკიდებულება – ჰომოფობიური, სისტემატურად ხდება ქვიარ აქტივისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები.
მოლდოვას პრაიდი მშვიდობიანად პირველად 2019 წელს ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილე ქვიარ აქტივისტი ღონისძიებას ასე აღწერს: “მოლდოვა პრაიდი” – “ეს არის იმ ადამიანების უდიდესი მიღწევა, რომლებიც მოლდოვაში ადამიანების უფლებების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწეობდნენ. ვიცი, რა გამოწვევებიც გქონდათ ადრე ღონისძიების ორგანიზატორებს, მაგრამ 2019 წელს მარში პირველად ჩატარდა ბოლომდე ისე, როგორც იგეგმებოდა. პოლიციელებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი საკუთარ სამუშაოს და მართლაც იცავდნენ მონაწილეებს. ამასთან, მე იქ ვერ დავინახე მნიშვნელოვანი ჰომოფობიური ოპოზიცია: ადამიანები, ვინც აგრესიულად ყვიროდნენ ჩვენი მისამართით, ძალიან ცოტანი იყვნენ.”
2021 წლის ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ”მოლდოვა პრაიდი” ლგბტ+ თემის ხილვადობის გაზრდის, ასევე, თემის პრობლემებისა და უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ტარდება.