ნინო ბოლქვაძე, იურისტი, ქვიარ აქტივისტი:
ბოლო დღეებში ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს გიორგი გახარია არის ლგბტქი თემის აქტიური მხარდამჭერი. მას უკავშირდება 2020 წელს საქართველოში ლგბტქი თემისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაცემაც და თემის უფლებების, მათ შორის გამოხატვისა და საჯაროდ შეკრების თავისუფლების მხარდაჭერაც.
მოცემული მიმოხილვით გაგიზიარებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა. დასკვნები კი შემდეგ გავაკეთოთ.
2020 წლის 17 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #116, რომლის ძალით ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აისახა საქართველოს მთავრობის პოზიტიური ვალდებულებები დაიცვას ლგბტქი თემის უფლებები.
- მოცემული ნორმატიული აქტის მიხედვით საქართველოს მთავრობა ვალდებულია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის დასაძლევად:
- ჩაატაროს ცნობიერების ამაღლების სოციალური კამპანიები;
- მოამზადოს და გაავრცელოს ბროშურები;
- აღკვეთოს სიძულვილის ენა;
- დააიდენტიფიციროს და აღკვეთოს სკოლის სახელმძღვანელოებში ლგბტქი თემის მიმართ სტიგმის წამახალისებელი მოსაზრებები;
- საჯარო დაწესებულებებში გაატაროს ღონისძიებები შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოსაფხვრელად;
- აწარმოოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების სეგრეგირებული სტატისტიკა;
- გადაამზადოს გამომძიებლები და პროკურორები:
- შეიმუშავოს პროტოკოლი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე და შეისწავლოს ტრანსგენდერი ადამიანებისგან მიღებული საჩივრები სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით;
- გამოიკვლიოს ინტერსექსი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები;
- აღკვეთოს ლგბტქი პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, დისკრიმინაცია და მათი სეგრეგაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
- უზრუნველყოს ლგბტქი ადამიანებისთვის კრიზისული ცენტრის გამართული მუშაობა;
- შეიმუშავოს დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის თავშესაფრის კონცეფცია.
ჩემი აზრით, აღნიშნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ქვიარ თემის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა ეს ცვლილებები საქართველოს მთავრობამ და არა პერსონალურად გიორგი გახარიამ მიიღო არა იმიტომ რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები არიან ქვიარ თემის მხარდამჭერები, არამედ იმიტომ რომ საქართველოს, საერთაშორისო დონეზე, სხვა სახელმწიფოებთან და საკუთარი მოქალაქეების წინაშე აღებული აქვს რიგი ვალდებულებები საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერით და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის უნდა შეასრულოს ეს ვალდებულებები.
აქვე უნდა ითქვას – რომ არა საქართველოში მოქმედი ლგბტქი უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა და შრომა, ზემოაღნიშნული დებულებები საქართველოს კანონმდებლობაში ვერასოდეს გაჩნდებოდა.
ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაა რომ პანდემიის პირობებში ლგბტქი თემის ყველაზე მოწყვლადი წარმომადგენლებისთვის გამოიყო ჰუმანიტარული დახმარება ისეთი პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არის საკვები პროდუქტები, კომუნალური გადასახადები, ბინის ქირა. რომ არა ეს საკმაოდ მცირე, მაგრამ კრიტიკულად საჭირო დახმარება, თემის ყველაზე ღარიბი და დაუცველი წევრები, კარანტინის პირობებში, აღმოჩნდებოდნენ ღია ცის ქვეშ და მოუწევდათ შიმშილი.
კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ეხება ტრანსგენდერი ადამიანისთვის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საპასპორტო სქესის აღიარებას, როდესაც სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი შეიცვალა ქირურგიული ოპერაციის შედეგად. აქვე უნდა ითქვას, რომ სტერილიზაციის გარეშე სქესის ჩანაწერის შეცვლა ისევ შეუძლებელია, რაც სამართლებრივად არაადამიანური მოპყრობად ფასდება.
ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრებმა ლგბტქი თემის წარმომადგენლების უმეტესობამ ჯერ ვერ ვიგრძენით მოცემული ცვლილებების სასიკეთო შედეგები. რათქმაუნდა ფურცელზე შედგენილი რეგულაციების რეალურ ცხოვრებაში გადატანას სჭირდება დრო და შრომა. ასევე ხელისუფლების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი და აქაც არასამთავრობო ორგანიზაციების როლი შეუცვლელია.
თუმცა ყოველივე ზემოხსენებული ძალისხმევა არ არის საკმარისი იმისთვის რომ ქვიარ თემის წარმომადგენლებმა თავი სრულუფლებიან მოქალაქეებად ვიგრძნოთ იმ ქვეყენაში, სადაც ვცხოვრობთ და სახელმწიფო გადასახადებსაც ვიხდით, საიდანაც შემდეგ რიგდება ხელფასები, პრემიები, შემოწირულობები ჩვენი მაგინებლებისთვის და მჩაგვრელებისთვის.
შეიძლება გაიფიქროთ – მეტი რაღა გინდათ? “მეტი” არ გვინდა. გვინდა ზუსტად იმდენი რაც ყველა დანარჩენს აქვს, არც მეტი არც ნაკლები. შევეცდები ავხსნა ის მთავარი დაბრკოლება, რაც ხელს გვიშლის სოციუმში ჰარმონიულად, წარმატებულად ინტეგრირებაში და რაზეც, ჩემი აზრით, დგას ქვიარ თემის ჩაგვრა ზოგადად.
რა არის ეს საძირკველი, რომელიც ქვიარ თემის მიმართ სტიგმას ასაზრდოებს? რა არის ეს საძირკველი, რომლის გარეშეც უცხოს შიშით ნაშენები ციხესიმაგრე ბანქოს სახლივით ჩამოექცევა და ვეღარასოდეს აეგება ახლიდან? რისი გაგება უჭირთ არა მხოლოდ ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებს, არამედ ქვიარ თემის მხარდამჭერებსაც და ხანდახან თავად თემის წევრებსაც?
ბოლო წლების განმავლობაში თავად ლგბტქი თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს შორის იმართება დისკუსია იმასთან დაკავშირებით თუ რაში შეიძლება გვჭირდებოდეს საჯარო ღონისძიებები – საჯარო შეკრება თუ მარში. ამ საკითხის გადააზრებას დაეთმო არა ერთი საჯარო მსჯელობა, რა დროსაც გამოხატვის თავისუფლება განხილულ იქნა, ჩემი აზრით, ოდნავ ვიწრო მნიშვნელობით – ძირითადად როგორც ლგბტქი თემის უფლებების ადვოკატირების ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ ხერხი, რომლის გამოყენებით თემს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი სათქმელი მიიტანოს საზოგადოებასთან და ხელისუფალთან, რომლისგანაც ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს თუ კანონის ეფექტურ გამოყენებას.
თუ ადამიანის ან სოციალური ჯგუფის გამოხატვის საჭიროებას დავიყვანთ ასეთ ვიწრო გაგებამდე, მაშინ მართლაც გამოდის რომ აღარ გვჭირდება საკმაოდ დისკომფორტული და სარისკო საჯარო შეკრებების თუ მარშების გამართვა, რადგან საზოგადოებამ უკვე გაიგო ქართველი ქვიარ ადამიანების არსებობის შესახებ – თემი გახდა ხილვადი და ხელისუფლამა გაატარა საკმაოდ საფუძვლიანი საკანონმდებლო რეფორმა ლგბტქი ადამიანების უფლებების დასაცავად.
სწორედ ამ საკითხის მეტად გადააზრება გვჭირდება – რა არის გამოხატვის თავისუფლება ქვიარ თემისთვის? არის ეს მხოლოდ თემის ხილვადობის გაზრდის და პრობლემებზე საუბრის ინსტრუმენტი თუ ამავდროულად არის სტიგმის დაძლევის საშუალება?
წელს 17 მაისთან დაკავშირებით ჩატარებული ონლაინ დისკუსიისას, ქვიარ თემის ერთ-ერთი მხარდამჭერისგან მოვისმინე ასეთი მოსაზრება რომ ლგბტქი თემი სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით არის უხილავი თემი და იმისთვის რომ მან საკუთარი უფლებები მოითხოვოს ჯერ ხილვადი უნდა გახდეს და ამას ემხასურება ისეთი საჯარო შეკრება, რომელიც 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღმნიშვნას ეხება. ჩემი აზრით, ქვიარ თემის ნაწილი არის ხილვადი არა მხოლოდ 17 მაისს და არა მხოლოდ ცისარტყელის ფერებიანი დროშით ხელში, არამედ ისედაც. კი რათქმაუნდა არიან არაფემინური გეები და ფემინური ლესბოსელებიც, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ ვისაც ასე ვთქვათ “გვეტყობა” ჩვენი სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა? ტრანსგენდერმა ადამიანებმა რა ქნან? რა ვქნათ არაბინარული გენდერული იდენტობა ვისაც გვაქვს? ინტერსექს ადამიანებმა? ხშირად ჩვენ ხილვადები ვართ მანამდე სანამ ჩვენ თავადვე გავაცნობიერებთ ჩვენი პიროვნების ამ სხვადასხვა იდენტობებს და პირველად გაგვიჩნდება ვინმეს მიმართ რომანტიული გრძნობები. და სწორედ იმის გამო რომ ამ იდენტობების გარეგნული მახასიათებლები ამოცნობადია გარშემომყოფთათვის გვექმნება საფრთხე ადრეული ბავშვობიდან და ინტერსექს ადამიანებისთვის დაბადების პირველივე დღიდან.
ამიტომ ლგბტქი თემისთვის გამოხატვის თავისუფლება არ არის მხოლოდ უფლებების ადვოკაციის ინსტრუმენტი. საზოგადოება ჩემი პიროვნების გარეგნული მახასიათებლების დამალვას მაიძულებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს მანგრევს შინაგანად, მისპობს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მართმევს სიცოცხლეს, ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობას. ჩემი გამოხატვა ამ შემთხვევაში ჩემი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. და ჩემი პიროვნების აკრძალვაზე გადის ჩემი ჩაგვრა.
თუ ჩვენ გვინდა რომ ქვიარ ადამიანებს არ კლავდნენ, არ ასახიჩრებდნენ, არ აწამებდნენ, არ ტოვებდნენ საარსებო წყაროს გარეშე, მაშინ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ უფლებას იყონ ისინი ვინც არიან საჯარო სივრცეში და წინ აღვუდგეთ მათ ვინც დამალვას აიძულებს.
მოდით ახლა გადავხედოთ გიორგი გახარიას მოღვაწეობას – რამდენად მხარდამჭერი იყო ის ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლების საკითხში. გიორგი გახარია დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად 2017 წლის ნოემბერში. მას შემდეგ ლგბტქი თემის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თვისუფლების შეზღუდვა დაიწყო სამი მიმართულებით:
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ლგბტქი აქტივისტების მისამართით;
ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება და აქამდე უპრეცენდენტო დანაშაულებრივი და სრულიად დაუსჯელი საქმიანობა;
კანონის სხვადასხვა დებულებების გამოყენება ლგბტქი თემის წევრების შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების აკრძავლისთვის, რასაც რუსეთის ფედერაციაში გავრცელებული პრაქტიკის მსგავსად საფუძვლად ედება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებების დაცვის მიზნები.
ამგვრად, გიორგი გახარიას მოღვაწეობის დროს ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა რეალურად კი არ გაუმჯობესდა არამედ გაუარესდა.
ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება ქართულ პოლიტიკაში შემდეგი ხერხით – ქართული ოცნება იქნება ორიენტირებული მეტად კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველზე, ხოლო გიორგი გახარიას ხელით ის შეეცდება მოიპოვოს იმ ამომრჩეველის ხმები, რომელიც ქართულმა ოცნებამ თავისი ძალადობრივი ქმედებებით და აშკარად დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხარდაჭერით დაკარგა.
მე, კი, როგორც საქართველოში მცხოვრებ ლესბოსელ ქალს, და ლგბტქი თემის აქტიურ წევრს, რომელიც ყოველდღიურად ისმენს ძალადობის ისტორიებს თემის წევრების მხრიდან და პოლიციის უმოქმედობის ისტორიებს, ისღა დამრჩენია მქონდეს ჩვენი ხალხის იმედი, რომ ისინი არ მისცემენ თვალთხარია მოძალადეს უფლებას გააგრძელოს თავისი “მოღვაწეობა” მთლიანად ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ფოტო ეკუტვნის სააგენტოს ტაო ნიუს