//

როცა ,,მებრძოლი დემოკრატია“ გარდაუვალია

ავტორი: თამარ ავალიანი

,,მებრძოლი დემოკრატიის“ იდეა (militant democracy)

კონცეფტი – ,,Militant democracy,’’ კარლ ლევენშტაინს ეკუთვნის, რომელმაც ის 1937 წელს შეიმუშავა და ევროპაში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ კონცეფტის მიზანია კონსტიტუციური დემოკრატიის დაცვა პოლიტიკური უფლებების კუთხით შემზღუდველი მეთოდების გამოყენებით.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ პრინციპი წარმოადგენს სამართლებრივად ავტორიზებულ საგამონაკლისო შეზღუდვას გარკვეული პოლიტიკური უფლებებისა იმისთვის, რათა შენარჩუნებულ იქნას ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ მიზანი ფაშისტური და ქსენოფობიური გამოვლინებების მარგინალიზება და კანონგარეშედ გამოცხადებაა. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ ამოცანაა, რეპრესიული ზომების გამოყენებით ებრძოლოს იმ საფრთხეებს, რომელებიც სახელმწიფოს დემოკრატიულ მომავალს ემუქრება.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ გამოვლინებას წარმოადგენს სიძულვილის ენის კანონმდებლობით რეგულირება, ფაშისტური და ქსენოფობიური ხასიათის, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიის შექმნის აკრძალვა და სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების კრიმინალიზება.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ პრინციპების გამოყენება ექსტრემისტული და ძალადობრივი დღის წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ,,მებრძოლი დემოკრატია“ (militant democracy) დემოკრატიის თვითდაცვის იდეას ეფუძნება.

პარტიის რეგისტრაციის აკრძალვის საფუძვლები

საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტები პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვის პრაქტიკას საგამონაკლისო და მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში ითვალისწინებენ. პარტიის შექმნის აკრძალვა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას უნდა ემსახურებოდეს. პარტიის ამკრძალავი ზომები, ყველა შემთხვევაში, უნდა იყოს ობიექტური და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებით, პარტიის შექმნის პრევენციული აკრძალვა უკიდურესად საგამონაკლისო ზომას წარმოადგენს. იგი შეიძლება განხორციელდეს მაშინ, როდესაც პარტია ეფუძნება ძალადობრივ მიზანს, რითაც ემუქრება საზოგადოებრივ მშვიდობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში.

ვენეციის კომისიის შეფასებით, შესაძლებელია, აიკრძალოს ისეთი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემქმნელია, ბაზისურ დემოკრატიულ წესრიგს აყენებს საფრთხეს, იყენებს ძალადობას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღვივებს ეთნიკურ, სოციალურ ან რელიგიურ სიძულვილს. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, რომელიც ახალისებს რასიზმს, ქსენოფობიას და არატოლერანტობას.

როგორც უნივერსალური, ისე რეგიონალური სამართლებრივი ინსტრუმენტები, პარტიის შექმნის აკრძალვის ან გაუქმების ვალიდურ საფუძვლად საჯარო წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, მორალის და ეროვნული უსაფრთხოების (ანტიტერორისტული და ანტიექსტრემისტული მიზნები) და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ლეგიტუმურ მიზანს მიიჩნევენ.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გამართებულ იქნას თუ პარტიის პოლიტიკური მიზანი ძალადობის ადვოკატირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა. მხოლოდ ის, რომ პოლიტიკური პარტია ითხოვს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას, არ არის საკმარისი საფუძველი პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის.

პოლიტიკური პარტიის შექმნაზე უარი კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებების დაცვით უნდა განხორციელდეს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვა მხოლოდ მცირე ადმინისტრაციული გადაცდომების შემთხვევაში. ასევე, დაუშვებელია, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე უარი, თუ მისი პოლიტიკური შეხედულებები ვინმეს არ მოსწონს. პარტიის რეგისტრაციაზე უარი უნდა უკავშირდებოდეს მასობრივ ძალადობას, სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას და სახელმწიფოს დემოკრატიული წესწყობილების ხელყოფას. პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მნიშვნელოვანია, თავად პოლიტიკური პარტიის ლიდერები პარტიასთან ან საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებულ ძალადობის პროვოცირებას, ორგანიზებას ახდენდნენ ან/და თავადაც მონაწილეობდნენ ამგვარი ძალადობაში. პოლიტიკური გაერთიანება შეიძლება აიკრძალოს, თუ მისი საქმიანობა და მიზანი სისხლის სამართლის კანონს და ხალხთა შორის ურთიერთგაგების იდეას ეწინააღმდეგება.

სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციები პოლიტიკური გაერთიანებების პრევენციულ (პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვა) და რეპრესიულ (მოქმედი პარტიის აკრძალვა) შემთხვევებს იცნობენ. პარტიის პრევენციული აკრძალვა აპრობირებული მექანიზმია ევროპულ ქვეყნებში:

გერმანიის ძირითადი კანონის 21-ე მუხლი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად დემოკრატიული ფასეულობებისა და კონსტიტუციური წესრიგისათვის საფრთხის შექმნას მიიჩნევს. პორტუგალიის კონსტიტუცია კრძალავს რასისტული და ფაშისტური პარტიების შექმნას, სლოვაკეთის კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად დანაშაულის თავიდან აცილების და ადამიანის უფლებების დაცვის მიზანს უთითებს. ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პარტია შეიძლება აიკრძალოს, თუ ორგანიზაცია კრიმინალურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანი დანაშაულის ჩადენა და სიძულვილის გაღვივებაა. ალბანეთის კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, რომლის მიზანი და ქმედებები ანტიდემოკრატიულ და ტოტალიტარულ ხასიათს ატარებს და პოლიტიკის კეთებისთვის ანტიდემოკრატიულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ჩეხეთის კონსტიტუცია პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად გაერთიანების მიერ მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფას მიიჩნევს. საფრანგეთისკონსტიტუცია პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, პატივი სცენ დემოკრატიულ ფასეულობებს. საფრანგეთის კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად ადამიანთა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გავრცელებას და დისკრიმინაციულ მოპყრობას მიიჩნევს. ბულგარეთის კონსტიტუცია პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად პოლიტიკური პარტიის მიერ ფაშისტური და რასისტული იდეების პოპულარიზაციას განსაზღვრავს. ლიხტენშტაინის კონსტიტუცია კრძალავს ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნას, რომლის მიზნები და საქმიანობის მეთოდები სახელმწიფოსთვის სახიფათოა, იგივე დანაწესს განსაზღვრავს შვეიცარიის კონსტიტუციაც.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის აკრძალვის კუთხით, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნად ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მიიჩნევს.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით“.  პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივება მიზნით და აშკარა ქმედებით განპირობებული ქცევა უნდა იყოს. სიტყვები „ეწევა” და „აღვივებს” უშუალო მოქმედებაზე მიუთითებს და არა მხოლოდ ამ მოქმედების მიზანზე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული, ჰომოფობიური შინაარსისა და ძალადობრივი განცხადებებით ცნობილი გაერთიანებაა. ამ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისის  მასობრივი ძალადობრივი ქმედებების შემოქმედები და შემსრულებლები, რაც საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ალტ-ინფოს წარმომადგენლები ეწეოდნენ არა მარტო ძალადობრივ პროპაგანდას, არამედ გეგმავდნენ და აღასრულებდნენ მასობრივ ძალადობას ლგბტიქ ადამიანების მიმართ და მათ ფიზიკურ განადგურებაზე საუბრობდნენ. ამ პარტიის თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე, არის სწორედ ის პირი, რომელმაც ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მისით დღემდე საგამოძიებო ორგანოები არ ინტერესდებიან. შესაბამისად, ,,ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითა და საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლებიდან გამომდინარე, ალტ-ინფოს ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია სახელმწიფომ არ უნდა გაატაროს რეგისტრაციაში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მისი დარეგისტრირების შემთხვევაში, მიზანშეწონილია, ამოქმედდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმართვის პროცედურა.

წინა

ქვიარ კაცები პოლაროიდის ფოტოებში – კლიფტონ მუნის შემოქმედება

შემდეგი

ასეთ ქვეყანაში ტოლერანტობის დღის მილოცვა რთულია – ტარიელ ნაკაიძე

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი