ქვიარ ადამიანების მიმართ ზიზღით სავსე ქვეყანაში, ალექსია სალვადორი რწმენას იყენებს, სხვა ქვიარებს რომ დაეხმაროს. „მე ვგრძნობ მათ ტკივილს, რადგან მეც და ჩემმა ოჯახმაც იგივე განვიცადეთ“ – ამბობს პირველი ტრანსგენდერი პასტორი ბრაზილიაში და იმედი აქვს, რომ საკუთარი რწმენით ბევრ ადამიანს დაეხმარება. მისი სურვილია, შეცვალოს ურთიერთობა ეკლესიასა და ლგბტ თემს შორის, გახადოს ის უფრო შემწყნარებლური და მიმღებელი.
ბრაზილიის ტრანსგენდერთა ასოციაციის (Antra) მონაცემებით, გასულ წელს ბრაზილიაში 175 ტრანსგენდერი დაიღუპა. მათი უმეტესობა ტრანსგენდერი ქალები იყვნენ, შავკანიანები და ღარიბები. სამწუხაროდ, ეს ძალადობრივი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს ორმა მამაკაცმა სცემა, ქალი ხელ-ფეხ შეკრული საბარგულში ჰყავდათ, იქვე მყოფ პოლიციას კი რეაგირება არ მოუხდენია.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსია სალვადორის მსახურების ნაწილი ქადაგებაა, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტრანსგენდერების ეკლესიაში მიღებაა, მათი მოსმენა და იმის გარკვევა, თუ რა სჭირდებათ, იქნება ეს საკვები, საცხოვრებელი თუ სულიერი საზრდო. მისი ეკლესიის კარი ყოველთვის ღიაა ქვიარებისთვის და უსაფრთხო ადგილია ჩაგრულებისთვის.
სალვადორი ყოველთვის რელიგიური იყო. 7 წლის ასაკში მან მშობლებს სთხოვა, ეკლესიაში წაეყვანათ. სკოლაში ბულინგი მაშინაც ხშირი იყო, სალვადორი კი ეკლესიისგან შვებასა და მიმღებლობას ელოდა. „თავიდან, როცა ეკლესიაში დამელაპარაკნენ და არ დამცინეს, გაოგნებული ვიყავი. იქ პირველად ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანი და საჭირო ვიყავი“ – იხსენებს ის. შემდეგ ალექსიამ სემინარიაში სწავლა და კათოლიკური ეკლესიის წევრობა გადაწყვიტა, თუმცა იქ დიდი წინააღმდეგობა და მიუღებლობა დახვდა. ტოქსიკური გარემოს გამო, სალვადორი კათოლიკური სემინარიიდან წამოვიდა, თუმცა რწმენა და ეკლესიასთან სიახლოვე არ შეუწყვეტია.
ერთი წლის შემდეგ, მან სან-პაულოში აღმოაჩინა ეკლესია, სადაც მღვდელი – ტროი პერი გაიცნო. ალექსია მიიღეს ლათინოამერიკელმა მიტროპოლიტმა და მისმა მრევლმა. სწორედ ამ ეკლესიაში იქორწინა ტრანსგენდერმა პასტორმა თავის კაც პარტნიორთან. „პანიკა, რომელიც თან მსდევდა, მას შემდეგ გაქრა, რაც აქ აღმოვჩნდი. როცა თეოლოგიას ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ სისუსტე და ნაკლი ყველას გვაქვს, თუმცა ტრანსგენდერობა არც სისუსტეა და არც ნაკლი“ – ამბობს ალექსია.
სანამ პასტორი გახდებოდა, ალექსია სალვადორს გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზის გავლა მოუწია. ამჟამად, კოვიდ პანდემიის გამო ეკლესია ონლაინ მუშაობს, თუმცა ხალხის დახმარებას აგრძელებენ. „რელიგია, რომელიც იესომ ჩვენამდე მოიტანა, ყველასთვისაა. ვიყო ტრანსგენდერი პასტორი ქალი, კიდევ ერთხელ იმის შეხსენება და გაცნობიერებაა, რომ საეკლესიო სივრცე ყველასია.“
წყარო: theguardian.com