იმ ტრადიციულ ქრისტიანულ ეკლესიათა რიცხვს, რომლებიც ერთნაირსქესიან წყვილთა ჯვრისწერებს აღასრულებენ, შვეიცარიის ძველკათოლიკური ეკლესიაც (Die Christkatholische Kirche der Schweiz) შეემატა.
10-11 სექტემბერს ჩატარებულმა შვეიცარიის ძველკათოლიკური ეკლესიის ეროვნული სინოდის 154-ე კრებამ და ეპისკოპოსმა განაჩინა, რომ „ყოველი კურთხევა, რომელსაც ეკლესია მიანიჭებს ნებისმიერი სქესის ორ ზრდასრულ ადამიანს შორის არსებულ სამოქალაქო ქორწინებას, თანასწორად საკრამენტულია“ – წერია სინოდის დადგენილებაში. ეროვნული სინოდის მონაწილეთა უმრავლესობამ ხმა მისცა ეკლესიის ინოვაციას, გახდეს უფრო მეტად „კათოლიკე“ (საყოველთაო), თუმცა 2 დელეგატი ამ წამოწყების წინააღმდეგ გამოვიდა.
2022 წლის ნაციონალური სინოდის განსახილველი თემა ჯვრისწერის საკრამენტის ტექსტის რეფორმა იქნება, რომელშიც გენდერული ენის ცვლილება უნდა მოხდეს და მიესადაგოს არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს, არამედ ერთნაირსქესიანებსაც.
შეიცარიის ძველკათოლიკური ეკლესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკლესიაა ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი მრევლი კი დაახლოებით 12,000 ადამიანია.
ფოტოზე: წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ძველკათოლიკური კათედრალი, ბერნი.
ავტორი – თომა ლიპარტიანი: ანგლიკანურ/ეპისკოპალური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი