პირველი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ღონისძიება იმართება, რომელიც აივ/შიდსთან ბრძოლას ისახავს მიზნად.
დაავადება, რომელიც 40 წლის წინ გაჩნდა, ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა სასიკვდილო, თუმცა დღესდღეობით, ის აღარ არის ფატალური და ექვემდებარება სპეციალურ მკურნალობას.
გაიცანით ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აივ/შიდსთან ბრძოლაში და მათი თამამი ნაბიჯი სტიგმებთან ბრძოლაში ეფექტური აღმოჩნდა.
ბილი პორტერი
Pose-ის და Cinderella-ს მსახიობმა 2021 წელს, The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის აივ დადებითია.
ქვიარ მსახიობი დაავადებასთან ერთად 14 წელია ცხოვრობს და ამბობს, რომ აქამდე ამის თქმა ხმამაღლა უჭირდა, რადგან რთული იყო მისთვის იმის წარმოდგენა, რომ კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდებოდა, რის გამოც ჩაგვრის ობიექტი შეიძლებოდა გამხდარიყო.
მსახიობმა ინტერვიუ მას შემდეგ მისცა, რაც მან დედამისს გაუმხილა თავისი სტატუსის შესახებ.
ჯონათან ვან ნესი
ჯონათან ვან ნესი Netflix-ის რეალითი შოუს, Queer Eye-ის ერთ-ერთი წამყვანია, რომელმაც თავის სტატუსზე 2019 წელს საჯაროდ ისაუბრა.
მსახიობი 25 წლის იყო, როცა თავისი სტატუსი გაიგო და მას შემდეგ ეძებდა შესაბამისს მომენტს, რომ ეს სხვებისთვისაც გაეზიარებინა და თავისი წვლილი შეეტანა შიდსთან ბრძოლაში.
მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ Queer Eye-ის გამოსვლის შემდეგ ბევრს ფიქრობდა, ეთქვა თუ არა თავისი სტატუსი, საბოლოოდ კი პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის ჰომოფობიურმა ნაბიჯებმა დაარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა ეთქვა.
Trinity K Bonet
Trinity K Bonet „რუპოლის დრაგ შეჯიბრის“ მეექვსე სეზონის მონაწილეა, რომელმაც თავისი სტატუსის შესახებ გადაცემაში ისაუბრა.
მისი მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის აეხსნა, აივ/შიდსის მკურნალობის დადებითი მხარეები და დაემსხვრია სტიგმა, რომ აივ დადებითი ადამიანი საშიშია საზოგადოებისთვის.
დრაგ ქვინმა არაერთი განცხადება გააკეთა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მკურნალობისა და მედიკამენტების ყოველდღიურად მიღების შედეგად, აივ დადებითი ადამიანი არაგადამდები ხდება.
გარეტ ტომასი
გარეტ ტომასი უელსელი რაგბის მოთამაშეა, რომლის ქამინგაუთიც მრავალი ლგბტ+ ადამიანისთვის ინსპირაცია გახდა.
გარეტის სტატუსის შესახებ 2019 წელს ტაბლოიდებმა დაიწყეს წერა, რამაც სპორტსმენი აიძულა, საჯარო განცხადება გაეკეთებინა და დაეწყო სტიმგების წინააღმდეგ ბრძოლა.
რაგბის მოთამაშემ აღიარა, რომ იმ დროს, როცა თავისი სტატუსის შესახებ გაიგო, მას გააჩნდა ძალიან მცირე ინფორმაცია ამ დაავადებასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაციები მოძველებული იყო.
ნათანიელ ჰალი
ნათანიელ ჰალი 34 წლის მსახიობია, რომელიც გასულ წელს გამოსულ სერიალში, It’s a Sin-ში მონაწილეობს. სერიალი ბრიტანეთში შიდსის ეპიდემიაზე გვიამბობს.
ნათანიელმა გასულ წელს გააკეთა საჯარო განცხადება და თქვა, რომ ის 16 წლის ასაკში, პირველი სექსის დროს დაინფიცირდა.
მსახიობი ინტერვიუში ყვება, რომ მას ვერ წარმოედგინა, თუ ეს დაავადება დაემართებოდა და მრავალი წლის განმავლობაში უარს ამბობდა ტესტირებაზე.
მეჯიქ ჯონსონი
1991 წელს სტიგმები აივ/შიდსის გარშემო ძალიან მაღალი იყო. NBA-ის ვარსკვლავმა, მეჯიქ ჯონსონმა კი სწორედ ამ წელს გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ის აივ დადებითია.
მას შემდეგ 30 წელი გავიდა და კალათბურთელი აგრძელებს ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრებას.
როგორც გასულ წელს ჯონსონმა თქვა, ყველაზე რთული ცოლისთვის იყო მისი სტატუსის გამხელა, რადგან ისინი ახალდაქორწინებულები იყვნენ და პირველ შვილს ელოდებოდნენ.
როკ ჰადსონი
როკ ჰადსონის ლეგენდარული ამერიკელი მსახიობია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ნამდვილ მაჩოდ იყო აღიარებული და არავინ იცოდა, რომ სინამდვილეში გეი იყო.
ყველაფერი 1985 წელს შეიცვალა, როცა მსახიობმა განაცხადა, რომ ის აივ დადებითი იყო. მსახიობი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, რომელმაც ეს აღიარა.
ჰადსონი იმავე წელს, 1985 წელს გარდაიცვალა. მისმა საჯარო აღიარებამ კი ძალიან დიდი როლი შეასრულა სტიგმებთან ბრძოლაში.
ფრედი მერკური
ფრედი მერკური კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელზეც არაერთი სტატია იწერებოდა სიცოცხლის ბოლო თვეებში, ტაბლოიდები ნადირობდნენ, რომ გაეგოთ, რა ხდებოდა ვარსკლავის გარშემო.
ლეგენდარულმა Queen-ის სოლისტმა ჭორებს სიკვდილამდე 24 საათით ადრე გასცა პასუხი და განაცხადა, რომ ის აივ დადებითია.
მისმა ამ ნაბიჯმა ძალიან დიდი როლი ითამაშა აივ/შიდსთან ბრძოლაში და მრავალი ადამიანისთვის აღმოჩნდა განგაშის ზარი.
ჯია კარანჯი
ჯია კარანჯი პირველი ცნობილი ქალია, რომელიც შიდსის ეპიდემიას ემსხვერპლა. 26 წლის სუპერმოდელი, რომელიც ცნობილი ჟურნალის გარეკანზე ბევრჯერ აღმოჩენილა, მძიმე ნარკოტიკების მოხმარების გამო დაინფიცირდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში არსებობდა ვარაუდი, რომ შიდსი მხოლოდ ქვიარ მამაკაცების დაავადება იყო, ჯია კარანჯის ტრაგიკულმა სიკვდილმა ამ არასწორ ინფორმაციას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
1999 წელს პირველ სუპერმოდელზე ფილმიც გადაიღეს, სადაც მთავარ როლში ანჯელინა ჯოლი გვევლინება.