/

დრეგი ჩემთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო – ინტერვიუ Otaraant Queer-თან

ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე

Otaaraant Queer – თავისუფლება და ემპი

დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ ქვინების პერფომანსებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რა მაგარია, როცა ასეთი თავისუფალი ხარ, რაც გინდა, იმას აკეთებ, არაფერი გბოჭავს, ჩემი მთავარი მიზანიც ეგ იყო, რომ თავისუფლება მეგრძნო. რამდენიმე არტისტული სფერო ვცადე, მაგრამ ყველაზე კარგად და ყველაზე კომფორტულად მაინც დრეგში ვიგრძენი თავი.

იმ თავისუფლებას, რომელსაც სცენაზე გრძნობ, ადრენალინს,  სცენაზე რომ ახვალ და ყველა თვალი შენკენ იქნება მომართული, პროცესს, როცა ლაინერს წაისვამ და წარბს აიწევ, ვერაფერთან შეადარებ და ეს ყველაფერი, მართალია, დიდი რისკის ფასად ხდება, მაგრამ მაინც მზად ხარ ამ რისკებზე წასასვლელად. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა დიდ ყურადღებას გითმობენ, გეშინია, რადგან ქვიარ ადამიანი ხარ, სულ გახსოვს ეს და საფრთხეს ელოდები, მაგრამ სცენაზე ყურადღება, პირიქით, გსიამოვნებს. ეს შეგრძნებები აქამდე არ გამომიცდია და ვერაფერს ვერ შევადარებ.

Otaaraant Queer -ის დაბადება და მთავარი ინსპირაციები

სულ მინდოდა სცენაზე ვყოფილიყავი და ვერ ვბედავდი, ეს ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ, ერთ-ერთ დრეგ ბოლზე, სადაც მეგობრებთან ერთად ვიყავი და სადაც იყო მათე ხიდეშელიც, ბექსთეიჯში მინდოდა მივსულიყავი მათესთან და მეთხოვა, რომ თავის დრეგ ჰაუსში ავეყვანე. მივედი, დავაპირე თქმა, მაგრამ უკან მოვბრუნდი, რადგან დრეგის გარეშე ძალიან მორცხვი და ინტროვერტი ვარ და ეს რომ მეგობრებმა დაინახეს, ხელი მკრეს და ლამის მაიძულეს, დავლაპარაკებოდი. ეგ იყო მომენტი, როცა ყველაფერი დაიწყო, თუმცა მანამდე ბევრი მქონდა ნაფიქრი ჩემს დრეგ პერსონაზე, რა იქნებოდა ჩემი მთავარი მესიჯი, როგორი ვიქნებოდი სცენაზე, რას გავაკეთებდი, რით იქნებოდა გამორჩეული ჩემი შოუები. სულ ვგრძნობდი, რომ ჩემი დრეგი იქნებოდა კემპი, ჩემი პერფორმანსები კი მაღალი ენერგიულობით, ეიფორიული განცდებით იქნებოდა გამორჩეული. მესიჯიც ეგ იყო, just have fun. რაც არ უნდა იყოს, როგორი მესიჯებითაც არ უნდა დატვირთო დრეგი, ის უკვე თავისთავად არის პოლიტიკური, მით უმეტეს, ჩვენს რეალობაში ეს სუბტექსტი ყოველთვის არსებობს, ამიტომ მინდოდა, რომ უბრალოდ მაყურებელს დავიწყებოდა ყველაფერი ის, რაც გარეთ ხდებოდა − უთანასწორობა, ჩაგვრა და ის რამდენიმე საათი, რასაც დრეგ პერფორმანსებზე გაატარებდა, ყოფილიყო ერთგვარი ერთგვარი უსაფრთხო სივრცე, სადაც დაცული იქნებოდი გარე აგრესიისგან.

ჩემი პირველი ინსპირაცია Divine-ის შემოქმედება იყო. პატარა ვიყავი, როცა Female Trouble-ს და Pink Flamingo-ს ვუყურე და მართალია, არ ვიცოდი, ვინ იყო, რას წარმოადგენდა, რას აკეთებდა, მაგრამ ეკრანზე დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ მინდოდა ის მეკეთებინა, რასაც Divine აკეთებდა. ასევე ძალიან მომწონს Sasha Colby-ის დრეგი, ძალიან მომაჯადოებელია მისი შოუები, ბავშვობიდან ვუყურებ მათე ხიდეშელის შოუებს და ძალიან დიდი ინსპირაციაა ჩემთვის მისი გამბედაობა, სულ მაძლევს ძალას, რომ იმაზე უკეთესი შოუ დავდგა, ვიდრე აქამდე მქონდა, საოცარი პერფორმერია და ეგ იყო მიზეზი, რატომაც მინდოდა ჩემი drag mother ყოფილიყო და მის house-ში მოვხვედრილიყავი. დრეგის კეთების დროს სულ მეხმარებიან ჩემი მეგობარი ქვინები, Galina Blanca და სასიკვდილო ნაპასი, ასევე ტრანსია ადამიანი, რომლებიც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევენ, ეს მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ინსპირაციულია, სულ ვცდილობ, გავაუმჯობესო საკუთარი თავი და ჩემით უფრო ამაყები იყვნენ.

დრეგ კულტურის მომავალი საქართველოში და მისი პოზიტიური გავლენა

თუ ის ყველაფერი, რასაც მმართველი პარტია აანონსებს, რეალურია, არჩევნებში გაიმარჯვეს და კანონი გაიტანეს, სამწუხაროდ, დრეგ კულტურის განვითარება საქართველოში წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ძალიან პოზიტიური მოლოდინები მაქვს. წელიწადზე მეტია, რაც ამ სფეროში ვარ ჩართული და უამრავი კრეატიული ადამიანი მხვდება, რომლებიც დიდ შრომის  და დაუღალავი ენთუზიაზმის შედეგად ქმნიან ახალ ხელოვნებას. ეს აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგებს.

დადებითი შედეგები დიდია, მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, როცა დრეგის კეთება დავიწყე და ქუსლიანი ფეხსაცმლის საყიდლად გავდიოდი დრეგ მაკიაჟის და პარიკის გარეშე, როცა უფრო მამაკაცურად გამოვიყურებოდი, მქონდა შემთხვევები, როცა გამყიდველები მეუბნებოდნენ − რად გინდა შვილო ეს, რისთვის გჭირდებაო. ბევრჯერ შემშინებია, რა ვქნა ახლა, რა ვუთხრა, რა მოვატყუო, მაგრამ დროსთან ერთად სხვადასხვა ადგილას ასეთი გასვლების შემდეგ მხვდებოდა უფრო და უფრო მეტი მიმღებლობა. ერთი მაღაზიაა, სადაც პირველად მივედი რაღაცების საყიდლად და თავიდან ძალიან ცუდად მიყურებდნენ, რაც ძალიან მანერვიულებდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დამოკიდებულება შეიცვალა და დღეს ჩვეულებრივად მივდივარ, ვირგებ ქალის ფეხსაცმელებს და არავის აქვს აგრესიული დამოკიდებულება, პირიქით, მეგობრულად მხვდებიან, მეუბნებიან, აბა, ეს ნახე, ეს მოიზომე. ამ ცვლილებებს ყოველდღიურად ვგრძნობ, შეიძლება მეც გამომიმუშავდა იმუნიტეტი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ჩემ გარშემო უფრო მეტ მიმღებლები გახდნენ.

კიდევ ერთი კარგი მაგალითია ტაქსის მძღოლები. თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა დრეგით ჩავმჯდარიყავი ტაქსიში, თუმცა დღეს უფრო თამამი ვარ და აღარ მეშინია და მგონია ეს პატარ-პატარა ნაბიჯები ცვლის საბოლოოდ მტრულად განწყობილ საზოგადოებას, ამიტომაც ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, ჩვენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში სხვები არ მოიტანენ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა და ადამიანების ცნობიერების ამაღლება ასეთი სენსიტიური საკითხების მიმართ. რაც უფრო მეტად იზრდება ხილვადობა, მიმღებლობაც იმატებს.

ოჯახი და მიმღებლობა

წლების წინ დრეგი რომ მეხსენებინა ჩემს ოჯახში, რეაქციაც არ ექნებოდათ, ვერც გაიგებდნენ, რაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ დღეს  ჩემი ოჯახის წევრს არაერთ აქვს მიმღებლობა ამის მიმართ, ყოფილან კიდეც ჩემს შოუებზე. პირველად როცა გადავწყვიტე, ჩემი ძმისთვის მეთქვა, რომ დრეგს ვაკეთებდი, ძალიან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა შედეგი მოჰყვებოდა, მეგონა ამიკრძალავდა, მეტყოდა, როგორ გაბედეო. თუმცა, რომ ვუთხარი, არანაირი რეაქცია არ ჰქონია. როცა შოუზე მაყურებლებს შორის  დავინახე, ეს ძალიან ამაღელვებელი იყო − ოჯახის წევრის მხარდაჭერა სხვანაირად მოქმედებს, სხვანაირ ძალას გრძნობ, როცა ოჯახის წევრი გიდგას გვერდით და მხარს გიჭერს იმაში, რაც გიყვარს. ვერ ვხვდები, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს ქვიარ ადამიანისთვის.

რაც შეეხება დედაჩემს, მას უფრო გვიან ვუთხარი, All Star-ის მეორე დღე იყო, ქალაქგარეთ გავედით და დედაჩემმა მკითხა,  ვიყავი თუ არა Drag Ball-ზე. ვუპასუხე, რომ ვიყავი; მონაწილეობდი თუ უბრალოდ უყურებდიო, მეგონა, თუ ვეტყოდი, რომ გავიმარჯვე და საუკეთესო Queen გავხდი, დადებითად იმოქმედებდა მასზე და ასეც მოხდა. დღეს უკვე მეკითხება, მაკიაჟი როგორ გავიკეთო, ამაზე რას მირჩევო და საოცარ მიმღებლობას ავლენს. ძალიან ამაღელვებელია ეს ყველაფერი, ბევრი წელი ვცხოვრობდი შიშში, როცა არ იცი, რა მოჰყვება ქამინგაუთს და უცებ გაიგებენ, რომ დრეგ ქვინი ხარ. სახლში თითქმის ყოველდღე რეპეტიციები მაქვს, ვინახავ პარიკებს, შოუს რეკვიზიტებს და ამ ყველაფერში მხარს მიჭერენ.

 

 

 

 

წინა

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

შემდეგი

სიამაყე და ცრურწმენა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,