საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული.
მათი თქმით, ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები.
“მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი. საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე საია ჩართულია 19 პირის საქმეში. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ტერიტორია მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე იძალადეს. ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.