მაკდონალდსი მორიგ განცადებაში ორიენტაციის გამო ადამიანის დისკრედიტაციას გმობს და წინა განცხადებაში ბუნდოვანების გამო ბოდიშს იხდის.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ „მაკდონალდს საქართველოს“ მისამართით გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვას.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ დღიდან დაარსებისა, „მაკდონალდს საქართველოს“ მთავარი ფასეულობა იყო ადამიანებზე ზრუნვა და სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო თუ სოციალური კამპანიით ვცდილობთ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას, ბავშვების გახალისებას და მოტივირებას. წლების განმავლობაში ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000-მდე შემეცნებითი წიგნი და ვამაყობთ, რომ ამით წვლილი შევიტანეთ ბავშვების კითხვით დაინტერესებაში.
Happy Meals Reader-ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გლობალურად ხორციელდება, მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა და წარმატების ისტორიების გაცნობას და ამით ერთგვარად წახალისებას, რომ შრომითა და ცოდნით მათაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. წიგნებში მოთხრობილი ისტორიები, სოფი ბიერისა და ემი ბლექველის ავტორობით შექმნილი წიგნის – “Little people, big dreams”-ის სერიიდანაა აღებული.
ჰეფი მილის წიგნების (Happy Meal Readers) სერიაში სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების ისტორიებს შეხვდებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ. მათ ბევრი იშრომეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ და ლეგენდები გამხდარიყვნენ. Happy Meal readers-ი წარმოგიდგენთ ისეთი დიდი ადამიანების ცხოვრებას როგორებიც არიან: ალბერტ აინშტაინი, მუჰამედ ალი, მარტინ ლუთერ კინგი, ელა ფიცჯერალდი და მრავალი სხვა.
Happy Meal Readers წიგნები გამოცემულია Frances Lincoln Children’s books-ის ლიცენზიით, არის საერთაშორისო, ყველა ქვეყნის „მაკდონალდსისთვის“ ერთნაირი კონტენტით იბეჭდება ჩინეთში და ლიცენზიის პირობებით, დაუშვეველია მისი შინაარსის ან კონტექსტის შეცვლა.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოიცა მორიგი წიგნი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერალისა და პიანისტის, სერ ელტონ ჯონის ისტორია, მის წარმატებასა და მუსიკის სიყვარულზე მოგვითხრობს.
გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და მაკდონალდსის გუნდის ბრალდებაში, თითქოს რაიმე სახის პროპაგანდას ვეწევით.
ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას. წინა პოსტის ბუნდოვანების გამო, გიხდით ბოდიშს”, – ნათქვამია ახალ განცადებაში.
წინა განცხადებაში კომპანიამ ელტონ ჯონზე წიგნის გამო ბოდიში მოიხადა.