საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მცირეწლოვანმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. მშობლების მტკიცებით, მათი 3 წლის შვილი ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
“გ.გ 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე სწავლობდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბაღში. გ.გ-ს აღენიშნება განვითარების ეტაპების დარღვევა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, მისთვის შეზღუდვების დაწესება არ ყოფილა საჭირო. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე მას არ აძლევდა შესაძლებლობას სრულად ჩართულიყო საბავშვო აქტივობებში.
გ.გ-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღის სხვა აღსაზრდელები მზიან დღეს საბავშვო აუზში ერთობოდნენ, ის კი ოთახში იყო, თანატოლებისგან განცალკევებით”, – ამბობენ საია-ში.
საქმის მიმდინარეობისას, საიას მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოში სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარადგინა.
მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. დაადგინა, რომ მოპასუხე კერძო ბაღის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი მოსარჩელის დისკრიმინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით 2000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.