კომიქსი ვიზუალური ხელოვნების და ლიტერატურის ერთგვარი ნაზავია, რომელიც გამოსახულებების და ტექსტების კომბინაციისგან შედგება. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ხელოვნების ამ ფორმას საგაზეთო გამოცემებში, კომერციული მიზნით ან იუმორისტული დანიშნულებით იყენებდნენ, თუმცა დროსთან ერთად, კომიქსის ჟანრმა სახე იცვალა და მეტი მკითხველი შეიძინა.
გთავაზობთ საუკეთესო ქვიარ გრაფიკულ რომანებს, რომლებიც თანაბრად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ასაკის და ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველებისთვის.
სტატიაში მოცემული გრაფიკული რომანები არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე.
ლორა დინი ისევ მშორდება — მარიკო ტამაკი
„ლორა დინი ისევ მშორდება“ მარიკო ტამაკის 2019 წელს გამოცემული გრაფიკული რომანია, რომლის ილუსტრაციებზეც როზმრი ვალეო-ო’კონელმა იმუშავა. ნაწარმოები ავთენტური დიალოგების, გამორჩეული ილუსტრაციების, საინტერესო სიუჟეტის და ლესობსელობის თემის წინ წამოწევის გამო კრიტიკოსებმა გამოსვლისთანავე დადებითად შეაფასეს.
„ლორა დინი ისევ მშორდება“ 17 წლის გოგოზე, ფრედიზე გვიამბობს, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს და შეყვარებულია პოპულარულ და უკარება გოგოზე, ლორა დინზე, რომელიც ფრედის გრძნობებით მანიპულირებს, რის გამოც ფრედი გადაწყვეტს, მისგან თავი შორს დაიჭიროს.
Heartstopper — ელის ოუსმანი
Heartstopper ელის ოუსმანის 2016 წლის ვებკომიქსია, რომლის საავტორო უფლებებიც რამდენიმე წლის წინ გიგანტურმა სტრიმინგ სერვისმა, Netflix-მა შეიძინა და მის მიხედვით გადაღებული სერიალიც ვიხილეთ. ვებკომიქსი სულ 5 ნაწილისგან შედგება და მისი ბოლო, მეხუთე ნაწილი მომავალ წელს გამოვა.
ინტერნეტ კომიქსი ორი მოზარდის, ჩარლის და ნიკის რომანტიკულ თავგადასავალს გვიამბობს და სხვა ქვიარ ნაწარმოებებისგან განსხვავებით, გვაჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ქვიარ გამოცდილება ნაკლებად მტკივნეული და რეპრესიული. ჩარლი სკოლის ე.წ. ნერდია, რომელსაც რაგბის მოთამაშე, ნიკი უყვარდება, თუმცა არ არის დარწმუნებული, ნიკი გეია თუ არა. ნაწარმოებში შეხვდებით ტრანსი გოგოს ისტორიასაც.
მზის სხივზე — ტილი უალდენი
„მზის სხივზე“ ტილი უალდენის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გრაფიკული რომანია, რომელიც 2016 წელს გავრცელდა ინტერნეტში და მოგვიანებით გამოიცა გრაფიკული რომანის სახით. რომანი ინვაირონმენტალიზმის იდელოგოიას ეფუძნება და გვიამბობს მომავლის სამყაროზე, სადაც ადამიანები ახერხებენ სხვადასხვა პლანეტის და ასტეროიდების დაპყრობას და ცხოვრების ახალი ფორმების ძებნას.
ფერთა სიუხვით და უჩვეულო ილუსტრაციებით გამორჩეული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გრაფიკული რომანის ცენტრალურ ფიგურად მია გვევლინება, რომელიც სამეცნიერო ექსპედიციას უერთდება და მიემგზავრება პლანეტა დედამიწაზე შეყვარებული გოგოს, გრეისის საპოვნელად.
მოჩვენებების სამყარო — დანიელ კლოუსი
„მოჩვენებების სამყარო“ 90-იანი წლების საკულტო გრაფიკული რომანია, რომელიც 2001 წელს ფილმადაც გამოვიდა და ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში. წიგნი თავდაპირველად სერიებად იბეჭდებოდა და მისი ილუსტრაციები ოდნავ განსხვავდებოდა საბოლოო ილუსტრაციებისგან, რომელიც წიგნისთვის შეირჩა.
გახმაურებული რომანი ორი გოგოს, ენიდის და რებეკას ისტორიას გვიამბობს, რომლებიც ამერიკის ფიქციურ, უსახელო ქალაქში ცხოვრობენ, ახლახანს დაამთავრეს სკოლა და ცდილობენ, ახალ სამყაროს გაუსწორონ თვალი. მახვილგონიერი იუმორით, სარკაზმით და 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გაჯერებული რომანი მკითხველს ნებისმიერ დეკადაში საინტერესო თავგადასავალს ჰპირდება.
გენდერ ქვიარი — მაია კობაბე
„გენდერ ქვიარი“ არაბინარული იდენტობის მქონე ავტორის, მაია კობაბეს მემუარებს ეფუძნება. წიგნი ამერიკაში, 2019 წელს გამოიცა და ის 12-18 წლის მოზარდებზეა გათვლილი. კომიქსში დიდი ადგილი ეთმობა იდენტობის, სექსუალობის და საკუთარი თავის აღმოჩენის თემებს. ეს გრაფიკული რომანი არაერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელია, მათ შორის, Stonewall Book Award-ის ფინალისტი.
2021 წელს, ერთ-ერთი ამერიკული სკოლის მოსწავლის მშობელმა მოითხოვა, რომ წიგნი სკოლის ბიბლიოთეკიდან ამოეღოთ, რადგან იგი შეიცავდა სექსუალური შინაარსის შემცვლელ ილუსტრაციებს. ამას პროტესტის ტალღა მოჰყვა და ერთი-ორად გაიზარდა წიგნის გაყიდვები, როგორც შტატებში, ასევე შტატების მიღმაც.
ჯადოსნური თევზი — ტრუნგ ლი ნგუიენი
„ჯადოსნური თევზი“ ტრუნგ ლი ნგუიენის, ვიეტნამელი ავტორის გრაფიკული რომანია. წიგნი ავტორის ბიოგრაფიას ეფუძნება, რომელიც ამერიკაში, ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. ნაწარმოებში გამოყენებულია სამი ძირითადი ფერი — წითელი, ყვითელი და იასამნისფერი, რომლებიც აღნიშნავს აწმყოს, წარსულსა და ზღაპრულ სამყაროს.
წიგნი ვიეტნამელი ბიჭის, ტიენ პონგის ისტორიას გვიამბობს, რომელიც ემიგრანტ დედას ინგლისურს ზღაპრების კითხვის საშუალებით ასწავლის და თან ცდილობს, ქამინგაუთი გააკეთოს მასთან. 2020 წელს გამოცემულმა რომანმა არაერთი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა, მათ შორის, ჰარვის პრემია, რომელიც კომიქსების და გრაფიკული რომანების ჟანრში ყოველწლიურად გაიცემა.
მხიარული სახლი: ოჯახური ტრაგიკომედია — ელისონ ბეჩდელი
„მხიარული სახლი: ოჯახური ტრაგიკომედია“ ელისონ ბეჩდელის 2006 წლის ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანია, რომლის ილუსტრაციებზეც ავტორი 7 წელზე მეტი მუშაობდა. გოთიკური სტილის ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი დისფუნქციური ოჯახის შესახებ გვიყვება და ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა ემოციური ძალადობა, გენდერული როლები, სუიციდი და ა.შ.
წიგნში მთავარ გმირად ავტორი გვევლინება, რომელიც გვიამბობს თავის ბავშვობაზე, მამის მიერ რესტავრირებულ ვიქტორიანული ეპოქის სახლზე და ქვიარ გამოცდილებაზე. ნაწარმოებს ფონად იმ წიგნების რეფერენსები გასდევს, რომელსაც ავტორი სხვადასხვა დროს ეცნობოდა.
ჩემი ლესბოსური მარტოობაა — კაბი ნაგატა
„ჩემი ლესბოსური მარტოობა“ იაპონელი მანგა არტისტის, კაბი ნაგატას ნამუშევარია, რომელიც იურის ჟანრს განეკუთვნება და 2016 წლიდან მკითხველმა უკვე მისი რამდენიმე გაგრძელებაც იხილა. ავტობიოგრაფიული ჟანრის მანგა ორ ფერშია გადაწყვეტილი და დაუფარავად, შელამაზების გარეშე გვიამბობს ლესბოსელი ქალების ცხოვრებას.
გრაფიკული რომანის მთავარი გმირი თავად ავტორი, კაბი ნაგატაა, რომელიც მიმოიხილავს თავის ცხოვრებას, ღიად და დაუფარავად საუბრობს მენტალურ ჯანმრთელობაზე, თავის სექსუალობაზე და ცდილობს, მკითხველს აუხსნას, რატომ გადაწყვიტა სექს სამუშაოში ჩართულ ქალთან ჰქონდეს პირველი სექსი.
ანიას მოჩვენება — ვერა ბროსგოლი
„ანიას მოჩვენება“ ვერა ბროსგოლის 2011 წლის გრაფიკული რომანია, რომელზეც ავტორი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და საერთაშორისო ლიტერატურული აღიარებაც მოიპოვა. ყველაფერი გრაფიკული ანთოლოგიური სერიით დაიწყო, რომლისთვისაც ავტორმა მოთხრობა მოამზადა პატარა გოგო ანიაზე. ავტორისთვის მცირე მოთხრობა ბიძგი აღმოჩნდა, გაეგრძელებინა პერსონაჟის ისტორიის წერა და ხატვა.
„ანიას მოჩვენება“ ემიგრანტი გოგოს ისტორიას გვიამბობს, რომელიც მშობლებტან ერთად შეერთებულ შტატებში დასახლდება. ანიას ახალ გარემოსთან და სკოლასთან შეგუება უჭირს, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, როცა სახლში თავისივე ასაკის გარდაცვლილი გოგოს მობორიალე სულს აღმოაჩენს და დაუმეგობრდება.