ფოტო სერბეთის პირველი მშვიდობიანი მარშიდან, 2014 წელი. Vesna Lalić

სერბეთის ლგბტქი ისტორია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზებიდან ევროპრაიდამდე

12 სექტემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპრაიდი დაიწყო. ეს იქცა იმ გარდამტეხ მომენტად, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრიც არ არის, ყველაზე მასშტაბური, პანევროპული ღონისძიება იმართება — 2019 წელს გამართულ კენჭისყრისას მასპინძლის სტატუსის მოპოვებას ორი ევროპული ქალაქი, ბარსელონა და ბელგრადი ცდილობდა. სერბეთზე არჩევანის შეჩერება, მათ შორის, ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ლესბოსელი პოლიტიკური ლიდერის, პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩის დამსახურება იყო, რომელმაც პირობა დადო, რომ კვირეულის მშვიდობიანად ჩატარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებდა. ამ პროცესების შედეგად, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციამ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და იმ ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც პროგრესისკენ მიმავალ გზაზე ეკლესიისა და პრორუსული ჯგუფების მუდმივ წინააღმდეგობას აწყდება, 2022 წლის მასპინძელ ქალაქად გამოაცხადა. თანაც, სერბეთის ლგბტქი უფლებადაცვითი ისტორია არაერთი, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან მომავალი ჩაგვრისა და შეზღუდვების ფაქტებით არის სავსე. 

დღეს სრულიად ევროპის ყურადღება სერბეთისკენ არის მიმართული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პოზიტიური მიზეზების გამო.

ევროპრაიდისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ თვეებში არაერთი სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ: ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტი, რომელთაც ეკლესია მფარველობს და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე ყურადსაღები ფაქტი — ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში რუსული დროშების ხილვა. ამას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა პირმა ევროპრაიდის გაუქმება თვითნებურად, ორგანიზატორებთან დიალოგის გარეშე დააანონსა, თანაც, მაშინ, როცა აღნიშნული ღონისძიების ლობირება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ითავა. 

ევროპრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო და 12 სექტემბერს კვირეული ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. 13 სექტემბერს, პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა, რის მიზეზადაც პრორუსული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები დაასახელა. გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, ევროპელი ლიდერების, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და პარლამენტარების, ასევე ლგბტქი ორგანიზაციებისგან ევროპრაიდის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა.

ევროპრაიდის მარში შეცვლილი, შემცირებული მარშრუტით ჩატარდება. პარალელურად, ულტრამემარჯვენე ჯგუფები პროტესტს გეგმავენ. ახლა ყველას გვაქვს ერთი კითხვა: სერბეთის ხელისუფლება შეძლებს თუ არა ღონისძიების სათანადოდ დაცვას. ამ კონტექსტში კი განსაკუთრებით საინტერესოა ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ყველა კრახი, რომელიც სერბეთის ხელისუფლებებმა მშვიდობიანი პროტესტების დაცვისას აქამდე განიცადეს. აღსანიშნავია, რომ ხშირად მოძალადის როლში სწორედ ოფიციალური უწყებები იყვნენ.

ბელგრადის პირველი ღირსების მარში — სივრცე, რომელიც ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

2001
Andrija Ilić / Blic

სერბეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 1994 წელს მოხდა, 2001 წლის 30 ივნისს კი ბელგრადში პირველი პრაიდი გაიმართა. ღონისძიების სლოგანი იყო — სივრცე ყველა ჩვენგანისთვის საკმარისია. მცირერიცხოვანი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო, რომელთაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სპორტის გულშემატკივრები დაესხნენ თავს. პოლიციამ მშვიდობიანი მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება სათანადოდ ვერ დაიცვა და ძალადობრივ მოვლენებზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ. 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ხელისუფლებასაც არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია, რომლითაც ძალადობას გაემიჯნებოდა.

ვერშემდგარი პრაიდების ათწლეული

2004 წელს, აქტივისტების ჯგუფი პრაიდის ორგანიზების მიზნით შეიკრიბა. მოსამზადებელმა სამუშაოებმა რამდენიმე თვე გასტანა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურად მწვავე მოვლენების, მათ შორის, ბელგრადში მეჩეთების გადაწვის გამო, პროცესი შეწყდა და პრაიდი გაუქმდა.

ამის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში, ხილვადობის მიმართულებით არსებითი არაფერი მომხდარა. 2009 წელს, გეებისა და ჰეტეროსექსუალების ალიანსის პრესკონფერენცია აიკრძალა, რამაც ლგბტქი აქტივისტების სპონტანური პროტესტი გამოიწვია. 

იმავე წელს ლგბტქი უფლებადაცვით ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა — დიდი რელიგიური და პოლიტიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

იგეგმებოდა ღირსების მარშის ჩატარებაც სლოგანით — თანასწორობის დროა. ღონისძიებას ცნობილი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ხელისუფლების წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს. სპორტის გულშემატკივრებისა და რადიკალური ჯგუფების მხრიდან მომავალი საფრთხის, მუქარის გამო ოფიციალურმა უწყებებმა ორგანიზატორებს ღონისძიების უფრო დაცულ ადგილას, პარკში გადატანა ურჩიეს, მაგრამ შს მინისტრმა მარშის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ღონისძიება აკრძალა. აღნიშნულ აკრძალვა 2011 წელს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

ვერშემდგარი პრაიდების პარალელურად მიღწეული სამართლებრივი პროგრესი

2002 წელს, ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლითაც მედიასაშუალებებს სიძულვილის ენის გამოყენება აეკრძალათ.

2003 წელს, სერბეთმა საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონი მიიღო, რომლითაც, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება აიკრძალა.

2005 წელს, შრომის კანონში შევიდა ცვლილება, რომელმაც სამსახურებრივ გარემოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალა.

2006 წელს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომ განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მათ შორის, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა.

2007 წელს, სისხლის დონაციის ინსტიტუტმა შეცვალა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალური კავშირები განსაკუთრებით სარისკო ქცევად განისაზღვრებოდა.

2008 წელს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შევიდა ჩანაწერი, რომ, მათ შორის, პირადი სქესობრივი ცხოვრება განსაკუთრებით სენსიტიური ინფორმაციაა და მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მხოლოდ განსაკუთრებული სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება. იმავე წელს, სერბეთის სამედიცინო საზოგადოებამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

პირველი მარშიდან 9 წლის შემდეგ

Emil Vas / Beta

მნიშვნელოვანი სამართლებრივი ცვლილებების მიუხედავად, ხილვადობის პოლიტიკის მიმართულებით 2001-დან 2010 წლამდე პროგრესი არ მიღწეულა. ეს ცხადად გამოჩნდა განსაკუთრებით მძიმე ღირსების მარშის დროს, რომლის სლოგანი იყო — ერთად ამას შევძლებთ. 2010 წელს, მანიეჟ პარკში 500-ზე მეტი ლგბტქი ადამიანი და აქტივისტი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებების მხრიდან დაცვის გარანტიები გაიცა, განხორციელება სათანადო არ ყოფილა — პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის მასობრივი დაპირისპირებები მოხდა. სავარაუდო მონაცემებით, ბელგრადის ქუჩებში 6 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული და იმავე რაოდენობის რადიკალურად განწყობილი ადამიანი. შეტაკებებისას 132 პოლიციელი და 25 მოქალაქე დაშავდა, დაახლოებით 250 ადამიანი კი დააკავეს. იმავე წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველი პრაიდ კვირეული მოეწყო, რომელსაც უსაფრთხოების დაცვის კუთხით ხარვეზები არ ჰქონია.

„პრაიდი. ნორმა“ და აკრძალვა, როგორც ნორმა

Vesna Lalić

2011 წელი სერბი ლგბტქი ადამიანებისთვის თითქოს იმედისმომცემი მოვლენებით მიდიოდა — როგორც 2009 წლის მოვლენების კითხვისას გაიგეთ, ამ წელს პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ჩაითვალა. გარდა ამის, პოლიტიკოს დრაგან მარკოვიჩ პალმას წინააღმდეგ სასამართლომ ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ასევე,  სოციალური კეთილდღეობის კანონში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი შევიდა.

შესაბამისად, დაიწყო მზადება ღირსების მარშისთვის, რომლის სლოგანი იყო — პრაიდი. ნორმა. სახელმწიფომ გააჟღერა პოზიცია, რომ უსაფრთხოების გარანტიების გაცემა არ შეეძლოთ, ამიტომ ღონისძიება აკრძალეს. აქტივისტებმა საპასუხოდ  ბელგრადის მედია ცენტრში მოაწყვეს პრაიდი დახურულ სივრცეში, რომელმაც ბელგრადის მთავარ ქუჩაზე გადაინაცვლა. გზები ცისარტყელას ფერებით შეღებეს, მოძრაობა გადაკეტეს და ბანერები გაშალეს წარწერით — უბრალოდ სიყვარული. შედეგად, პრაიდმა მშვიდობიანად ჩაიარა და ქვეყნის შიგნით თუ სხვა ქვეყნების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. 

2012 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის მოტივი დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობა Obraz საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა — აღნიშნული ჯგუფის წევრები 2010 წლის მოვლენების მთავარი დამნაშავეები იყვნენ.

მაგრამ კიდევ ერთხელ აიკრძალა ბელგრად პრაიდი, რომლის სლოგანიც იყო — სიყვარული, რწმენა, იმედი. გადაწყვეტილების მიზეზად ისევ დაცვის გარანტიებზე პასუხისმგებლობის ვერ აღება დასახელდა. ამ წელს კიდევ ერთხელ ჩატარდა პრაიდი დახურულ სივრცეში, რომლის დროსაც მომდევნო წლის ბელგრად პრაიდის თარიღი ოფიციალურად გამოაცხადეს. პრაიდ კვირეული, მცირე პროტესტის მიუხედავად, მშვიდობიანად დასრულდა.

2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ამავე წლის პრაიდიც აკრძალა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აქტივისტებმა შუაღამის პრაიდი დაგეგმეს, რომელიც ეროვნული ასამბლეის შენობის წინ ჩატარდა. ღონისძიებას აქტივისტები, ლგბტქი ადამიანები და მხარდამჭერები მრავლად ესწრებოდნენ. საერთაშორისო მედიამ აღნიშნულ პრაიდს აღმოსავლეთ ევროპის სტოუნვოლი უწოდა.

ამავე წელს, ჯანმრთელობის დაზღვევის კანონში შევიდა ჩასწორება, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ქირურგიული ოპერაციის მინიმუმ 65% ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდიდან უნდა დაფინანსებულიყო.

შემდგარი პრაიდების პერიოდი

2014 წლის 28 სექტემბერს სერბეთის ისტორიაში ჩატარდა პირველი ბელგრად პრაიდი ინციდენტების გარეშე. ორგანიზებულ თავდასხმებს პოლიცია წარმატებით გაუმკლავდა. აღნიშნული პრაიდის სლოგანი იყო — პრაიდი ყველასთვის.

2015 წელს ბელგრად პრაიდი ისევ ჩატარდა, სლოგანით — ჩემი უფლებები, ჩემი მოთხოვნები. მარშმაც და კვირეულმაც მშვიდობიანად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ მარშის ჩატარებას მხარი პირველად დაუჭირა, ადგილზე კი შედარებით ნაკლები პოლიციელი იყო მობილიზებული. იმავე წელს, ბელგრად პრაიდი ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციისა და საერთაშორისო პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის წევრი გახდა. 

2016 წლის პრაიდი გაიმართა სლოგანით — სიყვარული მსოფლიოს ცვლის. კვირეულმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა და ღონისძიების დაცვისთვის წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები პოლიციელის მობილიზება გახდა საჭირო. იმავე წელს, პრემიერმინისტრმა საზოგადოებას ამცნო, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი მინისტრი, ანა ბრნაბიჩი, ლესბოსელი იყო. 

2017 წელს, ანა ბრნაბიჩი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა. დაგიგეგმა პრაიდი სლოგანით — ცვლილებებისთვის. ამ წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებისგან ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის აღიარებას მოითხოვეს. ღირსების მარშს პირველად დაესწრო ქვეყნის პრემიერმინისტრი.

2018 წლის პრაიდი სლოგანით — თქვი, დიახ! დაიგეგმა და ორგანიზატორებმა ხელისუფლების მისამართით ორი მოთხოვნა გააჟღერეს: ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის აღიარება და გენდერული იდენტობის შესახებ კანონის მიღება. პრაიდ კვირეულმა და მარშმა ისევ უსაფრთხოდ ჩაიარა.

2019 წელს კანონით გარანტირებული გახდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის ცვლილების შესაძლებლობა ქირურგიული ჩარევის მიუხედავად. პრაიდის მსვლელობები დაიგეგმა სერბეთის სხვა ქალაქებში, სადაც ლგბტქი ხილვადობა ფაქტობრივად არ არსებობდა — 11 ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებიდან ორი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გაუქმდა.

პრაიდ ღონისძიებები არც კოვიდ პანდემიის დროს შეწყვეტილა, თუმცა შეიცვალა ფორმა. ამჯერად კვირეულის სლოგანი იყო — სოლიდარობა 4 კედელშიც კი. დაინტერესებულ ადამიანებს ლგბტქი ადამიანების გამოცდილებების გაგება, სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახელოვნებო მასალის ხილვა ონლაინ სივრცეში შეეძლოთ.

2021 წელს დასრულდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობის შესახებ კანონის განხილვა, რომელშიც მრავალი ინსტიტუცია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. შეიმუშავეს შენიშვნები, შესწორებები, თუმცა პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მან ამის მიზეზადა ქორწინების შესახებ უკვე არსებულ კანონთან წინააღმდეგობა დაასახელა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ განხილვა შეწყდა და დაიწყო მუშაობა კანონპროექტის საბოლოო ჩასწორებებზე, რაც დღემდე არ არის დასრულებული.

2021 წელს, კიდევ ერთი ღირსების მარში ჩატარდა მშვიდობიანად, რომლის სლოგანი იყო — სიყვარული კანონია.

ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლაში გავლილი ათწლეულების შემდეგ, სერბეთი დღეს ისევ გამოცდის წინაშეა — შეძლებს თუ არა წარსულის სამწუხარო გამოცდილებების გადაფასებას და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

წყარო: Belgrad Prajd

წინა

ანასტასია კარტოზია — მომწონს საკუთარი თავი, მომწონს ჩემი ქვიარობა და მელამაზება

შემდეგი

EuroPride 2022 შედგა — ფოტოები ბელგრადში გამართული მარშიდან

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების