HRW

HRW: საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში რეგრესი განიცადა

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2021 წლის მდგომარეობაა შეფასებული, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში რეგრესი განიცადა, მათ შორის, LGBTQI+ უფლებების დაცვის კუთხით.  ,,5 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ

HRW: საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში რეგრესი განიცადა

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2021 წლის მდგომარეობაა შეფასებული, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში რეგრესი განიცადა, მათ შორის, LGBTQI+ უფლებების დაცვის კუთხით. 

,,5 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებული ჰომოფობიური ძალადობის დროს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის, სულ ცოტა, 53 თანამშრომელს… პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო”, – ვკითხულობთ HRW-ს განცხადებაში, რომელიც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდგომ პერიოდსაც მოიცავს – „[ალექსანდრე ლაშქარავას] გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით, „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების დროს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული“.

ანგარიშის ცალკე ქვეთავში, რომელშიც საუბარია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ და 5 ივლისის ძალადობრივი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებია აღწერილი, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ LGBTQI+ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. 

,,უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირება“ შეიძლება გამოეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში. მედიის უამრავი რეპორტაჟის თანახმად, პოლიციელთა მცირე ჯგუფები ადგილზე  იყვნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ინციდენტების ეფექტურად აღკვეთა. ძალადობის ამ ტალღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და სულ ცოტა, 27 ადამიანი დააკავა, რომელიც ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობდა. სახალხო დამცველმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშში ტრანსგენდერი ადამიანის სქესის სამართლებრივი აღიარების პირველ შემთხვევაზეც არის საუბარი, თუმცა აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივად აღიარება მხოლოდ სქესის შეცვლის ოპერაციის შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც ,,სერიოზულ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იწვევს მათ მარგინალიზაციას და უმუშევრობისა და სიღარიბის რისკებს.” 

Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ,,გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის, პოლიციელების უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლების გამოხატვის დროს, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების მიმართ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა”.