EX

5 საუკეთესო ფილმი მოლდოვის საერთაშორისო კინოფესტივალიდან Queer Voices

1-4 დეკემბერს მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალი ჩატარდა. ყოველწლიური ფესტივალზე, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენებები მოეწყო. ფესტივალის პროგრამაში შეხვდებოდით, როგორც მოლდოვურ ფილმებს, ასევე ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:

5 საუკეთესო ფილმი მოლდოვის საერთაშორისო კინოფესტივალიდან Queer Voices

1-4 დეკემბერს მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალი ჩატარდა.

ყოველწლიური ფესტივალზე, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენებები მოეწყო. ფესტივალის პროგრამაში შეხვდებოდით, როგორც მოლდოვურ ფილმებს, ასევე ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ჩილე, არგენტინა, კოლუმბია, ინდოეთი, საფრანგეთი, ლიბანი, ესპანეთი, ნორვეგია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, გერმანია, ბრაზილია.

მოლდოვაში ლგბტქი+ ადამიანები სახელმწიფოს, ტრადიციული პატრიარქალური ღირებულებებისა და რელიგიური ჯგუფების მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიან. ფესტივალის მიზანია, შეიქმნას ერთგვარი პლატფორმა, სადაც ქვიარ ადამიანები შეძლებენ თავიანთი პრობლემების და დღის წესრიგის წინ წამოწევას.

ფესტივალის ნაწილია ვორქშოპები, სადაც დაინტერესებული პირები ყოველწლიურად ეცნობიან დოკუმენტური კინოს გადაღების ძირითად პრინციპებს, ავითარებენ იდეებს და იღებენ ფილმებს. ვორქშოპში მონაწილეებს სპეციალური ჟიური აფასებს, გამარჯვებულს კი საშუალება ეძლევა უფრო მეტად განავითაროს თავისი იდეა და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღოს.

გთავაზობთ 5 საუკეთესო ფილმს მოლდოვის საერთაშორისო კინოფესტივალიდან Queer Voices:

TRAVESTI ODYSSEY | 2021 | ჩილე, არგენტინა

TRAVESTI ODYSSEY ნიკოლას ვიდელას დოკუმენტური ფილმია, რომელიც ტრანსგენდერი და დრეგ არტისტების კაბარეს თეატრალურ დადგმებზე გვიამბობს. ხელის კამერით გადაღებული კადრებით აწყობილი ფილმი კაბარეს მსახიობების რთულ და კომპლექსურ ურთიერთობებზე გვიამბობს, რომელსაც ფონად გასდევს პოლიტიკურად ბობოქარი ჩილეს უახლესი ისტორია. მდიდარი კინემატოგრაფიული ხერხებით და მომნუსხველი კადრებით გაჯერებული ფილმი ფესტივალის ნამდვილი აღმოჩენა იყო და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ლგბტქი+ ადამიანების ბრძოლას თავისუფლებისთვის.

SWEETHEART | 2021 | გაერთიანებული სამეფო

SWEETHEART მხატვრული ფილმია, რომელიც მოზარდი გოგოს, AJ-ის ისტორიას გვიამბობს. AJ ტიპური მოზარდია, რომლის ცხოვრებაც სავსეა თინეიჯერული ამბოხით, გაუგებრობით, ცხოვრების მიმართ უნდობლობით, ოჯახთან დაპირისპირებით. ყველაფერს კი უფრო ართულებს ოჯახური ვიზიტი გასართობ პარკში, რომელიც ფილმის პროტაგონისტისთვის ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანია, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ იცვლება, როცა გოგო შეხვდება ადგილობრივ მაშველს, ისლას და მის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდება.

EX | 2022 | გერმანია, საბერძნეთი

EX ჯორჯ მარკაკის, წარმოშობით ბერძენი რეჟისორის ნახევრად დოკუმენტური, ნახევრად მხატვრული ფილმია, რომელიც ბერლინის ერთ-ერთი ღამის კლუბის ყველაზე მითოლოგიზებულ და იდუმალ ადგილებში, ტუალეტებში გვამოგზაურებს. როგორია ცხოვრება ადამიანებისა, რომლებიც კვირიდან კვირამდე, წვეულებიდან წვეულებამდე ცხოვრობენ, რა თემებზე საუბრობენ კლუბის ტუალეტში, რამდენიმე კვადრატულ მეტრში — ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ფილმის პროტაგონისტი, დიანა ცდილობს, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის როლს ასრულებს მიწისქვეშა სამყაროში.

I AM MICHELE | 2021 | უკრაინა

I AM MICHELE 2021 წლის დოკუმენტური ფილმია, რომელიც უკრაინელი ტრანსგენდერი ქალის და მოდელის ცხოვრებას მიჰყვება. 20 წლის მიშელი, რომელიც კიევში ცხოვრობს და ოცნებობს მოდელობაზე, სოციალურ ქსელში წარმატების მიღწევის შემდეგ ხვდება, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოედგინა. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს, თავისი ცხოვრება შეცვალოს და დაბრუნდეს მშობლიურ სოფელში დასავლეთ უკრაინაში, საიდანაც იწყება მისი ტრანზიციის ისტორია და სადაც მიიღო პირველი მხარდაჭერა მშობლებისგან და ახლო ადამიანებისგან.

HAPPYLAND | 2022 | მოლდოვა

რა არის ბედნიერება და როგორ ხედავ ბედნიერებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს დოკუმენტური ფილმი, რომელზეც სამი რეჟისორი ქალი: ვასილიუტა ვასილაჩე, ელენა კულიჩი და ტომა პანი ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ფილმი მოლდოვური საზოგადოების სხვადასხვა შრეს გვაჩვენებს და გვიყვება ისტორიას მიმღებლობაზე, სიყვარულზე, ურთიერთობებზე და ადამიანურ ბედნიერებაზე. ამასთან ერთად, ფილმში კარგად ჩანს მოლდოვური საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტქი+ ადამიანების მიმართ.