ACT UP

როგორ შეცვალა კოალიცია ACT UP-მა შიდსის პანდემიაში მცხოვრები ამერიკა

1987 წელს, ნიუ-იორკში შექმნილი ჯანდაცვის სისტემის კრიზისის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად AIDS Coalition to Unleash Power, იგივე ACT UP ჩამოყალიბდა. ორგანიზაციამ საზოგადოების ყურადღება დაფუძნებისთანავე მიიპყრო და ეს ყურადღება მან გამიზნულად მიმართა შიდსის წინააღმდეგ

როგორ შეცვალა კოალიცია ACT UP-მა შიდსის პანდემიაში მცხოვრები ამერიკა

1987 წელს, ნიუ-იორკში შექმნილი ჯანდაცვის სისტემის კრიზისის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად AIDS Coalition to Unleash Power, იგივე ACT UP ჩამოყალიბდა. ორგანიზაციამ საზოგადოების ყურადღება დაფუძნებისთანავე მიიპყრო და ეს ყურადღება მან გამიზნულად მიმართა შიდსის წინააღმდეგ მიმდინარე კვლევებისკენ.

ორგანიზაციის უპირველესი დემონსტრაციაც 1987 წელს, ვოლ სტრიტზე მოეწყო, ისევე, როგორც მომდევნო სამი დემონსტრაცია 1988, 1989 და 1997 წლებში. ვოლ სტრიტზე გამოსვლა არ იყო შემთხვევითობა. კოალიციის წევრების მოსაზრებით, ვოლ სტრიტზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრია, სამიზნე ფარმაცევტული კომპანიები იყვნენ, რომლებიც არამხოლოდ არ ცდილობდნენ შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ სარგებლობდნენ კიდეც ამ ეპიდემიით.

გასათვალისწინებელია კოალიციის დაფუძნებამდე არსებული გარემოებები, რომლებიც გლობალურად საგანგაშო იყო. 1980-იანი წლებისთვის უკვე ასიათასობით ამერიკელი, რომელთაგანაც უმრავლესობა გეი კაცი იყო, შიდსის დიაგნოზით დაიღუპა. შიდსის ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წერტილი, რომელიც უმძიმესად დაზარალდა, ნიუ-იორკი იყო. გარდაცვლილთა რიცხვი ყოველთვიურად მზარდი და საგანგაშო იყო, თუმცა არსებული გარემოებების მიმართ მთავრობა გულგრილი აღმოჩნდა. 

nyclgbtsites

მთავრობის უმოქმედობამ და საზოგადოების აპათიამ აქტივისტი, ლერი კრამერი იძულებული გახადა, საჯაროდ გამოსულიყო 1987 წლის 10 მარტს ლესბოსელებისა და გეების სათემო ცენტრში. ამაღელვებელი გამოსვლა შეკრებილი საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

“კარგი, მე მინდა, რომ ოთახში არსებულ ადამიანთა ნახევარი ადგეს”, — განაცხადა ლერიმ და გარშემო მიმოიხედა — “თქვენ ყველანი დაიხოცებით 5 წელიწადში, თითოეული თქვენგანი”, — გაბრაზებით იძახდა ლერი. მან შეკრებილ საზოგადოებას შესთავაზა მოქმედება იმისთვის, რომ მისი წინასწარმეტყველება რამდენიმე წელში რეალობად არ ქცეულიყო.

ლერის გამოსვლის შედეგად, ზუსტად ორი დღის შემდეგ, ACT UP დაარსდა. “დუმილი = სიკვდილი” — სწორედ ეს გახდა ორგანიზაციის დევიზი, რომელიც 1986 წლის კამპანიიდან იყო აღებული და რომლის მიზანი საზოგადოებრივი ფოკუსის შიდსის კრიზისისკენ მიმართვა იყო. 

ჯგუფის პირველი სამიზნე ფარმაცევტული ინდუსტრია იყო, რომელიც სარგებლობდა იმ წამლების გაყიდვით, რომელთა შეძენას შიდსით ინფიცირებულთა ოჯახები გაჭირვებით თუ ახერხებდნენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ორგანიზაციამ ფარმაცევტული ინდუსტრია შიდსის განსაკურნებელ კვლევებში ჩაურთველობასა და ასეთი კვლევების ნაკლებობაში დაადანაშაულა. 

პირველი დემონსტრაცია ბროდვეის გადატვირთულ გზაჯვარედინზე, ტაძრის მახლობლად გაიმართა. ლოკაცია იმ მიზნით შეირჩა, რომ პიკის საათებში ქალაქისთვის დიდი შეფერხება გამოეწვია. 250 დემონსტრანტს შორის, ზოგიერთს ბანერები ეჭირა და მთავრობას და კორპორაციებს მოქმედებისკენ მოუწოდებდა, ზოგი — ქუჩაში იწვა და შეუძლებელს ხდიდა ნიუ-იორკის დღის წესრიგი და ცხოვრების რიტმი გეგმისამებრ გაგრძელებულიყო. ჯგუფის ერთ-ერთი სამიზნე ფარმაცევტული კომპანია Burroughs Wellcome იყო, რომელიც მაღალფასიან AZT-ს, სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA)-ს მიერ შიდსის წინააღმდეგ მებრძოლ ერთადერთ ავტორიზებულ წამალს აწარმოებდა. 

ეკლესიის ფასადზე FDA-ის წარმომადგენლის, ფრენკ იანგის ფიგურა იყო ჩამოკიდებული, ხოლო მომიტინგეები ერთხმად სკანდირებდნენ: “გაბრაზებულები ვართ, მოქმედება გვინდა!”. დემონსტრაციაზე 17 ადამიანი დააკავეს.

nyclgbtsites

დემონსტრაციაზე დამსწრეთა ფლაერებზე რამდენიმე დაუყოვნებლივ შესასრულებელი მოთხოვნა იკითხებოდა. მათ შორის იყო წამლების მეტი ხელმისაწვდომობა ინფიცირებულებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ზრდა შიდსისა და აივ-ინფექციის შესახებ და შიდსთან დაკავშირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ყველგან, მათ შორის სამუშაო ადგილებზე, საცხოვრისებში, სადაზღვევო კომპანიებსა და სამკურნალო პროცესისას გატარდებოდა. ACT UP-ის პირველი დემონსტრაციიდან მოკლე ხანში FDA-მ გამოაცხადა, რომ წამლების დამტკიცებისა და მოხმარებაში ჩაშვების პროცესი, რომელიც 9 წლამდე აღწევდა, 2 წლით შემცირდებოდა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რადგან შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს არ შეეძლოთ 9 წლის განმავლობაში მოცდა.

nyclgbtsites

1988 წლის 14 მარტს, პირველი დემონსტრაციიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორგანიზაციამ მომდევნო და ბევრად ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია დაგეგმა. მასში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მიზანი კვლავაც ფარმაცევტული ინდუსტრიებისა და მთავრობის უმოქმედობის კრიტიკა იყო. დემონსტრანტები შეიკრიბნენ როგორც ეკლესიასთან, ასევე, რექტორის ქუჩაზე. აქციაზე 111 ადამიანი დააკავეს. გრენ ფურიმ გადაიღო დემონსტრაცია, რომელშიც დოლარის კუპიურების უკანა მხარეს ღონისძიების მესიჯები იყო გამოსახული და რომლებსაც დემონსტრანტები ქუჩაში მოსიარულეებისთვის ფანტავდნენ.

ACT UP-ის ვებ გვერდის მიხედვით, მეორე, 1988 წლის დემონსტრაციისთვის, ე.წ. შიდსის აქტივიზმს, როგორც კონცეპტს, სანდოობა საზოგადოებაში უკვე მოპოვებული ჰქონდა.

1989 წლის 14 სექტემბერს ACT UP-მა მომდევნო, მესამე დემონსტრაცია დაგეგმა. მსვლელობაში 350 ადამიანი მონაწილეობდა უცვლელი მიზნითა და უცვლელი მოთხოვნებით. ამ დღეს მსგავსი გამოსვლები ლონდონსა და სან-ფრანცისკოშიც იმართებოდა.

ჟურნალ Outweek-ის ინფორმაციით, ACT UP-ის ასობით საყვირი მანჰეტენის ვიწრო ქუჩებში ექოდ ეხმიანებოდა ადამიანებს, რომლებიც შენობების 30-ე სართულის ფანჯრებში იყვნენ გამოფენილები.

დემონსტრაციისგან განცალკევებით, ACT UP-ის რამდენიმე წევრმა საფონდო ბირჟის შენობაში შეაღწია. მათ თანაგუნდელი ფოტოგრაფები შეუერთდნენ, რომლებმაც იქ მომხდარი აღბეჭდეს. იქ კი ეს მოხდა: ACT UP-ის წევრებმა VIP აივანზე მიიჯაჭვეს თავები და სავაჭრო სართულზე ყალბი ასდოლარიანი კუპიურები ჩამოყარეს. ამ მოქმედებით მათ ისტორიაში პირველად საფონდო ბირჟის გახსნის ზარს შეუშალეს ხელი. იქ გადაღებული ფოტოები სწრაფად გავრცელდა. ამბის გასაჯაროებიდან ზუსტად 4 დღის შემდეგ, Burroughs Wellcome-მა მედიკამენტ AZT-ის ფასი მკვეთრად შეამცირა.

1997 წლის 24 მარტს პირველი, 1987 წლის დემონსტრაციის 10 წლისთავის აღსანიშნავი დემონსტრაცია სიმბოლურად კვლავ ვოლ სტრიტზე მოეწყო. აქცია სახელწოდებით “გაანადგურე ბაზარი” ნიუ-იორკის გარდა, ლოს-ანჯელესში, ატლანტაში, სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ლას-ვეგასსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. დემონსტრანტები წამლებზე ფასების შემცირებასა და მეტ ხელმისაწვდომობას მოითხოვდნენ. მონაწილეები ასევე აპროტესტებდნენ შიდსის კვლევებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირებას და ითხოვდნენ, რომ წამლების ფასების რეგულაცია კონგრესის მოსმენებზე გატანილიყო. 500 აქტივისტი გამთენიისას, 07:30 საათზე მერიის პარკის შადრევანთან შეიკრიბა. “ჩვენ ვიხოცებით — ისინი ფულს აკეთებენ” — სკანდირებდნენ მომიტინგეები. ამ აქციაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით 73 ადამიანი დააკავეს.

nyclgbtsites

აქტივისტურ წრეებსა და ქვიარ თემს შორის, შეცდომების მიუხედავად, კოალიცია ACT UP-ის წვლილი უდავოა. შიდსისა და აივ-ინფექციის მიმართ არსებული სტიგმისა და ინფიცირებული ადამიანებისადმი დისკრიმინაციის შემცირება, შიდსის წინააღმდეგ ავტორიზებული წამლების მოხმარებაში ჩაშვების ვადის შემცირება, წამლებზე მეტი ხელმისაწვდომობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შიდსის შესახებ სამეცნიერო კვლევებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ზრდა იმ მიღწევათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც კოალიციას მიეწერება. კოალიციის წევრებმა შეძლეს ორგანიზება გაეწიათ იმ ქაოსისთვის, რომელიც 1980-იანი წლების ამერიკაში შიდსის ტალღამ ქვიარ თემსა და განსაკუთრებით გეი კაცებში შემოიტანა. ACT UP-ის დამფუძნებლებმა გააერთიანეს ქვიარ თემის ხმები და შიდსისა და აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართეს.

წყაროები: