5 ივლისის მოვლენები

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 19 პირს პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან 19-ს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა),

პალიტრანიუსის ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

2021 წლის 6 ივლისს, პალიტრანიუსის ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ირაკლი ყავლაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბექა მშვილდაძეს 6 ივლისს, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის მეორე დღეს, პარლამენტთან დაგეგმილი მდუმარე აქციის დაწყებამდე

თანამდებობის პირების განცხადებებმა 5 ივლისის ძალადობა წააქეზა — ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 5 ივლისს ხელისუფლებამ არამხოლოდ ვერ აღკვეთა ძალადობა, არამედ, მაღალი თანამდებობის პირების წინმსწრებმა განცხადებებმა ეს ძალადობა წააქეზა. მან თქვა,

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის მაგალითია — Tbilisi Pride

თბილისი პრაიდი დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს უწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 5 ივლისის თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი ორგანიზებული ჯგუფური

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის მაგალითია — Tbilisi Pride

თბილისი პრაიდი დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს უწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 5 ივლისის თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენის ნაწილში გამართლდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

“მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია. 5 ივლისის სასტიკი თავდასხმა ლგბტ/სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე სათანადოდ არ შეფასებულა არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არც საქართველოს პროკურატურის მიერ, არ წარმოდგენილა რელევანტური მტკიცებულებები, რამაც განაპირობა სასამართლოში ამ შემაშფოთებელი შედეგის დადგომა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

თბილისი პრაიდის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შსს და პროკურატურა ხელს აფარებენ 5 ივლისის ძალადობის უშუალო ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას. მიუხედავად თბილისი პრაიდის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა და მტკიცებულებების არსებობისა, დღემდე არცერთ მათგანს არ აქვს ბრალი წარდგენილი.

“მსგავსი ქმედებები ახალისებს სიძულვილის ჯგუფებს, განაგრძონ თავდასხმები უმცირესობების წარმომადგენლებზე და ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. 5 ივლისის ძალადობრივმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია, რის აღსადგენადაც აუცილებელია ძალადობრივი მოვლენების ეფექტური გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა”, — წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თანმიმდევრულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისის საქმე და სათანადოდ დასაჯონ თავდასხმის ორგანიზატორები და მონაწილეები.

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება 16 იანვარს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.

5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი — დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი — მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა მსჯავრდადებულებს 4 წლამდე შეუმცირდათ.

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

თანამდებობის პირების განცხადებებმა 5 ივლისის ძალადობა წააქეზა — ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 5 ივლისს ხელისუფლებამ არამხოლოდ ვერ აღკვეთა ძალადობა, არამედ, მაღალი თანამდებობის პირების წინმსწრებმა განცხადებებმა ეს ძალადობა წააქეზა. მან თქვა, ეს დღე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამწუხარო დღე იყო. ომბუდსმენმა ამის შესახებ პარლამენტში, სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

5 ივლისს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების, ლგბტ+ თემის, მათი მხარდამჭერი აქტივისტების და ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, არამედ მეტიც, მაღალი თანამდებობების პირთა წინმსწრებმა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა, — განაცხადა მან.

ომბუდსმენმა გამოსვლაში 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების საჯარო განცხადებები წაიკითხა. მისი თქმით, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ტელეეთერის მეშვეობით აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ უნდა ყოფილიყვნენ მზად ციხეში წასასვლელად, რადგან აპირებდნენ ძალადობას: “ძალადობას არათუ ვემიჯნები, ვემხრობი და თქვენც მოგიწოდებთ, გავიდეთ და ვიძალადოთ. ძალადობას ვინც ემიჯნება, ის არის არაადამიანი. ვინც გამიჯვნას აპირებს, ეს ხალხი ჩვენთან არ არის. 2013 კი არა, ამათ უნდა მოვუწყოთ 2013 კვადრატში”.

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ისინი მიანიშნებდნენ ჟურნალისტებზე ძალადობაზეც და ამბობდნენ: “ხომ არ არის დასაშვები ასეთი ჟურნალისტების წიხლქვეშ გაგდება? ხომ არ არის ამათი სახით ასფალტზე თრევა სწორი?”.

ომბუდსმენის განცხადებით, საჯაროდაა ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერები, სადაც ეს ადამიანები მითითებებს აძლევდნენ შეკრებილებს, ასევე, ამბობდნენ, რომ “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აქციაზე მყოფ არც ამ განცხადების ავტორს აქვს ბრალი წარდგენილი ძალადობის წახალისებისთვის. ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ჰკითხა, არის თუ არა სახეზე სულ მცირე ბრალის წარდგენის, ანუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ამ პირების მიმართ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისთვის და ასეთი წინასწარგანზრახული საჯარო და არაერთგზის მუქარის შემდეგ, რატომ არ იყვნენ ტერიტორიაზე სათანადო რაოდენობის სამართალდამცველები და რატომ არ აღკვეთეს ძალადობა.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მართალია, რამდენიმე პირის პასუხისმგებლობა დადგა, მაგრამ მონაწილეობისთვის და არა ორგანიზებისთვის.

მისი თქმით, 5 ივლისს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდნენ.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ღიად და დეკლარირებულად ატარებენ რუსეთის ძალადობრივ და ადამიანის უფლებების უგულებელმყოფელ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ეს ლომჯარიას, როგორც ომბუდსმენის მეხუთე, ბოლო გამოსვლა იყო.

მისი თქმით, პარლამენტი მხოლოდ ახლა განიხილავს 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანგარიშს, რაც სამწუხაროა.

იმ საკითხების სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაზეც ამ ანგარიშშია საუბარი, სასურველი იქნებოდა, რომ ანგარიში გაცილებით ადრე განხილულიყო”, — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მას ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს, 6 წლის ვადით. უკვე ცნობილია ომბუდსმენობის მსურველთა ვინაობა. კანდიდატებიდან სამი: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად წარადგინეს.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონის თანახმად, ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში. ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პატივისცემას; გარდა ამისა, სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას; ომბუდსმენი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, ასევე, ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.

საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 19 პირს პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან 19-ს პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა) და 225 მუხლის მე-2 ნაწილით (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) ჰქონდათ ბრალი წარდგენილი. დაკავებულების ნაწილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ჰქონდათ წარდგენილი.

რუსთავი 2-ის ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილზე, მთავარი არხის ჟურნალისტ დეა მამისეიშვილზე და ოპერატორ დავით ახალაძეზე, ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავაზე, იმედის ჟურნალისტ დიმიტრი ყირიმლიშვილზე და ოპერატორ შოთა კერვალიშვილზე, ტაბულას ჟურნალისტ მაკა ჯაბუაზე, რადიო თავისუფლები ჟურნალისტ თორნიკე მანდარიაზე და ოპერატორ დავით ქორიძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი ჯარიმა დააკისრა.

რომეო კეკუტიას, გიორგი კახიანს, გიორგი ნასყიდაშვილს და ზაზა მჭედლიძეს 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს 1 წლით და 2 თვით, ხოლო უშანგი დათუნაშვილს 5 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ფორმულას ფოტოგრაფ ვახტანგ ქარელზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე, ნიუ პოსტის ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძეზე, რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ თათარაშვილზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირი მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა დამნაშავედ ცნო და შვიდივეს პატიმრობა შეუფარდა.

თედო ბურდულს, გიორგი ხეჩუაშვილსა და გენო გერმანიშვილს 3-3 წლით, გიორგი წერუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს 1 წლითა და 3 თვით, ხოლო მურად დევლარიშვილსა და ზაზა ჭაავას 1 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

დღესვე გაიმართა ტვ პირველის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესი. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ექვსივე პირი – აკაკი ნაკაშიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, ოთარ გელაშვილი და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნო და 5-5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 2 აქცია გაიმართა – ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული პირების დასჯას ითხოვდნენ და ძალადობაში ბრალდებული პირების მხარდასაჭერი აქცია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ორ აქციას ერთმანეთისგან ჯებირები ყოფდა.

 

პალიტრანიუსის ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

2021 წლის 6 ივლისს, პალიტრანიუსის ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ირაკლი ყავლაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბექა მშვილდაძეს 6 ივლისს, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის მეორე დღეს, პარლამენტთან დაგეგმილი მდუმარე აქციის დაწყებამდე დაესხნენ თავს, ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა პალიტრა ნიუსის ოპერატორს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში არ ჩატარებულა, მაგრამ გაიმართა ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის დროსაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობის ოფისები, დაამტვრიეს ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დღემდე არ დაუკავებიათ.