ჰომოსექსუალობა

როგორ ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამერიკაში — ისტორია

დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკელმა ლგბტქი აქტივისტებმა მიაღწიეს იმას, რასაც იმდროინდელი “ყველაზე დიდი გეი გამარჯვება” ეწოდა — მათ შეძლეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ეიძულებინათ, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალური კლასიფიკაციიდან და ფსიქიკური აშლილობების

მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები 2022 წელს

2022 წელი იწურება და დროა, თვალი გადავავლოთ, რა შეიცვალა მსოფლიოში ლგბტქი უფლებებისა და ადამიანთა თანასწორობის კუთხით, ასევე რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქვიარ ადამიანების ხილვადობის თვალსაზრისით ხელოვნებასა და სპორტში. ქორწინების თანასწორობა სლოვენიაში თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანა დაკანონდა. სლოვენია აღმოსავლეთ ევროპის

მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები 2022 წელს

2022 წელი იწურება და დროა, თვალი გადავავლოთ, რა შეიცვალა მსოფლიოში ლგბტქი უფლებებისა და ადამიანთა თანასწორობის კუთხით, ასევე რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქვიარ ადამიანების ხილვადობის თვალსაზრისით ხელოვნებასა და სპორტში.

ქორწინების თანასწორობა

Alex Wong/Getty Images
  • სლოვენიაში თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანა დაკანონდა. სლოვენია აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება და შვილად აყვანის შესაძლებლობა დააკანონა. სლოვენია, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა, ევროპის პირველი ყოფილი კომუნისტური ქვეყანაა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. სლოვენიის მეზობელი ქვეყნების დიდი ნაწილი სამოქალაქო პარტნიორობასა და ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას არ ცნობს.
  • კუბამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დააკანონა. კუბამ ისტორიულ რეფერენდუმზე ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ქორწინება დააკანონა. 27 სექტემბერს, ქვეყნის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ კუბელებმა მხარი დაუჭირეს საოჯახო კოდექსს, რომელიც კუნძულზე უმცირესობების დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
  • ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. სახელმწიფომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება ფარული კენჭისყრის შედეგად მიანიჭა. ანდორაში სამოქალაქო პარტნიორობის ფორმირება 2014 წლიდან იყო შესაძლებელი, ქორწინების თანასწორობის საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტმა პირველად 2020 წელს განიხილა, თუმცა კანონის მიღებას ათი უშედეგო მცდელობა უძღოდა წინ.
  • აშშ-ის სენატმა ქორწინების თანასწორობის დასაცავად ახალი კანონპროექტი მიიღო. 29 ნოემბერს, აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც დაიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების ფედერალურ აღიარებას. ეს კანონპროექტი შტატებს ერთი და იმავე სქესის ადამიანების და რასებსშორისი ქორწინებების შეზღუდვას ვერ უკრძალავს, თუკი უზენაესმა სასამართლომ მათ ამის უფლება მისცა, თუმცა ის დაავალდებულებს ფედერალურ მთავრობას, აღიაროს ქორწინება, თუკი ის კანონიერი იყო იმ შტატში, რომელშიც შესრულდა.
  • გარდა ამისა, ქორწინების თანასწორობა ძალაში შევიდა მექსიკაში (გარდა გერეროს შტატისა, სადაც ის მხოლოდ ზოგიერთ მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი), ჩილეში (2022 წლის 10 მარტიდან) და შვეიცარიაში (2022 წლის 1 ივლისიდან).

ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია

Andrea de Silva / Reuters
  • 2022 წელს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა ანტიგუა და ბარბუდაში, სენტ-კიტსი და ნევისში, ბარბადოსსა და სინგაპურში:
    • 5 ივლისს, აღმოსავლეთ კარიბის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლობისის ის სექციები, რომლებიც ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს შორის თანხმობაზე დაფუძნებულ ინტიმურობას არალეგალურად ცნობდა, იყო არაკონსტიტუციური. ამ დადგენილებით, სასამართლომ შექმნა პრეცედენტი, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონები ასევე ფარავს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას, ამიტომაც ხელისუფლებას არ შეუძლია ისეთი კანონების გატარება, რომლებიც ამ ნიშნებით ახდენს დისკრიმინაციას. შედეგად, ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა ანტიგუა და ბარბუდაში.
    • 29 აგვისტოს, აღმოსავლეთ კარიბის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა „პიროვნების წინააღმდეგ დანაშაულების აქტის“ 56-ე და 57-ე სექციები, რომლებიც კრძალავდა „მამათმავლობის საზარელ დანაშაულს“. შედეგად,  სენტ-კიტსი და ნევისში ზრდასრულ კაცებს შორის თანხმობის საფუძველზე შემდგარი სქესობრივი აქტი აღარ არის არალეგალური.
    • 2022 წლის დეკემბერში, ბარბადოსში არაკონსტიტუციურად გამოცხადდა კანონები „მამათმავლობისა“ და „უხამსი ქცევის“ შესახებ და ისინი „სქესობრივი დანაშაულების აქტიდან“ ამოიღეს. მანამდე ბარბადოსში ერთი და იმავე და სხვადასხვა სქესის პარტნიორებს შორის ანალური და ორალური სექსი კრიმინალიზებული იყო. „მამათმავლობა“ ისჯებოდა სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთით, ხოლო „უხამსი ქცევის“ მაქსიმალური სასჯელი იყო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუკი აქტი 16 წელს გადაცილებულ ადამიანთან იქნებოდა.
    • 2022 წლის ნოემბერში სინგაპურმა ოფიციალურად გააუქმა ქვეყნის კანონმდებლობის სექცია 377A, რომელიც კრძალავდა ერთი და იმავე სქესის კაც პარტნიორებს შორის სექსუალურ აქტივობას.

ანტიდისკრიმინაციული კანონი

  • 2022 წლის 30 ივნისს ესპანეთის პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც „ზეროლოს კანონის“ სახელითაა ცნობილი. ამ კანონამდე, ესპანეთში დასაქმებისას სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია არალეგალური იყო 1995 წლიდან, თუმცა აქამდე გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია არ იყო აკრძალული ქვეყნის მასშტაბით.

გარდაქმნის თერაპია

  • 2022 წელს ე.წ. „გარდაქმნის თერაპია“ — ფსევდომეცნიერული პრაქტიკა, რომელიც ცდილობს ადამიანის სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული ექსპრესიის შეცვლას, რათა ის ჰეტეროსექსუალურ და სისგენდერულ ჩარჩოებს მოერგოს — აიკრძალა კანადაში, საფრანგეთში, საბერძნეთში (მხოლოდ არასრულწლოვანების ჩართულობა), ახალ ზელანდიაში, ისრაელში (აეკრძალათ სამედიცინო მუშაკებს), ვიეტნამსა და მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში. გარდა ამისა, პარაგვაიში აიკრძალა მენტალური ჯანმრთელობის საკითხების დიაგნოსტირება მხოლოდ სექსუალურ იდენტობაზე დაყრდნობით. ამ დროისთვის „გარდაქმნის თერაპია“ აკრძალულია 22 ქვეყანაში, მათგან 7-ში კი ამ პრაქტიკით დაკავება ეკრძალება უკლებლივ ყველას.

სერბეთში ევროპრაიდი 2022 ჩატარდა

EuroPride 2022 სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების საპროტესტო გამოსვლების, ეკლესიის წინააღმდეგობისა და ხელისუფლების მხრიდან ევროპრაიდის მარშის აკრძალვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

მსვლელობა დაგეგმილ დროს, პოლიციის გაძლიერებული დაცვითა და სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო. მარშს წარმომადგენლები საქართველოდანაც ესწრებოდნენ, მათ შორის, Tbilisi Pride.

ხელოვნება და კულტურა

  • არიანე დებოუზი გახდა პირველი ფერადკანიანი ქვიარ ქალი და პირველი აფრო-ლათინოამერიკელი, რომელმაც ოსკარი მოიგო. მან ეს ჯილდო სტივენ სპილბერგის West Side Story-ში ანიტას როლის შესრულებისთვის გადაეცა.
  • უილოუ ფილი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი ადამიანი, რომელმაც RuPaul’s Drag Race-ის რეგულარული სეზონი მოიგო აშშ-ში.
  • ანიმაციურ სერიალ Peppa Pig-ში პირველად გამოჩნდა ერთნაირსქესიანი წყვილი — პოლარულ დათვ პენის დედები.
  • გამოვიდა ფილმი Bros — დიდი სტუდიის მიერ გადაღებული პირველი გეი რომანტიკული კომედია, რომელიც მთლიანად ლგბტქი მსახიობებისგან შედგება.
  • უოლტ დისნეის ანიმაციურმა სტუდიამ შექმნა პირველი ღიად ლგბტქი მთავარი გმირიStrange World-ის პერსონაჟი ითან კლეიდი, რომელიც ღიად გეი კაცია.
  • სიმღერით Unholy კიმ პეტრასი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალი, სემ სმიტი კი — პირველი ღიად არაბინარული ადამიანი, რომელებმაც Billboard-ის „ყველაზე ცხელ 100-ეულში“ პირველი ადგილი დაიკავეს.

იხილეთ აგრეთვე: 15 საუკეთესო სიმღერა, რომელიც ქვიარ მუსიკოსებმა 2022 წელს გამოსცეს

სპორტი

  • მოცურავე ლია თომასი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი სპორტსმენი, რომელმაც აშშ-ის National Collegiate Athletic Association-ის I დივიზიის ეროვნული ჩემპიონატი მოიგო სპორტში — მან ქალების 500 ფრისტაილში პირველი ადგილი დაიკავა დროით 4:33.24.
  • იგორ ბენევენუტო გახდა FIFA-ს დონის პირველი საფეხბურთო მსაჯი, რომელიც გეიდ დაქამინგაუთდა.
  • ნადეჟდა კარპოვა გახდა რუსეთის ეროვნული გუნდის პირველი ღიად გეი სპორტსმენი.
  • ელია გრინი გახდა პირველი ოლიმპიელი, ვინც ტრანს* კაცად დაქამინგაუთდა.

როგორ ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამერიკაში — ისტორია

დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკელმა ლგბტქი აქტივისტებმა მიაღწიეს იმას, რასაც იმდროინდელი “ყველაზე დიდი გეი გამარჯვება” ეწოდა — მათ შეძლეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ეიძულებინათ, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალური კლასიფიკაციიდან და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოეღოთ.

ჰომოსექსუალობის, როგორც ფსიქიკური დაავადების მოხსენიებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია და მისი წევრები ლგბტქი ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენდნენ და ჩრდილს აყენებდნენ მათ სექსუალობასა და გენდერულ გამოხატვას. დეკლასიფიკაციამ, რომელსაც მრავალწლიანი ძალისხმევა დასჭირდა, კულმინაციას 1973 წლის მაისში მიაღწია, როდესაც ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე ლგბტქი აქტივისტებმა ხმა აიმაღლეს.

მოგვიანებით, ასოციაციის სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა ჰომოსექსუალობის ფსიქიკურ აშლილობათა სიიდან ამოღებას. ამ ცვლილებამ ყველას მიანიშნა, რომ ფსიქიკურ დაავადებასა და ჰომოსექსუალობას შორის თანდაყოლილი კავშირი არ არსებობდა.

მოვლენები, რომელიც ჰომოსექსუალობის დაავადებათა სიიდან ამოღებას უძღოდა წინ

ბევრისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, რამდენად დიდი პროგრესია მიღწეული ლგბტქი ადამიანების სოციოკულტურული მიმღებლობის მიმართულებით — ამერიკულ სამართლებრივ სისტემაში ჰომოსექსუალური ქცევა კრიმინალიზებული იყო; ფედერალურ და შტატის მთავრობებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შემუშავებული და მოწესრიგებული კანონმდებლობა იმ ლგბტქი ადამიანებისთვის, რომლებიც სამუშაოსა და საცხოვრებელს ეძებდნენ; ჰეტერონორმატიულობაზე დაჟინებით აკეთებდნენ აქცენტს და ამის გამო ყველას სტიგმატიზაცია ხდებოდა, ვინც ამ ჩარჩოში არ ექცეოდა.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დაარსება

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია 1844 წელს, აშშ-ის დაწესებულებების 13 ზედამხედველის მიერ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის დაარსდა. ორგანიზაციამ წევრების მიღება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, სავარაუდოდ, იმ კანონპროექტის გამო, რომელიც ათასობით ახალგაზრდა კაცს (ძირითადად თეთრკანიანებს) კოლეჯში სწავლის საშუალებას აძლევდა. დეკლასიფიკაციის მცდელობის პერიოდში ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ძირითადად კაცების მიერ დომინირებულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რადგან მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე აშშ-ის უნივერსიტეტების უმეტესობა ქალებს თავიანთ რიგებში არ იღებდა.

ფსიქიკური აშლილობების პირველი დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო

ფსიქიკური აშლილობების პირველი დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო 1952 წელს შეიქმნა. გზამკვლევმა სექსუალური “გადახრების” იერარქია ჩამოაყალიბა, რითაც ჰეტეროსექსუალობა და ჰეტეროსექსუალური ქცევა ამერიკულ კულტურაში იდეალიზებულ ადგილას დააყენა. ჰეტეროსექსუალობის “ნორმად” მიღებისას, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა აქცია მიუღებლად, “სხვად”. ასოციაციის ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვდნენ “ბუნებრივი” ან “ჯანსაღი” ქცევის კოდიფიკაციას და მის დიფერენცირებას “არაბუნებრივისგან”, რაც “არაჯანსაღ” ქცევასთან იყო ასოცირებული. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ არაპროკრეაციული სექსი არაბუნებრივი იყო, რადგან არ შეიძლებოდა დასრულებულიყო ბავშვის გაჩენით.

მრავალწლიანი დაპირისპირება ლგბტქი აქტივისტებსა და ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციას შორის

ჰომოსექსუალობის, როგორც დიაგნოზის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოღების კამპანიას 1960-იან წლებში სერიოზული სახე მიეცა, რომელსაც მხარს უჭერდნენ სამოქალაქო, ქალთა და ლგბტქი უფლებადამცველი მოძრაობები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“ჰომოფილურ” მოძრაობად წოდებულმა გეებისა და ლესბოსელების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო და ფილადელფია, არჩეულ ოფიციალურ პირებთან დაპირისპირება და ლგბტქი ხილვადობისა და უფლებებისათვის საჯარო კამპანიების გამართვა დაიწყეს. გეი უფლებებისთვის ბრძოლა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარეობდა და ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დეკლასიფიკაციის მცდელობა თანასწორობისა და მიმღებლობის გასაზრდელად ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

მრავალწლიანი პროტესტის შემდეგ, აქტივისტებმა ძალისხმევის გააძლიერეს. მათ გადაწყვიტეს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კონფერენციებზე ევლოთ, რომელშიც პრაქტიკოსები ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის პანელებსა და დისკუსიებს ესწრებოდნენ. ისინი მსგავს შეხვედრებზე შეძლებდნენ ჰომოსექსუალობის დეკლასიფიცირების მოთხოვნას.

ლესბოსელი აქტივისტი, კარლა ჯეი მონაწილეობას იღებდა პანელურ დისკუსიაში “სექსის პრობლემებზე”, რომელიც ჰომოსექსუალობის “განკურნების” მიზნით შოკურ მკურნალობას უჭერდა მხარს. კარლას თქმით, აქტივისტებმა ასოციაციის წევრებს ყვირილი დაუწყეს, რათა დაეტოვებინათ საკუთარი სკამები და ქუჩაში გამოსულიყვნენ.

ლესბოსელი აქტივისტი კარლა ჯეი

მიუხედავად შეუჩერებელი წინააღმდეგობისა, აქტივისტებს მრავალი დაბრკოლების წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა. იყო იმის საშიშროებაც, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციას იარლიყი “ფსიქიკურად დაავადებული” ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ გამოეყენებინა, რათა მათთვის საკუთარ გამოცდილებებზე ხელისუფლებასთან საუბარი არალეგიტიმური გაეხადათ. მათი მოწოდებები არანაირ ეთიკურ ჩარჩოში არ ჯდებოდა.

“სან-ფრანცისკოში ჩატარებული კონფერენციის წევრებმა აქციის მონაწილეები მანიაკებად და შიზოფრენიით დაავადებულებად შერაცხეს”, — წერს მეცნიერი აბრაამ ჯ. ლუისი ჟურნალში სექსუალობის ისტორიის შესახებ.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციაზე გამარჯვებისთვის, აქტივისტებს ორგანიზაციის წევრების სენსიტიურობა უნდა გამოეყენებინათ. მათი მიზანი ასოციაციის წევრების დამოკიდებულების შეცვლა იყო. 1972 წელს, დალასში ჩატარებულ პირველ კონფერენციაზე, რომელზეც ჰომოსექსუალობის შესახებ დისკუსია გაიმართა და რომელსაც ასოციაციაში მყოფი ლგბტქი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, გეი პრაქტიკოსმა, ჯონ ფრაიერმა დეკლასიფიკაციის კამპანიის სახელით განცხადება გააკეთა. გეი ფსიქიატრად იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ფრაიერმა თავი წარმოადგინა, როგორც “ექიმი ჰენრი ანონიმი”, საკუთარი ვინაობა კი ნიღბითა და ხმის შემცვლელი მიკროფონის საშუალებით დამალა.

გეი აქტივისტები ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის 1972 წლის კონფერენციაზე

“გამოაჩინეთ გამბედაობა და აღმოაჩინეთ გზები, რომლითაც თქვენ, ჰომოსექსუალ ფსიქიატრებს შეგიძლიათ მოძრაობებში ჩართვა, რომლებიც ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულის შეცვლას ცდილობენ. ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც დასაკარგი”, — განაცხადა კონფერენციაზე ფრაიერმა.

მისი ჩვენება ასოციაციის წევრებისათვის დამარწმუნებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ კლასიფიკაცია იმ წელს არ შეუცვლიათ. ამის მიუხედავად, ამ ინციდენტმა მნიშვნელოვან ცვლილებას ჩაუყარა საძირკველი.

ლგბტქი აქტივისტების საბოლოო პროტესტი, რომელმაც შედეგი გამოიღო

1973 წელს ლგბტქი აქტივისტებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს. წინა წლების მსგავსად, მათ ჩაშალეს დაგეგმილი კონფერენციები და სიტყვით გამოვიდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა 1973 წლის მაისის კონფერენციაზე, ჰონოლულუში შედგა. გეი აქტივისტი, რონალდ გოლდი სიტყვით გამოვიდა და ასოციაციის წევრებს მიმართა:

„შეწყვიტეთ, თქვენ მაავადებთ!“

ეს სიტყვები ორაზროვანი იყო: ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები ამტკიცებდნენ, რომ გოლდი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო ავად იყო, რაც გულისხმობდა, რომ “მედიცინის პროფესიონალები” თავად ქმნიდნენ ავადმყოფობას, რომელიც არ არსებობდა, ასევე, სტიგმატიზაციით ასოციაცია ხელს უწყობდა იმ მძიმე სოციალური პირობების გაღრმავებას, რომელიც გოლდის მსგავს ადამიანებს აზიანებდა.

გარდა იმისა, რომ აქტივისტებმა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის არგუმენტებში არსებული ხარვეზების ჩვენება შეძლეს, ასევე დაამტკიცეს, რომ საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ. მათი აზრით, იმის დემონსტრირებით, რომ ხელსაყრელი სამსახურის პოვნა, ურთიერთობების შენარჩუნება და ჰეტერონორმატიულ კულტურაში ასიმილირება შეეძლოთ, დაამტკიცებდნენ ჰომოსექსუალობის ბუნებრიობას — იმას, რომ მასში დამამცირებელი და არანორმალური არაფერია.

ლგბტქი აქტივისტთა ბანერები კონფერენციაზე

1973 წლის დეკლარაციის კენჭისყრიდან რამდენიმე დღეში, The New York Times-თან ინტერვიუში, ნომენკლატურის კომიტეტის წევრმა, რობერტ ლ. სპიცერმა თქვა, რომ ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ის, რაც იწვევს დისტრესს ან არღვევს სოციალურ ფუნქციონირებას, როგორც სამსახურის ან ურთიერთობის დაწყება და შენარჩუნება.

“ცხადია, რომ ჰომოსექსუალობა ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ბევრი ჰომოსექსუალი არ ავლენს განზოგადებულ დაქვეითებას და კმაყოფილია საკუთარი სექსუალური ორიენტაციით”, — განაცხადა სპიცერმა.

მოგვიანებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში სპიცერის სიტყვებიც გამოჩნდა:

“ჰომოსექსუალობა არ გულისხმობს განსჯის, სტაბილურობის, სანდოობისა ან ზოგადად, სოციალური ან პროფესიული შესაძლებლობების დარღვევას”.

დეკლასიფიკაციის კამპანიის შედეგები

იმ დროს ბევრი ლგბტქი ადამიანისთვის ფსიქიკური კლასიფიკაციის შეცვლა ძალიან გვიანი აღმოჩნდა. ჰომოსექსუალობა აღარ ითვლებოდა ავადმყოფობად, მაგრამ სტიგმა კვლავ რჩებოდა. თუმცა, დაავადებათა სიიდან ამოღება მეცნიერებისთვის ამ თემის შესწავლის სტიმული გახდა.

“თუ ჰომოსექსუალობა არ აკმაყოფილებს ფსიქიკური აშლილობის კრიტერიუმებს, მაშინ რა არის ის?” — კითხულობდა სპიცერი.

მისი აზრით, აღწერილობით ის შეიძლებოდა სექსუალური ქცევის ერთ-ერთ ფორმად ჩაგვეთვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობას ფსიქიკურ აშლილობად აღარ განიხილავდნენ, სპიცერს არ შეეძლო იმის თქმა, რომ ეს “ნორმალური”, ან ისეთივე ღირებული იყო, როგორც ჰეტეროსექსუალობა.

ლგბტქი აქტივისტების კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მას გაუთვალისწინებელი შედეგებიც მოჰყვა. საკუთარი მიზნის მიღწევის დროს, აქტივისტები დისტანცირდებოდნენ იმ პირებისგან, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებები ჰქონდათ, რაც აძლიერებდა სტიგმას არანეიროტიპული ქცევისა და მახასიათებლების შესახებ. უფრო მეტიც — ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ, ფსიქიკური დაავადების განსაზღვრის მიზნით, ზეწოლას უფრო მეტი პოტენციური დიაგნოზის შექმნით უპასუხა. საბოლოოდ, დეკლასიფიკაციის კამპანიამ ხელი შეუწყო იმ ავტორიტეტების ძალაუფლების გაძლიერებას, რომლებსაც თავდაპირველად გეი აქტივისტები აკრიტიკებდნენ.


მოგვიანებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის შემდეგ, 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც (WHO) ამოიღო საერთაშორისო დაავადებათა კლასიფიკაციიდან. ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2004 წლიდან ყოველ 17 მაისს სწორედ ამიტომ აღინიშნება.