ღირსების მარში

„ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, არ განგვიხილავს ეგ ფაქტი“ – გომელაური 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო მოსმენაზე 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმას და ეს შესაძლებლობა არ განუხილავთ. „სამწუხაროდ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ჟურნალისტებზე აგრესიული

ევროპრაიდის ისტორია მოკლედ — ლონდონიდან ბელგრადამდე

2022 წლის 12-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ლგბტქი ღონისძიებას, ევროპრაიდს მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც არც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია და პრაიდის ჩაშლის მცდელობა მოჰყვა, თუმცა

პალიტრანიუსის ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

2021 წლის 6 ივლისს, პალიტრანიუსის ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ირაკლი ყავლაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

EuroPride 2022 შედგა — ფოტოები ბელგრადში გამართული მარშიდან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში EuroPride 2022 შედგა. ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების საპროტესტო გამოსვლების, ეკლესიის წინააღმდეგობისა და ხელისუფლების მხრიდან ევროპრაიდის მარშის აკრძალვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღონისძიებამ მშვიდობიანად

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 5 ივლისსაც მოიცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს ტერორიზმის მდგომარეობის შესახებ ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული მიმართულებით საქართველოში 2021 წლის მდგომარეობის მცირე ანგარიში მოიცავს 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების აღწერასაც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე იძალადეს და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს, რაც პრემიერმინისტრის განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების მარშს „შეუფერებელი“ უწოდა

„[ძალადობრივი] მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პრემიერმინისტრმა თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „შეუფერებელი“ უწოდა. დღის განმავლობაში, შსს-მ ვერ უზრუნველყო დემონსტრაციების კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფა. 28 მოძალადის დაკავებისა და გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, დაჯგუფებების ლიდერები და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები არ დაუკავებიათ“, — წერია ანგარიშში და აღნიშნულია ისიც, რომ არათუ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები არ დასჯილან, პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირებაც შეძლეს.

„ალტ-ინფოს ლიდერებმა პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობაც დაარეგისტრირეს და ოფისები მთელ საქართველოში გახსნეს. დაჯგუფების ლიდერები ავრცელებდნენ მოწოდებებს და მიზნის მისაღწევად ძალადობას უჭერდნენ მხარს“, — აღნიშნულია ანგარიშში.

2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის ღონისძიება, ღირსების მარში იყო დაგეგმილი, რომელიც პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ძალადობრივი მუქარების და მმართველი ძალის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ძალადობრივმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ და დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. ძალადობრივი ალტ-ინფოს თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ხოლო ერთ-ერთი დაშავებული, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თავდასხმის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.

EuroPride 2022 შედგა — ფოტოები ბელგრადში გამართული მარშიდან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში EuroPride 2022 შედგა. ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების საპროტესტო გამოსვლების, ეკლესიის წინააღმდეგობისა და ხელისუფლების მხრიდან ევროპრაიდის მარშის აკრძალვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ნახეთ ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ევროპრაიდის მსვლელობას ასახავს.


წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მსვლელობა დაგეგმილ დროს, პოლიციის გაძლიერებული დაცვითა და სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო.


მარშს წარმომადგენლები საქართველოდანაც ესწრებოდნენ, მათ შორის, Tbilisi Pride.


მსვლელობაში ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გერმანელი პარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, სვენ ლაჰმანი, ევროპარლამენტის ლგბტქი ჯგუფისა და მწვანეების თავმჯდომარე, ტერი რაინტკე და მისი პარტნიორი, ევროპელი მწვანეების წევრი, მელანი ვოგელი მონაწილეობდნენ.


მსვლელობის მონაწილეებს ლგბტქი და სხვადასხვა ქვეყნების დროშები და ბანერები ჰქონდათ გაშლილი — “მათ ვძულვართ, რადგან სიყვარულის სუნი აგვდის”.


მშვიდობიანი მსვლელობის პარალელურად ბელგრადის ქუჩაში ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები, მათ შორის მღვდელმსახურებიც იყვნენ გამოსულები, რომლებიც პოლიციას თავს ესხმოდნენ, მოლოტოვის კოქტეილებსა და ასაფეთქებელ საშუალებებს ისროდნენ.


უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მსვლელობა, თავდაპირველისგან განსხვავებული, შემცირებული მარშრუტით გაიმართა.


Stefan Strange

პანევროპული მარში საღამოს გამართული კონცერტით დასრულდა. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ კონცერტიდან მიმავალ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვრცელდება ინფორმაცია 7 ადამიანზე თავდასხმის შესახებ. რამდენიმე მათგანმა საავადმყოფოს მიმართა. მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს პოლიციას.


Isa Myzyraj

ევროპრაიდისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ თვეებში არაერთი სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ: ულტრამემარჯვენე ჯგუფების პროტესტი, რომელთაც ეკლესია მფარველობს და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე ყურადსაღები ფაქტი — ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში რუსული დროშების ხილვა. ამას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა, რა დროსაც ქვეყნის პირველმა პირმა ევროპრაიდის გაუქმება თვითნებურად, ორგანიზატორებთან დიალოგის გარეშე დააანონსა, თანაც, მაშინ, როცა აღნიშნული ღონისძიების ლობირება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ითავა.

ევროპრაიდის ორგანიზატორებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რასაც აუქმებდნენ, სიძულვილი იყო და 12 სექტემბერს კვირეული ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო. 13 სექტემბერს, პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა, რის მიზეზადაც პრორუსული ჯგუფების ძალადობრივი მუქარები დაასახელა. გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, ევროპელი ლიდერების, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და პარლამენტარების, ასევე ლგბტქი ორგანიზაციებისგან ევროპრაიდის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა და მარში მშვიდობიანად ჩატარდა.


ასევე წაიკითხეთ:

ევროპრაიდის ისტორია მოკლედ — ლონდონიდან ბელგრადამდე

2022 წლის 12-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ლგბტქი ღონისძიებას, ევროპრაიდს მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც არც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია და პრაიდის ჩაშლის მცდელობა მოჰყვა, თუმცა ევროპრაიდი მაინც დაიწყო. 

30-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებამ დიდ ბრიტანეთში დაბადებული იდეიდან ევროპელი ლგბტქი ადამიანების საზეიმო, პოლიტიკურ, სოციალურად მნიშვნელოვან პროცესში გაერთიანების ხანგრძლივი, გამოწვევებით აღსავსე გზა გაიარა.

გასული საუკუნის 90-იანი წლები მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცივი ომი დასრულდა, მსოფლიო ახალ წესრიგზე გადაწყობის გზას გადიოდა, ლგბტქი უფლებების მიმართულებით კი მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯერ კიდევ გადასაჭრელი იყო. 80-იანი წლების აივ-შიდსის ეპიდემიის შოკმა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების არასათანადო, არაეფექტურმა რეაგირებამ ლგბტქი ადამიანების მიმართ წარმოდგენები მკვეთრად გააუარესა, ამიტომ საჭირო იყო საპირწონე ნაბიჯები, რომლებიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლიდა.

რა არის პრაიდი

Getty Images

პრაიდი ლგბტქი ღირსების, ხილვადობის, თანასწორობის მხარდამჭერი მსვლელობა ან ღონისძიებათა სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჩაგრული, მარგინალიზებული ადამიანების უფლებების დაცვის აუცილებლობისკენ ყურადღების მიმართვას, მათ მიერ საჯარო სივრცეზე არსებული უფლებით სარგებლობის გზით.

პირველი პრაიდ ღონისძიება 1970 წელს, სტოუნვოლის აჯანყების ერთი წლის თავზე გაიმართა და დღეისთვის, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში ყოველწლიური ხასიათი აქვს.

ევროპრაიდის იდეის დაბადება

90-იან წლებში, ევროპაში მძლავრი შემაკავშირებელი ბერკეტების შექმნაზე დაიწყეს ფიქრი, რომელიც ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. სწორედ ამის გააზრებიდან დაიბადა ევროკავშირის ჩამოყალიბების იდეა. თუმცა ახალი კავშირის განვითარებაზე ფიქრმა გარკვეული რისკებიც მოიტანა, განსაკუთრებით ევროკავშირს მიღმა, მჩაგვრელი ხელისუფლების მქონე ქვეყანაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანებისთვის, რომლებიც შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში ევროპის ქვეყნებში შესვლას ბევრად რთულად შეძლებდნენ.

ლონდონის პრაიდის ორგანიზატორები — გეი და ლესბოსელი ადამიანების პრაიდის ორგანიზების კომიტეტი (LAGPOC) შეშფოთებული იყო დიდი ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა მცხოვრები ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ არსებული დისკრიმინაციით, ამიტომ 1991 წლის მიწურულს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო წლის პრაიდ ღონისძიებისთვის ევროპრაიდი ეწოდებინათ, რითაც დიდ ბრიტანეთში და მის მიღმა, მათ შორის, თანამეგობრობისა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერას შეძლებდნენ.

LAGPOC-ის ისტორიული შეხვედრის მომდევნო თვეებში, ორგანიზატორები აქტიურად ემზადებოდნენ ლონდონის პრაიდისთვის და პარალელურად უკავშირდებოდნენ, უგზავნიდნენ პოსტერებსა თუ პამფლეტებს ევროპის სხვა ქალაქებს, რომლებშიც პრაიდის ღონისძიებები იმართებოდა, მათ შორის, პარიზს, ბერლინსა და ამსტერდამს. იმ დროისთვის საერთაშორისო დონეზე კავშირის დამყარება, ღონისძიების ორგანიზების პროცესში მრავალი ქვეყნის ჩართვა ბევრად რთული იყო, თუმცა პრესრელიზები გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი მედიასაშუალებებში და მალევე სტატიები გავრცელდა ნორვეგიაში, გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

საკამათოა, ვისი იდეა იყო ღონისძიების სახელი, ევროპრაიდი, თუმცა ბევრი აქტივისტის თქმით, აღნიშნული ტერმინი LAGPOC-ის წევრს, ვილი მილტონს ეკუთვნის, რომელიც შიდსით გამოწვეული გართულებებით საერთო ევროპულ მარშამდე 2 თვით ადრე გარდაიცვალა.

პირველ ევროპრაიდს 100 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა — ლგბტქი ადამიანებმა და მხარდამჭერებმა ლონდონის ცენტრალური ქუჩები დაიკავეს, რასაც ბროკველის პარკში გამართული კონცერტი მოჰყვა. ლონდონის “გეი სცენის” ბარებმა პარკში საკუთარი სტენდები გახსნეს, ღონისძიებას აივ და სექსუალური ჯანმრთელობის ორგანიზაციები ესწრებოდნენ და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ, ადგილზე წარმოდგენილნი იყვნენ ქვიარ ბიზნესები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რასის ადამიანებს საინფორმაციო კარვები ჰქონდათ გახსნილი, რაც იმ დროისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლებოდა.

პირველ ევროპრაიდს დაესწრნენ ადამიანები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და ესპანეთიდან. ღონისძიების დღეების შესახებ გადაღებულ ვიდეოში პოლიტიკური თემების ღიად განხილვას ნახავთ — ნორვეგიელმა ვიზიტორებმა ლგბტქი თანასწორობის კუთხით არასათანადო ქმედებებისთვის ღიად გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ჯონ მეიჯორი, თუმცა თითქმის მთელი ათწლეული გავიდა, სანამ ბრიტანეთის ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებზე ფიქრს დაიწყებდა.

1992 წლის ევროპრაიდის შემდგომ სპეციალური ჟურნალის ნომერიც გამოიცა, რომელშიც ევროპაში ლგბტქი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე დისკურსს ნახავდით. კაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირი ჯერ კიდევ არალეგალური იყო კვიპროსში, ესტონეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რუმინეთი კი ქალებს შორის სქესობრივ კავშირსაც კრძალავდა.

ლონდონიდან ბერლინამდე და ამსტერდამამდე

მაშინ, როცა LAGPOC პირველი ევროპრაიდისთვის ემზადებოდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაიდ მოძრაობების წარმომადგენლები გეი და ლესბოსელი ადამიანების ასოციაციის (ILGA World) ყოველწლიურ კონფერენციაზე შეხვდნენ. ILGA ევროპრაიდით დაინტერესდა და მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც ზოგადად პრაიდი ჩატარებას, ასევე, ლონდონის შემდეგ, ამ ღონისძიების 1993 წელს ბერლინში გამართვას.

გერმანიაში პრაიდის ტიპის ღონისძიებები კრისტოფერ სთრითის დღედ (CSD) მოიხსენიება, რაც იმ სახელია, რომელზეც ბარი სტოუნვოლი მდებარეობს. CSD-ის ორგანიზატორები 1992 წლის ევროპრაიდს დაესწრნენ და მომდევნო ღონისძიების ბერლინში ჩატარების გამოწვევასაც სიხარულით შეხვდნენ. მართალია, ბერლინში გამართულ ევროპრაიდს უფრო ნაკლები, 30 ათასი ადამიანი დაესწრო, მაგრამ ეს წინა წლის ბერლინის პრაიდის მასშტაბს მაინც სამჯერ აღემატებოდა.

ევროპრაიდის მომდევნო მასპინძელი ამსტერდამ პრაიდი იყო, თუმცა იმავე პერიოდში დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ევროპრაიდი მხოლოდ იმ ქალაქებში არ უნდა ჩატარებულიყო, სადაც ლგბტქი უფლებების თვალსაზრისით ნაკლებად მწვავე ვითარება იყო. 1994 წელს, ILGA-ს კონფერენციაზე ევროპრაიდის ორგანიზატორების ასოციაცია (EPOA) ჩამოყალიბდა. ასევე, დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მძლავრ ბერკეტად უნდა ექციათ და ამასთან, ადამიანები საზეიმო ვითარებაში შეეკრიბათ.

ევროპრაიდი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, ამიტომ პირველი სამი მასპინძელი ქვეყნის პრაიდ ორგანიზაციებმა არსებობის გაგრძელება ვერ შეძლეს, თუმცა მალევე ახალი ორგანიზაციები დაფუძნდა. ევროპრაიდი კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 1996 წელს კოპენჰაგენში, 1997 წელს პარიზში, ხოლო 1998 წელს სტოკჰოლმში გაიმართა.

ევროპრაიდი 21-ე საუკუნეში

EPOA-ს ხელმძღვანელობით ევროპრაიდი სულ უფრო იზრდებოდა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაიდ ორგანიზაციებს იკრებდა. რომის პრაიდ ორგანიზაციამ კონფერენციაზე იდეა გააჟღერა, რომ ევროპრაიდი გლობალურ ფენომენად ექციათ და მსოფლიო პრაიდი დაეფუძნებინათ. EPOA-მ იდეა მოიწონა და ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო პრაიდ ქსელის კონფერენციაზე წარადგინა. 2000 წელს რომმა პირველ მსოფლიო პრაიდს უმასპინძლა.

მსოფლიო პრაიდის პარალელურად, ევროპრაიდმა არსებობა განაგრძო და ჩატარდა ვენაში, კიოლნში, მანჩესტერში, ჰამბურგში, ოსლოში, მადრიდში ციურიხში, განმეორებით გაიმართა ლონდონსა და სტოკჰოლმში. ცვლილება მოხდა 2005 წელს, როცა თანასწორობის მარშის ორგანიზატორებს პოლონეთმა, კერძოდ კი ვარშავის მერმა მსვლელობის მოწყობაზე უარი უთხრა.

მარშის ორგანიზატორმა, ტომაშ ბაჩკოვსკიმ პოლონეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. აკრძალვიდან 2 წელში სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, აკრძალვა ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა სასამართლომ დაადგინა, რომ პრაიდში მონაწილეობა ფუნდამენტური უფლებაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას EPOA დღემდე მიმართავს, როცა რომელიმე ხელისუფლება ღონისძიების აკრძალვას ცდილობს.

2010 წელს, ევროპრაიდი პირველად ჩატარდა ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, პოლონეთში. 2015 წელს კი ლატვია გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ევროპრაიდს უმასპინძლა. რიგაში და ვარშავაში ჩატარებულმა ევროპრაიდებმა ეროვნულ მარშებზე ბევრად მეტი ვიზიტორი მოიზიდა, რამაც ვარშავის პრაიდისა და რიგის პრაიდის ყოველწლიური დამსწრეების რიცხვზე პოზიტიურად იმოქმედა.

მომდევნო წლებში ევროპრაიდი ბევრად უსაფრთხო ქალაქებში — მარსელში, ისევ ოსლოში, ლონდონში, ამსტერდამსა და ვენაში ჩატარდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შედარებით დაცულ გარემოში ღონისძიების ჩატარება მძლავრი გზავნილების, ეფექტური კამპანიის დაგეგმვის შესაძლებლობას ამცირებს. ევროპრაიდი მუდამ ცდილობდა, მიეზიდა მაქსიმალურად მრავალფეროვანი აუდიტორია, აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, პოლიტიკოსები, მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურები და აქტივიზმისა და საზეიმო მსვლელობის ერთგვარი ნაზავი მოეწყო.

2019 წელს, ბილბაოში გამართულ კონფერენციაზე 2022 წლის ევროპრაიდის მასპინძლობის სურვილი ოთხმა ქალაქმა: ბარსელონამ, ბელგრადმა, დუბლინმა, ლისაბონმა და პორტომ კი ერთობლივად გამოთქვეს. ოთხივე კანდიდატმა საკუთარი არგუმენტები, გეგმა და კულტურულ ღონისძიებათა იდეები წარადგინა, რომლითაც ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიების ჩატარებას, ხელშეწყობას გეგმავდნენ.

საბოლოოდ, ბელგრად პრაიდის კანდიდატურამ აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა და EPOA-ს წევრების 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ეს სიტუაცია გასაკვირი არაა, თუ ბელგრად პრაიდის ისტორიას გავითვალისწინებთ — დაახლოებით 20 წლის წინ, თანმდევი პროტესტის მიუხედავად ჩატარებულ ღონისძიებებს ბოლო წლებში ბევრად მშვიდობიანი აქტივობები ჩაენაცვლა. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ძვრებისა, ლგბტქი უფლებები სერბეთში ჯერაც არ არის სახარბიელო — ევროპის ადამიანის უფლებათა რუკაზე სერბეთს ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტი უსწრებს და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს ჯერაც გრძელი გზა აქვს გასავლელი.

2022 წლის ევროპრაიდი ღონისძიების მიერ განვლილი გზის ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაა — 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლისა და სერბეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდში, ლონდონში დაწყებული მოძრაობა დღეს უკვე ახალ, თანასწორობის გზაზე მდგომ ქვეყანაში იმართება.

ევროპრაიდმა ხანგრძლივი გზა გაიარა და პარალელურად იცვლებოდა ევროპაში ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. წინ კიდევ გრძელი გზაა, რომელმაც საბოლოოდ თანასწორობის მაქსიმალურ დაცვამდე უნდა მიგვიყვანოს, ეს კი ერთიანი ძალებით უფრო მარტივად წარმოსადგენია.

წყარო: European Pride

EuroPride 2022 სერბეთში ჩატარდება — გადაწყვეტილებას ანტი-LGBTQI აქცია მოჰყვა

12-დან 18 სექტემბრამდე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი EuroPride-ს, ყოველწლიურ მარშს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი არაა, პანევროპულ ლგბტქი ღონისძიებას მასპინძლობს.

„EuroPride-ის მსგავს რეგიონში ჩატარება ევროპელი ხალხისთვის შესაძლებლობა იქნება, რათა დასავლეთ ბალკანეთში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადონ და პატივი მიაგონ მათ ხანგრძლივ ბრძოლას თანასწორობისთვის, ტოლერანტული გარემოს შენებისა და ადამიანთა უფლებების დაცვისთვის, რაც 2001 წელს ბელგრადში ჩატარებული პირველი ღირსების მარშით იწყება“, — ვკითხულობთ EuroPride-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სერბეთის მასპინძელ ქვეყანად დასახელებას ბელგრადის ცენტრში ანტი-ლგბტქი აქცია მოჰყვა, რომელსაც 5-დან 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო. ჰომოფობიური აქცია სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული. 

შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა პრორუსმა პოლიტიკოსმა ბოსკო ობრადოვიჩმა, ულტრა-მემარჯვენე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა. მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აქცია ყველაზე დიდი ოპოზიციური შეკრებაა „არამხოლოდ ევრო-ნატო-პრაიდის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის მხარდასაჭერად“.

სერბეთის მართლამდიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქიის წინამძღოლის, ნიკანორის იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში კი ისმის, როგორ მიმართავს მღვდელმსახური ეკლესიის წინ შეკრებილებს — „იარაღი რომ მქონდეს, გამოვიყენებდი, მაგრამ არ მაქვს“. ეკლესიას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა კი განაცხადა, რომ ნიკანორმა „თავი დაიმცირა და ამასთან, სერბეთის ეკლესიაც შეურაცხყო“.

EuroPride

დასავლეთ ბალკანეთში ლგბტქი ადამიანებს დისკრიმინაციასთან და უთანასწორობასთან გამკლავება დღემდე უწევთ, ამიტომ EuroPride შესაძლოა შემობრუნების წერტილად, ბერკეტად იქცეს, რათა ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყოს თანასწორობის საკითხებზე ზრუნვა.

EuroPride საერთაშორისო ლგბტქი მარშია, რომელიც ყოველწლიურად, ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება. ღონისძიებას, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ძირითადად ისეთი ქალაქები მასპინძლობენ, რომლებშიც ღირსების მარში უკვე ტარდება ან აქტიური ლგბტქი მოძრაობით გამოირჩევიან. 

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა — თურქი აქტივისტები პრაიდის მონაწილეთა დაკავებას გმობენ

26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი დააკავა.

ჯერ კიდევ მარშის დაწყებამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 52 ადამიანი დააკავა.თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლგბტქი უფლებების მხარდამჭერი ჯგუფის, KaosGL-ის ცნობით, პოლიციამ სულ 373 ადამიანი დააკავა და საპატიმროში გატარებული ღამის შემდეგ გაათავისუფლა.

Levent Pişkin

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიზუალურ მასალაში ჩანს, რომ პოლიცია მძიმედ არის შეიარაღებული და მეტალის ჯებირებით ბლოკავენ ტაქსიმის მოედნამდე მისასვლელ გზებს, ასევე მეტროც დაკეტეს, რათა პრაიდზე დასწრების მსურველებს, გადაადგილება არ შეძლებოდათ.

ლგბტქი უფლებადამცველებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გმობენ პოლიციის სისასტიკეს და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას.

„ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ერდოღანის მიერ მართული თურქული პოლიციის სისასტიკეს და ღირსების მარშის დღეს 373 ლგბტქი ადამიანის, უფლებადამცველისა და ჟურნალისტის დაკავებას — უპრეცენდენტოდ მაღალი ციფრი, რაც თურქეთში გამართული ნებისმიერი საჯარო დემონსტრაციების ისტორიაში გვახსოვს. თურქეთი არღვევს არაერთ უმნიშვნელოვანეს, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის პრინციპს და ამისთვის პასუხი უნდა აგონ. სახელმწიფოს მიერ მართული სისასტიკე და ძალადობა, რომელიც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მარტივია მოპოვებული უფლებებისა და თავისუფლებების დაკარგვა. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა და ახლა, როგორც არასდროს, ერთმანეთის გვერდით დგომა და სოლიდარული, ერთიანი ბრძოლა მოგვეთხოვება“, — აღნიშნა ბილჯანა გინოვამ, ERA-ს, დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის ლგბტქი თანასწორუფლებიანობის დაცვის ასოციაციის ადვოკატირების მენეჯერმა.

სტამბულში ღირსების მარში 2015 წლიდან იკრძალება, მაგრამ ყოველწლიური სისასტიკის, რეზინის ტყვიებისა და წიწაკის სპრეის მიუხედავად აქტივისტები და მხარდამჭერები ლგბტქი უფლებების დასაცავად იკრიბებიან. თურქეთში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის სქესობრივი აქტი დაშვებულია, თუმცა არ არსებობს კანონი, რომელიც ლგბტქი ადამიანებს დისკრიმინაციისგან იცავს.

გასულ წელს, თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გასულიყო სტამბულის შეთანხმებიდან — ქალთა და ლგბტქი ადამიანების ძალადობისგან დაცვისთვის შემუშავებული საერთაშორისო ინიციატივა. ეს დამატებითი წნეხია, რომელიც ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებულ სიძულვილსა და ჩაგვრას ემატება. ხელისუფლების წარმომადგენლები არც კი ერიდებიან და ლგბტქი ადამიანებს საჯაროდ მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი ტერმინებით.

„თურქეთის ლგბტქი მოძრაობას ჩაგვრის წინააღმდეგ უფრო აქტიური რეგიონული და საერთაშორისო სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდება. ეს შეიძლება იმ რესურსებით დახმარებასაც მოიცავდეს, რაც ლგბტქი უფლებადამცველებს სამართლებრივი ბრძოლის წარმართვაში დაეხმარება, სერვისულ ორგანიზაციებს კი უწყვეტი დახმარების გაგრძელებაში. ამასთან, აუცილებელია შევქმნათ და შევინარჩუნოთ უსაფრთხო ადგილები, სადაც აქტივისტები თემის წევრებთან მუშაობენ მაშინ, როცა ხელისუფლება მათ თავს ესხმის“, — აღნიშნავს გინოვა და ამატებს — „მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისოდ გავრცელდეს ხელისუფლების მხრიდან ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები, მხარი დაუჭირეთ თურქეთის ლგბტქი მოძრაობას, დაგმეთ და მოითხოვეთ, რომ მჩაგვრელ ხელისუფლებას სანქციები დაეკისროს“.

წყარო: DAZED

„ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, არ განგვიხილავს ეგ ფაქტი“ – გომელაური 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო მოსმენაზე 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმას და ეს შესაძლებლობა არ განუხილავთ.

„სამწუხაროდ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ჟურნალისტებზე აგრესიული თავდასხმა ამ მასშტაბით არასდროს მომხდარა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო, ამ შემთხვევაში ეს ალტ-ინფო და სხვა მოსახლეობა იყო, რაც მიუღებელია და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ეს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებზე არ იყო, ყველაზე იყო, ფოტოგრაფიც კი სცემეს, რომელსაც ტელევიზიის ნიშანი არ ჰქონდა. ფიზიკურად იძალადეს. რატომ ვერ მოხდა გეტყვით, დაახლოებით  რვა ლოკაციაზე იყო პოლიციის პატარ-პატარა ჯგუფები გაშლილი. აგრესია შეიძლება მომხდარიყო მსვლელობაზე, სადაც შეიკრიბებოდნენ ეს ადამიანები [ღირსების მარშის მონაწილეები]. პოლიციის ძირითადი ნაწილი ფილარმონიასთან იყო გადასროლილი, ვერის ბაღში და ასე შემდეგ, რომ სულ ცოტა კედელი აღგვემართა და გაგვეყვანა ეს ადამიანები იქიდან. სპონტანურად მოხდა რამდენიმე ადგილზე ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა. აქედან გამომდინარე, მესმის ჩვენი გასაკეთებელი იყო, არავის ვაბრალებ, არც თავს ვიმართლებ, ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არ დაგვიშვია, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლა მითუმეტეს. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, არ განგვიხილავს ეგ ფაქტი. მომავალში იმედია აღარ მოხდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მითუმეტეს ჟურნალისტებზე და პრესაზე აღარ მოხდეს თავდასხმა, მთლიანი აქცენტი გადატანილი იყო ლგბტქი ადამიანებზე. სამწუხაროდ მოხდა ეს“, – აღნიშნა გომელაურმა.

მისი თქმით, 5-6 ივლისამდე ღირსების მარშის ორგანიზატორებთან შეხვედრები გამართეს, კვირეულის პირველი ორი ღონისძიება წარმატებულად ჩატარდა, მსვლელობასთან დაკავშირებით კი სხვადასხვა შესაძლებლობა განიხილებოდა, „მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და თემა გაჩერდა“.

პალიტრანიუსის ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

2021 წლის 6 ივლისს, პალიტრანიუსის ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ირაკლი ყავლაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბექა მშვილდაძეს 6 ივლისს, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის მეორე დღეს, პარლამენტთან დაგეგმილი მდუმარე აქციის დაწყებამდე დაესხნენ თავს, ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა პალიტრა ნიუსის ოპერატორს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში არ ჩატარებულა, მაგრამ გაიმართა ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის დროსაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობის ოფისები, დაამტვრიეს ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დღემდე არ დაუკავებიათ.