ქვიარ ზრუნვა

ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

რას ნიშნავს ტოქსიკური ურთიერთობა როდესაც ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ბევრმა არც კი ვიცით, რომ ურთიერთობების შესახებ ჩვენი წარმოდგენები და რწმენები ზოგჯერ თავიდანვე ტოქსიკურია. ჩვენ კულტურაში (და არა მხოლოდ) ღრმად არის გამჯდარი ტოქსიკური

ქვიარ მეგობრული ორგანიზაციები საქართველოში — სია

საქართველოს შემეცნებითი ცენტრისა და GrlzWave-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში არსებული ქვიარ მეგობრული ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო ბროშურა შეიქმნა, რომლის მიზანიც ლგბტქი თემის გაძლიერება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. შესაძლოა, ეს არ იყოს საქართველოში არსებული ყველა ქვიარ მეგობრული ორგანიზაცია, თუმცა დიდი ნაწილი ამ

ლგბტქი ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინაში ქვიარ თემს ეხმარებიან

იმ მომენტიდან, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო, ქვეყანაში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი ძალისხმევა  ხალხის დახმარებისკენ მიმართა.

ლგბტქი თავშესაფრებს დახმარება სჭირდებათ – უკრაინელი აქტივისტის წერილი

უკრაინელმა აქტივისტმა, ანდრიი ჩერნიშევმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩერნივცის, კიევის, დნეპრისა და სხვა ქალაქების თავშესაფრებში მყოფი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებზე წერს.

ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

რას ნიშნავს ტოქსიკური ურთიერთობა

როდესაც ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ბევრმა არც კი ვიცით, რომ ურთიერთობების შესახებ ჩვენი წარმოდგენები და რწმენები ზოგჯერ თავიდანვე ტოქსიკურია. ჩვენ კულტურაში (და არა მხოლოდ) ღრმად არის გამჯდარი ტოქსიკური ქცევის ნიმუშები, რომლებიც არა თუ დამაზიანებლად, არამედ რომანტიკულადაც არის შეფასებული. მაგალითად, ფილმებში არაერთხელ გვინახავს “თავბრუდამხვევი” და ირაციონალური სასიყვარულო ურთიერთობის სცენები, სადაც წყვილის ბრუტალური ჩხუბისა და ეჭვიანობის, თეფშების ლეწვის შემდეგ, შერიგების სცენა ცრემლს გვგვრის და ბედნიერი დასასრულით კმაყოფილები ვართ. არც თუ ისე ცოტა სცენა გვინახავს, სადაც ურთიერთობაში პარტნიორის ობიექტივიზაცია და მესაკუთრეობა მისასალმებელია, კარგია და ამის გამო ხშირად რეალურ  ცხოვრებაში პარტნიორებს აღვიქვამთ არა როგორც იმ ადამიანს, ვისთანაც ვიზიარებთ ემოციებს და ვაძლიერებთ ერთმანეთს, არამედ როგორც პრიზს, მიღწევას ან საჩუქარს.

ტოქსიკური ურთიერთობის მრავალი განმარტება არსებობს და ყველა მათგანი არის საპირისპირო ჯანსაღი ურთიერთობისა, რაც მოიცავს პატივისცემას, ნდობასა და მხარდაჭერას. ტოქსიკური ურთიერთობის დროს ადამიანები მანიპულირებენ, პატივს არ სცემენ ერთმანეთს და ასეთ ურთიერთობას თან ახლავს შფოთვა, წუხილი და სევდა. ტოქსიკურ ურთიერთობას აღარ მოაქვს სიხარულის, კმაყოფილების განცდა და ყოველი კომუნიკაცია იწვევს გამოფიტულობას, სევდას, წუხილს.

ტოქსიკურობა შესაძლებელია არსებობდეს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში: რომანტიკულ პარტნიორებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და კოლეგებს შორისაც.

ტოქსიკურ ურთიერთობაში ადამიანები გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მუდმივად ძირს უთხრიან და ზიანს აყენებენ პარტნიორს/მეგობარს/კოლეგას. ადამიანის ტოქსიკურობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. შესაძლოა, მათ უკვე გამოცადეს მსგავსი ურთიერთობები და თავად გახდნენ ტოქსიკური პარტნიორები ან მეგობრები; შესაძლოა, პრობლემა აღზრდის სტილსა და ნიმუშებშია; შესაძლოა, ადამიანი ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. ტოქსიკურობის მიზეზი შეიძლება იყოს  სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობაც — დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოპათია, კვებითი დარღვევა ან ნებისმიერი სახის ტრავმა. ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ტოქსიკური ურთიერთობის მიზეზი უბრალოდ არათავსებადი დაწყვილების მიზეზიც შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა ორივე კონტროლის მოყვარული ან სარკასტულია.

ტოქსიკური ურთიერთობა, ცხადია, გვხდება ქვიარ წყვილებშიც და მას იგივე ნიშნები და მიმდინარეობა აქვს, როგორც სხვა ნებისმიერ ურთიერთობისას. ძალადობრივ ქვიარ ურთიერთობაში ხშირია პარტნიორის მხრიდან ქამინგაუთის იძულების, ფიზიკური, ეკონომიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ან ბულინგის ფაქტები. იდენტობისა და ორიენტაციის გამჟღავნების შიშის გამო, ქვიარ ადამიანები მეტად რთულად ახერხებენ დახმარებისა და რეაგირების თხოვნას შესაბამისი ორგანოებისგან.

ძირითადი ნიშნები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ

ტოქსიკური ურთიერთობების ნიშნებია:

ტოქსიკური კომუნიკაცია — ურთიერთობის ენა გაჯერებულია დამცინავი ტონით, სარკაზმითა და ხშირი კრიტიკით, ასევე, მეორე ადამიანის იგნორირებით დიალოგის დროს. ტოქსიკურ ურთიერთობას თან ახლავს პასიურ-აგრესიული ქცევა და ადამიანის მუდმივად დადანაშაულება თუნდაც წარსული შეცდომების გამო.  შესაძლოა, თქვენ ხშირად გაჩუმებდნენ და არ გაძლევდნენ საშუალებას, გამოთქვათ თქვენი აზრი ან ისაუბროთ თქვენს ემოციებზე. ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია, როდესაც უგულებელყოფენ თქვენს აზრს და კომუნიკაციის ნებისმიერ მცდელობაზე პასუხი არის სიჩუმე.უპატივცემულობა

უპატივცემულობა — სხვადასხვანაირად მჟღავნდება, ყველაზე ხშირად კი ტოქსიკური კომუნიკაციის დროს. შესაძლოა, ტოქსიკურობა გამოხატული იყოს სხვების თანდასწრებითაც, უხეში ან დამამცირებელი სახელების დაძახებითა და სარკაზმით. ტოქსიკური პარტნიორი ან ახლობელი ურთიერთობისას არათუ არ უჭერს მხარს ადამიანს, არამედ არც კი აღიარებს მის კომპეტენციას და აუფასურებს უნარ-ჩვევებსა და მიღწევებს.

ეჭვიანობა და უნდობლობა — ეჭვიანობა გამოიხატება მუდმივ უნდობლობასა და ქცევის კონტროლში. ტოქსიკური ადამიანი ხშირად გეკითხება სად იყავი/სად ხარ, რატომ არ უპასუხე ტელეფონზე მაშინვე და გამოხატავს გაღიზიანებას. მეტიც, ის ღიზიანდება მაშინაც კი, როცა საუბრობთ, რეკავთ, წერთ ან სუნთქავთ სხვა ადამიანის სიახლოვეს, გაღიზიანებას კი თქვენთან გამოხატავს. ასევე, შესაძლოა,  ჩუმად სცადოს თქვენი ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელისა და სხვა პირად სივრცეში არსებული მიმოწერის ნახვა და წაკითხვა.

საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა — თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, მუდმივად გიწევდეთ იმის კეთება, რაც პარტნიორს/მეგობარს/ოჯახის წევრს სურს, მაშინ, როცა ეს ეწინააღმდეგება თქვენს სურვილს ან კომფორტს.

თავის არიდება — თუ თქვენ მუდმივად იგონებთ ტყუილებს იმის შესახებ, თუ სად ან ვისთან ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ადამიანთან ყოფნა, რადგან გაწუხებთ მასთან ურთიერთობა და თავს გრძნობთ ცუდად, სტრესის ქვეშ, ეს ტოქსიკური ურთიერთობის  მანიშნებელია.

თვითზრუნვის ნაკლებობა — ტოქსიკურ ურთიერთობაში, შესაძლოა, ადამიანმა თავი დაანებოს საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკებს ან საყვარელ საქმიანობას. უფრო მეტიც — უგულებელყოს საკუთარი საჭიროებები და არ ჰქონდეს თავისუფალი დრო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენერგიის არ ქონა, რადგან მთელი ენერგია ტოქსიკურ ურთიერთობას ხმარდება, ან ტოქსიკური პარტნიორის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვა თქვენი ჰობის მიმართ.

ურთიერთობაში პრობლემის გადაწყვეტის სიმულაცია — ტოქსიკური პარტნიორი პრობლემის გაცნობიერების, მასზე საუბრისა და მოგვარების ნაცვლად, ხშირად “ყიდულობს” ურთიერთობას, რაც გულისხმობს პარტნიორისთვის რაიმე ნივთის ჩუქებას ან სადმე წაყვანას. ამით ის ცდილობს გამოიწვიოს პოზიტიური ემოციები და დროებით გადაფაროს რეალური პრობლემა, რომელიც რჩება და მეორდება მორიგი ახალი ნივთის შეძენამდე.

ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები განიცდიან უკმაყოფილებას, შფოთვას და ხშირად საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რომ არაჯანსაღ ურთიერთობაში არიან.

ზოგჯერ ურთიერთობაში ხშირი ჩხუბი განპირობებულია იმ მიზეზით, რომ ადამიანები არ ფლობენ ჯანსაღი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, არ შეუძლიათ საკუთარი ემოციებისა და აზრების გამოხატვა და საჭიროდ არ მიიჩნევენ მათზე საუბარს, ამიტომ ხშირად გასათვალისწინებელია კონტექსტი: რატომ, როდის, რა სიხშირით და რა შემთხვევაში ხდება უთანხმოება.

როგორ მოვიქცეთ, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ

ტოქსიკური ურთიერთობები ადამიანებს აზიანებს, რადგან ქრონიკული სტრესი და დაძაბულობა აისახება ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ წყვილი, ოჯახის წევრები ან ნებისმიერ ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ხვდებიან და აცნობიერებენ, რომ მათი კავშირი არაჯანსაღია, შესაძლებელია, ერთად შეცვალონ ურთიერთობა უკეთესობისკენ. ზოგ შემთხვევაში, სადავ ვერ ხერხდება ურთიერთობის გამოსწორება, სჯობს ის დასრულდეს.

  • მანამ, სანამ ტოქსიკური ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტ, საჭიროა აღიარება, რომ ხარ რთულ ურთიერთობებში ზიანის პერსპექტივით. თავის მოტყუებაა, რომ ერთ დღეს ყველაფერი მოგვარდება, აღარ იჩხუბებთ, თავს ცუდად არ იგრძნობ. რაც არ უნდა სტრესული და სევდიანი იყოს იმის გააზრება და დაშვება, რომ შესაძლოა, საერთოდ ვერ გადაჭრა საყვარელ ადამიანთან დამაზიანებელი ურთიერთობა, ამის აღიარება აუცილებლად მოგიწევს.
  • იყავი გულახდილი — ხშირად, ურთიერთობისგან თავის არიდების მიზნით ვიტყუებით და ვამბობთ, რომ არ გვცალია, სხვას ვხვდებით და ა.შ. გულახდილობა სჯობს მოიცავდეს საკუთარ ემოციებზე საუბარს და არა დადანაშაულებას ან განსჯას. მაგალითად, “გუშინ და იმის წინ არ შეგხვდი იმის გამო, რომ შენთან ურთიერთობისას ვნერვიულობ და თავს უსუსურად მაგრძნობინებ”. ამის შემდეგ შესაძლოა ახნა-განმარტება მოგთხოვონ ან დაგადანაშაულონ, გაბრაზდნენ კიდეც, მაგრამ თუ ურთიერთობა არ გვარდება, გეცოდინებათ მაინც.
  • მზად იყავი სასაუბროდ — ხშირად, ტოქსიკურ ურთიერთობაში გავურბივართ საუბარს, რათა არ გამოვიწვიოთ მძაფრი რეაქცია და ჩხუბი, შედეგად კი ჩვენი ემოციები და საჭიროებები უგულებელყოფილია და მუდმივად ვართ დაძაბულები. დაიწყეთ ლაპარაკი რას, რატომ, როგორ გრძნობთ და რაში ხედავთ გამოსავალს. დაეხმარეთ ადამიანს, კარგად დაინახოს ტოქსიკური ქცევის ნიმუშები. თუ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერში ბრალს ისევ თქვენ გდებენ და კვლავ უგულებელყოფენ თქვენს საჭიროებებს, შემდეგ უნდა დაფიქრდეთ, როდის და როგორ გაწყვიტოთ ტოქსიკური ურთიერთობა.
  • ითხოვე დახმარება — მუდმივი სტრესი და დაძაბულობა იწვევს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას. თუ ხედავთ, რომ დამოუკიდებლად გამკლავება გიჭირთ, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ სტრესი და თავი მოუყაროთ რესურსს ტოქსიკური ურთიერთობის მოგვარებისთვის.
  • მეტად ენდე საკუთარ თავს — ხშირად, ტოქსიკურ ურთიერთობაში გვაჯერებენ, რომ ბევრი რაღაც გვეჩვენება, არაკომპეტენტურები, სუსტები და ზედმეტად ემოციურები ვართ. სცადეთ აწარმოოთ ემოციების დღიური, სადაც აღწერთ კონკრეტულ მოვლენას, ემოციას და ფიქრებს, რაც ამ მოვლენამ გამოიწვია. აღნიშნული სავარჯიშო გაგიადვილებთ ამოიცნოთ თქვენი ემოციები და აზრები, ასევე, თვალსაჩინოს გახდის ტოქსიკურობის დინამიკას.
  • შეიმუშავე გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ მოგიწევს გახვიდე ტოქსიკური ურთიერთობიდან — ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ურთიერთობა გამწვავდეს, პარტნიორის/ოჯახის წევრის/მეგობრის მხრიდან განხორციელდეს გაუთვალისწინებელი ქმედებები, რამაც გამოიწვიოს ზიანი. მაგალითად, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ და ერთად ცხოვრობთ, სასურველია, წინასწარ იცოდეთ, სად იქნებით დაშორების შემდეგ, ვისგან მიიღებთ მხარდაჭერას და ა.შ. ურთიერთობის მოგვარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ტოქსიკურია, არ არის ადვილი, თუმცა ორივე მხრის მუშაობის, ხელშეწყობისა და დახმარების შედეგად, მათი გაჯანსაღება შესაძლებელია.

გახსოვდეთ, იმსახურებთ ბედნიერ, მშვიდ, ჯანსაღ ურთიერთობებს, რომლებსაც მოაქვს სიხარულის განცდა. არავის დათანხმდეთ ზიანის მომტან ურთიერთობაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

ავტორი: ნინო ბექაია

ქვიარ მეგობრული ორგანიზაციები საქართველოში — სია

საქართველოს შემეცნებითი ცენტრისა და GrlzWave-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში არსებული ქვიარ მეგობრული ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო ბროშურა შეიქმნა, რომლის მიზანიც ლგბტქი თემის გაძლიერება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა.

შესაძლოა, ეს არ იყოს საქართველოში არსებული ყველა ქვიარ მეგობრული ორგანიზაცია, თუმცა დიდი ნაწილი ამ სიაშია. ამიტომ Queer.ge გთავაზობთ ბროშურაში ჩამოთვლილ ორგანიზაციებს და ინფორმაციას მათ შესახებ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად შეძლოთ დაკავშირება.


 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ფემინისტური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ქალთა გაძლიერების და პოლიტიკური მონაწილეობის გზით, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების შენების ხელშეწყობა. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მუშაობს ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების, ასევე სხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელ ქალთა საკითხებზე.

WISG მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: ადვოკატირება ქალთა და ქვიარ საკითხების პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის; თემის გაძლიერება სოციალური და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად; გენდერისა და სექსუალობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი კრიტიკული ცოდნის შექმნა კვლევებისა და სახელოვნებო პროექტების გზით; ინტერსექციური ქვიარ ფემინისტური ორგანიზების კულტურის/პრაქტიკის განვითარება.

ბროშურაში ვკითხულობთ, რომ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი არის საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ძირითადი კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის ავტორი. კვლევები, ჩრდილოვანი ანგარიშები, პოლიტიკის დოკუმენტები, ასევე ინფორმაცია სხვა აქტივობების შესახებ, ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე.

WISG-ის სერვისების შესახებ:

  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) სერვისის მიღების მსურველებთან სპეციალისტებისგან შემდგარი მულტი გუნდის და ქეის მენეჯმენტის პრინციპით მუშაობს. ეს მიდგომა თითოეული შემთხვევის კომპლექსურობის აღქმის და საჭიროებების უფრო სრულყოფილი სურათის შექმნის შესაძლებლობას იძლევა;
  • მულტიგუნდში ჩართული სპეციალისტები არიან: სოციალური მუშაკი (რომელიც ამავდროულად ქეისს მართავს), იურისტი, ფსიქოლოგი, სექსოლოგი, ფსიქიატრი;
  • თითოეული ქეისის მართვა ხდება ქეისში ჩართულ სპეციალისტებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 595 19 03 03
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3znBzDz
ელფოსტა: [email protected] 
ვებ გვერდი: www.wisg.org


თანასწორობის მოძრაობა

“გვსურს, ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო ლგბტქი ადამიანები არ განიცდიან ძალადობასა და აგრესიას. ლგბტქი თემის წევრები და ქალები საზოგადოების თანასწორი წევრები არიან. ამ ხედვის რეალიზებისათვის ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ლგბტქი თემისა და ქალების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, ამავდროულად, ვიმუშაოთ საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოსაფხვრელად”, — მიუთითებს თანასწორობის მოძრაობა ბროშურაში.

თანასწორობის მოძრაობის სერვისების შესახებ:

  • უფასო აივ ტესტირება;
  • ფსიქოლოგის მომსახურება;
  • იურისტის მომსახურება;
  • სოციალური მუშაკის მომსახურება;
  • ექიმის მომსახურება;
  • PreP პროგრამა.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭიროებებზე დაფუძნებულ სოციალური თუ სამართლებრივი სერვისების მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე მუშაობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 032 2 47 97 48
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3vsqgsy
ელფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი: http://www.equality.ge/


თემიდა

“ჩვენი მიზანია ტრანსი ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი, პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობა, სადაც მათი საჭიროებები, წუხილები, გამოწვევები და უფლებები აღიარებულია და მხარდაჭერილი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.

ჩვენი ამოცანაა ტრანს ადამიანების ხმების, აგენტობის და მონაწილეობის გაძლიერება და თემის თვითორგანიზების ხელშეწყობა, რასაც ტრანს ადამიანების პირდაპირი მხარდაჭერის, გაძლიერების და სოლიდარული კავშირების მშენებლობის გზით მივაღწევთ”, — მიუთითებს თემიდა ბროშურაში.

თემიდას სერვისების შესახებ:

  • დროებითი საცხოვრისი — საცხოვრისის შიდა სერვისები:
  • სოციალური მუშაკის მომსახურება, ფსიქოლოგის მომსახურება, იურისტის მომსახურება, ექიმის მომსახურება, კვებითა და საცხოვრისით უზრუნველყოფა;
  • იურისტის მომსახურება;
  • ფსიქოლოგის მომსახურება;
  • სოციალური მუშაკის მომსახურება;
  • დასაქმების სპეციალისტის მომსახურება;
  • პირადობაში სახელის შეცვლის სერვისი;
  • კვების ერთჯერადი პაკეტები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 032 200 03 51
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3BskoU2
ელფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი: http://temida.org.ge/


 

თანასწორობა 17

“თანასწორობა 17” – საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ლგბტქი თემის წევრებს უწევს შემდეგ სერვისებს:

  • იურიდიული კონსულტირება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, ასევე გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეებზე;
  • ფსიქოლოგის კონსულტაცია, ფსიქო-განათლება;
  • საინფორმაციო მხარდაჭერა ონლაინ მედია “ქვიარის” მეშვეობით.

“ონლაინ გამოცემა ქვიარი აერთიანებს ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანებს. ჩვენ გვახსოვს, რომ ადამიანის უფლებების უგულებელყოფამ არაერთი ბარბაროსული აქტი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გამოიწვია. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა ხელს უწყობს სოციალურ პროგრესსა და საყოველთაო კეთილდღეობას. ჩვენ ვიცით, რომ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე შეუძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ადამიანები თავისუფლები იქნებიან შიშისგან, სიღარიბისა და ჩაგვრისგან. ჩვენ ვშრომობთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული სოციალური ჯგუფის – ქვიარ თემის უფლებებისთვის და ასევე, ვართ სოლიდარულები ყველა სხვა სოციალური ჯგუფებისა თუ ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ჩვენ მზად ვართ, შემოვიერთოთ ყველა, ვინც ჩათვლის, რომ ეს მისი საქმეცაა”, — მიუთითებს თანასწორობა 17 ბროშურაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოციალური ქსელი: https://bit.ly/3oGo7Wh
ელფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი: https://queer.ge/


თბილისი პრაიდი

თბილისი პრაიდი არის ლგბტქ+ ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება, რომელიც ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში. თბილისი პრაიდი იბრძვის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში და პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქ საკითხებს.

საქართველოში მცხოვრები ლგბტქ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი) ადამიანების ოჯახების გაძლიერების მიზნით, თბილისი პრაიდი ახორციელებს პროექტს “ამაყი ოჯახები”, რომელიც ლგბტქ ადამიანების ოჯახის წევრებს აერთიანებს და ეხმარება საზოგადოებაში არსებულ სტიგმასთან და სოციალურ წნეხთან გამკლავებაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქვიარ ადამიანების ოჯახის წევრების ქსელი. პროექტის მონაწილეები კი ჩართულები არიან საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსიებში, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებში, გასვლით შეხვედრებში, სადაც ერთმანეთის უკეთ გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა აქვთ.

თბილისი პრაიდის გუნდი მიუთითებს, რომ პროექტში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და სიხარულით გიპასუხებენ ყველა კითხვაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 551 22 88 08
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3vspTy6
ელფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: https://tbilisipride.ge/


თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას: ადამიანის უფლებათა ცენტრი, უფლებები საქართველო, მედიის ინსტიტუტი, საფარი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

თბილისის სახლი იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სერვისები:

  • თბილისის სახლი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს უფლებადამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და თავისუფალი ჟურნალისტებისთვის – იქნება ეს იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, გადაწვის საწინააღმდეგო და
    უნარების გაძლიერების აქტივობები, საერთაშორისო და ადგილობრივი ადვოკატირება თუ სხვა;
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ციფრული პროექტია უფლებადამცველთა პლატფორმა www.defenders.ge, რომლის მიზანიც უფლებადამცველთა საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი როლის ხაზგასმა და რესურსის ერთ სივრცეში გაერთიანებაა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 322 38 20 18
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3JhRgAx
ელფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი: https://hrht.ge/


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიზანია, გაიზარდოს ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ხოლო ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ძალთა გადანაწილებას დისკრიმინაციის ყველა დონეზე აღმოსაფხვრელად.

ადამიანის უფლებათა ცენტრს სჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით.

“ჩვენ ვთვლით, რომ ამ უფლებებისა და კანონის უზენაესობის რეალიზაცია და დაცვა წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 995 32 238 46 48
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3OL7dk3
ელფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი: www.hrc.ge


ფემინა

ფემინა ფემინისტური ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალთა უფლებებზე, რაც ასევე მოიაზრებს მუდმივ და პროექტულ სერვისებს.

ფემინას სერვისების შესახებ:

  • სწრაფი რეაგირების სახალხო დაფინანსების მუდმივმოქმედი პლატფორმა;
  • ონლაინ იურიდიული კონსულტაცია სისხლის და სამოქალაქო ადმინისტრაციულ საქმეებზე (მუდმივი);
  • ფსიქო-სოციალური, განათლების და ეკონომიკური გაძლიერების დახმარების სერვისები (პერიოდულად და პროექტულად).

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 557 58 48 18
სოციალური ქსელი: https://bit.ly/3Q36R9p
ელფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი: https://feminaplus.ge/


GrlzWave

GrlzWave ამ ეტაპზე ქმნის ქალთა საკითხების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ვიდეო კონტენტს, რომელსაც სოციალური ქსელების: Facebook, Instagram, Youtube მეშვეობით ავრცელებს. ვიდეოები შეეხება ქალებს და ქვიარ ადამიანებს. ვიდეოების მიზანია ხელი შეუწყოს ტაბუირებულ თემებზე დისკუსიის წარმოქმნას, ქალებისა და ქვიარ ადამიანების საჭიროებებზე მორგებული კონტენტის შექმნასა და პოპულარიზაციას, ქალებისა და ქვიარ ადამიანების გაძლიერებას და საზოგადოებაში მათი როლის წარმოჩენას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოციალური ქსელი: https://bit.ly/3OLfeFq
ელფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი: http://grlzwave.com/


საქართველოს შემეცნებითი ცენტრი

საქართველოს შემეცნებითი ცენტრი არაფორმალური განათლებისა და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით ცდილობს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას.

“ჩვენი მისიაა ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზება და საზოგადოების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვა, მიუხედავად მათი რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობისა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს შემეცნებითი ცენტრის სერვისები:

  • ავითარებს იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისებს;
  • აქვს შემეცნებითი ტრენინგები და კურსები, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისთვის;
  • ეხმარება ახალგაზრდებს ინიციატივების განხორციელებაში და დამწყებ საწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
  • ავრცელებს ინფორმაციებს ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოციალური ქსელი: https://bit.ly/3JnpVx2
ელფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი:  https://ccgeorgia.ge/


პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, თელავიდან, თბილისიდან, დედოფლისწყაროდან, ამბროლაურიდან, ზუგდიდიდან, ადიგენიდან და ბათუმიდან. ტრენინგში 25 ადამიანი მონაწილეობდა.

ტრენინგის მიზანი მონაწილეების ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების ამაღლება, ერთმანეთის გაცნობა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამომავლოდ თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ამბროლაურის რაიონიდან, ეთერ არსანიძე ამბობს, რომ შედეგად, შეძლებს საკუთარი ემოციები მეტად მართოს, რაც საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გახდის.

“აქტივისტებს, განსაკუთრებით ქვიარ აქტივისტებს, ჩვენს ქვეყანაში სტრესულ გარემოში ცხოვრება უწევთ. როდესაც სტრესული გარემო ყოფის ყოველდღიურობაა, გონებაში ილექება ყველაფერი, რაც შემდეგ ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორის გამომწვევია. სამწუხაროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა დავუხვდეთ ასეთ დაბრკოლებებს. სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიან ტრენინგზე ამ საკითხთან მიახლოებას ველოდი, რაც რეალურად მოხერხდა. ამ საქმის სპეციალისტად ვერ  გამოვდგები, თუმცა უკვე შემიძლია, თუნდაც უახლოესი რამდენიმე თვე ჩემი ემოციები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ვაკონტროლო და ვმართო, რაც ნაკლებად დამსტრესავს და საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გამხდის. ყველაზე ღირებული, რაც ტრენინგმა დამიტოვა, ამ 4 დღის განმავლობაში გაცნობილი ადამიანები არიან, რომელთა სახითაც ჩემს საქმიანობაში მეტი მხარდამჭერი მეყოლება”, – უთხრა ეთერ არსანიძემ ქვიარს.

ტრენინგს ესწრებოდა მარკეტინგის სპეციალისტი და თბილისი პრაიდის ბორდის წევრი, ტაო ჭალიძეც. მისი თქმით, გაუძლიერდა შეგრძნება, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო არ არის და შეუძლია, უკეთესის იმედი ჰქონდეს.

“ტრენინგთან დაკავშირებით ორი სახის მოლოდინი მქონდა: გავეცნობოდი სხვადასხვა გზას სტრესის დასაძლევად და შევხვდებოდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ის გამოწვევები, რის წინაშეც თავად ვდგავარ ხოლმე, გამიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს. ორივე მოლოდინი 100%-ით გამართლდა. ჩემთვის სავარჯიშოების ნაწილიც და თეორიაც საინტერესო აღმოჩნდა. ახალმა ცოდნამ და ახალი ადამიანების გაცნობამ გამიმძაფრა შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ და შემიძლია, უკეთესის იმედი მქონდეს”, – ამბობს ტაო.

ფოტო: ეთერ არსანიძე

იურისტი თბილისიდან, მარიამ ჯიქია კი აღნიშნავს, რომ ტრენინგებზე ფორმალურ გარემოს ელოდა, თუმცა ყველა ტრენერი, კლასიკური შემთხვევისგან განსხვავებით, მზრუნველ, უსაფრთხო და გუნდურ გარემოს ქმნიდა.

“სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგები ექსპერტების და ორგანიზატორების მიერ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით სრულად იყო მორგებული ჯგუფის წევრების ინტერესებზე. გარემო უსაფრთხო და მიმღებლური იყო. ტრენინგებზე პოზიციების გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება მეცნიერული ცოდნის მარტივად აღქმისა და გააზრების შესაძლებლობას გვაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგებზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ტრენერები და ორგანიზატორები ჯგუფის თითოეული წევრის საჭიროებებსა და ინტერესებს ითვალისწინებდნენ. რაც მთავარია, პრაქტიკული ჯგუფური თერაპიები, რომელშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ფრთხილად და წინდახედულად მიმდინარეობდა, რაც ჯგუფში საუბრის უხერხულობას არ ქმნიდა. ამასთან, სტრესის მართვის ტექნიკები, რომელიც დეტალურ და კონკრეტულ გამოყენებად საშუალებებს ეხებოდა, საკუთარი თავის უკეთ მართვის შესაძლებლობას მომცემს”, – გვითხრა მარიამმა.

საჯარო მმართველობის მაგისტრისა და აქტივისტისთვის თელავიდან, ნინო ბოჭორიძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ბავშვის საკითხზე საუბარი აღმოჩნდა.

“ვფიქრობ, ამ ტრენინგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან თეორიასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო პრაქტიკულ სავარჯიშოებში და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. ტრენინგი მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობდა. ჯგუფი იდეალურად იყო შერჩეული, რაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას ქმნიდა. ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გადაცდომას. ჩემთვის ყველა თემა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ჩვენს შინაგან ბავშვს, რომლის კარგად გამოკეტვასაც ვცდილობთ ხოლმე. ამ საკითხზე საუბარმა მიმახვედრა, რომ ჩემს შინაგან ბავშვს ყოველთვის პატივი უნდა ვცე და მოვუარო”, – ამბობს ის.

ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იურისტის და აქტივისტის, თანასწორობა 17-ის დამფუძნებლის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ტრენინგის მიმდინარეობამ ნათლად აჩვენა, რამდენად საჭიროა მსგავსი ღონისძიებები სამოქალაქო აქტივისტი ქალების, განსაკუთრებით კი, ქვიარ აქტივისტი ქალების მხარდაჭერის პროცესში.

“პროფესიული გადაწვის პრევენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სოციალურ, სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებს უწევენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ამას გარდა, თვალსაჩინო გახდა რეგიონებში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობა და მწვავე საჭიროება. საერთო ტრავმებზე კოლექტიური ზრუნვის ტექნიკები შესაძლებლობას გვაძლევს, დისკრიმინირებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევები, მათთან გამკლავების გზები, ინდივიდუალურად და ერთად გასაკეთებელი სამუშაო გავიაზროთ, იმისთვის, რომ გადავრჩეთ და შევამციროთ ზიანი, რომელსაც საზოგადოება გვაყენებს, გავაუმჯობესოთ ერთმანეთის ყოფა”, – ამბობს ნინო.

მისი ინფორმაციით, თანასწორობა 17 საქართველოს რეგიონებში ქალებისა და ქვიარ თემის მხარდასაჭერად მსგავსი ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდაც შეეცდება.

პროექტი თანასწორობა 17-ის ორგანიზებითა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ლგბტქი თავშესაფრებს დახმარება სჭირდებათ – უკრაინელი აქტივისტის წერილი

უკრაინელმა აქტივისტმა, ანდრიი ჩერნიშევმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩერნივცის, კიევის, დნეპრისა და სხვა ქალაქების თავშესაფრებში მყოფი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებზე წერს. Keep Reading

ლგბტქი ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინაში ქვიარ თემს ეხმარებიან

იმ მომენტიდან, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო, ქვეყანაში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი ძალისხმევა  ხალხის დახმარებისკენ მიმართა. Keep Reading