8 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით ბიძა დააკავეს; 13 წლის გოგოზე 60 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა; 14 წლის ბავშვი 25 წლამდე ასაკის კაცმა გააუპატიურა, რის შემდეგაც მამა გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა; 12 წლის ბავშვმა
8 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით ბიძა დააკავეს; 13 წლის გოგოზე 60 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა; 14 წლის ბავშვი 25 წლამდე ასაკის კაცმა გააუპატიურა, რის შემდეგაც მამა გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა; 12 წლის ბავშვმა იმშობიარა — ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომელთა შესახებ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახდა ცნობილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი ხელშეუხებლობის თავისუფლების წინააღმდეგ რეგისტრირებულია 396 დანაშაული, მათ შორის 137 გაუპატიურება, ხოლო 259 სხვა დანარჩენი. რაც შეეხება წინა წელს, რეგისტრირებული იყო 395 ფაქტი, მათ შორის 133 გაუპატიურება, ხოლო 262 სხვა დანარჩენი.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც წესი, სტატისტიკა იმაზე მძიმეა, ვიდრე ცნობილი ხდება ხოლმე. ნაკლები მიმართვიანობის მიზეზი შეიძლება იყოს სტიგმა, უნდობლობა სამართალდამცავი სისტემებისადმი და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2021 წლის კვლევის მიხედვით, მთელ მსოფლიოში სამიდან ერთი ქალს გამოუვლია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა პარტნიორისგან ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორისგან. ძალადობა უფრო ხშირია პარტნიორის მხრიდან. WHO ამბობს, რომ 15-49 წლის ქალების თითქმის მესამედს, 27%-ს გამოუცდია ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის ესა თუ ის ფორმა პარტნიორის მხრიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს იმასაც, რომ ძალადობა ნეგატიურად აისახება ქალის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 15-64 წლის ქალების 26,2% გამოვლილი აქვს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც: სექსუალური ძალადობა არაპარტნიორისგან, სექსუალური ძალადობა ბავშვობისას და სექსუალური შევიწროება.
ქალებზე ძალადობენ ბავშვობიდან. ძალადობენ ოჯახის წევრებიც და უცნობებიც. ქვიარი ესაუბრა ქალებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილების შესახებ ჰყვებიან.
გაფრთხილება: რესპონდენტების მიერ მოთხრობილი ამბები ეხება სექსუალურ ძალადობას და დეტალები, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, მძიმე წასაკითხი იყოს.
ანა დარბაიძე
ანამ სექსუალური ძალადობა 4-ჯერ გამოიარა. მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ის შემთხვევა აღმოჩნდა, რომელიც ქუთაისში მოხდა. ანა მეგობართან იმყოფებოდა, სახლი ტყესა და მდინარესთან იყო ახლოს. მეგობრები ტყეში სოკოს მოსაგროვებლად გავიდნენ, ანა ტელეფონზე საუბრისას მდინარესთან მარტო შემორჩა.
“მეთევზე კაცი გამოჩნდა. გამოლაპარაკება სცადა და მოსაწევიც შემომთავაზა. ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი, თან ვუღიმოდი, ასაკიანი კაცია-მეთქი. მალევე დავემშვიდობე, ვუთხარი, გოგოები ახლოს არიან და უნდა წავიდე-მეთქი. ერთი წუთით მოდი, რაღაცას გაგატანო. ვიფიქრე, რომ ჩემს მეგობრებს იცნობდა, რადგან იმ ტერიტორიებზე მათ გარდა სახლი არავის აქვს, მეთევზეები და მეცხვარეები კი იცნობენ მათ. მეგონა, რომ ნამდვილად აპირებდა რაღაცის გატანებას. მივუახლოვდი თუ არა, ხელში მტაცა ხელი და თავისკენ მიმათრევდა. ხელით შევიმაგრე თავი და სახეში ტელეფონი ჩავარტყი. მაშინვე მივხვდი, რასაც აპირებდა. გამიმართლა, რომ ჩემი რეაქცია ასეთი იყო და არა შიში და უმოქმედობა. ფიზიკურად იმდენად მოვაქციე ტკივილის ქვეშ, რომ გამიშვა. თან მეუბნებოდა, შენ ვის ურტყამ, გოგოო!”, — იხსენებს ანა.
მისი თქმით, სწორედ აბსოლუტური აგრესიული მოქმედება გახდა მისი გადარჩენის საფუძველი — მოძალადეს რომ გაეაზრებინა, რომ ანაზე ფიზიკურად ბევრად ძლიერი იყო, იმდენად შორს იყვნენ, ვერავინ დაეხმარებოდა.
ძალადობის მეორე შემთხვევა ანას 4-5 წლის წინ, ერთ-ერთ კლუბში ჰქონდა. იხსენებს, რომ პერიოდულად მცირე ხნით იძინებდა, რაც ენერგიას მატებდა და შემდეგ საცეკვაოდ ბრუნდებოდა. როგორც ამბობს, მოძალადისგან თავის დაღწევა იმის დამსახურებით მოახერხა, რომ ფხიზელი იყო — არც ალკოჰოლს მოიხმარდა და არც ნარკოტიკს.
გვიყვება, რომ მძინარემ იგრძნო, როგორ ეხახუნებოდა ვიღაც და მისთვის შარვლის გახსნას ცდილობდა. გამოფხიზლებისთანავე გაიაზრა, რომ უცნობი კაცი მის გაუპატიურებას ცდილობდა. ანას თქმით, შოკის გამო, იმ მომენტში, ვერც გაიაზრა, რის გაკეთება შეეძლო, ამიტომ უბრალოდ გაიქცა. მოგვიანებით, როცა მომხდარის შესახებ მეგობრებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს მოუყვა, მათ უთხრეს, რომ აღნიშნულ პირს დაცვის გამოყენებით კლუბის ტერიტორიას დაატოვებინებდნენ, რადგან სხვა ადამიანების შემთხვევაშიც არაერთხელ მოქცეულან ასე. ანას თქმით, მხოლოდ კლუბის ტერიტორიის დატოვება საკმარისი არ არის იმის საპირწონედ, რასაც მოძალადე კაცი აკეთებდა, თუმცა იმ მომენტში არჩია, რომ საფრთხისშემცველ გარემოსა და სიტუაციას უბრალოდ გასცლოდა.
დანარჩენი ორი შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. ანა აღნიშნავს, რომ არც ერთ შემთხვევაში მგზავრებმა მხარი არ დაუჭირეს, ხოლო ერთ-ერთმა კაცმა მოძალადის დაცვაც კი სცადა. ის ამ შემთხვევაშიც საკუთარ აგრესიულ თავდაცვას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ძალადობის თითოეულ შემთხვევაში ეს ეხმარებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე მეთევზის სახე ანას ცხადად ახსოვდა, ხოლო ტრანსპორტში მოძალადე კაცს სურათიც გადაუღო, რომელიც დღემდე აქვს შენახული, ამბობს, რომ სისტემისადმი უნდობლობის გამო, პოლიციისთვის არ მიუმართავს. მისი თქმით, სამართალდამცავები გაუპატიურებულ ქალებს სერიოზულად არ აღიქვამენ და მას, რომელმაც ძალადობას თავი დააღწია, მით უმეტეს არ დაეხმარებოდნენ.
სალომე (სახელი შეცვლილია)
იმის გამო, რომ ძალადობა გამოვლილი ქალები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, ქვიარის კიდევ ერთმა რესპონდენტმა მკითხველისთვის ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. სწორედ ამიტომ, სტატიაში მისი სახელი შეცვლილია.
სალომე იხსენებს, რომ 15 წლისა მთელ სკოლაში ყველაზე მამაცი გოგო იყო და არავისი ეშინოდა, თუმცა სექსუალური ძალადობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
2015 წელს, არასრულწლოვანი სალომე მეგობრის დაბადების დღიდან სახლში ბრუნდებოდა და რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაევლო. მალე იგრძნო, რომ ვიღაც მიჰყვებოდა, მაგრამ უკან არ მიუხედავს. როდესაც გზის შედარებით ბნელ ნაწილს მიუახლოვდა, თმა იმდენად ძლიერად მოქაჩეს, რომ ძირს დაეცა. წაქცეულს უცნობმა კაცმა ხელები შეუკრა და პირზე ხელი ააფარა.
სალომე იხსენებს, რომ სკოლის ყველაზე მამაცი გოგო შეშინებულ ბავშვად გადაიქცა, ძალადობის მომენტში მოქმედების უნარი დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. ის კაცს ხან ეხვეწებოდა, რომ გაჩერებულიყო და ხანაც ემუქრებოდა, რომ უჩივლებდა, თუმცა არაფერმა გაჭრა. ფიზიკური დაზიანებების მიყენებისა და სექსუალური ძალადობის შემდეგ, მოძალადემ შიშველი, დასისხლიანებული გოგო ადგილზე დატოვა. სალომე იხსენებს, რომ იმ ღამეს ძლივს იპოვა ფიზიკური და მენტალური ძალა, რომ სახლამდე მიეღწია. მის მეხსიერებაში მოძალადის სახე, ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, სრულიად წაიშალა.
ეს არ ყოფილა სექსუალური ძალადობის ერთადერთი შემთხვევა მის ცხოვრებაში. რამდენიმე წელში სოფლიდან ქალაქისკენ ავტოსტოპით მოუწია წასვლა და გზაში აღმოაჩინა, რომ მანქანაში მჯდომი სამი კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
“ახალგაზრდა, 29-30 წლის ბიჭები იყვნენ. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. უცებ საჭესთან მჯდომი ბიჭი შემობრუნდა და მითხრა, მაღაზიაში რაღაცას ვიყიდიო. ჩავიდა და ლუდებით დაბრუნდა. ვუთხარი, რომ ძალიან მეჩქარებოდა და თუ გაჩერებას აპირებდნენ, სხვას გავყვებოდი. ვიჩქარებო, მიპასუხა. ვთხოვე, გამიჩერე აქვე, სადაც ვართ-მეთქი. პანიკაში ჩავვარდი. მამშვიდებდა, მაგრამ ისეთი სახით, აი, ადამიანებს ბოროტი განზრახვა თვალებში რომ ეტყობათ. პოლიციაში დავრეკავ-მეთქი, ტელეფონი ვაჩვენე. ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და სიცილი დაიწყო. ვუთხარი, რომ გადავხტებოდი, მაგრამ არ აჩერებდა. მანქანის კარები ჩაკეტა და სადღაც გადაუხვია. სამნი იყვნენ, სამივე ერთმანეთს უყურებდა და იცინოდა. უკან მჯდომმა ხელების ფათური დამიწყო, ხან მხარზე დამადებდა ხელს და გავაწევინებდი, ხან — ფეხზე. ბოლოს დავარტყი ამ ბიჭს. ჩემი დარტყმა და მისი მხრიდან დარტყმაც ერთი იყო. მანქანა გააჩერა და თმებით გადამათრია. ვცდილობდი, რამე დამერტყა და როგორმე მომეშორებინა. ვხვდებოდი, რასაც აპირებდნენ და ისე მეშინოდა, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ვკანკალებდი, ვეღარ ვსუნთქავდი, წინა გაუპატიურება გამახსენდა. გონებას ვკარგავდი, მაგრამ ის ნაბიჭვარი სახეში მირტყამდა, შენი ყვირილის გაგონება გვინდა, რომელსაც ჩვენ გარდა ვერავინ გაიგებსო. ვინ სად მეხებოდა, ვინ სად მირტყამდა, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. სამივემ გამაუპატიურა”.
მისი თქმით, დღემდე უწევს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტები და მედიკამენტების მიღება, თუმცა იმ ზიზღსა და შიშს ვერაფერი შველის, რომელსაც კაცებთან სიახლოვე იწვევს.
პატრისია გოგელია
პატრისია გოგელია სექსუალურ შევიწროებაზე ბევრი წლის განმავლობაში ღიად საუბარს ვერ ახერხებდა, რადგან საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ბრაზობდა, რომ ვერაფერი მოიმოქმედა. ის 14 წლის იყო, როცა ავტობუსში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
“მეგობართან ვიყავი ნაჩხუბარი და მთელ გზას მაგაზე ფიქრში გავატარებდი, რომ არა ჩემთვის უცხო, გაურკვეველი შეგრძნება საჯდომის მიდამოში. თავიდან მეგონა, რომ რომელიმე მგზავრის ჩანთა მეხებოდა, თუმცა ეს შეგრძნება იმდენად უცნაური და არასასიამოვნო იყო, რომ ჩემს სახლამდე 5 გაჩერებით ადრე ჩამოვედი და გზა ფეხით გავაგრძელე. სახლში რომ შევედი, მივედი სარკესთან, ხელი ზურგს უკან წავიღე და დაახლოებით იმ ადგილას მივიდე, სადაც, ჩემი აზრით, ჩანთა მედებოდა. მივხვდი, რომ ის, რაც უკან მეხებოდა, ჩანთა სულაც არ იყო. როგორც კი გავიაზრე მომხდარი, ტირილი ამივარდა, აბაზანაში შევვარდი და ისტერიულად ვცდილობდი ჩამომებანა ჭუჭყის ის შეგრძნება, რაც მომენტალურად გამიჩნდა”.
რამდენიმე დღეში იმავე ავტობუსში კვლავ იგრძნო შეხება.
“მეგონა, ამჯერად მაინც მოვიმოქმედებდი რამეს, მაგრამ შიშისგან და სირცხვილისგან გავშეშდი. ისევ გამოვვარდი ავტობუსიდან 5 გაჩერებით ადრე, მაგრამ ამჯერად უკან გავიხედე და დავინახე ბაბუას ასაკის კაცი, რომელიც უცოდველი კრავის თვალებით მიყურებდა და მიღიმოდა”.
პატრისიას თქმით, სანამ ნაცნობმა მსგავსი ისტორია არ გაუზიარა, ამ ფაქტის შესახებ საუბარი არ შეეძლო. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ მის გარშემო მცხოვრებ ქალებს შორის თითქმის ყველას გამოუვლია სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა სივრცეში.
გადავსებული ტრანსპორტით მგზავრობა დღემდე არ შეუძლია. ყოველ ჯერზე, როცა ვინმე მის უკან დგება, სუნთქვა ეკვრის. მისი თქმით, წარსულ თავთან საუბარი რომ შეეძლოს, 14 წლის პატრისიას ეტყოდა, რომ ის არაფერშია დამნაშავე და რომ მთელი სიბრაზე იმ ადამიანისკენ უნდა მიემართა, რომელმაც არასრულწლოვანთან მსგავსი მოპყრობა გაბედა.
არ აქვს მნიშვნელობა, სად და რა ვითარებაში მოხდა ძალადობა, რა ეცვა ქალს, ფხიზელი იყო თუ არა — არ არსებობს მიზეზი, რომელიც ძალადობას ამართლებს. თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა.
ქალთა მოძრაობა რეაგირებას ითხოვს. პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმულ ერთ-ერთ აუცილებელ ნაბიჯად მათ გაუპატიურების შესახებ კანონის ცვლილება ესახებათ. ამასთან, ქალთა მოძრაობის წევრები თანხმობის მნიშვნელობასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, თანხმობა გადამწყვეტია, ხოლო თანხმობის არარსებობა — გაუპატიურება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, გაუპატიურება არის “პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით”.
აღსანიშნავია, რომ ქალთა მოძრაობამ გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლი შეცვლა პარლამენტისგან არაერთხელ მოითხოვა. 2020 წლის ნოემბერში აქტივისტებმა პარლამენტს ღია წერილითაც მიმართეს, რომელშიც ისინი გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის კომპონენტის შესვლას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ არსებული კანონმდებლობა არაერთ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებდა.
წერილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობით ჩადენილ დანაშაულად განსაზღვრავს და არა თანხმობის არარსებობის ელემენტით, რაც მიუღებელია.
“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს”, — წერია ღია წერილში.
დღეს, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა მოძრაობა საპროტესტო მარშს გამართავს. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით წავლენ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრების შემდეგ კი კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. მოთხოვნას უერთდებიან შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები.
“ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს, არის თუ არა გამოხატული ქალის ნება და თანხმობა. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის, სტამბოლის კონვენციას, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს. ჩვენ მოვითხოვთ კანონის ცვლილებას. ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ამტკიცოს, რომ ის არის ნაცემი, იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის არის გაუპატიურებული”, — განაცხადა მარშის დაანონსებისას ქალთა მოძრაობის აქტივისტმა, მარი კურტანიძემ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია კანემი აცხადებს, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ ბევრ მათგანს ტოვებს ღირსებისა და კეთილდღეობის მიღმა და ართმევს მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. მისი თქმით, ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქალების უფლებები და არჩევანი კაცების უფლებებთან და არჩევანთან შედარებით მეორეხარისხოვნად განიხილება, და იქამდე, ვიდრე მათი სხეული მათივე საკუთრებად არ იქნება მიჩნეული.
“თითქმის არ დარჩა სივრცე და ადგილი, სადაც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა არ იჩენს თავს. ქალებსა და გოგოებზე ძალადობენ ოჯახებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სპორტულ მოედნებზე და, სულ უფრო და უფრო, ონლაინსივრცეში. ამ ფორმის ძალადობის გამოვლინებების ზრდას ხელს უწყობს კლიმატის ცვლილება და ომი. ქალები და გოგოები ვერსად გრძნობენ თავს სრულიად უსაფრთხოდ და დაცულად. მათ მიმართ ძალადობა რჩება მსოფლიოში ყველაზე მოუშორებელ, ყველაზე დამანგრეველ, ადამიანის უფლებების ყველაზე შეუმჩნეველ და უგულებელყოფილ დარღვევად”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლის დღედ 25 ნოემბერი 1981 მოინიშნა. თარიღი უკავშირდება პოლიტიკურ აქტივისტ ქალებს, დებ მირაბალებს: პატრია, მინერვა და მარია ტერეზა, რომლებიც დომინიკის რესპუბლიკაში რაფაელ ტრუჰიოს დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. 1960 წლის 25 ნოემბერს, სამივე და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა, ხოლო 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ სწორედ მათ პატივსაცემად შეირჩა.
საერთაშორისო თუ ორგანიზაციები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ყოველ წელს ატარებენ. იგეგმება და ეწყობა სხვადასხვა ტიპის აქტივობა: აქცია, მარში, პერფორმანსი და სხვა სახის პროტესტი. თითოეულ წელს აქტივისტები ირჩევენ ძირითად თემას, რომელიც გადაწყვეტს, რაზე ფოკუსირდებიან მიმდინარე წლის კამპანიაში.
გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა არის გენდერული ძალადობის ნებისმიერი აქტი, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ზიანი ან ტანჯვა, მათ შორისაა, მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა საჯარო თუ პირად ცხოვრებაში.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმადაც, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
Don't Miss
სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა და „სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები“ ქალთა სხეულებრივი ავტონომიისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთიანდებიან. საპროტესტო მსვლელობის მიზანია ქალთა გაუპატიურების მიმართ არსებული მანკიერი მიდგომების შეცვლა.
„ჩვენი მიზანია, შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან.
ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან – სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში“, — აღნიშნულია Facebook ღონისძიების აღწერაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ქალის ნამდვილი თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა“.
აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მოითხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადან „შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისაგან დაცვა დღეს არსებული კანონით“.
ქალთა მოძრაობა აკრიტიკებს საკანონმდებლო ორგანოს, რომელსაც ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა არ აინტერესებს.
„ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს, მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. თანხმობა გადამწყვეტია!“ — აღნიშნულია განცხადებაში.
საპროტესტო მსვლელობა გაიმართება 25 ნოემბერს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების