პედრო ალმოდოვარი

10 ქვიარ რეჟისორი, რომელთა ფილმებს ყველა კინომოყვარული უნდა იცნობდეს

მიუხედავად იმისა, რომ კინო დიდხანს იყო ჰეტერონორმატული სივრცე, არაერთმა ქვიარ რეჟისორმა შეძლო, გავლენა მოეხდინა, ახალი სიტყვა ეთქვა და საუკეთესო რეჟისორთა რიგებში დაემკვიდრებინა თავი. სტატიაში მოხსენიებული თითოეული რეჟისორის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ კინოს

პედრო ალმოდოვარი საკუთარ ქვიარ ვესტერნს იღებს

ერთხელ, ესპანეთის კინოს მეფეს, პედრო ალმოდოვარს ფილმი კუზიანი მთის რეჟისორობა შესთავაზეს, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მის მაგივრად ფილმის გადაღება რეჟისორ ენგ ლის ხვდა წილად. პედროს სურდა, ფილმის ვერსიაში გეი სექსი ყოფილიყო. „ამ ორი ბიჭის ურთიერთობა ცხოველურია. ეს იყო ფიზიკური კავშირი“,

10 ქვიარ რეჟისორი, რომელთა ფილმებს ყველა კინომოყვარული უნდა იცნობდეს

მიუხედავად იმისა, რომ კინო დიდხანს იყო ჰეტერონორმატული სივრცე, არაერთმა ქვიარ რეჟისორმა შეძლო, გავლენა მოეხდინა, ახალი სიტყვა ეთქვა და საუკეთესო რეჟისორთა რიგებში დაემკვიდრებინა თავი.

სტატიაში მოხსენიებული თითოეული რეჟისორის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ კინოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ, გავლენიან რეჟისორებს შორის არიან, რომლებმაც კინომოყვარულებს დაუვიწყარი ფილმები აჩუქეს.

პიერ პაოლო პაზოლინი

Film Galerie 451

მე-20 საუკუნის იტალიისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე, მწერალი, პოეტი, ვიზუალური არტისტი, მსახიობი და რეჟისორი, პიერ პაოლო პაზოლინი 1975 წელს, 53 წლის ასაკში მოკლეს. დღემდე გაუხსნელ მკვლელობას შეწირულმა ქვიარ რეჟისორმა მოასწრო და 14-წლიან სარეჟისორო კარიერაში ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორის ხშირად მოხსენიებული ნამუშევრები გადაიღო.

პაზოლინის ფილმების მთავარი თემები რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლებისა და ინდივიდის მიმართება, სექსუალობის კვლევა, სექსუალური ძალმომრეობა, სოციალური გამოწვევები, მაღალი კლასის აბსურდული, უაზრო ყოფა, იმ ადამიანების გამოცდილების ასახვა იყო, რომელიც სახელმწიფოს დღის წესრიგის მიღმა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. საკუთარი ფილმების სცენარზე ძირითადად თვითონვე მუშაობდა და ორიგინალ სცენარებთან ერთად, ადაპტირებული აქვს ბერძნული თუ ქრისტიანული მითები, შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის ლიტერატურული ნაწარმოებები.

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, აკატონე 1961 წელს გამოვიდა და მომდევნო 13 წლის განმავლობაში კიდევ 11 ფილმის გადაღება მოასწრო. 1964 წლის ფილმისთვის, მათეს სახარება, ვენეციის კინოფესტივალის ვერცხლის ლომი მოიპოვა. ბერლინის კინოფესტივალის ვერცხლის დათვით აღინიშნა 1971 წელს გამოსული დეკამერონი, ოქროს დათვი მოიგო ფილმისთვის კენტერბერიული მოთხრობები (1972). ხოლო 1974 წელს გამოსული ფილმისთვის 1001 ღამის ყვავილი კანის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მოიპოვა. პაზოლინის ბოლო და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფილმი, სალო ანუ სოდომის 120 დღე მის მკვლელობამდე რამდენიმე წლით ადრე, 1975 წელს გამოვიდა.

პედრო ალმოდოვარი

KVIFF

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პედრო ალმოდოვარის რომელიმე ფილმი თუ არა, მისი სახელი მაინც არ სმენია. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ესპანური და მსოფლიო კინოს გამორჩეული ხმაა, ვისი ფილმების ფერებს, პერსონაჟების თავსგადამხდარ ამბებს თუ მუსიკალურ თანხლებას ყველასგან განასხვავებთ.

აღსანიშნავია მისი პირველივე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგოები, რომლის შემდეგაც, მთელი კინო კარიერის განმავლობაში არ შეუწყვეტია მრავალშრიანი, გამორჩეული ქალი პერსონაჟების შექმნა, ქვიარ გამოცდილებების ასახვა, ტრავმასთან გამკლავების, სიყვარულისა და ურთიერთობების, ძალმომრეობის, თვითაღმოჩენების ამბების მოყოლა.

პედრო ალმოდოვარის, როგორც შემოქმედის გასაგებად მისი 2019 წლის ფილმი, ტკივილი და დიდება საუკეთესო საშუალებაა. ავტობიოგრაფიული მხატვრული ფილმი რეჟისორის ბავშვობის მოგონებებს, თვითგამორკვევას, დედასთან ურთიერთობის ფაქიზ ამბავს, ფიზიკური თუ ემოციური ტკივილების გულახდილ მონათხრობს აერთიანებს და ასაკში შესულ შემოქმედს გვაცნობს, რომელიც წარსულის მოგონებებს, სინანულს, დანაკარგს, დიდებასა და დღევანდელობას შორის არის გამოკიდებული. თუმცა, მისთვის დიდება ნამდვილად არაა წარსული — 2021 წელს კიდევ ერთი წარმატებული ფილმი, პარალელური დედები გადაიღო, რომელიც იმის ნათელი მაგალითია, რომ სათქმელი კიდევ აქვს და იქნებ იმაზე მნიშვნელოვანიც, ვიდრე ფილმებით, ყველაფერი დედაჩემის შესახებ, ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე, ხულიეტა, ცუდი აღზრდა თუ სხვა ნამუშევრებით მოგვიყვა. 

ლუკინო ვისკონტი

თეატრისა და კინოს იტალიელი რეჟისორი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედი, ლუკინო ვისკონტი იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო და გაჭირვებული მუშათა კლასის ყოველდღიურობას იკვლევდა, უფრო გვიანდელ პერიოდში კი იტალიური ბურჟუაზიის კრიზისზე ჰყვებოდა. რეჟისორის ყურადღების ცენტრში უნივერსალური, მუდმივად აქტუალური თემები იყო, ამიტომ მისი ფილმები დღესაც ისეთივე საინტერესოა, როგორც გადაღების პერიოდში.

მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, აკვიატება 1943 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ კიდევ 13 ფილმი გადაიღო, რომლებიც მუდმივად კინოკრიტიკოსებისა და დაჯილდოებების ყურადღების ცენტრში იყო. ფიოდორ დოსტოევსკის მოკლე მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი, თეთრი ღამეები, რომელიც 1957 წელს გამოვიდა, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ვერცხლის ლომით აღინიშნა, 1965 წლის ფილმი, სანდრა კი ოქროს ლომით დაჯილდოვდა. 1963 წელს გამოსული ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, ლეოპარდი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, მის ფილმოგრაფიაში გამორჩეულია 1960 წლის ფილმი, როკო და მისი ძმები, ასევე ალბერ კამიუსა და თომას მანის ნაწარმოებების ეკრანიზაციები, უცხო და სიკვდილი ვენეციაში.

ლუკრეცია მარტელი

Metrograph

ლეგენდარული არგენტინელი რეჟისორი, ახალი არგენტინული კინოს გამორჩეული შემოქმედი, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად მიჩნეული ლუკრეცია მარტელი უხვფილმიანი კარიერით არ გამოირჩევა. 2001 წლიდან დღემდე სულ 4 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო, თუმცა ყველა მათგანს კრიტიკოსების მოწონება ხვდა წილად.

რეჟისორის სადებიუტო ფილმი 2001 წელს გამოსული ჭაობია, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს დათვის ნომინანტი გახდა. 2004 წლის ფილმი, წმინდა გოგო და 2008 წლის ფილმი, უთავო ქალი კანის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. რეჟისორის ამ დროისთვის ბოლო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2017 წელს გამოსული ზამა, მაყურებელთა აზრით, ყველა დროის საუკეთესო არგენტინულ ფილმების შორის მე-19 ადგილს იკავებს (2022 წლის გამოკითხვა).

აპიჩატპონგ ვირასეტაკული

Kick The Machine

კანის კინოფესტივალის გრანპრის და ჟიურის პრიზის ორგზის მფლობელის, 52 წლის ტაილანდელი რეჟისორის სიზმარეულ ფილმებს ყველასგან გამოარჩევთ. ვირასეტაკულის თქმით, სიზმრების დღიურს აწარმოებს და მის ფილმებზე სიზმრის ლოგიკა თუ ალოგიკურობა ახდენს გავლენას, რაც მის ნამუშევრებშიც იგრძნობა. ქვიარ რეჟისორი მიიჩნევს, რომ სექსუალურ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს და არც მის ხედვაზე აისახება, ის უბრალოდ ქმნის ფილმებს ყველასთვის, ვინც სიზმრებსა და მითებში დაემგზავრება.

პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 2000 წელს გადაიღო — ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი, ამოუცნობი ობიექტი შუადღისას. 2 წლის შემდეგ გამოსული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის, ნეტარებით თქვენი, კანის კინოფესტივალზე ჯილდოც გადაეცა — განსაკუთრებული ხედვისთვის. მას შემდეგ კიდევ 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ორჯერ კანის კინოფესტივალის ჟიურის ჯილდოც მიიღო — 2004 წლის ქვიარ ფილმისთვის, ტროპიკული ავადობა და 2021 წელს გამოსული მემორიასთვის. 2010 წელს გრანპრის მფლობელი გახდა ფილმისთვის ძია ბუნმი, რომელსაც წარსული ცხოვრებების გახსენება შეუძლია. 2015 წელს კი იმავე დაჯილდოებაზე განსაკუთრებული ხედვისთვის კიდევ ერთხელ მიიღო ჯილდო, ფილმისთვის ბრწყინვალების სასაფლაო.

შანტალ აკერმანი

Slate

შანტალ აკერმანი ყველა დროის ერთ-ერთი ყველასგან გამორჩეული ბელგიელი რეჟისორია, რომლის ფემინისტური, ექსპერიმენტული ფილმები პირადი ცხოვრების პოლიტიკურ სარჩულს, ჰეტერონორმატული საზოგადოების მიერ ნაწარმოები გენდერული როლების წნეხსა და სიღრმეს იკვლევდა.

გაბედული, თავისი დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე თამამი რეჟისორის ფილმოგრაფია არაერთ გამორჩეულ ფილმს ითვლის. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, მე, შენ, ის [მამრობითი ნაცვალსახელი], ის [მდედრობითი ნაცვალსახელი] მარტოობის, იდენტობის, სხეულის, სექსუალური ძალმომრეობის კვლევაა, რომელშიც მთავარ როლს თავად რეჟისორი თამაშობს. ფილმი იმითაც არის გამორჩეული, რომ პირველი მეინსტრიმული კინონამუშევარი იყო, რომელშიც ლესბოსური სექსის გულახდილი სცენა ჩანდა. რეჟისორის მეორე, უკვე 1975 წლის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟან დილმანი, სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი აქამდე თუ არ გინახავთ, იმ კინო გამოცდილების მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომელიც სრულიად ახალი იქნება. 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მაყურებელი ქვრივი დიასახლისის რუტინას უყურებს — არაფერი ხდება, გაღვიძება, საჭმლის მომზადება და სხვა საოჯახო საქმეები, მეზობლის ჩვილზე ზრუნვა, შუადღეობით სექს-მომხმარებლების მიღება, თინეიჯერ შვილთან, სრულიად ინერტულ, უუნარო ბიჭთან ურთიერთობა და კომუნიკაციის ფაქტობრივად არარსებობა გამაწამებლად მომაბეზრებელია. ჟანის მექანიკურ მოქმედებებში ნელ-ნელა იძირები და ფილმის ერთ მომენტში გამორჩენილი უმნიშვნელო რუტინული დეტალი მოულოდნელად გაცლის საყრდენს — იცი, რომ ქალის საათივით აწყობილ წესრიგს წყალი შეუდგა. ჟან დილმანი ალბათ ქალის უხილავ შრომაზე, დიასახლისების გამანადგურებელ რუტინაზე გადაღებული საუკეთესო ფილმია, რომელიც სოციალური დრამაც არის და შესანიშნავი კრიმინალური თრილერიც.

ჯონ უოტერსი

Jared Soares

ჯონ უოტერსისა და ლეგენდარული დრეგ ქვინისა და მსახიობის, დივაინის არაერთგზის თანამშრომლობა საკულტო ქვიარ კინოს საუკეთესო ნამუშევრებს დაედო საფუძვლად. ჯონ უოტერსი გაბატონებულ, ხშირად მცდარ წარმოდგენებს კინოენის საშუალებით ეწინააღმდეგებოდა და ფოკუსს მიმართავდა მარგინალიზებული, ტრადიციული ამერიკული საზოგადოების მიღმა მყოფი ადამიანების გამოცდილებებისკენ. რადიკალური გამოხატვის ფორმებით უოტერსი ანგრევდა დამკვიდრებულ წარმოდგენებს. მეტიც, სასაცილოდ იგდებდა მათ. უოტერსისა და დივაინის თანამშრომლობა 70-80-იანი წლების პერიოდში იყო ყველაზე აქტიური და ამ პერიოდში არაერთი დაუვიწყარი პერსონაჟი და ფილმი შექმნეს.

უოტერსის თავდაპირველი ფილმები მოკლემეტრაჟიანი იყო, რასაც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები მოჰყვა. გამორჩეული იყო პირველივე სრულმეტრაჟიანი ფილმი, მონდო ტრაშო, რომლის პრემიერა 1969 წელს შედგა. 1970 წელს გამოვიდა მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, კომედიური და საშინელებათა ჟანრის რამდენიმე მანიაკი. ამის შემდეგ უოტერსმა თრეშ ტრილოგიაზე დაიწყო მუშაობა: 1972 წელს საკულტო ფილმი, ვარდისფერი ფლამინგოები გადაიღო, 1974 წელს — ქალის პრობლემა, ხოლო 1977 წელს გამოვიდა სასოწარკვეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, გამორჩეულია 1981 წლის კომედიური ფილმი, პოლიესტერი და 1988 წლის — თმის სპრეი.

რაინერ ვერნერ ფასბინდერი

Paris Review

37 წლის ასაკში გარდაცვლილი რაინერ ვერნერ ფასბინდერი ნაყოფიერი ფილმოგრაფიით გამოირჩევა. გერმანული ახალი ტალღის უმთავრესმა რეჟისორმა 40-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მოასწრო და მსოფლიო კინოს გამორჩეულ ხმად იქცა. ფასბინდერი მეორე ომის შემდგომ გერმანიას, იდენტობის კრიზისს, ადამიანურ ურთიერთობებსა და ემოციებს იკვლევდა.

ფასბინდერის ფილმოგრაფიაში გამორჩეულია რამდენიმე ქვიარ ფილმი: 1972 წელს გამოსული პეტრა ვონ კანტის ცხარე ცრემლები — ურთიერთობაში ძალაუფლებისა და მანიპულაციის ვიზუალურად გამორჩეული კვლევა, 1975 წლის ფილმი, ფოქსი და მისი მეგობრები — ფულის, ძალაუფლებისა და ურთიერთობების შესახებ გადაღებული ნამუშევარი და ჟან ჟენეს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ქვირელ, 1982 წლის ფილმი, რომელიც მასკულინობის, ძალადობისა და სექსუალობის თემებს იკვლევს. 

ცაი მინ-ლიანი

Xiaomei Chen

მალაიზიელ-ტაივანელი შემოქმედი, ნელი კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი, ცაი მინ-ლიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია, რომელსაც ამ დროისთვის 11 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული. ცაი მინ-ლიანი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოცდილებებზე, ადამიანურ მარტოობაზე, ურთიერთობების შეუძლებლობაზე, ურბანული გარემოსა და იზოლირების თემებზე ჰყვება და ამას გამორჩეული თხრობით ახერხებს.

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ნეონის ღმერთის ამბოხებულები ახალგაზრდა ბიჭის თავგადასავალს გვიყვება, რომელიც სახლს ტოვებს და ტაივანის ქუჩებში დაეხეტება. ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომით აღინიშნა მისი მომდევნო ფილმი, გაუმარჯოს სიყვარულს, რომელიც ადამიანების სრულ იზოლირებაზე, კომუნიკაციისა და ურთიერთობების შეუძლებლობაზე მოგვითხრობს. გამორჩეულია რეჟისორის 2003 წლის ფილმი, მშვიდობით, დრეგონ ინ, რომლის სიუჟეტი იმ კინოთეატრში ვითარდება, რომელიც ბოლო კინოჩვენების შემდეგ უნდა დაიხუროს. ისევ მარტოობის თემას უტრიალებს რეჟისორის 2006 წლის ფილმი, არ მინდა მარტო ძილი. იზოლირების, მარტოსულობის თემას ასახავს რეჟისორის ამ დროისთვის ბოლო ფილმიც — 2020 წელს გამოსული წლები.

სერგო ფარაჯანოვი

Pera Museum

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი, გამორჩეული ხედვის მქონე არტისტი, სერგო ფარაჯანოვი ეთნიკურად სომეხი რეჟისორი იყო, რომელიც საქართველოში დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა. ფარაჯანოვი ამბობდა, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა იყო მისი სამშობლო. სომხური, უკრაინული და ქართული ფოლკლორის, კულტურის გავლენა მის შემოქმედებაშიც აისახა. რეჟისორის მთავარი მუზა ლეგენდარული ქართველი მსახიობი, სოფიკო ჭიაურელი იყო. რეჟისორი საბჭოთა სისტემის თავდასხმის სამიზნე ხშირად გამხდარა და რამდენჯერმე პატიმრობაში და შრომით ბანაკშიც მოხვდა. მათ შორის, 1973 წელს ჰომოსექსუალობის ბრალდებით 4 წლით დააკავეს.

ფარაჯანოვის პირველი გამორჩეული ნამუშევარი 1965 წელს გამოსული დავიწყებული წინაპრების ლანდები იყო, რომელიც უკრაინული კინოპროდუქციაა. კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი, საყოველთაოდ ცნობილი ბროწეულის ფერი სომეხი პოეტის, საიათნოვას პოეტური ბიოგრაფიაა, რომელიც გამორჩეული ვიზუალური ხერხებისა და თხრობის გამო ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორის სახელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია 1985 წლის ფილმი, ქართული ხალხური ამბის რეჟისორისეული ვერსია, ლეგენდა სურამის ციხისა, რომელშიც მთავარ როლს დოდო აბაშიძე ასრულებს. ფარაჯანოვის ბოლო დასრულებული პროექტი 1988 წლის ფილმი, აშიკ-ქერიბი იყო, რომლის შთაგონების წყაროდ აზერბაიჯანული კულტურა იქცა.

პედრო ალმოდოვარი საკუთარ ქვიარ ვესტერნს იღებს

ერთხელ, ესპანეთის კინოს მეფეს, პედრო ალმოდოვარს ფილმი კუზიანი მთის რეჟისორობა შესთავაზეს, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მის მაგივრად ფილმის გადაღება რეჟისორ ენგ ლის ხვდა წილად. პედროს სურდა, ფილმის ვერსიაში გეი სექსი ყოფილიყო.

„ამ ორი ბიჭის ურთიერთობა ცხოველურია. ეს იყო ფიზიკური კავშირი“, — განაცხადა ალმოდოვარმა წარუმატებელი თანამშრომლობის შესახებ IndieWire-სთან.

ჰოლივუდმა რეჟისორის იდეა არ მოიწონა. საბედნიეროდ, მას არასოდეს უთქვამს უარი თავისი ამბიციებისთვის, შეექმნა ქვიარ ვესტერნი, რომლის გადაღებაც ახლახან დაიწყო. ფილმის სახელწოდებაა Strange Way of Life.

ტილდა სუინტონის მონაწილეობით 2020 წელს გამოსული The Human Voice-ის შემდეგ, Strange Way of Life პედრო ალმოდოვარის მეორე ინგლისურენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ის სენ ლორანის ენტონი ვაკარელოსთან თანამშორმლობით იქმნება. ის ფილმის პროდიუსერი და კოსტუმების დიზაინერია. Strange Way of Life ისეთი ცნობილი მსახიობებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან პედრო პასკალი და ითან ჰოუკი.

ამჟამად ისინი ფილმის გადასაღებად ესპანეთში, ალმერიის რეგიონში არიან შეკრებილები.

„იმის გარდა, რომ ის ჩემი იქნება, არ ვიცი, როგორი გამოვა“, — განუცხადა პედრომ IndieWire-ს.

30-წუთიანი ფილმის სიუჟეტი IMDb-ზე აიტვირთა: 25 წლის შემდეგ სილვა (პედრო პასკალი) თავისი მეგობრის, შერიფ ჯეიკის (ითან ჰოუკი) მოსანახულებლად ცხენით უდაბნოში გადის. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, მაგრამ მეორე დილით ჯეიკი სილვას ეტყვის, რომ მისი მოგზაურობის მიზეზი მათი მეგობრობის მოგონებების გახსენება არ არის.

პროდიუსერისა და პედრო ალმოდოვარის ძმის, აგუსტინის წყალობით, ფილმის გადაღებებიდან რამდენიმე კადრი გავრცელდა.

ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ პედრო ალმოდოვარი მჭიდროდ არის დაახლოებული ისეთ ვარსკვლავურ ფესტივალებთან, როგორიცაა კანის კინოფესტივალი და ვენეციის კინოფესტივალი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა, ეკრანებზე 2023 წლიდან, ამ ფესტივალების პერიოდში გამოჩნდეს.